თურქეთის ელჩს ბაღაფშის ანკარაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს

თურქეთის ელჩს ბაღაფშის ანკარაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს

აფხაზი სეპარატისტები შორეულ სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში უშედეგო ხეტიალის შემდეგ, „სამეზობლო პოლიტიკის“ გააქტრიურებას ცდილობენ. 
დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში თურქეთში აფხაზთა და კავკასიელთა ასოციაციების მიწვევით მიემგზავრება. საქართველოში თურქთა ელჩს კი ბაღაფშის ანკარაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ „ინფორმაცია არ გააჩნია“.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ თურქეთში სოხუმელ მარიონეტს, როგორც „ქვეყნის პრეზიდენტს“ არ მიიღებენ. მათივე თქმით, ბაღაფშის თურქეთში ვიზიტებს პირველ რიგში, რუსეთი ბლოკავს.

TODAY’S ZAMAN.COM-ის ცნობით, 8-10 აპრილს ბაღაფში შეხვედრებს ანკარაში, სტამბულსა და ადაფაზარში გამართავს.

დე ფაქტო პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტის მიზნებზე თავად ისაუბრა და 2010 წლის 8 სექტემბერს თურქეთში ვიზიტის გადადების მიზეზებიც განმარტა.

„აფხაზეთისთვის თურქეთი ახლო მეზობელია, მაგრამ ამ დრომდე იქ არასდროს ვყოფილვარ. თურქეთში აფხაზურ დიაპორასთან შეხვედრას ვგეგმავ. ეს არის ქვეყანა, სადაც ბევრი აფხაზი ცხოვრობს. არასწორია, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი ბოლო 5 წლის განმავლობაში აფხაზურ საზოგადოებას არ შეჰხვედრია. ჩვენ კარგი მეზობლური ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ“, - განაცხადა ბაღაფშმა და აქვე დასძინა, რომ „ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, ეკონომიკური, ტურისტული კუთხით დაიწყოს“.

ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტმა თბილისი მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა: „თურქეთში ჩასვლის სურვილი რამდენჯერმე გვქონდა, თუმცა თბილისის ზეწოლამ ამ გეგმის განხორციელებაში ხელი შემიშალა“.

თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენთ მურათ ბურმანს ბაღაფშის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ამ მოტივით ელჩმა „პირWელისთვის“ ამ ინფორმაციის კომენტირება არ ისურვა.

კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს თურქეთში როგორც „ქვეყნის პრეზიდენტს“ არ მიიღებენ. როგორც ხუციშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა, სავარაუდოდ, თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ბაღაფში მხოლოდ ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება:

„თურქეთის კერძო სექტორსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური კავშირები და ვაჭრობა დიდი ხანია არსებობს, თუმცა ამაზე ოფიციალური ანკარა მუდმივად ამბობს, რომ ეს ქვეყნის ოფიციალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობას არ ნიშნავს და ამ მხრივ აფხაზეთთან არანაირი კონტაქტი არ აქვს. ამ შემთხვევაშიც, მგონია რომ ბაღაფშის თურქეთში ვიზიტი მხოლოდ კერძო დონეზე შედგება და მას იქ არ მიიღებენ, როგორც „ქვეყნის პრეზიდენტს“.

აღნიშნულის კონტექსტში, კონფლიქტოლოგი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის თურქეთში დაგეგმილ ვიზიტში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის მოსალოდნელი აღიარების ნიშნებს ამ ეტაპზე ვერ ხედავს, თუმცა სამომავლოდ არ გამორიცხავს, რომ თურქეთსა და აფხაზეთის კერძო სექტორს შორის არსებულმა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა პოლიტიკურ პროცესებს გზა გაუხსნას.

„როგორც წესი, ეკონომიკური ურთიერთობები უხსნის გზას პოლიტიკურ პროცესებს. ასე რომ, არ გამოვრიცხავ მომავალში თურქეთსა და აფხაზეთს შორის ამ რეგიონის აღიარების პოლიტიკური პროცესი დაიწყოს, მაგრამ ახლა ამის არანაირი კონკრეტული ნიშნები არ არსებობს“, - განმარტავს კონფლიქტოლოგი.

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის თურქეთში ვიზიტს „პირველ რიგში, რუსეთი ბლოკავდა“. როგორც არეშიძემ „პირWელს“ განუცხადა, „ბაღაფშის თურქეთში ჩასვლის სურვილი მოჰაჯირების აფხაზეთში დაბრუნებას უკავშირდება, რაც ბაღაფშის საპრეზიდენტო დაპირება იყო“:

„ეს არის სერგეი ბაღაფშის მე-9 თუ მე-10 მცდელობა, აფხაზი მუჰაჯირების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით თურქეთში ჩავიდეს. თუმცა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ვინაიდან რუსეთს მოჰაჯირების აფხაზეთში დაბრუნება სრულებითაც არ აწყობს.

ახლაც საეჭვოა, ბაღაფში თურქეთში ჩავიდეს. მსგავსი ინფორმაცია ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გავრცელდა, თუმცა ვიზიტი არ განხორციელებულა. რომც ჩავიდეს ბაღაფში თურქეთში, რუსეთი მას თავისი მიზნების განხორციელების საშუალებას არ მისცემს“.

არეშიძის აზრით, ეს ვიზიტი თბილისისთვის დიდად მნიშვნელოვანი არ იქნება, ვინაიდან „ბაღაფშს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები არ მიიღებენ და ყველაზე დიდი, მან პარლამენტის რამდენიმე წევრთან გამართოს შეხვედრა“.