უმრავლესობაში თანამდებობებისთვის ბრძოლა დაიწყო

უმრავლესობაში თანამდებობებისთვის ბრძოლა დაიწყო

პარლამენტში ოთხი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, უმრავლესობაში თანამდებობებისთვის პოლიტიკური ბრძოლა უკვე დაწყებულია. for.ge-ს ინფორმაციით, ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ვიქტორ დოლიძე შესაძლოა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემ ჩაანაცვლოს, გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ბიძინა გუჯაბიძე გახდეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ნოდარ ებანოიძეს ჩაბარონ, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს შალვა კიკნაველიძემ უხელმძღვანელოს.

მმართველი გუნდის წევრებმა პოსტების დაკავების სურვილი მაშინვე გამოთქვეს, როგორც კი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გიორგი ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ და დავით ონოფრიშვილმა პოსტების დატოვების შესახებ საჯარო განცახდება გააკეთეს. უმრავლესობაში საკუთარ სურვილზე ზოგმა ხმამაღალი საუბარი დაიწყო, ზოგი კი პოლიტიკურ კულისებში გააქტიურდა. მათ შორის იყვნენ დეპუტატები დავით ლორთქიფანიძე, ნანა ყენიშვილი, თამაზ მეჭიაური და ბიძინა გუჯაბიძე.

for.ge-სთან საუბარში გუჯაბიძე პოსტის დაკავების სურვილს არ მალავს და ამბობს, რომ ამ საკითხზე, მსჯელობა ჯერჯერობით არ ყოფილა. დეპუტატი თანამდებობის დაკავებას არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს.

„ნუ ჩქარობთ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, - გვირჩევს გუჯაბიძე, რომლის მსგავსად გუნდის გადაწყვეტილებას დაელოდება ნოდარ ებანოიძე, თუმცა, დეპუტატი პროგნოზირებს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელობა რთული იქნება.

როგორც for.ge-ს ებანოიძემ განუცხადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დავით ონოფრიშვილი ძალიან ნაყოფიერად ხელმძღვანელობდა და მან მასთან ურთიერთობით ძალიან ბევრი რაღაც შეიძინა. ებანოიძის შეფასებით, კომიტეტების თავმჯდომარეების საკითხი უმრავლესობის შიგნით გადაწყდება.

„ჩემს თავს უნდა ვკითხო, ამ რთული მოვალეობის შესრულებას რამდენად შევძლებ. ვფიქრობ, რომ პოსტის დაკავება რთული იქნება. მერჩივნა, მუშაობა ისე გაგვეგრძელებინა, როგორც აქამდე იყო“, - დასძენს ებანოიძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დატოვებულ სავარძლებს თუ ვინ მოირგებს, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ განწყობა არსებობს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები სხვა ფრაქციებს არ დაუთმონ.

მართალია, უმრავლესობის ზოგიერთი წევრი პოსტის დაკავებისთვის მზადებას უკვე შეუდგა და დავით ლორთქიფანიძის მსგავსად, უმრავლესობას გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა, მაგრამ სანამ „თავისუფალი დემოკრატები“ პოსტებიდან წასვლის თაობაზე განცხადებით ბიუროს არ მიმართავენ, მანამდე ისინი კომიტეტის ხელმძღვანელებად რჩებიან. მათ შორის - გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც for.ge-ს საკუთარი გადაწყვეტილების მოტივებზე ესაუბრება.

კანონმდებელის განცხადებით, ვიცე-სპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძის გადაყენების შემდეგ, მათ მორალური უფლება არ ჰქონდათ, რომ თანამდებობებზე დარჩენილიყვნენ.

ცაგარეიშვილის პროგნოზით, ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდი გაცილებით უფრო მწვავე იქნება და ოპოზიურ რეჟიმში საქმიანობას აქტიურად წარმართავს.

„უმრავლესობას პოსტებიდან ჩვენი გაშვება გადაწყვეტილი ჰქონდა, რადგან მათ ასეთი დირექტივა პრემიერ-მინისტრისგან, ან თავად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს. დირექტივა საგანელიძეს ჰქონდა თუ არა, ეს არ მადარდებს. ზურაბ აბაშიძეს ცინიკურად მოექცნენ და ჩვენ აქ გაჩერების მორალური უფლება არ გვქონდა. ერთად მოვედით და ერთად წავედით. ამ ადამიანებს მორალური ტვირთი შევუმსუბუქეთ, თუ პირიქით, ამით მათი მორალი უფრო დავამძიმეთ, ამას დრო აჩვენებს, მორალისტობას კი მე ვერ დავიწყებ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

კანონმდებელი გარემოს დაცვის კომიტეტში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში კომიტეტი ერთ-ერთ პრიორიტეტ მიმართულებად იქცა.

„ამ კომიტეტის თანამშრომლებთან ერთად ბევრი რაღაც გავაკეთე. გარდაცვლილი კომიტეტი ჩავიბარე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გახდა. 160-ზე მეტი კანონპროექტი განხილული და მიღებული გვაქვს. გარემოს დაცვის სამინისტრო მართლა დაღუპვას გადავარჩინეთ და ახალი სიცოცხლე შთავბერეთ. თუკი „ქართული ოცნების“ ხელში რაიმე შეიცვალა, ეს გარემოს დაცვითი სფეროა. ყველაფერი წარმავალია. მათ შორის პოსტები და ადამიანმა თავზე ნაცარი არ უნდა დაიყარო. ვიღაც მიდის, ვიღაც მოდის. წელში გამართულ კომიტეტს ვტოვებ და ამ სფეროში პოლიტიკანობა არავის გამოუვა. ოქროს შუალედის პოვნა შევძელი, თუ ვერ მოვძებნე, საქმე სხვამ უკეთესად გააკეთოს. თანამდებობით შებორკილი არ ვარ და ვინმეს წინაშე პოლიტიკური ვალდებულება არ მაქვს. თუ ვინმეს ვალი მქონდა, ამჟამად, ვალმოხდილი ვარ. რაც პოლიტიკაში მაქვს, ყველაფერს ჩემი შრომით და წვალებით მივაღწიე“, - აცხადებს ცაგარეიშვილი, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი ნინო გოგუაძე.

for.ge-სთან საუბარში გოგუაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ საშინელი პოლიტიკური კამპანია დაიწყო და „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში წავიდნენ, ისინი კონსტრუქციულ ოპონირებას სწევენ. მისი თქმით, უმრავლესობას პოსტებიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გადაყენება ძალიან გაუჭირდებოდა.

„ჩვენი წევრების პოსტებიდან გადაყენება, იმიტომ ვერ მოხდა, რომ მათ 76 ხმის მოგროვება ძალიან გაუჭირდათ და არ მგონია, მომავალში ხმების შეგროვება მარტივი ყოფილიყო. გადაწყვეტილება ზურაბ აბაშიძის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედების შემდეგ მივიღეთ, რადგან ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, განსხვავებით, „ქართული ოცნებისგან“, სადაც ადგილი დაპირისპირებას, შეურაცხყოფებსა და გაუტანლობას აქვს. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და თანადგომა გამოვხატოთ“, - აცხადებს გოგუაძე.

დეპუტატი აანონსებს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ გამოსვლები მკაცრი და მწვავე იქნება.

„ქვეყანაში საგარეო და ეკონომიკური თვალსაზრისით კრიზისია. საფუძვლიანი ეჭვები არსებობს, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე ემუქრება. ეს კი გვაიძულებს, გაცილებით უფრო მწვავე ოპოზიციურ რეჟიმში გადავიდეთ. როცა კომიტეტის თავმჯდომარე ხარ, უფრო ფრთხილი ხარ, დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს ღებულობ და ხელისუფლების პოზიციიდან ბევრ რამეს იზიარებ“, - აცხადებს გოგუაძე.

პოსტებიდან „თავისუფალი დემოკრატების“ საკუთარი ნებით წასვლას პოლიტიკურად გამართლებულად მიიჩნევს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ როცა ოპოზიციაში ხარ, კომიტეტის ხელმძღვანელი არ უნდა იყო, რადგან კომიტეტი სახელმწიფო კურსის გამტარებელია. საგანელიძის თქმით, კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის დროს ოპოზიონერი იზღუდება.

„როცა ოპოზიციაში ხარ და ეს პოსტი გიკავია, შენს საქმიანობაში მართალი და ობიექტური აღარ ხარ. თუკი ოპოზიციაში მიდიხარ, ოპოზიციიდან უნდა იბრძოლო და არა იმ თანამდებობებიდან, რომელიც სახელმწიფო თანამდებობაა. როგორც ჩანს, ზურაბ აბაშიძის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარეებმა ჩათვალეს, რომ პოსტებიდან გადაყენებული ისინიც იქნებოდნენ და ალბათ, ეს სწორიც იქნებოდა. მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ ჩვენ კადრები არ გვყავს და 87 ადამიანში მათ შემცვლელს ვერ მოვძებნით“, - განაცხადა საგანელიძემ, რომლისგან განსხვავებით ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ირწმუნება, რომ კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტებიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გადაყენება არ იგეგმებოდა. დეპუტატის მოსაზრებით, როგორც ჩანს, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ უმრავლესობისგან მეტი დისტანცირება ჰქონდეთ.

„ვიღაცას შეიძლება, მათი პოსტებიდან გადაყენება სურდა და დამოკიდებულებას გამოხატავდა, მაგრამ ეს საფრთხე რომ ყოფილიყო, მსჯელობა იქნებოდა. როგორც ჩანს, მათ პარტიული გადაწყვეტილება მიიღეს, რათა უმრავლესობასთან მეტი დისტანცირება ჰქონდეთ“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომლის მსგავსად ლევან ბერძენიშვილი ვერ აკონკრეტებს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტებს დაიკავებენ თუ არა რესპუბლიკელები.

for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრების განცხადება შესული არ არის, შესაბამისად, ისინი კომიტეტის თავმჯდომარეები არიან.

„ეს საკითხი რესპუბლიკელებში არ განხილულა და გამორიცხული არაფერია. ნოდარ ებანოიძეს და მე მაინცდამაინც დიდი სურვილი არ გვაქვს, რომ პოსტი დავიკავოთ. მიმაჩნია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს საერთაშორისო საკითხებში ჩემზე უფრო გამოცდილმა ადამიანმა უნდა უხელმძღვანელოს და პარლამენტში ასეთები არიან“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომლისთვისაც „თავისუფალი დემოკრატების“ გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდის პოლიტიკურ ნაბიჯს სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია თანხვედრაში უნდა იყოს უმრავლესობის პოლიტიკურ კურსთან.

სესიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად იბრძოდა და ერთნაირი ღირებულებების მატარებლები არიან.

„მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელსაც მივესალმებით. საუბარი არ არის იმაზე, ისინი პრობლემებს ქმნიან თუ არა. უმრავლესობისგან პოლიტიკური დავალებები გაქვს, რათა პოზიცია თანხვედრაში მთავრობასთან იყოს. როგორ წარმოდგიდგენიათ, ვიქტორ დოლიძე მის კოლეგებს შეხვდეს და როგორ ისაუბრებს? მან თავის ქვეყანა უნდა წარმოაჩინოს, ისე როგორც ეს უმრავლესობას სჭირდება, თუ მან ისე ისაუბროს როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა?“, - აცხადებს სესიაშვილი.

მას შემდეგ, რაც „თავისუფალი დემოკრატები“ პოსტებიდან წასვლის თაობაზე ბიუროს განცხადებას წარუდგენენ, მათ კომიტეტის თავმჯდომარეების უფლებამოსილება პლენარულ სხდომაზე შეუწყდებათ.