ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განმარტებით, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტით განსაზღვრულია შემდგომი ღონისძიებები, რომლებიც გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობს. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ არ იცის რას გულისხმობდა ზურაბ აბაშიძე, რა სამხედრო ინფრასტრუქტურას, ან ნატო-ს სამხედრო ბაზას, რადგან სამხედრო ბაზაზე საუბარი საერთოდ არაა. არსებობს კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც არსებითი პაკეტითაა განსაზღვრული.
ადასტურებს თუ არა ზურაბ აბაშიძის განცხადება ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილებას? ამ საკითხებთან დაკავშიებით for.ge დავით ბაქრაძეს ესაუბრა.
ზურაბ აბაშიძე არ არის უფლებამოსილი ისაუბროს პოლიტიკურ საკითხებზე, მისი საუბრის თემა განსაზღვრულია ფორმატით და ეს არის სავაჭრო ურთიერთობები. ოპონენტები აცხადებენ, რომ აბაშიძის განცხადებით დადსტურდა ინფორმცია, რომ აბაშიძე–კარასინის საუბრის თემა იყო სწორედ პოლიტიკა და არა სავაჭრო ურთიერთობის აღდგენის თემა...
- ბატონი ზურაბის პოზიციის ჩემგან განმარტება უხერხულია. საუბარი იმაზე, რომ ამ საკითხებზე რაიმენაირ ფორმატში მიმდინარეობდა საუბარი აბაშიძე-კარასინს შორის, ეს არაფრით არ დასტურდება. ეს არ არის ამ ფორმატის თემა, რადგან აღნიშნული ფორმატი გულისხმობს ეკონომიკისა და კულტურის საკითხებში ურთიერთობებს, რაც არანაიარდ არ გულისხმობს სამხედრო პოლიტიკურ და სხვა საკითხებზე საუბარს.
ეს გასაგებია, მაგრამ აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა არ განთავსდება. თქვენ, როგორც სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ აბაშიძის ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს? ზურაბ აბაშიძე არ არის იმ კატეგორიის პოლიტიკოსი, რომელსაც რაღაცა შეიძლება წამოცდეს, ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელოს...
- ჩვენ ძალიან მკაფიო პროგრესი გვაქვს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით. ეს გულისხმობს წლიური ეროვული პროგრამის მიმდინარეობას და ეს გამოიხატა არსებითი ღონისძიებათა პაკეტის მიხედვით განსაზღვრულ ძალიან კონკრეტულ ღონისძიებებში, რომლის მიხედვით, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი შეიქმნება საქართველოში. ამ მიმართულებით არის პროგრესი, რომელმაც ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა თავდაცვის მინისტერიალზე, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა მისი ხედვა. იხილეთ 5 თებერვლის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ნატოს თავდაცვის მინისტრებმა გააკეთეს საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობის კუთხით.
ამაში იგულისხმება ნატო-საქართველოს ცენტრის შექმნა, სადაც მოხდება სამხედროების წვრთა, მომზადება და ამ პროცესის შეფასება. ასევე იგულისხმება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობითი სკოლის ე.წ. ნატოს კოლეჯის შექმნა, მაგრამ რაც შეეხება ნატოს სერტიფიცირებულ ბაზას, ასეთი სერტიფიცირებული ბაზა გვაქვს ჩვენ საჩხერეში, ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ფუნქციონირებს. შესაბამისად, რას გულისხმობდა, ეს ბატონმა ზურამ განმარტა. ის არავითარ შემთვევაში არ გულისხმობდა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის ყველა თავისი ქმედებებით.
თავდაცვის მინისტერიალზე საუბრობთ და აქვე მინდა გკითხოთ, მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს იმართება ნატოს მინისტერიალი და მომდევნო წელს უკვე, ნატოს სამიტი, ამ მნიშვნელოვანი სამიტის წინ რამდენად სწორი იყო ასეთი განცხადების გაკეთება?
- პირველ რიგში, საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს ნათქვამია და განმეორებულია ნატოს ყველა დეკლარაციაში და განცხადებაში. ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. კიდევ ერთხელ გთხოვთ და კიდევ ერთხელ თავს ვიკავებ ბატონი ზურას განცხადების შეფასებისგან, გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, ეს ოფიციალურ განცხადებაშიც არის მითითებული.
შესაბამისად, საქართველოს მხრიდან ის პროგრესი, რაც ფიქსირდება ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, არაა მესამე ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა, ვერც მესამე ქვეყანამ ვერ უნდა იქონიოს გავლენა საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე. რაც შეეხება სამიტს და მინისტერიალს, საქართველოს შესასრულებელი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი არსებითი ღონისძიებათა პაკეტი, რომლითაც ჩვენ დავამტკიცებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს ნატოსთან თავსებადობას. საქართველო არის ასპირანტი ქვეყანა და შესაბამისად, საქართველო ამ თავისი მოქმედებებით და ნაბიჯებით მიისწრაფვის ნატოს წევრობისკენ.
