წამლები გაძვირდა და კიდევ გაძვირდება

წამლები გაძვირდა და კიდევ გაძვირდება

მედიკამენტების გაძვირებამ მომხმარებელი ძალიან გააღზიანა. უკვე ფარმაცევტებიც არ მალავენ, რომ წამლებზე ფასი გაზრდილია, თუმცა უბრალო მოქალაქეებისგან განსხვავებით უფრო მოკრძალებულ მაჩვენებელს ასახელებენ. ყოველ შემთხვევაში, ყველა აღიარებს, რომ თუკი ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა არ შეჩერდა, მედიკამენტების მორიგ გაძვირებას წინ ვერაფერი დაუდგება.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ, რომ პრპარატების მცირე ნაწილზე ფასი მხოლოდ 8-9%-ით არის გაზრდილი. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ილონა კოკიაშვილის განცხადებით, წამლები საგანგაშოდ არ გაძვირებულა და პანიკა, რომელიც მოსახლეობაშია უსაფუძვლოა. 

„ბოლო პერიოდში საზოგადოებაში გაჩნდა დიდი ინტერესი მედიკამენტებზე ფასის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით.  ფარმაცევტულ საქმიანობაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის ერთ და ორ პრეპარატზე ფასის ზრდიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია საერთო სურათის დანახვა.

ჩვენ არ უარვყოფთ, რომ პრეპარატებზე ფასები გაიზარდა, მაგრამ სხვადასხვა პრეპარატზე გაიზარდა, სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით. ეს ზრდა არ არის კატასტროფული და შიდა მონიტორინგზე დაყრდნობით ეს არის 8-9%, ისიც ეს ეხება დოლარის ზონიდან შემოტანილ პრეპარატებს“, - განაცხადა ილონა კოკიაშვილმა. 

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც აკეთებენ ფასების მონიტორინგს და ფასებს ამოწმებენ.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ გადაწყვიტა გააკეთოს მასშტაბური კვლევა. ეს კვლევა ჩატარდება 200-350 პრეპარატზე. ასევე გვექნება ინფორმაცია, რა რაოდენობის მედიკამენტებზე გაიზარდა ფასი და რა პროცენტით. ეს არის იმ კვლევის მონაცემები, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია დაიწყებს“, - განაცხადა ირინა ჭელიძემ.

კომპანია „ჯიპისის“ ფარმაცევტული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ბარათაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საერთო კვლევის შედეგები გახმაურდა:

„კვლევის შედეგები, პირველ რიგში, კომპანიებმა განიხილეს.  ჩაერთვებიან ექსპერტები, რომლებიც ამაზე იმუშავებენ.  შევისწავლით, რა არის ფასების ზრდის მიზეზი - მხოლოდ დოლარის კურსი თუ სხვა ფაქტორი. ზუსტად ეს უნდა შეისწავლოს კომპეტენტურმა ორგანიზაციამ, იქნება დასკვნა და გაკეთდება პრეზენტაცია“, - ამბობს ბარათაშვილი.

როგორც ასოციაციის წარმომადგენლები ამბობენ, ბაზრის კვლევას ორი-სამი კვირა მაინც დასჭირდება. ისინი პრეპარატებზე ფასს მეზობელ ქვეყნებშიც იკვლევენ, თუმცა ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა ცვლილება მოჰყვება შედეგების გამოქვეყნებას. მედიკამენტების ფასის რეგულაციაში არც ჯანდაცვის სამინისტრო ერთვება, არც სხვა რომელიმე ორგანიზაცია, ყველაფერს ბაზარი არეგულირებს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია განმარტავს, რომ ყოველი წლის დასაწყისში ფასების გაძვირება ბუნებრივია:

„ფასები მომატებულია და ეს პროცესი იანვარში დაიწყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კატასტროფა გვაქვს. წლის დასაწყისში დიდი კომპანიები ყოველთვის გადააფასებენ ხოლმე პრეპარატებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას, რა თქმა უნდა, ლარის კურსის მერყეობაც დაემატა“, - ამბობს კვარაცხელია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის იანვართან შედარებით, 2015 წლის იანვარში ჯანმრთელობის დაცვა 7.3 პროცენტით გაძვირდა. აქ შედის ისეთი პრეპარატებისა და სამედიცინო მომსახურების ფასი, რომლებზეც, „საქსტატის“ ინფორმაციით, ყველაზე მეტი მოთხოვნაა, მათ შორისაა, ტკივილგამაყუჩებელი წამლები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები, ბამბა, შპრიცი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები და ა.შ.