„სად აღმოაჩინა ბატონმა ზუმბაძემ ეს მასალები, ვარდიკო ნადიბაიძის სეიფში?“

„სად აღმოაჩინა ბატონმა ზუმბაძემ ეს მასალები, ვარდიკო ნადიბაიძის სეიფში?“

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვალერი ზუმბაძე მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას თავდაცვის სამინისტროს ტენდერებთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებს უკავშირებს. ის აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროში მისვლის შემდეგ „წარსულის შესწავლით“ დაინტერესდა, რაც, ალბათ, გარკვეულ ჯგუფს არ მოეწონა. ზუმბაძე ამტკიცებს, რომ ამოიწია ძალიან ბევრ ტენდერთან დაკავშირებული საკითხი. ეს მასალები დღეს თუ ხვალ დღის სინათლეს იხილავს და საზოგადოება ძალიან მალე შეიტყობს, რა ხდებოდა ზოგადად თავდაცვის სამინისტროში.

ყოფილ მაღალჩინოსანს მასალების მთავარი პროკურატურისთვის გადაცემას ურCევს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი, რომლის განცხადებით, ეს არის ერთიანი სცენარი, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაწერილი. რას უმზადებენ „თავისუფალ დემოკრატებს“ და რა რჩევას აძლევს ვალერი ზუმბაძეს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა.

გია ცაგარეიშვილი: ბატონ ზუმბაძეs კონკრეტული სამხილები რომ ჰქონოდა, ამაზე ისაუბრებდა. კონტრდაზვერვაში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, იურისტია და უნდა იცოდეს, იურისტის საუბრები შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული. სხვანაირად ეს ყველაფერი ჭორაობას ემსაგავსება. ამდენი ჭორიკანა ტრიალებს ჩვენს გარშემო, ვინ რას იტყვის, ვინ როგორ ჩამოაყალიბებს თავის ცრუ შეხედულელებს, ამაზე მუდმივად კომენტარის კეთებაც, მომაბეზრებელი გახდა.

ვფიქრობ, ეს შემთხევა განსაკუთრებულია ჩვენთვის. ადამიანი საუბრობს, რომ აბდალაძემ და მაისაიამ ამხილეს თითქოსდა საქმეების „შეკერვაში“, რაც მისი აზრით, სხვადასხვა პოლიტიკოსების დაგეგმილია. ეს არის აბსურდული განცხადება. ვერავინ ვერ დააბრალებს აბდალაძეს და მაისაიას რომ ისინი „თავისუფალი დემოკრატების“ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები არიან. ამ ადამიანებს პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონიათ.

სიმართლე გითხრათ, ჩვენ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ზუმბაძის გვარი გავიგეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის შეახებ საკმაოდ დამაჯერებლად ისაუბრა აბდალაძემ და მაისაიამ. ამის შემდეგ გავიგეთ, რომ ასეთი ჩინოსანი არსებობს თურმე თავდაცვის სამინისტროში, რომელიც თავის დროზე, რითი იყო დაკავებული კონტრდაზვერვის დეპარტამენტში კაცმა არ იცის და ასეთი ადამიანი ბატონმა ჯანელიძემ დააწინაურა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე.

ზუბმაძის მტკიცებით, როდესაც გადავ თავდაცვის სამინისტროში, დაინტერესდ მანამდე არსებული პროცესების, იქ მომუშავე ადამიანების მოქმედებების და წარსულის შესწავლით. ამოიწია ძალიან ბევრ ტენდერთან დაკავშირებული საკითხი, რაც მისი თქმით, გარკვეულ ჯგუფს არ მოეწონა და სიტუაციის განეიტრალებისთვის ამოსწიეს მისი წარსული საქმიანობა. რა პასუხი გაქვთ ამაზე?

- თუ ბატონ ზუმბაძეს აქვს რაიმე სამხილი მიმართოს მთავარ პროკურატურას. მე რამდენადაც ვიცი, თავდაცვის სამინისტროში შესულია აუდიტის სამსახური და მთავარი პროკურატურა. არ დატოვეს არც ერთი ფურცელი, რომელიც ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდს მოიცავს. მთელი დოკუმენტაცია არის გატანილი. რას ქექავენ, რას ამოწმებენ, რას კერავენ ეს ადამიანები, ნამდვილად არ ვიცი. ჯერ იყო ბორშით მოწამვლის თემა, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა. თუმცა, ამას მუდმივად ატრიალებენ ხოლმე „ქართული ოცნების“ დე ფაქტო და დე იურე ლიდრები.