მაგრამ რამდენად სწრაფად და ხარისხიანად? მესმის, რომ თქვენ არ აკეთებთ აბაშიძის განცხადების კომენტირებას, მაგრამ ეს საკითხიც დააყენა ბატონმა ზურაბმა კითხვის ნიშნის ქვეშ და თქვა, რომ ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას...
- არავითარ შემთხვევაში, ეს საკითხი არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ნატოს მაღალჩინოსნების, ვგულისხმობ გენერალური მდივნის მოადგილის და ნატოს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებითაც აღინიშნება, რომ საქართველო ნატოსთვის უჩვეულოდ სწრაფი ტემპით ახორციელებს მისთვის ნაკისრი არსებითი ღონისძიებათა პაკეტის ინპლემენტაციის ვალდებულებას. დღეს ასევე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა ნატოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, რომელმაც ასევე თქვა, რომ ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. შესაბამისად, ამ მიმართულებით აქ რაიმე სახით, რაიმე ფომრით შეფერხებას და შეყოვნებას ადგილი არ აქვს. ამ მიმართულებით კითხვის ნიშანს მე ვეღარ ვხედავ.
თქვენ ვერ ხედავთ კითხვის ნიშნებს, მაგრამ თქვენი ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აცხადებენ, რომ აბაშიძის განცხადება პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ შეიცვალა კურსი...
- თქვენ მე კიდევ ერთხელ მთხოვთ ბატონი ზურაბ აბაშიძის კომენტარის შეფასებას, რომელთან დაკავშირებითაც, მე მომიწევს ისევ, მისივე განმარტების თქმა. ანუ, მან გააკეთა და მე რატომ?... მანვე გაიმეორა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი, რა თქმა უნდა, არ იცვლება. დამატებით სპეკულაციების სივრცე მინიმუმამდე დაიყვანა თავისი განცხადებებითაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ამ კურსის ურყეობა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ იცვლება, ქვეყნის საგრეო პოლიტიკური პრიორიტეტები განსაზაღვრულია ხალხის ნებითა და მოსახლეობის არჩევანით. საგარეო პოლიტიკური და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობა დგამს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს. თავდაცვისუნარიანობის და ნატოსთან თავსებადობის კუთხით, ჩვენ მიღებული გვაქვს არსებითი ღონისიებათა პაკეტი, რომელაც ვასრულებთ. ამას ყველა ერთხმად იმეორებს.
მაშინ რას ეფუძნება თქვენი ოპონენტების განცხადებები, რომ ხელისუფლება ცდილობს რუსეთის ხელისუფლებას ასიამოვნოს?
– თუ ასე აღიქვეს ეს განცხადება, იმედია, გააკეთებენ განცხადებას, რომ - ჩვენ, ჩვენი განცხადებით არ ვასიამოვნებთ რუსეთს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი მკაფიოდ უნდა განისაზღვროს. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტამაც არასწორად გაიგო აბაშიძის განცხადება?
– პირველივე დღიდან ძალიან მკაფიოდ განისაზღვრა ეს ფორმატი, რომ ეს არ შეეხება საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, ეს იქნებოდა ეკონომიკურ–კულტურული საკითხების პროგრესისადმი მიძღვნილი ფორმატი და ასეც მიმდინარეობს მუშაობა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩათრევის“ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს. იყო თუ არა ეს მუქარა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ხდება ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში?
– რუსეთი არ აკლებს საქართველოს მუქარას თუ მუქარის აღსრულების ღონისძიებებს. რუსეთის საოკუპაციაო ჯარების არსებობა და მათი ანექსიური მისწრაფებები საქართველოს რეგიონის მიმართ, სწორედ ის არის, რაც ქმნის დესტაბილიზაციის წყაროს კავკასიაში. შესაბამისად, მითითება, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიძლება რაიმე დესტაბილიზაციას ხელს უწყობდეს, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია.
იქ ასევე საუბარი იყო ე.წ. ჩათრევაზე, ერთმნიშვნელოვნად აღსანიშნავი და ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერითა და მათი ნებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტი არის ქვეყნის ერვოპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თუკი საუბარია არეულობაზე, რაიმე დესტაბილიზაციაზე, ამის მიზეზი საოკუპაციო ჯარია, რომელიც საქართველოში დგას. რაც შეეხება საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების განვითარებას, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არ არის.
საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება დარჩა მისაღები, რომელიც ადგილმდებარეობას ეხება. როგორ ფიქრობთ, რატომ ჭიანურდება ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება? ამ თემაზე დაწყებულია პოლიტიკური დისკუსიები...
– მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა არსებითი ღონისძიებათა პაკეტი, შემუშავებული იყო კონცეფქტუალური ხედვა. ამ მიმართულებით ჩვენი ხედვა გაზიარებული იქნა. ასევე, მიმდინარებს ექსპერტთა ჯგუფის ფორმირების პროცესი, რომელიც ნატომ უნდა გამოაგზავნოს, მათზეა დამოკიდებული რამდენად დრულად განხორციელდება ეს პროცესი. სხვა მხრივ, დავესესხები ნატოს რამდენიმე მაღალჩინოსანს, ყველა მიმართულებით ნატოს ტემპებისთვის უჩვეულოდ სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესი.