საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას წარმატებული საგარეო პოლიტიკის წარმოების სურვილი აქვს, მაგრამ მათი პრობლემაა შეუთანხმებლობა, არაკოორდინირებული მუშაობა და არაკომპტენტურობა. დეპუტატის მოსაზრებით, საქართველოში იმდენად პროდასავლური საზოგადოებაა, რომ მთავრობა იძულებულია, თავის რიტორიკაში პროდასავლური ტერმინებით ისაუბროს. მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი იმ მონსტრად იქცევა, რომელიც ჟენევის ფორმატს ყლაპავს და საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტივობას აუფასურებს.
ქვეყნის საგარეო ვექტორთან დაკავშირებით for.ge პარლამენტის ექს სპიკერს, დავით ბაქრაძეს ესაუბრა:
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. ასევე, მისი თქმით, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. რას ნიშნავს აბაშიძის ეს განცხადება?
- შემაშფოთა არა მხოლოდ ზურაბ აბაშიძის განცხადებამ, არამედ იმ რეაქციამ, რომელიც მის პოზიციას მთავრობისა და უმრავლესობის ლიდერებისგან მოჰყვა. მმართველი გუნდი აპელირებს, რომ ყველაფერი წესრიგშია და აბაშიძისგან უცნაური არაფერი თქმულა. ადამიანს შეიძლება რაღაც არასწორად წამოსცდეს, მაგრამ მოგვიანებით დაკონკრეტება ხდება, რომ რაღაც არასწორად ითქვა. უმრავლესობის წევრები აბაშიძეს იცავენ და ამბობენ, რომ მან სიმართლე თქვა, რადგან საქართველო ნატო-ში დღეს და ხვალ ვერ გაწევრიანდება. ყველამ იცის, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას 19-20 თებერვალს არ აპირებს, მაგრამ დამოკიდებულება, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი შეძლებისდაგვარად უნდა გახდეს, ეს ბოლო 15 წლის მანძილზე ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა. საქართველში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა რომ უნდა განთავსდეს, ეს უელსის სამიტის იმ პაკეტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობა და ნატო ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლების აქცენტირება იმაზე, რომ ყველაფერი წესრიგშია, ჩემთვის ფუნტამეტური პრობლემის მანიშნებელია. მართალი გითხრათ, ეს მხოლოდ აბაშიძის ფიქრი, ან არასწორად ნათქვამი ფრაზა არ არის, არამედ ეს განწყობაა მმართველ გუნდსა და მთავრობაში. ეს დამოკიდებულება ყველა იმ კითხვის ნიშანს აღრმავებს, რომელიც ამ ორი წლის მანძილზე არსებობდა - ხელისუფლება რამდენად პროევროპულია?! ასეთი ეჭვების არსებობის ძალიან ბევრი საბაბი იყო, მაგრამ ბაშიძის განცხადებამ ეს კითხვის ნიშანი ზედაპირზე ამოატივტივა.
იმდენად პროდასავლური საზოგადოება ვართ, რომ მთავრობა იძულებულია, თავის რიტორიკაში პროდასავლური ტერმინებით ისაუბროს.
თქვენ ამბობთ, რომ მმართველი გუნდი აბაშიძეს იცავს, თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია...
- ხელისუფლებიდან პოზიცია არავის დაუფიქსირებია, რომ ზურაბ აბაშიძეს შეეშალა. საგარეო საქმეთა მინისტრის ვაშინგტონში გაკეთებული განცხადება გვახსოვს, რომელიც მიმაჩნია, რომ სრულიად სწორი იყო, რადგან თამარ ბერუჩაშვილი აცხადებდა, რომ მაშინ, როდესაც ანექსია მიმდინარეობს, აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა გაიყინოს. საქართველოში მინისტრის ამ განცხადებას ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, რომ ბერუჩაშვილი პატარა ბავშვივით გაკიცხეს, მას ბოდიშები მოახდევინეს და ჟურნალისტი დაადანაშაულეს, რომ მან რაღაც არასწორი ფრაზა დაწერა.
როგორც კი, უმრავლესობაში ბერუჩაშვილის ფრაზა არ მოეწონათ, მას ბოდიშების მოხდა მოუწია, აბაშიძის შემთხვევაში კი, მსგავსი არაფერი მომხდარა. როგორც ჩანს, აბაშიძის ფრაზა მთავრობის განწყობას ბევრად უფრო ზუსტად ასახავს, ვიდრე ის, რაც ბერუჩაშილმა ამერიკაში თქვა.
აბაშიძის განცხადებას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი მკაფიოდ უნდა განისაზღვროს. ქვეყნის პირველი პირის პოზიციას იზიარებთ?
- პრეზიდენტის პათოსს ვიზიარებ, თუმცა, მან ძალიან რბილი და დიპლომატიური შეფასება გააკეთა, მაგრამ მთავარი სათქმელი თქვა. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს რა არის კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატი. თუკი მოლაპარაკებების მიზანია სავაჭრო საკითხები და მცდელობაა, რომ რუსულ ბააზარზე ქართული მწვანილი შევიდეს, ამას მივესალმები და ორივე ხელით ტაშს ვუკრავ, მაგრამ თუკი ამ ფორმატის მიზანი და შინაარსი ისაა, რომ რუსეთს სიგნალი გავუგზავნოთ - ჩვენ ნატოში შესვლას არ ვაპირებთ და როგორც კი ლავროვი თითს დაგვიქნევს, ჩვენ უკან დავიხევთ, ასეთი ფორმატი საერთოდ გასაუქმებელია.
იმ სურათს ვიღებთ, როდესაც რაღაც ფორმატი თანდათანობით იმ მონსტრად იქცევა, რომელიც ჟენევის ფორმატს ყლაპავს და საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტივობას აუფასურებს. აბაშიძე-კარასინის ფორმატი თანდათან რაღაც პოლიტიკურ ფორმატში გარდაიქმნება, სადაც რუსეთის მიმართ მაამებლური განცხადებები ისმის. ამ მიმართულებით პროცესის წაყვანა რთული და საშიშია. ეს ფორმატი მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს და ისეთი განცხადება არ უნდა გაკეთდეს, რომელიც ჟენევას პრობლემას შეუქმნის. აბაშიძე-კარასინის ფორმატმა კეთილი ინებოს და მის ამოცანას მიხედოს.
როგორ ფიქრობთ, ზურაბ აბაშიძის ეს განცხადება ქვეყანას საერთაშორისო არენაზე პრობლემებს შეუქმნის?
- ეს განცხადება ძალიან დამაზიანებელია, რადგან დასამალი არ არის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეას სკეპტიკოსებიც ჰყავს, რომლებიც კითხვას სვამენ, საქართველო უნდა იყოს თუ არა ნატოში. როდესაც საქართველოს მთავრობა განცხადებას აკეთებს, რომ ჩვენ ნატოში გაწევრიანებას ახლო მომავალში არ ვაპირებთ, სკეპტიკოსისთვის ეს უკვე არგუმენტია. როდესაც, ნატოს სამიტზე საგარეო უწყების დელეგაცია წავა და ჩვენი პარტნიორებისთვის იმის ახსნას შეეცდება, რომ იქნებ, MAP-ი მოგვცეთო, ჩვენი სკეპტიკოსები ამ განცახდების ციტირებას მოახდენენ და იტყვიან, თქვენი მთავრობის პოზიციაა, საქართველო ახლო პერსპექტივაში ნატოში არ მიდის და „მაპი“ რატომ უნდა მოგცეთო?
ზურაბ აბაშიძის განცხადება ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესისთვის ფუნდამეტურად დამაზიანებელია. ამას გარდა, მეორე მხარე - რუსეთიც არსებობს. რუსული ელექტრონული მედია გადაჭრელებული იყო სათაურებით, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებას აღარ განიხილავს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სკეპტიკოსებთან მარტო ჩვენ არ ვმუშაობთ. მათთან რუსეთიც მუშაობს და ეს განცხადება რუსეთისთვის დამატებითი არგუმენტია, რომ სკეპტიკურ ქვეყნებს უთხრან, ნატო-ში საქართველოს შეყვანაზე თქვენ რატომ ნერვიულობთ, როცა თვითონ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ის ახლო მომავალში ნატოში შესვლას არ აპირებსო.
„თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროატლანიკური სწრაფვა საფრთხის ქვეშ არის. მათ პოზიციას იზიარებთ?
- შეთქმულების თეორიები არ მიყვარს და ვცდილობ, დავიჯერო, რომ საქმე იმაზე უკეთესად არის, ვიდრე ზოგიერთი ცდილობს წარმოაჩინოს. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ფუნდამეტურად დარწმუნებულია იმაში, რომ ეს მთავრობა რუსეთის შეკვეთას ასრულებს და ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს. ვცდილობდი დამეჯერებინა, რომ ეს ასე არ იყო, მაგრამ ასეთი განცხადებები როგორც კი გაკეთდა, კითხვები ჩემნაირ ადამიანშიც გაჩნდა. რუსეთი ოკუპირებულ რეგიონთან საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას ხელს აწერს, ანექსიას აღრმავებს და ამის პარალელურად, ბრიფინგიდან სერგეი ლავროვი თითს გვიქნევს, რომ არ გაბედოთ და ნატოსკენ არ წახვიდეთო.
იმის მაგივრად, რომ რუსეთს უთხრან, დიახ, ნატოსკენ წავალთ, ნატოში შევალთ, ნატოს ქოლგის ქვეშ ვიქნებით და ოკუპირებულ ტერიტორიებს დავიბრუნებთო, ჩვენი რეაქცია არის, რომ რუსეთო, არ ინერვიულო, ნატოსკენ არ მივდივართ! არ მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანის მთავრობა არა სახელმწიფოზე, არამედ რუსეთის კმაყოფილებაზე იზრუნებს.
რაც შეეხება რიგის სამიტს, იმის საფრთხე არსებობს, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის პაკეტი ვერ მიიღოს?
- ამ საფრთხის გარკვეული საფუძველი არსებობს, რადგან ლიბერალიზაციის გეგმის შესრულებას გარკვეული ჩამორჩენა აქვს. რიგაში ასე გარანტირებულად არაფერი მოხდება და ვისურვებდი, რომ ჩვენთვის რიგა წარმატებული იყოს, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციის და ოპოზიციის თემა არ არის. საქართველო ევროკავშირთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს. ვისურვებ, რომ ხელისუფლებამ გეგმის შესრულებისთვის აქტიურად იმუშაოს და პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს, რომელიც ევროპაში ჩვენს ბევრ პარტნიორს უხერხულობას უქმნის. ქვეყნის წარმარტებისთვის საჭიროა მთავრობის მუშაობა, მაგრამ მთავრობას მუშაობაში გარკვეული პრობლემები აქვს.
მთავრობის პრობლემა რა არის?
- ხელისუფლებას წარმატებული საგარეო პოლიტიკის წარმოების სურვილი ნამდვილად აქვს, მაგრამ პრობლემაა გუნდს შორის შეუთანხმებლობა, არაკოორდინირებული მუშაობა და არაკომპტენტურობა. ეს მხოლოდ საგარეო პოლიტიკის პრობლემა არ არის. იგივე ხდება ეკონომიკასა და ვიზების საკითხში. ნებისმიერი ინვესტორი გეტყვით, რომ მათ სავიზო რეგულაციებმა უზარმაზარი პრობლემა შეუქმნა და ეს რამდენიმე დღის წინ ივანიშვილმაც დაადასტურა. ეს ყველაფერი მაია ფანჯიკიძეს დაბრალდა, რომელმაც თავის მხრივ წულუკიანი დაადანაშაულა. მან კი განაცხადა, რომ ვიზებზე დაწესებული შეზღუდვებით ამაყობს, მაგრამ იმაში საამაყო რა არის, რომ ინვესტიციებმა მოიკლო და ლარი დავარდა? ეს ერთი პატარა ტიპიური მაგალითია არაკორდინირებული მუშაობის და სამწუხაროდ, ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია.