„ძალიან არ მინდა, ამ ყველაფერმა მორალური ტერორის სახე მიიღოს“

„ძალიან არ მინდა, ამ ყველაფერმა მორალური ტერორის სახე მიიღოს“

დღევანდელი ხელისუფლება ახალი ამბების შექმნის ოსტატი ნამდვილად არ არის, ამიტომ ხელისუფლებიდან წასული ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები, რეპლიკები მითუმეტეს, ვრცელი ინტერვიუები ყოველთვის ყურადღების პიკშია. განსაკუთრებით კი იმ მიზეზის გამო, რომ ის კვლავ ძალაუფლების სათავეში მყოფ ფიგურად აღიქმება. შესაბამისად, ივანიშვილის ორი დღის წინანდელი ინტერვიუ კვლავ განხილვის საგანია. ის მრავალ საინტერესო თემას შეეხო, თუმცა ამჯერად აქცენტს მხოლოდ ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გავამახვილებთ - ეს არის ივანიშვილის განსაკუთრებული დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორისა და საექსპერტო საზოგადოების მიმართ. მას ბოლო ინტერვიუში განსაკუთრებული კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღარ გაუტარებია საზოგადოების ეს ნაწილი, თუმცა არ ისე შორეულ წარსულს თუ გადავხედავთ, მისი პოზიცია ცნობილია.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ექსპერტს დაირქმევენ, არასამთავრობოს თუ პოლიტიკოსს, მოხდება მათი პოზიციების გადამოწმება, ხომ არ ცრუობენ, რამდენად ობიექტურები არიან და ა.შ. თუ გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ცრუობს და „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციაშია ჩართული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, შეუძლია, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდეს, მიიღოს პარტიის აგიტაციაში მონაწილეობა, მაგრამ ეს საჯაროდ თქვას. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რუსთავი 2“-ის სიცრუის ფერხულშია ჩაბმული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. შემდეგ უკვე მათი ნებაა - უნდათ გასცემენ პასუხს, უნდათ - არა. მე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვარი დავასახელე და მათი ორგანიზაციების დამფინანსებლებთან ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - იქნება ეს „სიდა“ თუ ამერიკის მთავრობა. თუმცა, როდესაც ჩნდება კითხვა, რომ კონკრეტული არასამთავრობოს ხელმძღვანელის პოზიცია არ ემთხვევა მისი დამფინანსებლის პოზიციას და ის ჩართულია „ნაციონალური მოძრაობის“ ფერხულში, კეთილი ინებონ და გასცენ პასუხი, ან არ გასცენ და მოისმინონ მაინც ეს კრიტიკა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

სწორედ ამ დამოკიდებულების გამო ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია, „დემოკრატიის ჟანგბადი“ რომელიც ექსპერტებს CV-ის წარდგენას სთხოვს, ივანიშვილის სახელს დაუკავშირდა და ამაზეც ერთი ამბავი ატყდა.

ივანიშვილი აღშფოთებულია: „ამ ექსპერტებს არ რცხვენიათ მაინც, რომ ამბობენ, თითქოს, ივანიშვილმა თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად რაღაც ორგანიზაცია შექმნა“?! - აცხადებს ყოფილი პრემიერი.

ვინ რას შეისწავლის და რა ზომებს მიიღებს, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, თუმცა მანამდე ყველასათვის საინტერესოა რის მიღწევას ცდილობს ივანიშვილი საკუთარი დამოკიდებულების დემონსტრირებით.

ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ კრიტიკა ადრინდელივით მკაცრი არ იყო, მაგრამ კვლავ ფიქრობს, რომ საზოგადოების ალტერნატიული აზრისგან გათავისუფლების ახლებური მცდელობაა, - გაცილებით დახვეწილი, ვიდრე ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობით აკეთებდა.

„თუმცა შეიძლება ითქვას, შედეგი ერთია. თუ არჩევნებამდე მისაღები იყო არასამთავრობოების პოზიცია, რომლებიც ოპოზიციაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ კბილებით იცავდნენ, გამოდის, რომ ამ გუნდისთვის მხოლოდ ხოტბის პოზაა მისაღები, ხოლო გულშმატკივრის პოზიციიდან გამოთქმული კრიტიკაც კი განსჯის და საზოგადოებრივი სივრციდან განდევნის ობიექტი ხდება“, - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, მის მოტივაციებზე რომ არ ვისაუბროთ, სრული თავისუფლება აქვს, რომ ასე კრიტიკულად უყურებდეს თავის კოლეგებს, კონკურენტებს, იმიტომ, რომ ის თავის თავს მოაიაზრებს სამოქლაქო საზოგადოებაში, - „ერთი მხრივ, ამას ამბობს და მეორე მხრივ, ამ სივრცის მოთამაშეებს აკრიტიკებს საკმაოდ მკაცრად“, - აცხადებს ხუხაშვილი.

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ საქართველოში არც არასამთავრობო ორგანიზაციები და არ ექსპერტები არ შეიძლება იყვნენ უნაკლო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი კრიტიკის ობიექტი უნდა გახდნენ.

„მათი კრიტიკა ისეთი ადამიანების მხრიდან, რომლებიც ძალაუფლებას ფლობენ, აუცილებლად იქნება და არის კიდეც სიგნალი, როგორც მათ წინააღმდეგ აღქმული კამპანია. გარდა ამისა, ეს ხელს უშლის სულისკვეთების დამკვიდრებას, რომ სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს ქვეყანაში საკუთარი პოზიციების გამყარებას“, - მიიჩნევს გოგოლაშვილი.

გია ხუხაშვილი: „ეს მისი არჩევანია, შეიძლება იყოს ერთგვარი ტაქტიკა, თუმცა არ მესმის, როგორ შეიძლება ამ მიზნის რეალიზაცია, სამოქალაქო სექტორში საჯარო პირის ძირითადი ფუნქცია გახლავთ ხელისუფლებასთან ოპონირება, მისი კრიტიკა და გარკვეულწილად, მისი დაბალანსება და არა ერთმანეთთან კინკლაობა. მაგრამ, ეს მისი არჩევანი და მისი გადასაწყვეტია. მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამას, ყველა თვითონ აკეთებს არჩევანს, თუ როგორ აპირებს ამა თუ იმ სივრცეში პოზიციონირებას. შესაბამისად, გადამეტებულად მიმაჩნია ის ისტერიული კომენტარები, რაც ისმის სამოქალაქო სექტორიდან, რომლებიც ამას აღიქვამენ რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად“.

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის მოსაზრებით, შესაძლოა, ივანიშვილს რაღაც მიზნები აქვს, მაგრამ საეჭვოა, რამე კონკრეტულ შედეგს მიაღწიოს.

„საქართველოში დემოკრატია თუ ვითარდება, ვითარდება ძირითადად არასამთავრობოების ხარჯზე, ამიტომაც ამას გაფრთხილება სჭირდება. რაც შეეხება ექსპერტების კრიტიკას, მე ეს მაინც და მაინც არ მადარდებს, რადგან ეს ერთგვარად პირობითი ცნებაა. ზოგჯერ ყველა აჭარბებს-ხოლმე, მათ შორის ექსპერტებიც, მაგრამ არ მგონია ამით ექსპერტებს ქვეყნისთვის რაიმე ზიანი მოჰქონდეთ. ზიანი მოაქვს მთავრობის მიერ მიღებულ სულელურ გადაწყვეტილებებს, მაგალითად უცხოელებისთვის ვიზების გამკაცრებას და მსგავს ქმედებებს“,- აცხადებს შარაშენიძე.

როგორც უკვე ვთქვით, სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომლის ჩამოთვლასაც ახლა არ შევუდგებით, საზოგადოებაში აღიქმება ივანიშვილი ფაქტობრივ მმართველად, რომელიც იგივეს ცდილობს, რაც თავის დროზე სააკაშვილმა გააკეთა - საზოგადოების იმ ნაწილის „ჩარეცხვა“, რომელიც მას რბილად რომ ვთქვათ, არ აკმაყოფილებს. ეს ასეა თუ არა, კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ არის, რადგან ამ ეტაპზე ყველაფერი მხოლოდ მწვავე თუ ნაკლებად მწვავე განცხადებებით შემოიფარგლება.

კახა გოგოლაშვილი: „თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ან ექსპერტმა გამოთქვა აზრი, რომელსაც არ ეთანხმება, ივანიშვილი ან სხვა და მის ამ კონკრეტულ აზრს გააკრიტიკებს, ეს გასაგები იქნება. მაგრამ ვისურვებდი, რომ ნებისმიერი ძალაუფლების მქონე პირისგან, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერებისგან არ ისმოდეს ასეთი ზოგადი თავდასხმები არასამთავრობო სექტორზე, რადგან ეს დემოკრატიული კლიმატის გაუარესებას იწვევს ქვეყანაში.

დაანონსება იმისა, რომ ჩვენ გამოვიძიებთ ვინ რას აკეთებს, აბსოლუტურად არასწორია. ჩემი აზრით, ივანიშვილი რაღაც ძალაუფლებას ქვეყანაში ფლობს და ის არ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელი. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ის ფლობს გავლენას ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მთავრობაზე. ამიტომ მისი ზოგადი თავდასხმები არასამთავრობო სექტორის მიმართ, დაუკონკრეტებელი პრეტენზიები, აზარალებს დემოკრატიულ განვითარებას“.

თუმცა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს რომ ივანიშვილი ძალაუფლების მფლობელი აღარ არის. როგორც ჩანს, შესაბამისად არც თმენის ვალდებულებას მოეთხოვება, როგორც ჩინოვნიკს და რაც არ მოსწონს, ყველაფერზე ღიად ლაპარაკობს.

„დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, სამოქალაქო საზოგადოებას ამაში ეჭვი ეპარება, მას მოიაზრებენ როგორც ფაქტობრივ მმართველს და ამიტომ, ამ ყველაფერს მტკივნეულად აღიქვამენ“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

არის თუ არა ივანიშვილის მიზანი საზოგადოების იმ ნაწილის განეიტრალება, რომელიც ცნობად და გავლენიან სახეებად აღიქმება საზოგადოებაში, ძნელი სათქმელია. ეს თავისთავად მოხდებოდა, ივანიშვილს ახალი, წონიანი არასამთავრობო სექტორი და დაპირებული ახალი ექსპერტები რეალურად, საქმიანი რაკურსით რომ გამოეყვანა არენაზე. ასეთ შემთხვევაში ისინი თავად მოახერხებდნენ ძველი, ცნობადი და საზოგადოებისათვის არასასურველი სახეების ჩანაცვლებას. ზოგადად კი, ეს ბუნებრივი პროცესია - მიხეილ სააკაშვილის მსგავსი მცდელობაც ვერ ვიტყვით, რომ წარმატებული იყო - საზოგადოებამ მიიღო მხოლოდ ის, ვინც მას სურდა.

ხათუნა ლაგაზიძე: „მართლა არ მესმის ამ კრიტიკის არსი, რადგან იმ ყველაფერზე, რა დასკვნამდეც თავადვე მიდის ივანიშვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ თვეებით ადრე ვსაუბრობდით. თუნდაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მის გარემოცვაში არსებულ პრობლემებზე; იმაზე, რომ ნარმანია პასიური იყო; ის, რომ ნეპოტიზმის პრობლემა არსებობს; ადგილობრივ ხელისუფლებაში რომ ბევრი მიუღებელი სახეა; სავიზო რეჟიმმა მნიშვნელოვნად რომ დაარტყა ტურიზმსა და უძრავი ქონების ბაზარს, - ამ ყველაფერზე ჩვენ ხომ გაცილებით ადრე ვაკეთებდით აქცენტს? როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, სწორედ მაშინ შევირაცხეთ მიუღებელ ექსპერტებად, რომელთა სამართლიანობა და ობიექტურობა შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

თუკი ამ ყველაფერს, ანუ გამოდის, რომ ჩვენს სიმართლეს, რამდენიმე თვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი თავადვე აღიარებს, „მისაჭირხვნი“ ექსპერტები გამოვდივართ თუ ადამიანები, რომლებმაც გაცილებით ადრე დაინახეს ხელისუფლების წიაღში არსებული პრობლემები და გაცილებით ადრე ალაპარაკდნენ ამაზე? ვფიქრობ, ჩვენი მოსაზრებები გაცილებით დასაფასებელი ყოფილა, ვიდრე საკვლევ-გამოსაძიებელი.

თანაც ივანიშვილი აღიარებს, რომ საზოგადოება კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ და აპირებს აქტიური მონიტორინგის განხორციელებას. ჩვენც ხომ სწორედ ამას ვაკეთებთ და მართლა არ მესმის, რატომ ვართ მიუღებლები?! თვითონაც ამ ფუნქციის შესრულებას აპირებს, როგორც ამბობს და ჩვენ რატომ გვიზღუდავს ამ უფლებას“?!.

თორნიკე შარაშენიძე: „რა შედეგი გამოიღო სააკაშვილის ჩარეცხვის მცდელობამ, ეს კარგად ვნახეთ, ასეთი მცდელობები არასდროს არ არის კარგი და შედეგი არასოდეს არ მოაქვს. ესეც მსგავსი მცდელობაა თუ არა, მიჭირს რამის თქმა, რადგან ივანიშვილი და სააკაშვილი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები არიან. ივანიშვილი რაღაც პროცესებს კულისებიდან მართავს, რაც არ არის კარგი, უკეთესი იქნება თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ასე უკეთ აღიქვამს ბევრ რაღაცას, რაც ქვეყანაში ხდება. ძალიან ცუდია, რომ ხანდახან ვერ აღიქვამს რა ხდება ქვეყანაში და ძალიან გაუაზრებელ განცხადებებს აკეთებს“.

თუ ეს ჩარეცხვის მცდელობა არ არის, მაშინ საინტერესოა, რას ემსახურება მსგავსი განცხადებები, იმას რომ ჭკუას მოუხმონ არასამთავრობოებმა და ექსპერტებმა და ყველაფერი არ ილაპარაკონ? შესაძლოა, გასულ საუკუნეში ეს საბჭოთა ქვეყნების სტრატეგია იყო, მაგრამ დღეს უკვე ღიმილისმომგვრელია. ხუხაშვილის შეფასებით, შიშს დიდი თვალები აქვს და თუ ადამიანები ასე რეგირებენ, ეს უფრო მათი პრობლემაა, ვიდრე ივანიშვილის.

„ბიძინა ივანიშვილს თეორიულად თუ აქვს ასეთი ამოცანა, რომ წყობიდან გამოიყვანოს, მაშინ გამოდის, რომ ეს ამოცანა შეასრულებულია, რადგან ეს ადამიანები თავისი საქციელით ამაში ხელს უწყობენ. მთავარია, რომ აქ არ იყოს ჩართული ადმინისტრაციული რესურსები. თუ ასე მოხდა, ეს მართლაც იქნება სალაპარაკო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ლაპარაკობს იმას, რაც სურს და რატომ გახდა პრობლემა მაინც და მაინც ივანიშვილი?! თვითონ ხომ აკრიტიკებენ ივანიშვილს და ხომ ამბობენ, რომ ის კულისებიდან მართავს ქვეყანას“? - აცხადებს ხუხაშვილი.

თორნიკე შარაშენიძეს არ აქვს წარმოდგენა, რა შედეგს ელოდება ივანიშვილი, რაც შეეხება საზოგადოებას, შარაშენიძის განმარტებით, საზოგადოებას შეიძლება თუ არა რაიმე საფრთხე შეექმნას ასეთი განცხაებებით, ეს თავად საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

„საზოგადოებამ თავისი არჩევანი თავად გააკეთა და 2012 წელს გადაირჩია მთავრობა, რომელიც აღარ უნდოდა, თუ ეს მთავრობაც არ მოეწონება და მისგან საფრთხეს იგრძნობს, მასაც გადაირჩევს - სხვა გამოსავალი არ არსებობს“, - მიიჩნევს შარაშენიძე.

კახა გოგოლაშვილის შეფასებით, შედეგი იქნება მხოლოდ უარყოფითი, „მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას უარყოფითად განაწყობს და ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლებას, რადგან ითვლება, რომ ხშირ შემთხვევაში ივანიშვილის მიერ გამოთქმული პოზიცია ხელისუფლების პოზიციაა“,- აცხადებს გოგოლაშვილი.

ხათუნა ლაგაზიძე: „მაღაზიაში სეილის დროს საჩუქრად მოყოლილი მაისურივით ხელისუფლებაში მოსულ და ჩვენთვის ძალად ნაჩუქარ ადამიანებს თუ ვაკრიტიკებთ და მათ სწორ შეფასებას ვცდილობთ, პირიქით, საზოგადოება ჩვენი მადლობელი უნდა იყოს. თავად ივანიშვილის პოზიციაც საკმაოდ წინააღმდეგობრივია - ერთი მხრივ, ნამდვილად საინტერესო იდეებს გვთავაზობს, როგორიცაა მაგალითად: საიტის შექმნა, სადაც ყველას შეეძლება ღიად დააფიქსიროს ნეპოტიზმის ყველა შემთხვევა, რაც უპრეცედენტო ინიციატივაა ნამდვილად, იგივე, მისი მოსაზრება, რომ ადგილებზე, არჩეულ გამგებლებს და მერებს მეტი უფლებები უნდა გადაეცეთ და ა.შ. მეორე მხრივ, ალტერნატიული შეხედულებები და კრიტიკა აღიზიანებს მის მიერ მოყვანილი ხელისუფლების მისამართით.

ვფიქრობ, მისი მხრიდან აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანებთან კონფრონტაციაში შესვლას, დიალოგის და თანამშრომლობის რეჟიმი სჯობს, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში რა ფორმას მიიღებს, არ ვიცი. ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ თებერვლის ბოლოს თუ მარტის დასაწყისში, მერე უკვე კონკრეტულად შეიძლება მსჯელობა, ამ განცხადებებს რა მიზანი აქვს. ძალიან არ მინდა ამ ყველაფერმა მორალური ტერორის სახე მიიღოს“.