უკრაინა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ადეიშვილის ექსტრადიციაზე უარს აცხადებს.
ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ მისი ექსტრადირების მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას 20 დოლარის გახარჯვას ედავებიან პრეზიდენტისთვის ოთხი კოსტიუმისა და საპნის შეძენაზე. სააკაშვილის თქმით, სწორედ ეს არის ბრალდების ძირითადი პუნქტები, მაშინ, როცა მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე „პატიოსანი“ იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, „ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სხვა პოლიტიკური ნიშნით დევნილები არა მარტო უკრაინაში მოღვაწეობენ, არამედ მთელს მსოფლიოში და ივანიშვილის გუნდის უკანონო მოთხოვნა პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით არავინ დააკმაყოფილა“.
საერთაშორისო სამართლის ექსპერტ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, უკრაინის პროკურატურის პასუხი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო, რაც უკრაინაში შექმნილი რთული ვითარებით აიხსნება.
ბოლო პერიოდში ცალკეული პოლიტიკოსები, მათ შორის, ნინო ბურჯანაძეც უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვენ, რადგან ეს ქვეყანა ანგარიშს არ უწევს ქართველ ხალხს. რეალურად, უკრაინის ბოლოდროინდელი არჩევანიდან გამომდინარე, არც არსებობდა მოლოდინი, რომ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადიციას დათანხმდებოდა. ამდენად, რაც არ უნდა კარგად ჩამოყალიბებული ყოფილიყო საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბრალდებები, ეს არაფერს შეცვლიდა.
არის თუ არა უკრაინა, იურიდიული ტერმინით რომ ვთქვათ, დაინტერესებული მხარე, რომელიც ყველანაირად დაიცავს სააკაშვილს?! სადამდე წავა უკრაინის პოლიტიკური სიმპათიები სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ და რას ნიშნავს ექსტრადიციის საერთაშორისო ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა უკრაინის მხრიდან?
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკრანას იმაზე მეტს ნუ მოვთხოვთ, ვიდრე დღეს ამ ქვეყანას შეუძლია. ისინი საკმაოდ დრამატულ ვითარებაში არიან და სააკაშვილისა და მის გუნდის წევრების თავშესაფრის გადაწყვეტილებაც უკრაინაში არ უნდა იყოს მიღებული. ეს გლობალური მოთამაშების სრულიად ახალი ექსპერიმენტია, რათა გარე მენეჯმენტი შეიყვანონ ქვეყანაში.
„კი ბატონო, ექსპერიმენტები ატარონ, მაგრამ ამას ათასობით ადამიანი ეწირება. ამერიკაში სააკაშვილის ყოფნა თავის ტკივილი იქნებოდა ჩვენს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. ამიტომ ორი კურდღელი დაიჭირეს, სააკაშვილი ამერიკიდან გაარიდეს და გარე მენეჯმენტი შეიყვანეს ქვეყანაში. როგორც ჩანს, უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკას დღეს ისინი განსაზღვავენ. ასეთი ცინიკურია დღევანდელი სამყარო. ჩვენს ხელისუფლებას რომ დიპლომატიურ არენაზე (არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ შეერთებულ შტატებსა და ევროპაშიც) უკეთესად ემუშავა, შეიძლება, აქამდე არ მისულიყო საქმე. როცა უკრაინაში ასეთი დრამატული ვითარებაა, ჩვენ შეიძლება გვქონდეს პრეტენზია, მაგრამ მორალური უფლება არ გვაქვს, ახალი ფრონტი გავუხსნათ უკრაინას. მით უმეტეს, სხვები იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, უნდა გამოვხატოთ ჩვენი უკმაყოფილება ექსტრადირებაზე უარის თქმის გამო, მაგრამ ესკალაცია და დრამატიზება, ალბათ, ამ ეტაპზე არ ღირს“,-აცხადებს გია ხუხაშვილი.
იურისტი ლია მუხაშავრია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, მას, როგორც ექსტრადიციის სამართლებრივი საკითხების მცოდნეს, არც ჰქონია მოლოდინი, რომ უკრაინა ადეიშვილ-სააკაშვილის ტანდემს დათმობდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველად ბაჩანა ახალაია დააპატიმრეს, შუაღამეს დაიწყო მისი დაკითხვა და დილის ოთხ საათზე დააკავეს კალანდაძე, მან ამაში პროცესუალური შეცდომა დაინახა, რასაც მომავალში მავანნი პოლიტიკურ დევნად შეაფასებდნენ. მართლაც, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ასეთი შეფასება მისცეს ამ პროცესს, რაც ავტომატურად ნიშნავდა, რომ ყველა ის ქვეყანა, სადაც სავარაუდო დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები იქნებოდნენ, არ გადმოსცემდნენ ამ ადამიანებს.
„ჩვენი პროგნოზი არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ, ან ხელისუფლებამ განზრახ გააკეთა ეს. ბევრს მიაჩნია, რომ ჩვენმა პროკურატურამ კარგად განჭვრიტა „შედეგები“, რადგან ეს ის ხალხია, ვინც ადეიშვილის დროს დაინიშნა პროკურატურაში, მისი დაკვეთის შემსრულებელი იყო, ამიტომ მათ ეს „ამოცანა“ წარმატებით მოამზადეს და დღეს ვიმკით ასეთ შედეგებს“, -აცხადებს ლია მუხაშავრია, თუმცა, ამის მიუხედავად, უკრაინასთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობის გაწყვეტას საქართველოსთვის უარყოფითად აფასებს.
მისი აზრით, სააკაშვილის ახლა მოთხოვნა ყოველგვარ აზრს კარგავს, სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა ჩვენს ხელისუფლებას შეეძლო მანამ, სანამ ის რაღაც თანამდებობას დაიკავებდა უკრაინაში. ამისთვის საკმარისზე მეტი დრო იყო. ამ შემთხვევაში კი, უკრაინის პასუხი სრულიად სწორი, სამართლებრივად გამართული და პოლიტიკურად დასაბუთებულია.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ერთია, რა თქვა ჩვენმა პროკურატურამ და მეორეა, ლეგიტიმური კითხვები. კერძოდ, რის საფუძველზე არ გადმოგვცა უკრაინამ ყოფილი მაღალჩინოსნები? ამ ყველაფერზე პასუხს გაგვცემს ერთადერთი რამ - ოფიციალური მიმოწერა. თუმცა ლევან ალაფიშვილს აინტერესებს, არსებობს კი ასეთი მიმოწერა?
„თუ ასეთი მიმოწერა არსებობს, მაშინ იქვე ეწერება, რატომ არ გადმოგვცემენ სააკაშვილს და ადეიშვილს? საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ პროკურატურა და ჩვენი საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლები უბრალო კომუნიკაციის დროს აღქმულ შთაბეჭდილებას გადმოგვცემენ და ამით ასკვნიან, რომ უკრაინა სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადიციაზე უარს აცხადებს. სად არის უკრაინული მხარის მხრიდან მოწერილი წერილები? ასეთი წერილები რომ იყოს, ხომ საჯარო გახდებოდა? როგორც მინიმუმ, უკრაინის ელჩის დაბარების დროს ამ დოკუმენტზე იქნებოდა მსჯელობა. თუმცა, აქ მეორე საკითხია მნიშვნელოვანი. როცა ჩვენი ხელისუფლება, კომპეტენტური იურიდიული განათლების მქონე პირების კრებული ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება თურმე, უარს ამბობს სააკაშვილ-ადეიშვილის ექსტრადიციაზე, სულ მცირე, კვალიფიკაციის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე, რადგან ყველა იურისტმა იცის, რომ უკრაინის ხელისუფლებას ექსტრადიციის საკითხებს არავინ ეკითხება და ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები არის სასამართლო. გაიხსენეთ, როცა საბერძნეთის და საფრანგეთის სასამართლომ უარი უთხრა ჩვენს ხელისუფლებას კეზერაშვილისა და ახალაიას ექსტრადიციაზე და არა - ხელისუფლებამ. დაფიქრებულა ჩვენი ხელისუფლება ამაზე?“ - აინტერესებს ლევან ალაფიშვილს.
ამასთან, განმარტავს, რომ, წესით, უკრაინამ უნდა გადმოგვცეს ის პირი, ვინც დაკავებული ჰყავს, მაგრამ ითხოვს კი ჩვენი ხელისუფლება ამ ადამიანების დაკავებას?! ხომ არ არის ეს სიტყვების თამაში?! რეალურად, რას ითხოვს ჩვენი ხელისუფლება უკრაინის ინტერპოლის მესვეურებისგან? ამიტომ უმჯობესია, ჯერ მოვითხოვოთ სააკაშვილ-ადეიშვილის დაკავება და დავასაბუთოთ ამ მოთხოვნის სამართლიანობა. ამის შემდგომ დაიწყება მათი გადმოცემის პროცედურები.