სახელმწიფომ შრომის ინსპექციას ჯერჯერობით გვერდი აუარა

სახელმწიფომ შრომის ინსპექციას ჯერჯერობით გვერდი აუარა

ქვეყანაში შრომის ინსპექციის შესაქმნელად მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. ამისთვის მთავრობამ „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა” დაამტკიცა, რომელსაც პროფკავშირების წარმომადგენლები და სპეციალისტები ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, მთავრობა შრომის ინსპექციის ჩანაცვლებას აღნიშნული პროგრამით ცდილობს.

სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომელშიც შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების და გარდა, კიდევ რამდნიმე უწყების წარმომადგნლებს აერთიანებს, მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფში შევლენ სოციალური პარტნიორები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან, დამსაქმებელთა ასოციაცია, გაერთიანებული პროფკავშირები, ეკონომიკის სამინისტრო და შრომის, მედიცინისა და ჰიგიენის ინსტიტუტი.

სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება მოამზადოს შრომის ინსპექციისთვის კადრები, მოახდენოს მათი გადამზადება. ასევე მოხდება საკანონმდებლო ინიციატივებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა.

„ეს არის მოსამზადებელი, გარდამავალი ეტაპი იმ დიდი ინსტიტუტისათვის, რომელსაც შრომის ინსპექცია ჰქვია. ასეთი უწყება ქვეყანაში 2006 წლიდან აღარ არსებობს, შესაბამისად, აღარ გაგვაჩნია არც კადრები, არც საკანონდმებლო ბაზა და საერთოდაც არაფერი“, - აცხადებს ჯგერენაია.

შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ლინა ღვინიანიძეც. მისი თქმით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული საპილოტე პროგრამა არ შეიძლება შრომის ინსპექციის შექმნის ვალდებულების შესრულებად ჩაითვალოს:

„სახელმწიფო იაზრებს იმას, რომ შრომის ინსპექტირების მხრივ ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემაა და არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ მუშაობის ერთწლიანი პროცესი დასრულდებოდა ინიციატივით, რომელიც ყველაზე დაბალი სტანდარტია, რომელიც კი შეიძლებოდა სახელმწიფოს შემოეთავაზებინა“, - აცხადებს ღვინიანიძე.

მისი აზრით, ეს პროგრამა დამსაქმებლის ინტერესზე უფროა მორგებული, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არანაირი სადამსჯელო მექანიზმი არ არსებობს:

„ეფექტურია ის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია - არა თხოვნის, არამედ მისი სურვილის შემთხვევაში - შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებაში და დაიწყოს არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხების მონიტორინგი, არამედ შრომის პირობებისაც. ეს მოდელი ეხება მხოლოდ უსაფრთხოებას და ჯანსაღ სამუშო გარემოს და საერთოდ არ უყურებს, ვთქვათ, ზეგანაკვეთურ შრომას და სხვა ტიპის დარღვევებს“, - აღნიშნავს ღვინიანიძე.

საქართველოს მთავრობის მიერ შრომის პირობების მონიტორინგს სკეპტიკურად უყურებს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიაც. მისი თქმით, მთავრობის მიერ დამტკიცებული „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა” არ შეესაბამება არც საერთაშორისო სტანდარტებს და არც საზოგადოების მოთხოვნებს.

ალექსანდრია აცხადებს, რომ მთავრობა შრომის ინსპექციის ჩანაცვლებას აღნიშნული პროგრამით ცდილობს. ახალი სტრუქტურა უნდა ჰგავდეს შრომის ინსპექციას და უნდა ამომწმებდეს არა ნებაყოფლობით საფუძველზე, არამედ მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლის და რომელ კომპანიასაც ჩათვლის. სამინისტროს შექმნილი სპეციალური ჯგუფი კი ამას ვერ მოახერხებს.