მმართველმა გუნდმა პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური განიარაღება დაიწყო. უმრავლესობამ ზურაბ აბაშიძეს თანამდებობა დაატოვებინა და გუბაზ სანიკიძე თავისივე მოთხოვნით დააწინაურა, გიორგი ცაგარეიშვილს, ვიქტორ დოლიძესა და დავით ონოფრიშვილს კი, პოსტებიდან გადასაყენებლად ამზადებენ.
კოალიციის პოლიტსაბჭომ ფრაქციების თავმჯდომარეებს საკუთარ წევრებთან მუშაობა დაავალა, რათა მათ გაარკვიონ, უმრავლესობაში მყოფ თითოეულ დეპუტატს რა პოზიცია აქვს ირაკლი ალასანიას გუნდის წევრების კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტებიდან გადაყენებასთან დაკავშირებით.
for.ge-ს ინფორმაციით, სწორედ ლიკანში გამართულ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს ზურაბ აბაშიძის პოსტიდან გაშვების და მის ნაცვლად, გუბაზ სანიკიძის დანიშვნის თაობაზეც. წყაროს ცნობით, გუბაზ სანიკიძემ ვიცე-სპიკერის თანამდებობის დაკავების სურვილი თავად გამოთქვა და საკუთარი მოტივაცია იმით ახსნა, რომ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შედეგად, „ეროვნულ ფორუმს“ პარლამენტში მხოლოდ ერთი პოლიტიკური თანამდებობა - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ხვდა წილად, რომელსაც სხვათაშორის, თავად სანიკიძე ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ პოლიტაბჭოს სხდომაზე აბაშიძის შემცვლელად სანიკიძის გარდა, ვანო კიღურაძის კანდიდატურაც დასახელდა, მაგრამ სანიკიძის მოთხოვნა უმრავლესობამ გაიზიარა.
საპარლამენტო უმრავლესობა ვიცე-სპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძის გამოწვევას დღეს ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად მოითხოვეს, მაგრამ მანამდე, საკითხი მმართველი გუნდის დახურულ სხდომაზე განიხილეს. for.ge-ის ინფორმაციით, უმრავლესობაში ერთადერთი ადამიანი, რომელიც აბაშიძის თანამდებობიდან გაშვების წინააღმდეგ გამოვიდა გედევან ფოფხაძე იყო. წყაროს ცნობით, ფოფხაძემ თანაგუნდელებს მოუწოდა აბაშიძე პოსტიდან არ გაუშვან და ამით დიდი შეცდომა არ დაუშვან.
ფოფხაძისგან განსხვავებით, უმრავლესობის ლიდერი აბაშიძის პოსტიდან გაშვების მომხრეთა რიგებში აღმოჩნდა და როგორც for.ge-ს დავით საგანელიძემ განუმარტა, „თავისუფალ დემოკრატს“ აღნიშნული თანამდებობა უმრავლესობის კვოტით უკავია. მისი თქმით, აღნიშნული კვოტა უმრავლესობამ უნდა მიიღოს და ეს პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა.
„ეს ნურც ნურავის უკვირს, ნურც განაწყენდება და ისეთ რეპლიკებს ნუ გააკეთებენ, რომელიც ადეკვატური არ იქნება“, - აცხადებს საგანელიძე, რომლის მსგავსად მიღებულ გადაწყვეტილებას ამართლებს ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.
როგორც for.ge-ს ძიძიგურმა განუცხადა, აღნიშნული კვოტა უმრავლესობას ეკუთვნის. შესაბამისად, საკუთარი წარმომადგენელი უმრავლესობამ უნდა წარადგინოს.
ძიძიგური ფიქრობს, რომ სანიკიძის გამოცდილება პარლამენტს ძალიან გამოადგება.
„სანიკიძე გამოცდილი, კომუნიკაბელური და საქმიანი კაცია. ვფიქრობ, რომ საკვანძო თანამდებობებზე გამოცდილი პოლიტიკოსების დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძენს ძიძიგური.
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარეს, დავით ბერძენიშვილს ზურაბ აბაშიძის წინააღმდეგ ხელი არ აუწევია, რადგან ის უმრავლესობის დახურულ სხდომას არ ესწრებოდა, მაგრამ დეპუტატი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიმართ მას პრეტენზიები არ აქვს.
for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ეს პოსტი უმრავლესობის კვოტაა და უმრავლესობას სრული უფლება აქვს, რომ თანამდებობაზე იმის კანდიდატურა წარადგინოს, ვინც სურს.
„უმრავლესობის სხდომაზე არ ვყოფილვარ, მას ზოგიერთი რესპუბლიკელი ესწრებოდა, ზოგი არა. ამ გადაწყვეტილების მიმართ პრეტენზიები არ მაქვს, რადგან რეგლამენტით თანამდებობა უმრავლესობას ეკუთვნის“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.