იგივე, კაბელების საქმე, რომლის გამოც ადამიანები 5 თვეა წინასწარი დაკავების საკნებში იმყოფებიან და მათ საფუძვლიანად ბრალიც არ აქვთ ჯერ წარდგენილი. თვით ირაკლი ალასანია არ არის ამ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხული, ჰაერშია მთელი საქმე გამოკიდებული. არ ვიცი რას ხლაფორთობს საქართველოს ხელისუფლება ზუმბაძის ხელით, რა უნდათ გააკეთონ, რომელი ახალი საქმე უნდათ შეკერონ. ეს ძალიან მაგონებს იმ ავადსახსენებელ 9 წლიან პერიოდს.

გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილის ინფორმაციით, დარღვევები როგორც ირაკლი ალასანის, ისე მისი წინამორბედის ბაჩო ახალაიას მინისტრბის პერიოდს ეხება. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ახალაიას მმართველობასთან ხდება ალასანიას დაკავშირება. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ალასანიას ახალაიასთან დაკავშირება?

- ერთგვარი სტიგმაა ჩამოყალიბებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ, როგორმე მოახდინონ ჩვენი მარგინალიზაცია, მიგვაწერონ „ნაცინონალურ მოძრაობას“. ამისგან არაფერი არ გამოვა, სულ ტყუილად წვალობენ. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, რომელიც ყველასგან განსხვავებულია. ეს ძალიან კარგად იციან მმართველ კოალიციაში და თუ ვინმეს აქვს წვლილი შეტანილი სააკაშვილის დემონტაჟის საქმეში, ნაციონალების დამარცხებაში, მათ შორის ვართ ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მოვიდა ამის დრო, ბევრად მეტი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ვინმეს კოალიციაში და ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე.

ის ადამიანები, რომლებიც მე თვალით არ მინახავს არც 2007, 2008, 2009-2011 წლებში, ახლა მე მეუბნებიან, რომ შეკრული ვარ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაღაცასაც ხომ აქვს საზღვარი ამ ქვეყანაში? კიდევ ერთი ფრაგმენტი ამ ბრალდებიდან არის ის, რომ ჩვენ ვმფარველობთ ყოფილ ნაციონალებს და გვაქვს მათთან რაღაცა უხილავი კონტაქტები. თავი დავანებოთ უხილავ კონტაქტებს, ხილულ კონტაქტებზე ვისაუბროთ. ჩვენ მოგვკვეთეს უმრავლესობიდან და უმრავლესობაში შეიყვანეს „ნაციონალური მოძრაობის“ 12 წევრი. ჩვენი ჩანაცვლება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრებით და ამაზე სინდისის ქეჯნა ვერ შევატყვე ჩვენს ყოფილ კოლეგებს უმრავლესობიდან. აკაკი ჩხენკელი, ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ბადაშვილი, ირაკლი შოთაძე და ა.შ. ხომ ვერ მეყტვიან პატივცემული უმარვლესობის წვერი, ვინ არიან ეს ადამაინები, სად მუშაობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს? გაარკვიეთ რითი იყვნენ დაკავებულები. რომელ მფარველობაზეა საუბარი, ვის მფარველობდა ალასანია, ვის გადაუსვა თავზე ხელი?

ზუმბაძე აცხადებს, რომ ამოიწია ძალიან ბევრ ტენდერთან დაკავშირებული საკითხი. ეს მასალები დღეს თუ ხვალ დღის სინათლეს იხილავს და საზოგადოება ძალიან მალე შეიტყობს, რა ხდებოდა ზოგადად, თავდაცვის სამინისტროში. უწყებაში არსებულ დარღვევეზე საუბროდა პრემიერ-მინისტრიც, ბატონო გიორგი ხომ არ ფიქრობთ, რომ სიტუაცია მზადდება იმისათვის, რომ მოხდეს თქვენი პარტიის ლიდერის დაკავება?

- ყოველგავრი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ირაკლია ალასანიას დაკავება უმძიმესი დარტყმა იქნება ხელისუფლებისთვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ჭკვიანები უფრო ბევრნი არიან საქართველოს ხელისუფლებაში, ვიდრე ბრიყვები. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ბრიყვობის კრიტიკული ზღვარი გადალახული არ არის საქართველოს მთავრობაში. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ არაფრისგან დაზღვეული არ ვართ.

რა ვერ გავიგე იცით, ჩვენ მოვისმინეთ კონტროლის პალატის და მთავარი პროკურატურის განცხადებები, რომ ძალიან ბევრი საქმე იყო წაღებული. ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ უამრავი მასალა არის გატანილი. სად აღმოაჩინა ბატონმა ზუმბაძემ ეს მასალები, ვარდიკო ნადიბაიძის სეიფში? სად იპოვეს ეს მასალები, სადმე მიწაში იყო ჩაფლული? ეს ყველაფრი ხომ თეთრი ძაფით არის ნაკერი. ბურთიც, მოედენიც და მსაჯიც მათია, ვახოთ აბა რა იქნება.

ადამიანები უდანაშაულოდ ზიან ციხეში, პატიმრობის ვადაც ნელ-ნელა იწურება. საკმაოდ საინტერესო მოვლენების წინაშე დავდგებით ჩვენ ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც სასამართლო პროცესები დაიწყება. ვერ გაექცევიან ამ პროცესებს. უამრავი რამ ამოტივტივდება, რომელიც დაკავშირებულია „დელტა კომთან“ და მის ხელმძღავანელობასთან. ეს არის ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ ვანო მერაბიშვილის ნდობით იყო აღჭურვილი, ახლა კი „დელტა კომის“ ხელმძღვანელია, იმ კომპანიისა, რომელიც ახლა შსს-თან თანამშრომლობს და ვინ საუბრობს კიდევ ჩვენს კავშირებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“?

თქვენ თვლით, რომ ეს არის ერთი გეგმის ნაწილი, რომელშიც ასევე ჩართულია პროკურატურა?

- ბატონ ზუმბაძეს თუ რაიმე სამხილი გააჩნია, გადასცეს ეს სამხილები პროკურატურას და დაიწყება გამოძიება. როგორც ჩანს, ეს არის ერთიანი სცენარი, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაწერილი, ამ სცენარს ჰყავს თავისი შემსრულებელი მსხიობები, ერთ-ერთი ეპიზოდური როლის შემსრულებელია ბატონი ზუმბაძე. გარწმუნებთ, რომ ასეთი ზუმბაძეები ბევრი გაჩნდებიან. ათასი რამ შეიძლება გამოიძერწოს და გასაღდეს როგორც რეალობა. შემდეგ დაიბეჭდოს სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ბევრი გამოცემაა, რომელიც ასეთ დაკვეთილ სტატიაზე მუშაობს, ბევრი სააგენტოა, რომელიც ამგვარ დაკევთილ ინფორმაციას უკეთებს ტირაჟირებას.

და ბოლოს, ზუმბაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ის თავდაცვის მინისტრის, კადრია. მისი თქმით, ეს გადაწყვიტა სამხედრო ხელმძღვანელობამ. როგორც ცნობილია, გენერალური ინსპექცია უშუალოდ თავდაცვის მინისტრს ექვემდებარება, თუკი ჯანალიძემ არ დააწინაურა, მაშინ ჩნდება კითხვა, სამხედროები აწინაურებენ თანამდებობაზე ადამიანებს?

- მე არ ვიცი, ვის გულისხმობდა სამხედრო ხელმძღვანელობაში. თუ გენშტაბის უფროსს გულისხმობდა, ეს სხვა საქმეა.

მაგრამ გენშტაბის უფროსი არ ნიშნავს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს...

- დიახ, გენერალური ინსპექცია არ შედის გენშტაბის დაქვემდებარებაში, სამხედრო პოლიციისგან განსხვავებით, სადაც გენშტაბის უფროსის რეზოლუციაა საჭირო, რომ დაინიშნო სამხედრო პოლიციაში. გენერალური ინსპექცია ეს არის თავდაცვის მინისტრის დაქვემდებარებაში, რა თქმა უნდა, ის დანიშნა ბატონმა ჯანელიძემ. მათ აკავშირებთ წარსული ჯერ კიდევ კონტრდაზვერვიდან. ზუმბაძე ბატონი ჯანელიძის კადრია და ნაციონალების დროს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყო კონტრდაზვერვაში.

აქედან გამომდინარე, გავაკეთოთ დასკვნები ვინ, რას და როგორ მფარველობს. თავდაცვის მინისტრი დანიშნა პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრის მოყვანილია ზუმბაძე. იცით, ძალიან ცუდია, რომ სამი წლის თავზე ასეთ ტონალობაში გვიწევს ერთმანეთთან საუბარი და ასეთი ინტერვიუ გამოგვდის. ვისურვედი, რომ ცოტა სხვა თემაზე გვესაუბრა და არა იმაზე, როგორ იდევნებიან „თავისუფალი დემოკრატები“ და რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ იმ ადამიანებისგან, რომელთან ერთადაც წლების მანძილზე ქუჩაში ვიდექით.