რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩათრევის“ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს. სერგეი ლავროვის ამ განცხადებას პირველი პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. აქვე აბაშიძე ამბობს, რომ ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.
„საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამიტომ აქვს სრული უფლება, ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის ნატო-სთან, რომელიც გახლავთ მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს.
საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე ამბობს, რომ საქართველო არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებას დაძაბავს.
„საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ნატო-ს, გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება და არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი“, - აცხადებს გიგი გიგიაძე.
რაც შეეხება სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ გაკეთებულ განცხადებას, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ არ იცის რაზეა საუბარი. მისი თქმით, თუ ეს ეხება არსებითი პაკეტით განსაზღვრულ დებულებებს, ამ პაკეტით მხოლოდ სასწავლო ცენტრის გახსნაზეა საუბარი, რაც არავის უსაფრთხოებას არ ემუქრება.
ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით, ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები კეთდება მთავრობაში. აბაშიძის განცხადება აქტუალური გახდა რუსულ მედიაშიც. ზურაბ აბაშიძის განცხადებაზე გარკვეული დეტალების დაზუსტებას შეეცადა თავდაცვის მინისტრი.
მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ აბაშიძე სავარაუდოდ გულისხმობდა, რომ საქართველოში არ იგეგმება ნატოს სამხედრო ბაზის განთავსება. საქართველოში იგეგმება წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება, რომელიც მისივე თქმით, მოემსახურება შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმის და მათ ნატოსთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას.
„ანუ, ეს არ არის სამხედრო ბაზა, რომელსაც აქვს სამხედრო მიზნები და ამოცანები. ეს არის წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელსაც აქვს შესაბამისად წვრთნისა და შემდგომი შეფასების ფუნქცია“, - აცხადებს მინდია ჯანელიძე, რომლის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ ანერვიულებს მეზობელ სახელმწიფოს საქართველოში ამ ცენტრის დაარსება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი არ არის მიმართული მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი არ იცვლება და ეს ნათლად თქვა ზურაბ აბაშიძემ, რაც ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ სწორად ვერ გაიგეს. პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ამბობს, რომ სხვა ქვეტექსტის წაკითხვა, ნამდვილად არ იქნება სწორი.
„საუბარი იყო იმაზე, რომ რაიმე სამხედრო ბაზის განთავსება არ იგეგმება დღეს ან ხვალ. ნათქვამი იყო, რომ იგეგმება საწვრთნელი სასწავლო ცენტრი, რომელიც დაიგეგმა უელსის სამიტზე და ამაზე იყო საუბარი. სხვა რაიმე ქვეტექსტების წაკითხვა ნამდვილად არ იქნება სწორი. ჩვენი დასავლური კურსი არის შეუქცევადი, ეს არაა რომელიმე ხელისუფლების არჩევანი, ეს არის ჩვენი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხელისუფლება ერთგულია პროდასავლური კურსის“, - აცხადებს მანანა კობახიძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს ასიამოვნოს. მისივე თქმით, აბაშიძის ეს განცხადება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანია.
„სიმბოლურია, რომ ზურაბ აბაშიძე აკეთებს მსგავს განცხადებას. როგორც ჩანს, ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს ასიამოვნოს. აბაშიძის მხრიდან ეს განცხადება არის რუსეთის მიმართ გზავნილი, რომ საქართველო არ გადადგამს ნატო-ში გაწევრიანებისკენ ნაბიჯს. ეს არის ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
„თავისუფალი დემოკრატები“ მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, გააკეთოს საჯარო განცხადება და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, ასევე მიმართავენ საგარეო და ევროატლანტიკურ სამინისტროებს, გაემიჯნონ აღნიშნულ განცხადებას და დააფიქსირონ საკუთარი ერთგულება ნატოში საქართველოს გაწევრიანებისადმი. პარტიის გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოხატონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და არ მისცენ უფლება მთავრობას გადაუხვიოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან.
ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება. ამ საფრთის დასტურად კი ზურაბ აბაშიძის განცხადებას ასახელებს.
„ბიძინა ივანიშვილის პირადმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურა აბაშიძემ გააკეთა საგანგაშო განცხადება, რომლის თანახმადაც „ნატოს-თან თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა და, რომ ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას“. მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს იმართება ნატოს მინისტერიალი და მომდევნო წელს - ნატოს სამიტი, ეს განცხადება არის ღია დადასტურება იმ ფაქტის, რომ ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე, რაზედაც „თავისუფალი დემოკრატები“ დიდი ხანია მივუთითებთ“, - აცხადებს პეტრიაშვილი.
მისივე თქმით, ნატოს უელისის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი სწორედ ის გეგმაა, რომელიც ითავლისწინებს ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში და ქვეყნის საბოლოო მიზნის, ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობას.
„უელსის სამიტის ჩათვლით, ჩვენი ყველა ქმედება იყო მიმართული საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაკენ, რაც ბუნებრივია ასევე არის ალიანსის მყარი გადაწყვეტილება. საინტერესოა, რომ ზურაბ აბაშიძის დღევანდელი განცხადება დროში დაემთხვა კრიზისების მართვის საბჭოს გუშინდელ სხდომას, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადებას და აბაშიძე კარასინის თებერვლის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრას, რითაც გამოაშკარავდა ამ შეხვედრის რეალური დღის წესრიგი“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი თვლის, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ცხინვალთან და სოხუმთან აფორმებს საინტეგრაციო ხელშეკრულებას, მსგავსი ტიპის განცხადება, პრემიერის წარმომადგენლის მხრიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ აბაშიძე კარასინს ესაუბრება იმ თემებზე, რომელიც ცდება სავაჭრო ურთიერთობების თემებს, რაც მისი თქმით, ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის.
„ზურაბ აბაშიძის საქმე არ არის ნატო-ს ინფრასტრუქტურის განლაგება-არგანლაგებაზე საუაბრი, როდესაც არებობს პრემიერი, არსებობენ მინისტრები. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ მთავრობის დაბნეულობას რუსეთთან ურთიერთობაში და ზოგადად, ნატოსთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ნატო ცალსახად საუბრობს სასწავლო ცენტრზე, რომელიც განკუთვნილია წვრთნებზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც თავისთავად გულისხმობს ქართველ სამხედროებთან ერთად ნატოს ჯარების მონაწილეობას.
მეორე თემა, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ეს არის ნატოს ინფრასტრუქტურის არსებობა, იქნება ეს საჰარეო, სატანკო თუ სხვა. სწორედ ამაზე მიდიოდა საუბარი ყოფილი თავდაცვის მინისტრის პირობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან ერთად. ამ თემის გადახაზვა აბაშიძის მხრიდან, რომელიც პრემიერის წარმომადგენელია რუსეთთან სავაჭო ურთიერთობის საკითხებში, საკამოდ სერიოზულ კითხვებს ბადებს და მიანიშნებს ამ მთავრობის ისევ არაკოორდინირებულ და გაუგებარ გზავნილებზე“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.