ყოფილ თანაგუნდელებს შორის მიმდინარე პროცესებს საპარლამენტო უმცირესობა შორიდან აკვირდება და for.ge-ს ინფორმაციით, ნაციონალები „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ პულტის გამოყენებას არ აპირებენ. როგორც for.ge-სთან საუბარში დეპუტატი გოგა ხაჩიძე აცხადებს, საკანონმდებლო ორგანოში საინტერესო არაფერი ხდება.
მისი განცხადებით, ის დიდად ვერ გრძნობს, რომ დეპუტატია და პარლამენტშია.
„ზურა წავა და გუბაზი მოვა ტურფასა საბაღნაროსა. რაც შეეხება გუბაზიმ თავი რით დამამახსოვრა? - ის სანამ ჩემი კოლეგა გახდებოდა, ქათმის ბარკლებზე საუბრით გამოირჩეოდა და რაც დეპუტატი გახდა, წონაში დაიკლო და სხდომაზე ჩაეძინა“, - განუცხადა for.ge-ს ხაჩიძემ.
რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ განწყობას, ისინი მოხარულნი არიან, რომ „ქართული ოცნება“ ერთ საკითხზე მაინც ჩამოყალიბდა. როგორც for.ge-ს ნინო გოგუაძემ განუცხადა, „თავისუფალ დემოკრატებს“ უნიკალური როლი აქვთ, რადგან მათ უმრავლსობის გაერთიანება შეძლეს.
დეპუტატის თქმით, გასაკვირია, მაშინ, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებია, „ქართული ოცნება“ ზურაბ აბაშიძის პოსტიდან გადაყენებაზე რატომ ზრუნავს.
„საქართველოს ვულოცავ, რომ უმრავლესობამ ერთ საკითხზე მაინც შეძლო შეთანხმება და გადაწყვეტილების მიღება. არ გამოვრიცხავ, რომ პოსტები კომიტეტის თავმჯდომარეებმაც დატოვონ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდიდან ჩვენ არგუმენტებს მოვითხოვთ“, - აღნიშნავს გოგუაძე, რომლის პოზიციას იზიარებს თავად ზურაბ აბაშიძე.
for.ge-სთან საუბარში აბაშიძე აცხადებს, რომ უმრავლესობაში მისი პერსონა მიუღებელია, რადგან ის ოპოზიციაშია და ხელისუფლებას აკრიტიკებს. აბაშიძე სანიკიძეს უსურვებს, ვიცე-სპიკერის პოსტი მშვიდობაში მოიხმაროს.
„არც არაფერი გვწყინს და არც თანამდებობებს ვეკიდებით. „ქართულ ოცნებას“ ვულოცავ, რომ თავიანთ ისტორიაში რაღაცაზე ერთხელ მაინც შეთანხმდნენ. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ამაზე ზრუნავდეს, ყურადღებას მე მითმობს. ეს გადაწყვეტილება არის ოპოზიციის მიმართ დევნა და უმრავლესობა იმას აკეთებს, რასაც ნაციონალები წარსულში აკეთებდნენ. მათ იგივე მიდგომები და ხელწერა აქვთ. ამ სტერეოტიპებს აუცილებლად დავანგრევთ! ეს თანამდებობა ჩემი ოფლით, წვალებით და ბრძოლით მოვიპოვე, მაგრამ მათ მშივდობაში მოიხმარონ“, - დასძინა აბაშიძემ.
მართალია, გუბაზ სანიკიძემ ჯერჯერობით საკუთარი „ოცნება“ - „ფული უნდა ვიშოვო, მილიონერი უნდა გავხდე“ ვერ აიხდინა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გადავა, მას ხელფასის რაოდენობა რამდენიმე ასეულით გაუმჯობესდება. რაც შეეხება მის საკანონმდებლო საქმიანობას, სანიკიძეს ვიცე-სპიკერის რანგში ძილისთვის გაცილებით მეტი დრო ექნება, ვიდრე მას კომიტეტის ხელმძღვანელის ფარგლებში ჰქონდა. თუკი დიასპორის საკითხთა კომიტეტი წინა მოწვევის პარლამენტში, ნუგზარ წიკლაურის ხელმძღვანელობის პერიოდში საკმაოდ აქტიური იყო, გუბაზ სანიკიძის პირობებში, კომიტეტმა თითზე ჩამოსათვლელი სხდომები ჩაატარა, რომ არაფერი აღარ ვთქვათ, გუბაზ სანიკიძის პოლიტიკურ ჩრდილში ყოფნაზე. ორი წლის განმავლობაში, სანიკიძე პარლამენტის ტრიბუნასთან სულ რამდენჯერმე არის გამოსული, მედიას კი, ის თავს იმ მიზეზით არიდებდა, რომ „ცუდად იყო“.