ბრიტანული ბანკის სკანდალი და ქართული ფული

ბრიტანული ბანკის სკანდალი და ქართული ფული

ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნავს, რომ ბრიტანული ბანკის HSBC-ის ჟენევის ფილიალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, 100 ათას კლიენტს გადასახადებისგან თავის არიდებაში დაეხმარა. კულუარული ინფორმაციით, საქართველოსთან კავშირში მყოფი კლიენტების 29.4 მილიონი დოლარი ინახებოდა და საქმეში გარეული ქვეყნებიდან თანხის მოცულობის სიდიდით, ის 132-ე ადგილზეა.

გამოცემა „გარდიანმა“, ბრიტანულ „ბიბისისთან“, ფრანგულ „ლე მონდთან“ და ვაშინგტონში დაფუძნებულ საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტურ კონსორციუმთან ერთად, HSBC-ის საიდუმლო დოკუმენტები გამოააშკარავა. მონაცემები საგამოძიებო ჯგუფს, ბანკის ჟენევის ოფისში, კომპიუტერის ექსპერტად მომუშავე ერვე ფალსიანიმ მიაწოდა, რომელიც ფარულად გამოტანილი დოკუმენტებით, საფრანგეთში გაიქცა. საქმე ეხება მსოფლიოს მასშტაბით, HSBC-ის ათი ათასობით ფარულ კლიენტს.

მათ მიერ გამოვლენილი საუდუმლო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს გიგანტი ბანკი - HSBC ბიზნესს აწარმოებს იარაღისა და ნარკოტიკების დილერებთან, ტერორიზმის დამფინანსებლებთან, „სისხლიანი ალმასებით“ მოვაჭრე და სხვა საერთაშორისო დამნაშავეებთან. ასეთი ადამიანების HSBC-ის ანგარიშზე არსებული თანხა 100 მილარდ დოლარზე მეტს შეადგენდა.

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ევროკავშირის იურისდიქციის გარეთ მყოფი HSBC, წლების განმავლობაში თავის კლიენტებს, აგრონომიულ თანხებს ნაღდი ფულით აძლევდა, მეტწილად ასეთი ტრანზაქციები უცხოურ ვალუტაში ხდებოდა, რითაც ბანკის გავლენიანი კლიენტები ევროპულ გადასახადებს თავს არიდებდნენ.

„გარდიანის“ მტკიცებით, HSBC ფარული მოლაპარაკებების საფუძველზე კლიენტებისგან არადეკლარირებულ თანხებს იღებდა და უკანონო ოპერაციებს ახორციელებდა საერთაშორისო დამნაშავეების, ნარკო და იარაღით მოვაჭრეების, მოფლიო დიქტატორებისა და კორუმპირებული პოლიტიკოსებისათვის.

ბრიტანულმა ბანკმა აღიარა კერძო კლიენტებისთის უკანონო დახმარება, თუმცა აღნიშნა, რომ საეჭვო კლიენტებს აღარ ემსახურება. მათივე განცხადებით, 2007 წლის შემდეგ მათი კერძო კლიენტების რაოდენობა თითქმის 70%-ით შემცირდა. თავის მხრივ, შვეიცარიის ხელისუფლებამ ერვე ფალჩიანი საბანკო საიდუმლოს შენახვის კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. თავად ბანკის ყოფილი თანამშრომელი კი აღნიშნავს, რომ გამოააშკარავა ყველა, ვინც შვეიცარიულ ანგარიშებს გადასახადებისგან თავის არიდებისთვის იყენებდა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია, 2005-07 წლების პერიოდს ეხება. ამ დროისათვის მედია საშუალებები კლიენტების სახელებსა და მონაცემებს შიფრავენ.

HSBC -ში 1975 წლიდან 2006 წლამდე საქართველოსთან კავშირში მყოფი პირების 31 საბანკო ანგარიში ფიქსირდება, საიდანაც ერთ-ერთ კლიენტს მაქსიმალური თანხა 10 მლნ დოლარი უფიქსირდება.

„კომერსანტის“ ცნობით, 100 000 ეჭვმიტანილი პირიდან არსებობს 25 კლიენტი, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული, აქედან 3 პირია ქართველი ან ქართული პასპორტის მქონე. ჟურნალისტურ საგამოძიებო მასალებში ღიად მხოლოდ 64 პირის სახელი და გვარია დასახელებული, თუმცა მათგან არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ ფიქსირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ HSBC-მ საბანკო ლიეცნზია საქართველოში 2007 წელს მიიღო, ხოლო საქართველოში საბანკო ოპერაციების განხორციელება 2008 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდში კი მისი კაპიტალი 23.9 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო 2009 წლის მარტში კი ბანკის კაპიტალი 5 მილიონით გაიზარდა. 2009 წლის მაისისთვის კი მისი კაპიტალი უკვე 32.3 მილიონ ლარს შეადგენდა.