კოალიცია მოაზროვნეების იმედად

კოალიცია მოაზროვნეების იმედად

რეჟისორების, მომღერლების და მოჭიდავეების შემდეგ, კოალიციაში „რა? სად? როდის?“ კლუბის წევრები, ინაცვლებენ. ქართველ მოაზროვნეებთან პირველი კონსულტაციები შაბათს კოალიციის ოფისში გაიმართა. მოაზროვნეებთან მოლაპარაკებებს უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე აწარმოებს. ერთადერთი ვინც მზადყოფნას აცხადებს ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, ეს კლუბის ხელმძღვანელი „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი წევრი, გიორგი მოსიძეა, რომლის განცხადებით, მოვიდა დრო მოაზროვნეები ფართოდ მოვიდნენ პოლიტიკაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მოაზროვნეებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც. მოაზროვნეები პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვას ამ ეტაპზე უარყოფენ, თუმცა სამომავლოდ არ გამორიცხავენ, რომ კლუბის რომელიმე წევრმა გადაწყვეტილება მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ შეცვალოს. უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ გიორგი მოსიძე გამოცდილი პოლიტიკოსია. დავით საგანელიძის განცხადებით, ახლაგაზრდა გამოცდილი კადრები, რომლებიც დღეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მინაწილეობენ, მიმზიდველია „ქართული ოცნებისთვის“.

„ჩემთვის მოსასმენად ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია და სიურპრიზი იყო, რომ გუშინწინ, პარტიის ოფისში მივიღე ინფორმაცია, რომ ჰქონდათ შეხვედრა გიორგი მოსიძესთან. გიორგი მოსიძე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და მას პატივს ვცემ. მასთან ერთად ძალიან ბევრი წელი მაქვს გატარებული პოლიტიკაში. ვიცი, რომ ის არის უაღრესად ნიჭიერი, საქმიანი, ერუდირებული, საინტერესო ადამიანი.

მასთან ერთად კიდევ არის პატარა ჯგუფი, 2-3 ადამიანი, რომლებიც ასევე გამოირჩევიან თავინთი ძალიან გამჭრიახი გონებით და საქმის კარგი ხედვით. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ორგანიზაციაა, სადაც, ალბათ, კარგი იქნება ძალიან ბევრი ახალგაზრდა თაობის ადამიანი, ვინც თავიანთი ნოვატორული ნიჭით, თავიანთი პოლიტიკური ხედვებით გამოირჩევიან, ღია იყოს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

რაც შეეხება სექტემბერში მოსალოდნელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, სანაგელიძე ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ სექტემბრიდან შესაძებელია, პარტია კიდევ უფრო გააქტიურდეს და საარჩევნო, სერიოზული ერთწლიანი მარათონი გააჩაღოს. საგანელიძე აცხადებს, რომ კოალიციაში ამ თემაზე საუბარი არ არის, რადგან, ვადამდელი არჩევნები ქვეყნისთვის არის ცუდი.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი, თუმცა ადასტურებს, რომ პარტია ახალი სახეების მოზიდვაზე ზრუნავს.

„ყველა პარტიაში უნდა იყოს სწრაფვა იმისკენ, რომ გააძლიერო შენი რიგები, დააკომპლექტო საზოგადოებისათვის მისაღები ადამიანებით, ინტელექტუალებით, რომ ქვეყნის მშენებლობაში თავისი წვლილი შეიტანონ. ეს ბუნებრივი პროცესია და აქ რამე არაორდინალური არ არის. ეს პროცესი არანაირად არ არის დაკავშირებული ვადამდელ არჩევნებთან. თუ ვინმეს აქეთ მიჰყავს საუბარი, თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს და რეალობას მოწყვეტილია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმავ, რომ რამე განსაკუთრებული ამ მხრივ არ არის, ეს უფრო მეტად, ჟურნალისტების ინტერპრეტაციაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.

მმართველი პარტია, რომ ახალ სახეებს ეძებს, ამას უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ეკა ბესელია ადასტურებს. რომლის განცხადებით, მოაზროვნეებთან და გადაცემის წამყვან გიორგი მოსიძესთან შეხვედრა მართლაც გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

„შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი მოსიძე შეიძლება გახდეს „ქართული ოცნების“ წევრი. მასთან ერთად კონსულტაციები იმართება სხვა ადამიანებთანაც. ჩვენ ვაძლიერებთ პარტიას. რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ, თუმცა პოლიტიკაში და მითუმეტეს ქართულ რეალობაში გამორიცხული არაფერი არ არის“, - აცხადებს ეკა ბესელია.

კოალიციაში შემავალი „ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის პარტიის განახლება, რაც ხელმძღვანელობის საქმეა.

„თუ ამ ადამიანებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ფაქტია, რომ მიმდინარეობს, ეს პარტიის ხელმძღავენლობის საქმეა. რასაკვირველია, ჩვენ შეიძლება განვიხილოთ, ეს ხომ არ უკავშირდება არჩევნებისთვის მზადებას, მაგრამ ამ წუთში ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რომ ერთხელ მაინც ვარაუდის დონეზე მომისმენია, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანი მიროტაძე.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებაში დაწყებულია საკადრო ცვლილებები, თუმცა ეს მხოლოდ მოადგილეების დონზე ხდება. გარდა ამისა, რთული ვითარებაა აჭარაში, ამ პროცესების პარალელურად, „ქართული ოცნების“ მხრიდან საკუთარი პარტიის გადახალისებას ექსპერტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას უკავშირებენ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ, მოქმედება არა.

„ხელისუფლებამ რომ გამოაცხადოს ჩვენ ვიწყებთ არჩევნებისთვის ბრძოლას, ეს ნიშნავს საარჩევნო კამპანიის დაწყებას. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების მთავარი ფაქტორი იყოს არჩევნების ფაქტორი. ხელისუფლება, რომ ამაზე არ საუბრობს, ეს გასაკვირი არ არის. მეორე მხრივ, თავისთავად ისეთი სიტუაციაა, რომ ერთდროულად ბევრი უკმაყოფილების ტალღა გაჩნდა. დაწყებული ფინანსური საკითხებით, დამთავრებული იგივე შიდა პარტიული მდგომარეობით, ვგულისხმობ აჭარას. იქნება თუ არა არჩევნები, ამ უკმაყოფილებას რეაგირება სჭირდება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება ახალ სახეებს, პოლიტოლოგი განმარტავს, რომ გარკვეული უკმაყოფილება არსებობს ძველი სახეების მიმართ, რამაც ავტომატურად გამოიწვია ახალ სახეებზე საუბარი.

„მთავრია, ეს იყოს. იქნება თუ არა ახალი სახეები უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე ძველი სახეები, ამას მომავალი გვიჩვენებს. არც ისე ადვილია საკადრო ცვლილებები. ვნახეთ რამდენი პრობლემა შემქნა ერთმა საკადრო ცვლილებამ მურმან დუმბაძის სახით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.