ბუნდოვანი მემორანდუმები ენერგეტიკაში

ბუნდოვანი მემორანდუმები ენერგეტიკაში

[ეკა ბაქრაძე]
საქართველოს მთავრობასა და რუსულ „ინტერ რაო ეეს“–ს შორის მორიგი იდუმალებით მოცული მემორანდუმები ფორმდება. ახალი დოკუმენტი, რომელიც შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის იდება, ბევრ საეჭვო კითხვას აჩენს. საეჭვოა აგრეთვე „ინტერ რაოსთვის“ ჰიდროელექტროსადგურების - ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ის გადაცემაც.

საკმაოდ მძლავრი ჰესების გაყიდვის გადაწყვეტილებას ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური მომგებიან გადაწყვეტილებად მიიჩნევს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ხელშეკრულება, რომელიც პირველ აპრილს გაფორმდა, რუსული კომპანიისთვის იქნება ერთგვარი სტიმული, რომ ჰესებმა უფრო მეტი დატვირთვით ამუშაონ, იზრუნონ მათ რეაბილიტაციაზე, გამოიმუშაონ უფრო მეტი ენერგია და, შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტს უფრო მეტი სარგებელი მოუტანონ.

„2000 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით „ინტერ რაო“-ს ჰესების 2025 წლამდე მართვის უფლება ისედაც ჰქონდა, რაც ფაქტობრივად იგივეა, რაც ამ ხნის განმავლობაში ჰესების მათ საკუთრებაში არსებობა. ამ ეტაპზე ჩვენთვის უფრო მომგებიანია „ინტერ რაო“ არა მმართველი, არამედ მფლობელი იყოს. ახალი ხელშეკრულებაც სწორედ ამიტომ გაფორმდა“, - აღნიშნა ხეთაგურმა.

1-ელ აპრილს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რუსული კომპანია „ინტერ რაო“ „ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ის საფასურად 2011 წლის ნოემბრამდე ქართულ მხარეს 104 მლნ აშშ დოლარს გადმოურიცხავს. გარდა ამისა, კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება მდინარე ხრამზე სამი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, რომლებიც ჯამში 90-100 მგვტ ენერგიას გამოიმუშავებს.

მორიგი შეთანხმება, „ინტერ რაო ეეს“–ს, შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და შპს „ენერგოტრანს“–ს შორის ფორმდება. ახალ მემორანდუმს, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ქართული მხრიდან ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მოაწერს.

„მემორანდუმით რეგულირდება რიგი საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ელექტროენერგეტიკის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას“, - აღნიშნულია საქარველოს მთავრობის მიერ განხილულ დოკუმენტში, თუმცა არ კონკრეტდება, რას სახის ურთიერთთანამშრომლობაზეა საუბარი.
მემორანდუმის დეტალები არ ხმოვანდება, მაგრამ ბეჭდურ მედიაში უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და „ენერგოტრანსი“ ქართული დენის ექსპორტზე გასატანად მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელს აშენებს. 

საუბარია, შავი ზღვის ელექტროგადამცემ ქსელზე, რომლის მეშვეობითაც საქართველო ევროპაში ელექტროენერგიის ექსპეროტს მოახდენს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, მთავრობას ქართული დენის ექსპორტის წილში რუსეთის ჩასმა სურს.

სხვათა შორის, სპეციალისტების დასკვნებით, „ენგურჰესის“ მემორანდუმის მიზანიც „ინტერ რაო ეესთან“ ერთად „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა იყო. სხვათა შორის, „რაოეესის“ შვილობილი კომპანია ფედერალური ქსელური კომპანია (ფქკ) საქართველოში მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს უკვე აკონტროლებს. ფქკ „საქრუსენერგოს“ აქციებს ფლობს.

მიუხედავად ამისა, ალეკო ხეთაგური ამტკიცებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარება ხელს არ უშლის ორ ქვეყანას ენერგოსექტორში მჭიდროდ ითანამშრომლონ. „ეკონომიკური თვალსაზრისით ქართულ და რუსულ კომპანიებს შორის ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს“, - ამტკიცებს ხეთაგური.