„რუსეთს საქართველოში ომი არ სჭირდება - ყველა საქმეს მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები აკეთებენ“

„რუსეთს საქართველოში ომი არ სჭირდება - ყველა საქმეს მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები აკეთებენ“

მიუხედავად მინსკის შეთანხმების გაფორმებისა, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. პუტინი აცხადებს, რომ ეს მოსალოდნელი იყო, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა შედგა, მიღებული დოკუმენტი მინსკის შეთანხმების სრულ მხარდაჭერას ითვალისწინებს და საუბარია ვადებში ამ შეთანხმების მოთხოვნების უპირობო შესრულებაზე.

უკრაინის მოვლენების ფონზე მოსკოვიდან საქართველოს მიმართაც ისმის მუქარა - როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, მოსკოვი არ მოითმენს საქართველოს ნატოში „ჩათრევის“ მცდელობას: „ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის საკითხი“.

მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ნატო-ს მიერ თბილისის „ჩათრევის“ მცდელობის ფონზე.

ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი, რომ უკრაინაც და საქართველოც რუსეთის პირისპირ შესაძლოა მარტონი აღმოჩნდნენ, ამ თემაზე ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება.

მინსკის შეთანხმების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები არ წყდება, რასაც უკრაინული მხარე რუსეთს, რუსული მხარე კი უკრაინას აბრალებს. როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობას? შეეძლება მას, რომ უკრაინას არსებითი დახმარება გაუწიოს?

- ამერიკას, ბუნებრივია, უფრო მკვეთრი რეაქცია ექნება, ვიდრე ევროპას, თუმცა სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ერთ რამეს ყველა ხვდება - გარედან ვერავინ ჩაერევა კონფლიქტში, იარაღის მიწოდებაც ჭიანურდება და გამოდის, რომ უკრაინამ თავის თავს რაღაცნაირად უნდა მიხედოს. დასავლეთში ალბათ ფიქრობენ, რომ თუკი 50-მილიონიან ერს არ აქვს უნარი გაუმკლავდეს რუსული არმიის რაღაც ნაწილს, მაშინ რა აზრი აქვს დახმარებას?!

მეორე მხრივ, ალბათ, ფიქრობენ, რომ თუ რუსეთი გაანადგურებს უკრაინას, ამითი ყველანაირი სისტემა დაინგრევა, დაირღვევა ყველანაირი პრინციპი საერთაშორისო ურთიერთობის, ევროპული უსაფრთხოების და ა.შ. - ამ ორ მოსაზრებას შორისაა გაჩხერილი სამწუხაროდ, დასავლეთი.

ანუ გამოდის, რომ რუსეთს სრული თავისუფლება აქვს, შეასრულოს თავისი გეგმა და დერეფანი გაჭრას ყირიმამდე?

- იმედი მაქვს, თავისი სიხარბის გამო რუსეთი შეცდომას დაუშვებს - თავისთავად, შეცდომა იყო, რაც დონბასში წამოიწყო და იმედი მაქვს, ასეთ შეცდომებს კიდევ გაიმეორებს.

ამის ფონზე, ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ეკონომიკაში მთლად კარგად არ აქვთ საქმე და როგორც კი საბრძოლო მარცხს იწვნევენ, რუს ხალხს მაშინვე გაახსენდება ეკონომიკური პრობლემები.

გაზაფხულზე იწურება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ვადა. როგორი მოლოდინი არსებობს, რუსეთი მიაღწევს სანქციების შემსუბუქებას ან მის მოხსნას?

- მოლოდინი მაქვს, რომ რუსეთს სანქციებს ავტომატურად გაუგრძელებენ, თუმცა ეს სანქციები იმდენად დიდ ზიანს არ აყენებს რუსეთს, როგორც ნავთობზე ფასების დაცემა. აქ უფრო მთავარი ის არის, ნავთობზე როგორი ფასი იქნება - ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალია.

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა ამერიკა, რომ დაბალი ფასი შეინარჩუნოს ნავთობზე და ამით საბოლოოდ შეარყიოს რუსეთის ეკონომიკა?

- ვფიქრობ, რაღაც დონეზე დაბალ ფასს შეინარჩუნებს, იმიტომ, რომ ამერიკაში უკვე მოხდა ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც მთელ მსოფლიოში თანდათანობით გავრცელდება და ნავთობის ფასი თავისთავად დაეცემა. მითუმეტეს, მსოფლიო ეკონომიკა უკვე ისწრაფვის ამ ტექნოლოგიებისკენ და შესაბამისად, ნავთობზე ფასები არ უნდა გაიზარდოს.

პლუს, განვითარებული სამყარო, ამერიკაც და ევროპაც უკვე ნელ-ნელა გადადის ელექტრომობილებზე და ა.შ. რაც ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ ნავთობზე მოთხოვნა უნდა შემცირდეს.

