ერთი დოლარი ოფიციალურად 2,14 ლარი ღირს, სავალუტო ჯიხურები კი მწვანე კუპიურებს 2,20 ლარად ყიდიან. ასეთი დაბალი კურსი მხოლოდ შევარდნაძის ეპოქაში იყო. 2004 წლიდან მოყოლებული ეს ეროვნული ვალუტის ანტირეკორდია.
ეკონომიკური პროფილის მინისტრები ახლა კურსის დასტაბილურების მიზნით, ფულის სავალუტო ფონდს სთხოვენ. არადა, რამდენიმე დღის წინ ერთხმად გაიძახოდნენ, რომ ლარი ჯანსაღია და ეკონომიკა წინ მიიწევსო.
„ექსპორტის წახალისების მექანიზმი არ არის მოკლევადიანი ეფექტის მომტანი და არ გვაქვს იმის ილუზია ეს ინსტიტუტი სწრაფ შედეგს გამოიღებს. ორშაბათს გვაქვს სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა, რომელზეც განვიხილავთ ინფრასტრუქტურული ზეგანაკვეთული პაკეტის მოცულობას.
ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯების მიზნით, რათა განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს არის ის პირველადი ზომები, რაც ამ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციის ადეკვატურია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„გავაანალიზებთ ერთობლივად იმ სიტუაციას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლები ჩამოდიან და ჩვენ ერთობლივად გვექნება კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან“, - ამბობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
სპეციალისტებს კი ამ ზღაპრების აღარ სჯერათ. მათი აზრით, ძაღლის თავი სულ სხვაგან არის დამარხული. ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა ის, რასაც ბევრი სპეციალისტი ვარაუდობს, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავს.
„თამაშდება უმარტივესი რამ: მალე კიდევ უფრო დაიწევს კურსი და ამით ეროვნული ბანკი ძირს გამოუთხრის მთავრობას, რომელიც აზრზე ვერ მოსულა, თუ რა ხდება. მოკლედ, თუ სებ-ი გააგრძელებს თავის სტრატეგიას (და, ალბათ, გააგრძელებს) მთავრობის საბოლოოდ მოსათხრელად ლარი კიდევ უნდა გაუფასურდეს... ჯერ „იფორთხებს“ 2,15-მდე და მის ირგვლივ, მაგრამ მალე დაეშვება რეკორდულ მაჩვენებლამდე...
მთავრობა, რომელიც აზრზე ვერ მოდის რა უნდა აკეთოს, ამ ლარის კურსის ვარდნას ვერაფერს დაუპირისპირებს და ისე გართულდება მდგომარეობა, რომ სახლში გაუშვებენ...“ - წერს დემურ გიორხელიძე.
კურსის ვარდნა რომ ხელოვნური პროცესია, ამას საბანკო ექსპერტი ლია ელიავაც ადასტურებს. მისი აზრით, ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი სავალუტო სპეკულაციებია. „ნოემბერში, როდესაც ლარმა დაცემა დაიწყო, მაშინ ვთქვით, რომ ეს სავალუტო სპეკულაციაა, დღესაც ისევ ამ პოზიციაზე ვარ. მიმაჩნია, რომ ეკონომიკური პროცესებს არავითარი კავშირი არ აქვს ლარის ვარდნასთან. ეს არის ცალკეული ბანკების სურვილი, რომ სავალუტო კურსის ცვლილებით ხელი კარგად მოითბონ“, - აცხადებს ელიავა.
ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი ყველაფერს მთავრობას აბრალებს, რომელიც გულუბრყვილოდ აღიქვამს ლარის დევალვაციის პროცესს და მოსალოდნელ შედეგებს სწორად ვერ აფასებს.
„ბევრჯერ ითქვა, რომ ლარის დევალვაციის თავიდან აცილება მხოლოდ ეროვნული ბანკის ძალისხმევით შეუძლებელია. მარტო ექსპორტის კლებისა და გადმორიცხვების შემცირების შედეგად მხოლოდ იანვარში წარმოქმნილი ვალუტის დანაკლისის დასაბალანსებლად ას მილიონ დოლარზე მეტი გახდებოდა საჭირო, რომ არაფერი ვთქვათ ტურიზმისა და ვალუტის შემომტანი სხვა დარგების მუშაობის გაუარესებაზე. არადა, წინ მრავალი თვეა და არც ეროვნული ბანკის რეზერვებია ულევი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელები ჩამოუშვას და თუნდაც იშვიათ ინტერვენციებს არ მიმართოს“, - განაცხადა გოცირიძემ.
მისი აზრით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანას მოქნილობა დააკარგვინა და გარე შოკებისაგან დაუცველი გახადა.