საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე უარს აცხადებს. იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ირწმუნებოდა, - პროკურატურა ყველაფერს გააკეთებდა, რათა სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადებულიყო, დღეს მოუწია იმის აღიარება, რომ საქართველოს კანონმდებლობით ბრალდებულ სააკაშვილს საქართველოში ექსტრადირება არ ემუქრება.
უკრაინასა და საქართველოს შორის ძებნილ პირთა ექსტრადიცია ხორციელდება „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოსა და უკრაინას შორის 1995 წელს დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით. ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, განიხილონ და გადასცენ ერთმანეთს ძებნილი პირები.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს საქართველოში წაყენებული აქვთ ბრალდებები და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ამასთან, ადეიშვილი იძებნება წითელი ცირკულარით, და ასევე, ვინაიდან მოპოვებული ინფორმაციით ხსენებული პირები იმყოფებიან უკრაინაში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა ხსენებულ პირთა დადგენა-დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით.
„მიუხედავად ქვეყნებს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული ზემოთ დასახელებული ვალდებულებებისა, უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და უარს აცხადებს ძებნილი პირების ექსტრადირებაზე“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
გასულ კვირას, ინტერპოლს მიმართა ამერიკელმა სენატორმა, შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ მაკკეინმა. სენატორმა მოუწოდა ინტერპოლის გენერალურ მდივანს, არ გამოაცხადოს საერთაშორისო ძებნა მიხეილ სააკაშვილზე, რადგან საქართველოში ფიქსირდება კანონის უზენაესობის პრინციპის სისტემური დარღვევები.
მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული, პროკურატურამ მხოლოდ ქვეყნის შიგნით გამოცხადა ძებნა და დადგენილენა შსს-ს გადაუგზავანა. შიდა ძებნას სააკაშვილისთვის ხელი არ შეუშლია ემოგზაურა ევროპასა და აშშ-ის გარშემო.
„კვირის პალიტრასთან“ საუბრისას გიორგი ბადაშვილი ირწმუნებოდა, პროკურატურამ მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების თაობაზე. ბადაშილის მსგავსად იუსტიციის მინისტრიც იმედოვნებდა, რომ ინტერპოლი ქართული მხარის მიმართვას დააკმაყოფილებს. თუმცა, ქართული მხარის მოთხოვნა ინტერპოლის ეროვნულმა ბიურომ არ გაიზიარა. სააკაშვილი და ადეიშვილი არ არიან ის გამონაკლისები, რომელთა ექსტრადირებაზე საქართველოს უარი უთხრეს. ქართულ მხარეს საფრანგეთმა არ გადმოსცა დავით კეზერაშვილი, დათა ახალაიას ექსტრადირებაზე უარი თქვა საბერძნეთმა, საქართველოს არ გადმოსცეს გიოგრი დგებუაძე იგივე „მასტერა“, რომელიც ჰოლანდიაში დააკავეს. ეს მაღალჩინოსნები საქართველოში უმძიმეს დანაშაულში არიან ბრალდებული, თუმცა საქართველოს პროკურატურამ მათი ქვეყანაში ექსტრადირება ვერ უზრუნველყო. ერთადერთი, ვისი ექსტრადირება სწორედ უკრაინიდან განხორციელდა, ეს ოლეგ მელნიკოვია, რომელიც დათა ახალაიასთან ერთად ბრალდებულია ოქროყანის სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში.
იურისტი დავით ჯანდიერის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას აქვს გადმოცემის ზოგადი ვალდებულება, მაგრამ შეუძლია ასევე უარი თქვას გადმოცემაზე კონვენციაში ხელშეკრულებაში მითითებული რომელიმე საფუძვლით. მისი თქმით, საინტერესოა რა მიზეზით ამბობს უკრაინა უარს და არა ის, რომ უარს ამბობს.
„პროკურატურის მიერ ნახსენებ სამ დოკუმენტს შორის უპირატესობა ენიჭება 1957 წლის ევროპულ კონვენციას ექტრადიციის შესახებ. მუხლი 28 – ურთიერთობა ამ კონვენციასა და ორმხრივ ხელშეკრულებებს შორის: 1. ამ კონვენციას, იმ ქვეყნებში, რომელთა მიმართაც იგი გამოიყენება, ენიჭება უპირატესი ძალა ორმხრივი ხელშეკრულებების, კონვენციების ან შეთანხმებების დებულებებზე, რომლებითაც რეგულირდება ექსტრადიციის საკითხები ნებისმიერ ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის“, - აცხადებს ჯანდიერი.
რაც შეეხება უარს, როგორც ჯანდიერი აცხადებს, ევროპული კონვენცია იცნობს ექსტრადიციაზე უარის თქმის შემდეგ საფუძველს - ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუკი დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, თხოვნის მიმღები მხარის მიერ განიხილება პოლიტიკურ დანაშაულად ან დანაშაულად, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ დანაშაულთან.
„იგივე წესი გამოიყენება, თუ თხოვნის მიმღებ მხარეს გააჩნია საკმარისი საფუძველი ივარაუდოს, რომ ექსტრადაციის მოთხოვნა ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გაკეთებულია პირის დევნისა და დასჯის მიზნით მისი რასის, რელიგიის, ეროვნების ან პოლიტიკური მოსაზრების გამო, ან იმ მიზნით, რომ ამ პირის მდგომარეობას მიადგეს რაიმე ზიანი რომელიმე აღნიშნული მიზეზის გამო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი საფუძველი, რომლის გამოც უკრაინა ამბობს უარს გადმოცემაზე“, - აცხადებს დავით ჯანდიერი.