ანუ ლოგიკური დასასრული რუსეთის დასუსტებაა?

- გასული საუკუნის განმავლობაში ორჯერ დაიშალა რუსეთის იმპერია, მაგრამ მოახერხა ფეხზე წამოდგომა, თუმცა მეორე დაშლის შემდეგ უფრო მეტი დრო დასჭირდა. დიდი შანსია, რომ ამ საუკუნეში კიდევ ერთხელ განმეორდეს მსგავსი რამ.

საკმაოდ საინტერესო განცხადება გავრცელდა საქართველოსთან მიმართებაში, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, თუ ნატო საქართველოს ალიანსში ჩათრევის პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს. ეს ნიშნავს თუ არა, რომ უკრაინის შემდეგ უკვე საქართველოსთვისაც მოიცალა რუსეთმა?

- რუსეთი საქართველოთი ყოველთვის იყო დაკავებული, თუმცა უკრაინის გამო, ისე აქტიურად არა. რუსეთს ჩვენთვის ყოველთვის ეცალა - შევხედოთ რა ხდება ქვეყანაში - დარბიან პრორუსული ორგანიზაციები, ქვეყანში დიდი ხანია ჩაირთო რუსული ტელეარხები და ამ ყველაფრით რუსეთი თავის საქმეს აკეთებს. გარდა ამისა, ვხედავთ ლარს რა მოსდის, ჩვენი ქვეყნის სისუსტე ბუნებრივია, აწყობს რუსეთს.

რაც შეხება ამ კონკრეტულ განცხადებას, როგორც ჩანს, გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ ხმა არ ამოიღოთ იმაზე რაც ხდება ცხინვალში - მოსკოვს და ცხინვალს შორის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების“ გაფორმებას ვგულისხმობ.

და მეორე - ბუნებრივია, მათ არ მოსწონთ ნატოს საწვრთნელი ბაზის განთავსებაზე საუბარი - ეს ორი ფაქტორია, რის გამოც ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა.

ამასთან, ლავროვი აცხადებს, რომ საჭიროა, სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტის გაფორმება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რაც 2008 წლის მოვლენების გამეორებას თავიდან აგვაცილებს - ეს რას ნიშნავს? ისევ ომით ხომ არ გვემუქრება რუსეთი?

- ეს ნიშნავს, რომ თითქოს, რუსეთი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ცხინვალი დაიცვას ქართველი აგრესორებისგან. რაც შეეხება ომს, ეს რუსეთს ამ ეტაპზე არანაირად არ სჭირდება საქართველოში - ყველა საქმეს შესანიშნავად აკეთებენ რუსული ტელეარხები და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები.

როგორ მოახერხა რუსეთმა იდეოლოგიური ომის გაჩაღება საქართველოში?

- საკმაოდ მარტივად - ჩაირთო მათი არხები - გახსოვთ ალბათ, ომის შემდეგ მათი არხები გაითიშა. ბოლო ორი წელია ჩაირთო - ვინ ჩაურთო, ეს არ ვიცი - დასკვნები თავად გააკეთეთ. 

რა შეიძლება გააკთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხეები აიცილოს თავიდან? - თუ აშშ- სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის ვიზიტს გავითვალისწინებთ და იმ გზავნილებს, რაც მან ამერიკიდან ჩამოიტანა, როგორც ჩანს, გარკვეული კითხვები საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ში არსებობს...

- თუ მოინდომებს, რომ რამე გააკეთოს ამ ხელისუფლებამ თავისი ქვეყნისთვის, არის რამდენიმე საკითხი, რომლის გადაჭრაც მას შეუძლია. პირველ რიგში, უნდა გაითიშოს რუსული არხები; მოიხსნას ყოვლად უაზრო შეზღუდვები უცხოელებისთვის დაწესებულ ვიზებზე, რომ შემოვიდეს მეტი ვალუტა; და კიდევ ერთი - გადაიხედოს საკადრო პოლიტიკა და საკმაოდ სერიოზულად, მათ შორის საგარეო უწყებებში, ვისაც ევალება ზრუნვა ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე და ა.შ.

თუ ყველაფერს ისე დავტოვებთ როგორც არის, რა პერსპექტივა გვაქვს?

- სამწუხაროდ, ჩვენი პერსპექტივა ორ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული - რუსეთი ჩაერთოს მძიმე ომში და უკრაინამ ძვირად დაუსვას რუსეთს ეს ავანტურა და მეორე - ნავთობზე დაბალი ფასები. ეს ფაქტორები თუ გადაგვარჩენს, თორემ სხვა პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, უკვე ვისაუბრე იმ რამდენიმე ნაბიჯზე, რომლის გადადგმაც შეიძლება, მაგრამ რამდენად მოისურვებს ამას საქართველოს მთავრობა, ეს ნამდვილად არ ვიცი.