„უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და რუსეთის შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია...“, - აცხადებს „რია ნოვოსტისთან“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ზურაბ აბაშიძე, რომლის განცხადებით, ის მიესალმება თუ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგში რუსეთი თბილისს ხელს შეუწყობს - „თუ რუსეთი მოტივირებას მოახდენს პირდაპირი დიალოგისა ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის, მზად ვართ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გარკვეული დროით გვერდზე გადავდოთ...“.
აბაშიძის მხრიდან რიგით მეორე პოლიტიკური განცხადება, მოულოდნელი აღმოჩნდა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის: - „მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება მთავრობის მხრიდან კარასინი-აბაშიძის ფორმატში რაიმე ცვლილებების შეტანა?... იმედი მაქვს, ამას საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციების გარეშე არ გააკეთებენ“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან ურთიერთობაში საკუთარი მისია აქვს. ის მივლენილია სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროსთან დაკავშირებით, თუმცა თავისთავად ცხადია, აქვს საკუთარი შეფასების, პოლიტიკური პოზიციის გამოთქმის შესაძლებლობა.
ვისი დავალებით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს ზურაბ აბაშიძე და რას უკავშირდება მისი გზავნილები? ამ საკთხებთან დაკავშირებით for.ge ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რიგით მეორე ხმაურიანი პოლიტიკური განცხადება კეთდება ზურაბ აბაშიძის მხრიდან. აბაშიძე რუსულ მედიასთან საუბრისას იმეორებს, რომ უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. რატომ საუბრობს ამ საკითხებზე აბაშიძე, რა ხდება მთავრობის კულუარებში, აბაშიძე ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს?
- საქართველოს ნატოში ინტეგრაცია შექუცევადი პროცესია. ამას ეთანხმება ბრიუსელი და ამას შეგულებულია მოსკოვი. ვფიქრობ, რომ ჩვენს საზოგადოებას ამ მხრივ კითხვები არ უნდა გააჩნდეს.
ამ განცხადებას არ აკეთებს ექსპერტი, საუბარია პრემიერის წარმომადგენელზე. თქვენ თვლით, რომ საზოგადოებას კითხვები არ უნდა გაუჩნდეს?
- ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან ურთიერთობაში საკუთარი მისია აქვს. ის მივლენილია სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროსთან დაკავშირებით, თუმცა თავისთავად ცხადია, აქვს საკუთარი შეფასების, პოლიტიკური პოზიციის გამოთქმის შესაძლებლობა. საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია. ხელისუფლება ეფექტურ, სწრაფ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ პროცესი დაჩქარდეს. ასეთი ინტენსიური ურთიერთობა, როგორც ჩვენ დღეს ნატო-სთან გვაქვს, არასდროს გვქონია.
შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ის მესიჯები, რასაც ჩვენ ნატოსგან ვიღებთ - ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა, ისინი სულ უფრო მკაფიოდ უსვამენ ხაზს, რომ საქართველო ნატოს ღირსეული პარტნიორი და პოტენციური წევრია.
მიუხედავად ოპოზიციური ძალების უხეში პროპაგანდისა, რომ თითქოსდა ხელისუფლებამ კურსს გადაუხვია, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი ხელისუფლება და პარლამენტი გაათმაგებული ენერგიით მუშაობს იმისათვის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მოხდეს.
სულ რამდენიმე კვირის წინ მქონდა შეხვედრა ნატოს ბიუროს წევრებთან, ნატოს საპარლამენტო ანსაბლეის პრეზიდენტთან, ამერიკის დელეგაციასთან, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ჩვენი რესურსი იმისათვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. ამის კიდევ ერთი მაგალითია უელსის სამიტის გადაწყვეტილება და გაძლიერებული პაკეტის თანამშრომლობა, რომლის იმპლემენტაციასაც ვახორციელებთ. თავად ნატოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ პროცესი ეფექტური ტემპით მიდის.
ბატონო ირაკლი ეს გასაგებია, მაგრამ იქნებ მიპასუხოთ კითხვაზე, რატომ საუბრობს პოლიტიკურ საკითხებზე ზურაბ აბაშიძე? რას ნიშნავს, რომ უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და რუსეთის შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია?
- მე ვფიქრობ, ბატონმა ზურაბმა ნათლად აღნიშნა, რომ ყველა შეგუებულია იმას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და რუსეთისთვის ეს საფრთხეს არ წარმოადგენს. პირიქით, დაინტერესებული უნდა იყოს, რომ მისი სამხრეთელი მეზობელი იყოს სტაბილური, ძლიერი და უზრუნველყოს უსაფრთხოება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევეგუებით ოკუპაციას, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, ეს მოხდება არა ძალისმიერი მეთოდებით, არამედ მშვიდობიანი გზით. ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ეს არის ჩვენი ნატოში ინტეგრაციისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. თუ ვიმე ჩასაფრებული არ არის, ბატონი ზურაბის განცხადებაში რაიმე საწინააღმდეგოს არ დაინახვას.
თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი არის ის ძალა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს აფხაზეთთან და ცხინვალთან მოლაპარაკებას?
- იცით რა, მთავარია ჩვენ ჩვენი სურვილი გამოვხატოთ. მთავარია ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა. დიახ, ჩვენ გვინდა, რომ აფხაზებს და ოსებს ველაპარაკოთ, ჩვენ გვინდა რაც შეიძლება დროულად წარიმართოს დეოკუპაციის პროცესი, ჩვენ მართლაც გვინდა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, მაგრამ არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე და ჩვენ ამას ყველგან ვაფიქსირებთ. კარასინი-აბაშიძის ფორმატი უფრო მეტად ორიენტირებულია სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე. დანარჩენი, არის ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი, სადაც ჩართულია ევროკავშირი და აშშ-ი.
სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვები, რომ ფორმტის მიუხედავად აბაშიძე აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ აბაშიძე-კარასინის სასაუბრო თემა არის პოლიტიკური საკითხები...
- ჟურნალისტი როდესაც რაღაცას გეკითხება, რესპოდენტი პასუხობს კითხვებს, ეს არის და ეს. მანდატი, რომელიც აბაშიძეს აქვს, ეს ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს. დანარჩენი საკითხებზე პროფილურად ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებთა ცენტრი. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ეს არის შეუქცევადი პროცესი და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დავაჩქაროთ. ამ არჩევანს საქართველო არ გადაუხვევს. ჩვენ ერთი მიმართულებით გვაქვს ბილეთი აღებული და ამ თემის ნებისმეირი სტრუქტურირება, ვფიქრობ, რომ შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის. ჩვენ გვსურს უსაფრთხო მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, ამის გარანტია არის ნატო, ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით და ვცდილობთ, რომ მაქსიმალაურად დროზე დავდოთ შედეგები.
თუკი ხელისუფლება ისწრაფვის ნატოსკენ, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ ჭიანურდება საქართველოში ნატოს საწვრთნელი-სასწავლო ცენტრის მშენებლობის დაწყება?
- ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც იტყვის, რომ საქართველოში უელსის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა არ ხდება, ის იტყუება. ახლახანს ვიყავი ბრიუსლეში, შევხვდი იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომლის უშუალო ვალდებულებაა ამ პროცესის ორგანიზება, მათ დაადასტურეს, რომ პროცესი იმაზე ჩქარა მიდის, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.
ამ პროცესში საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა ვალდებულებას და მეტიც, ასეთი ინტენსიური ურთიერთობა საქართველოსა და ნატოს შორის ნამდვილად არ ყოფილა. ეს შეუძლია დაგიდასტუროთ ირაკლი ჩიქოვანმა, თედო ჯაფარიძემ და თუ სურვილი ექნება, დაგიდასტურებთ გიორგი ბარამიძეც. კონკრეტულად, ეს კითხვა იყო ჩემს მიერ დასმული, ხომ არ არის საჭირო მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ? ამაზე პასუხი იყო - არა, ჩვენ ისედაც მაღალი ტემპებით მივდივართ და ყველაფერი კარგად არის.
ირაკლი ჩიქოვანი ახსენეთ და უნდა გკითხოთ, დაახლოებით ერთი კვირის წინ გამართულ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც გადაწყდა თავდაცვის მინისტრის, ან მისი მოადგილეების მოწვევა და გარკვეული კითხვების დასმა, ჩიქოვანმა თქვა, რომ კითხვები აქვს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის ინპლემენტაციის ვადებთან დაკავშირებით, ასევე საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით. ბატონო ირაკლი, მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება დარჩა მისაღები, რომელიც ადგილმდებარეობას ეხება და ეს საკითხი ჭიანურდება, რატომ არ ხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება იგივე ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით?
- ყველაფერი გადაწყვეტილია. მეტიც, ბატონი ჩიქოვანი ესწრებოდა იმ შეხვედრას. ამ კონკრეტულ საკითხებზე იყო საუბარი და ამიტომ ვამბობ, რომ თუ ვინმე ამ საკითხებით სპეკულირებს, ეს ჩემის აზრით არ არის სწორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბატონი ჩიქოვანიც ესწრებოდა ამ შეხვედრას, გიორგი ბარამიძეც და თედო ჯაფარიძეც. სწორედ იმ პირს დავუსვით ეს შეკითხვა, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი ამ პროცესებზე და მან დაადასტურა, რომ ყველაფერი მიდის ძალიან სწორად, აქვთ სრული გაგება და თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან.
თუ ამას ვინმე უარყოფს, იძულებული გავხდები მივმართო ნატოს და ოფიციალურად დამიდასტუროს, რომ ქართული მხარე წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და ყველა ვალდებულებას ასრულებს... რა გითხრათ მეტი? პოლიტიკურ განცხადებას ვერ გამოვეკიდები, ეს არასერიოზულია. რეალობა კი ესაა, თუ ვინმეს უნდა, რომ დაიჯეროს, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს.