ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ხელში გვადნება

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ხელში გვადნება

5%-იანი საამაყო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ერთ დღეში განახევრდა. არადა, სულ რამდენიმე კვირის წინ მთავრობა სრული შემადგენლობით გულზე მჯიღს იცემდა და თავს იწონებდა მთელი ევროპის მასშტაბით საკუთესო საპროგნოზო მაჩვენებლით.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წელს ეკონომიკური ზრდა 2-2,5%-ის ფარგლებში ივარაუდა. მან, პრემიერთან ერთად, იმსჯელა მშპ-ს მოსალოდნელ ზრდაზე, გაკეთდა სტრეს-ტესტები ყველა მიმართულებით (ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმი) და ასეთი სავრაუდო სურათი გამოიკვეთა.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე მუშაობა ჯერაც მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„მონაცემების დაზუსტებაზე ვმუშაობთ. ბიუჯეტში ცვლილებები იქნება იმის მიხედვით, თუ როგორ შევთანხმდებით ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან და რა პროცესები წავა საქართველოში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა აპირებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს გადახედოს. იგი ადასტურებს, რომ 5%-იანი მაჩვენებელი ვერ შესრულდება. ღარიბაშვილმა იმის დასამტკიცებლად, რომ დაბალი ეკონომიკური ზრდა შიდა ფაქტორებით არ არის გამოწვეული, სხვა ქვეყნის მაგალითები მოიყვანა.

„ჩვენ ვაპირებთ გადავხედოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. მაგალითებსაც გეტყვით: აზერბაიჯანმა სულ ახლახან გამოაცხადა, რომ მათი ზრდა იქნება 1.5%. სომხეთსა და მოლდოვაში წლევანდელი მაჩვენებელი ნულოვანია, ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაქსიმუმი -1-2%-ია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით გამონაკლისი. დაგეგმილი გვქონდა 5%-იანი ზრდა, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში მოგვიწევს ამ მაჩვენებლის გადახედვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ჯერჯერობით, არ შეუცვლიათ. ამ დროისთვის, „ევრობანკი“ ქვეყანას ისევ 4.2%-იან ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყველებს. 5%-იანი პროგნოზში კორექტივი არ შეუქტანია მსოფლიო ბანკსაც. ამ ორგანიზაციებს ჯერჯერობით ახალი პროგნოზი ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ უახლოეს მომავალში ორივე მათგანი ახალ რეალობაზე მორგებულ პროგნოზს წარმოადგენს.

რაც შეეხება სავალუტო ფონდს, მისი მისია უკვე საქართველოში იმყოფება. რამდენიმე დღის განმავლობაში იგი დეტალურად შეისწავლის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და ქვეყნის დატოვებამდე, სავარაუდოდ, პირველად პროგნოზსაც გააკეთებს.

მთავრობა კი ეკონომიკური ზრდის შემცირების პარალელურად „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის გატარებაზეც საუბრობს. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირება იგეგმება.

„ქამრების შემოჭერა პირველი ადეკვატური ნაბიჯია, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა კურსის ცვლილების გამო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მთავრობა ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით გადადგას ნაბიჯები. ჩვენ ამ კვირაში დეტალური შემცირების გეგმას წარმოვადგენთ. საუბარია დაახლოებით იმავე პროცენტით შემცირებაზე, რაც მოხდა დევალვაციის პირობებში. დაახლოებით 12-პროცენტიანი დევალვაციაა და ამავე რაოდენობის ხარჯების შემცირებას მოვახდენთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ნოდარ ხადურმა კი საჯარო სექტორში დასაქმებულები დაამშვიდა იმით, რომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა მათ ხელფასებს არ შეეხება. „ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება არ გულისხმობს არც შტატების შემცირებას და არც საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის შემცირებას. სხვა უამრავი ადმინისტრაციული ხარჯიც არსებობს, რომელთა შეკვეცაც შესაძლებელია“, - განაცხადა ხადურმა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე კი მთავრობის წევრთა ინიციატივის ფონზე ხაზს უსვამს, რომ „ქამრების შემოჭერა“ რეალურად უნდა მოხდეს და არა სიტყვით.