პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ინტელექტკლუბის - „რა, სად, როდის?“ მოაზროვნეებს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლეს. მმართველ გუნდში გაწევრიანების სურვილი კი, მხოლოდ კლუბის პრეზიდენტმა, გიორგი მოსიძემ გამოთქვა.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, პარტიაში გამართულ შეხვედრას ხელისუფლებიდან კალაძე, კობახიძე და გედევან ფოფხაძე ესწრებოდნენ, ხოლო ინტელექტკლუბიდან: - ლაშა კილაძე, გიორგი მოსიძე, გიგა კვერენჩხილაძე და გოგი კახიძე წარმოადგენდნენ.
წყაროს ცნობით, შეხვედრაზე გოგი კახიძემ პოზიცია დააფიქსირა, რომ მას პარტიაში გაწევრიანება არ სურს, თუმცა, მას შეუძლია, პარტიის სამოქმედო გეგმაზე იმუშაოს და მმართველ გუნდს რეკომენდაციები მისცეს.
„კლუბის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების სურვილი გიორგი მოსიძემ გამოთქვა, სხვებმა კი, კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს“, - განაცხადა for.ge-სთან კულუარულ საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა.
„ქართულ ოცნებაში“ მსგავსი შეხვედრის გამართვას for.ge-სთან საუბარში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე ადასტურებს და ამბობს, რომ მხარეებს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
კანონმდებელი ასევე ადასტურებს, რომ კლუბის მოაზროვნეები კახი კალაძესა და ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.
„არ მინდა, ის ადამიანები დავასახელო, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, რადგან მათ კითხვებით მიმართავთ. ამ შეხვედრის გამართვის ინიციატივა ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობისგან წამოვიდა. კლუბის წევრები განათლებული, წარმატებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი არიან და თუკი მოლაპარაკება შედგება და მათ პოლიტიკური როლი და ფუნქცია ექნებათ, ეს ძალიან კარგი იქნება“, - აცხადებს ფოფხაძე.
დეპუტატი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, „ქართულ ოცნებას“ ინტელექტკლუბის მოაზროვნეები შეუერთდებიან, არ არის გამორიცხული, ის პარტიაში გაწევრიანდეს.
„კლუბის ბევრი წევრი მთავრობაშია წარმოდგენილი. პარტიაში გადასული არ ვარ, მაგრამ თუკი იქ თავს ისეთი ადამიანები მოიყრიან, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან, პარტიაში ჩემს პოზიციაზე ვიფიქრებ“, - განაცხადა ფოფხაძემ, რომლის მსგავსად „ქართული ოცნების“ რიგების გადახალისებას მიესალმება პარტიის წევრი, დეპუტატი თამარ კორძაია.
for.ge-სთან საუბარში კორძაია აცხადებს, რომ პარტიაში ნებისმიერი ადამიანის გაწევრიანება მისასალმებელია, რომელსაც შესაძლებლობა, განათლება და უნარი აქვს იმის, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
კანონმდებელის მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ ახალი პარტიაა და მას გაძლიერება სჭირდება.
„თუკი ამ პარტიას ადამიანები იმისთვის შეუერთდებიან, რომ ის როგორც პოლიტიკური სუბიექტი გააძლიერონ და პროგრესული ძალა გახადონ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, - დასძენს კორძაია, რომლის მსგავსად პარტიის გაძლიერებაზე აქცენტირებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე.
როგორც for.ge-ს კვაჭანტირაძემ განუცხადა, პარტიას გარკვეული გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვითაც, პარტიული ორგანიზაციების გამოცოცხლება მოხდება როგორც რეგიონებში, ასევე ცენტრალურ ნაწილში. დეპუტატის შეფასებით, პარტიის გადახალისება იმას გულისხმობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეებიც უნდა გამოჩნდნენ.
„შესაძლებელია, რომელიმე სახემ მეორე პლანზე გადაინაცვლოს და ამაში საწყენი არაფერი უნდა იყოს. პარტიის დღევანდელი მდგომარეობა არ გვაკმაყოფილებს და კორექტირებები საჭიროა, თუნდაც ეს უფრო გაბედული და თამამი იყოს. პარტიაში „რა, სად, როდის“ მოაზროვნეების გამოჩენას მივესალმები“, - ამბობს დეპუტატი და ირწმუნება, რომ პარტიის გაძლიერება რიგგარეშე არჩევენებს არ ნიშნავს.
„არჩევნების დანიშვნისთვის კონსტიტუციური საფუძვლები არ არსებობს. ვინაიდან, ახალი პარტია ვართ, დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, თუ რა ტიპის პარტია უნდა ვიყოთ - საარჩევნო პარტია, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე იქნება გააქტიურებული, თუ მუდმივ რეჟიმში მომუშავე პარტია?“, - აცხადებს კვაჭანტირაძე.
„ქართულ ოცნებაში“ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ოპოზიციაში იუმორით ხვდებიან. „თავისუფალი დემოკრატები“ ინტერესდებიან, მოაზროვნეები პარტიას რა სახის რჩევებს მისცემენ - ამომრჩეველს დაპირებებზე რამდენად სწრაფად უნდა უპასუხონ, თუ გადაწყვეტილებები რამდენად სხარტად უნდა მიიღონ?
როგორც for.ge-ს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, საქართველოში ჭადრაკის გრამპრი იმართება და სჯობს, „ქართული ოცნების“ წევრებმა გენიოსი მოჭადრაკეებისგან ელემენტარული სვლები ისწავლონ.
კანონმდებელის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დროში აცდენილია.
„თუკი „ქართულ ოცნებას“ მოჭადრაკეებიც ვერაფერს უშველიან, მაშინ ისინი სტოკჰოლმში გაემგზავრონ, სადაც ნობელის პრემიის ლაურიატებს აჯილდოვებენ. სჯობს, მათ იქ ჰაერი შეისუნთქონ და იქნებ დაბრძენდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები და მოაზროვნეები ერთმანეთს რა რჩევებს აძლევენ, არ ვიცი, მაგრამ თუ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილებების სხარტად მიღების უნარები უნდა გამოიმუშავოს და უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა ისწავლოს, ეს სხვა ამბავია“, - დასძენს ცაგარეიშვილი, რომლის მსგავსად „ქართულ ოცნებაში“ მოაზროვნეების გაწევრიანებას ეჭვის თვალით უყურებს დეპუტატი ნინო გოგუაძე.
გოგუაძის განცხადებით, თუკი პარტიაში „რა, სად, როდის?“ წარმომადგენლები მივლენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია ძველ სახეებს უნდა დაემშვიდობოს. კანონმდებელი ინტერესდება, „ქართული ოცნების“ სახე კლუბის რომელი წევრი გახდება.
„არ მგონია, რომ პარტიაში გიორგი ბაქრაძე აღმოჩნდეს. ვნახოთ, რომელ წევრებზეა საუბარი“, - აცხადებს გოგუაძე.
მოაზროვნეებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თუ რატომ არ ესწრებოდა, ამის თქმა რთულია, თუმცა, როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, პარტიაში საკადრო საკითხებს კახი კალაძე ხელმძღვანელობს.