მშენებლები ამნისტიას სპეციალური პირობით მიიღებენ

მშენებლები ამნისტიას სპეციალური პირობით მიიღებენ

სახელმწიფომ სამშენებლო ამნისტია გამოაცხადა, მაგრამ გარკვეული პირობით. სამშენებლო ობიექტები დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან იმ პირობით განთავისუფლდებიან, თუ ისინი მშენებლობის დასრულებას 3 წლის ვადაში მოახერხებენ. მენაშენეთა ასოციაციის ინიციატივა მთავრობამ მოიწონა და პრემიერმა საზოგადოებას აუწყა.

„საბანკო დაკრედიტების გამკაცრებამ და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებამ, სერიოზული ზიანი მიაყენა სამშენებლო დარგს. შედეგად კი, კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაუგროვდათ, რაც მათ მძიმე ტვირთად აწვება და ხელს უშლის ამ დარგის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდება ზოგადად უძრავი ქონების ბაზრისთვის გაწეული ძალისხმევა სახელმწიფო ბიუჯეტს 100-დან 200 მილიონ ლარამდე დაუჯდება. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ინიციატივა სამშენებლო ბიზნესის გამოცოცხლების წინაპირობა გახდება. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ბევრი დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობა განახლდება და ბევრს გამოუჩნდება პარტნიორი, რომელიც ასეთი ტიპის მშენებლობას დაასრულებს.

მინისტრის განმარტებით, ინიციატივა სისტემურია და ის კონკრეტული კომპანიების დონეზე არ განხილულა.

„კომპანიების ჭრილში განხილული არ არის. ბევრი კომპანიაა, რომელსაც ასეთი ტიპის პრობლემები აქვს და ჩვენ სისტემურად შევაფასეთ პრობლემა. ეკონომიკურ საბჭოში განვიხილეთ და მივიღეთ დადებითი გადაწყვეტილება. მივიჩნევთ, რომ ამ კომპანიებს სხვა გამოსავალი არ გააჩნიათ“, - აცხადებს კვირიკაშვილი.

სამშენებლო ობიექტები დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან იმ პირობით განთავისუფლდებიან, თუ ისინი მშენებლობის დასრულებას 3 წლის ვადაში მოახერხებენ.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დღგ-სგან განთავისუფლდება ის ობიექტები, რომლებზეც სამშენებლო ნებართვა გაცემულია 2008 წლის აგვისტომდე და დღემდე არ არის დასრულებული, იმ პირობით, თუ მომდევნო 3 წლის განმავლობაში აღნიშნულ ობიექტებზე გაგრძელდება სამშენებლო სამუშაოები და აღნიშნულ 3 წელიწადშივე დასრულდება მშენებლობა. დაახლოებით ეს ეხება 15 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს. ჯამში დავალიანება, ანუ რომლის ჩამოწერა მოხდება შეადგენს 100-დან 200 მლნ ლარამდე“,- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.

მისი განმარტებით, აღნიშნული შეღავათი მშენებლობის დარგის წახალისებისათვის კეთდება და შეღავათებს ათეულობით კომპანია მიიღებს.

„ცენტრ-პოინტის“ დამძფუძნებლის მაია რჩეულიშვილის შეფასებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება დეველოპერული ბიზნესისთვის დიდი შეღავათი იქნება. ამასთან, ბიზნესმენი საუბრობს იმ ხარვეზზეც, რის გამოც არაერთმა სამშენებლო კომპანიამ იზარალა.

„როდესაც ეკონომკური კრიზისი დაიწყო, დაახლოებით 20 პროცენტამდე შენატანები შემცირდა. ამის გამო, მშენებლობების შენახვა შიდა სახსრებით ხდებოდა, შენატანები კი მშენებლობის კონსერვაციას და შენარჩუნებას ხმარდებოდა. დღეს კი ასე აღარ იქნება, რაც ძალიან კარგია. ბიზნესს ორი ძირითადი პრობლემა ჰქონდა, ეს იყო ვალდებულებები როგორც სახელმწიფოს, ასევე ბანკების წინაშე. რადგან სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება აღარ აქვთ, დარჩათ ბანკის გადასახადი და ალბათ ბანკებთან რესტრუქტურიზასაც გააკეთებენ“, -

აცხადებს რჩეულიშვილი.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი და დეველოპერული კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, ასოციაციის ინიცირებულია. ამ თემაზე მენაშენეები საგადასახადო ომბუდსმენთან, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთად 7-8 თვე მუშაობდნენ.

როგორც აბულაძე აცხადებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უამრავ მშენებლობას და იმ ოჯახებს დაეხმარება, რომლებიც ამ მშენებლობის დასრულებას ელოდებიან. საგადასახადო ამინისიტია კომპანია „არსის“ შემთხვევაში 2 მილიონ ლარს შეადგენს.

გაცილებით მეტი რაოდენობის გადასახადი ჩამოეწერა „ცენტრ-პოინტს“, რომელსაც მთავრობამ 75 მილიონი ლარის გადასახადი აპატია.