პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მთავარმა პროკურატურამ მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართოს. დეპუტატის მტკიცებით, 2004 წელს, სვანეთში, სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია კანონის ფარგლებში ჩატარდა, აფრასიძეების საქმე რეალურად არ არსებობს და მთავარი პროკურატურა ამჟამად „ტყუილ-უბრალოდ ჩხირკედელაობს“, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ გაანეიტრალოს.
აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით, for.ge მაშინდელ შს მინისტრს, ამჟამად დეპუტატს, გიორგი ბარამიძეს ესაუბრა:
ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ აფრასიძეების საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება და დამნაშავე პირები დაისჯებიან. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
- აფრასიძეების რა საქმე არსებობს? ადგილი აქვს ხელისუფლების პროპაგანდას, რადგან ყველაფერი კანონის სრული დაცვით ჩატარდა და აფრასიძეების საქმე რეალურად არ არსებობს. ცხადია, როდესაც ეჭვმიტანილი პოლიციელს ტყვიას ესვრის, ადეკვატური რეაქცია სამართალდამცავსაც ექნება. ასე ხდება ევროპულ ქვეყნებშიც, დასავლეთსა და საქართველოშიც. თუ ვინმეს ეს სხვაგვარად ესმის, მაშინ მას პოლიციის ფუნქცია და უფლებამოსილება ვერ გაუგია.
ამ საქმეზე, თქვენ დაგკითხეს?
- პროკურატურა ტყუილუბრალოდ ჩხირკიდელაობს და თუკი მათ ჩემგან რაიმე აინტერესებთ, სადეპუტატო იმუნიტეტის გამოყენებას არ ვაპირებ და ჩვენებას მივცემ. ამ სპეცოპერაციაზე არ მკითხავენ, რადგან მათ რეალურად საქმის გამოძიება არ სურთ. მათ სიმართლე კი არ აინტერესებთ, არამედ ამ თემებზე ხმაურის გამოწვევა, რადგან ამ ხელისუფლებას სხვა რაიმე პოზიტიურის კეთება არ შეუძლია.
ამ სპეცოპერაციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. აუცილებელი იყო, სპეცოპერაცია მძიმე შედეგით დასრულებულიყო?
- მათ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა, დანარჩენი სამი კი, დაპატიმრებული იქნა და ისინი ძალიან მძიმე დანაშაულებების გამო გასამართლდნენ. მართალი გითხრათ, ისინი ვინც დაიღუპნენ, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდნენ და ეჭვმიტანილნი იყვნენ. მთელი ეს აჟიოტაჟი ატეხილია იმის გამო, რომ თურმე, პოლიციამ მათ წინააღმდეგობა რატომ გაუწია.
ხელისუფლებაში სანამ ჩვენ ვიყავით, მაშინ აპელირება ხდებოდა, რომ თითქოს, საშინელი ხელისუფლება ვიყავით, რომელიც თურმე, სპეცოპერაციებს ატარებდა. როცა კბილაბამდე შეიარაღებული ადამიანები ხალხს აწიოკებდნენ, ჩვენ როგორ უნდა მოვქცეულიყავით? აფრასიძეების განწყობა მაშინ დადასტურდა, როცა სვანეთში ამდენი პოლიციელი დაინახეს, მათ მაინც ავტომატი ისროლეს და ლამის ვეტრმფრენი ჩამოაგდეს. ამ ადამიანების მიმართ ღონისძიება როგორ უნდა განხორციელებულიყო? როგორ ფიქრობთ, ისინი მამა აბრაამის ბატკნები იყვნენ და თავის ფეხით მოვიდოდნენ, აქ ვართ და დაგვიჭირეთო?
ამ თემაზე საუბარი ყოველგვარ ზღვარს სცილდება და მერამდენე ინტერვიუს ვიძლევი? ხალხმა არ იცის, აფრასიძეები ვინ იყვნენ? რამდენი ხანი შეიძლება, რომ წყალი ნაყონ? მაინტერესებს, პოლიციას ავტომატს რომ ესვრი, მან არ უნდა გიპასუხოს და კუდამოძუებული უკან უნდა დაბრუნდეს? ამ თემაზე პრესა ერთსა და იმავეს ტკებნის და პოლიციას ვეუბნებით, რომ კრიმინალს თავი დაუხაროს.
ჟურნალისტები ხართ, მესტიელები ნახეთ და ჰკითხეთ, რა ხდებოდა, როცა აფრასიძეები აფრასიძეობდნენ. მესტიელებს ჰკითხეთ, სახლში სტუმრები როგორ მიჰყავდათ და რა ვითარება იყო. გასამართლებულ ადამიანებს ბრალი მე მოვუგონე და ვინმეს ჯინი მქონდა? მცდელობაა, რომ რამენაირად რაღაცას გიორგი ბარამიძის სახელი მიაწერონ.
თუკი სპეცოპერაცია კანონის ნორმებში ჩატარდა და გამოძიებას თქვენი ინტერესი რატომ აქვს?
- მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაცია მოახდინონ. ჩვენი დანაშაულია, რომ კრიმინალს ვებრძოდით? მაშინ, შს მინისტრი ვიყავი და ვამაყობ, რომ ჩემს დროს კრიმინალების დიდი ნაწილი დავაპატიმრეთ და ქვეყანას ჩამოვაცილეთ. თუკი აქცენტი პირად ანგარიშსწორებაზე კეთდება, მაშინ პირადი მტრის სახით აჭარაში ასლან აბაშიძე და სხვები მყავდნენ და მათ თმაც არ ჩამოვარდნიათ, ისევე როგორც სვანეთში მშვიდობიან მოქალაქეებს არაფერი დაშავებიათ. ჩვენი დანაშაული ის ყოფილა, რომ თურმე, დიდი ძალა რატომ გამოვიყენეთ. კიდევ კარგი, რომ სპეცოპერაცია ფართომასშტაბიანი იყო და მთელი სოფელი კონტროლდებოდა.
სპეცოპერაციის დროს იქ არ იმყოფებოდით და პროცესს პირადად არ ხელმძღვანელობდით?
- როდესაც, დაკავებულები კოპიტნარში ჩამოიყვანეს, მე და ვანო მერაბიშვილი სვანეთში ჩავფრინდით. ქვეყანას დიდი პრობლემა მოშორდა და ცხადია, სოფელში უნდა ჩავსულიყავით. შს მინისტრი ვიყავი და არა სპეცრაზმელი, რომ იქ ვყოფილიყავი. დამოკიდებულება რომ ყოფილიყო, ყველა ამოხოცილიყო და ცოცხალი არავინ დარჩენილიყო, მაშინ ცოცხალი არც არავინ იქნებოდა. ამოცანა ეს რომ ყოფილიყო, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ამჟამად პატირობაში მყოფი პირებიც დაიღუპებოდნენ, რასაც რაღაც გამორჩენისთვის ზოგიერთი ბინძური პოლიტიკოსი ლაპარაკობს.
სამწუხაროდ, ის ადამიანები დაიღუპნენ, რომლებიც კრიმინალები იყვნენ და მთელი სვანეთი აკლებული ჰყავდათ. ამ თემაზე ამდენი სალაპარაკო რა არის, არ ვიცი და არც არავის მადლობას ველოდები, მაგრამ თავი ვიმართლო, კრიმინალებს რატომ ვებრძოდით? პოლიციას ბრძანება ჰქონდა, რომ ვინც ესროდათ, მათთვის პასუხი გაეცათ. ჩემი დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ პოლიციელს ვუბრძანე კანონით რაც ევალებოდა, ის შეესრულებინა?!
გარდაცვლილის დედა დოდო აფრასიძე ოჯახის დაწიოკებაზე, სახლის გადაწვაზე საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მკვდრები მიწაზე ეყარა, თქვენ კუბდარს ჭამდით და გარდაცვლილებს სპეცრაზმელებმა ოქროს ნივთები მოხსნეს...
- ეს რა საუბარია და რა სისულელეა? გარდაცვლილებს ოქრო ან მოაძრეს ან არა და ეს რა შუაშია? აფრასიძეებს ხალხი გატაცებული და დახოცილი არ ჰყავდათ და კრიმინალები არ იყვნენ? შეიძლება ერთსა და იმავე სისულელეზე ამდენი ილაპარაკონ? სპეცრაზმელებს მადლობას თუ არ უხდიან, შეიძლება, იმაზე საუბარი, რომ თურმე, სპეცრაზმელმა ტყვია ისროლა? სამართალდამცავს ნუ ესვრიან და ისინიც არ ისვრიან. ეს მარაზმი სადამდე შეიძლება გაგრძელდეს?
გამორიცხავთ, რომ მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს თქვენი უფლებამოსილების შეწყვეტით მიმართოს?
- ამ ხელისუფლებისგან არაფერს გამოვრიცხავ. ხელისუფლება, რომელიც ეჭვის ქვეშ იმას აყენებს, რომ შეიძლება თუ არა პოლიციელმა ეჭვმიტანილს საპასუხოდ ესროლოს, რა უნდა გამოვრიცხო? ხელისუფლების მიზანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაშოროს და თუკი მათ საშუალება ექნებათ ცილისმწამებლური ბრალდებებით ვინმეს ხელი მოკიდონ, ამაზე უარს იტყვიან? ხელისუფლება საღ აზრს ითვალისწინებს, რომ მათგან რაიმე გამორიცხოთ? ივანიშვილის ავადმყოფურ ტვინში რა დაიბადება არ ვიცი. ბრიუსელში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის სხდომაზე მივდივარ, შემდეგ უკრაინაში და საქართველოში დავბრუნდები. არსად წასვლას და ვინმესთვის იმის ფუფუნების მიცემას არ ვაპირებ, რომ თქვას, ბარამიძე სადმე გაიქცა და რაღაცას დაემალაო. ამ ხელისუფლებისგან ყოველგვარ სისულელეს შეგუებული ვარ, მაგრამ მომავალში ეს ყველაფერი ხელისუფლებას რას მოუტანს და რას მოიმკის, ეს სხვა თემაა.