უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. გვენეტაძეს რესპუბლიკელები მხარს უჭერენ, „ქართული ოცნება“ კი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და საკითხზე კონსულტაციების გამართვისთვის ემზადება.
საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ ნინო გვენეტაძემ პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მიიღოს და მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩავარდეს, მაგრამ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის კანონმდებლები გვენეტაძის მოსმენას გეგმავენ.
სანამ, უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებდა და გვენეტაძის ბიოგრაფიას ეცნობოდა, მანამდე უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ გიორგი მარგველაშვილი შეთანხმების დარღვევაში ამხილა.
კერძოდ, საგანელიძის ცნობით, პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის შეთანხმება არსებობდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორი-სამი კანდიდატურა ყოფილიყო წარდგენილი, რათა კოალიციას არჩევანი საუკეთესო კანდიდატზე გაეკეთებინა. მისი ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეთანხმებისამებრ, კანდიდატი თავდაპირველად შეთანხმებული კოალიციასთან უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით კი, ის, მარგველაშვილს უნდა წარედგინა.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა შეთანხმების ეს ნაწილიც უარყო და მან მხოლოდ ერთი კანდიდატურა დაასახელა. შესაბამისად, საკითხზე კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაცვლად საუბარი გამიჭირდება. უახლოეს მომავალში, კოალიცია ამ საკითხს განიხილავს და ჩამოყალიბდება“, - განაცხადა საგანელიძემ, რომლისგან განსხვავებით ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა ნინო გვენეტაძის მიმართ მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატა და განაცხადა, რომ ამ კანდიდატურის გასასვლელად მისი ძალა კოალიციიის სხვა სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს.
როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, წინასწარი აკვიატებები, რომ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს დაემსგავსება, აბსურდულია. კანონმდებელის თქმით, წინა ხელისუფლება ნინო გვენეტაძეს უსამართლოდ და უწესოდ მოექცა.
„გვენეტაძე კვალიფიციური კადრი, შემტევი ადამიანი და პრინციპული პიროვნებაა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი თავმჯდომარეობის პირობებში, სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან უფრო გათავისუფლებული იქნება, ვიდრე ეს კონსტანტინე კუბლაშვილის პერიოდში იყო. მტრის ხატის შექმნა, რომ არიქა, რევაშინსტი გვენეტაძე მოდის და ის კენჭისყრაზე ჩავაგდოთ, არ გამოვა“, - განაცხადა დეპუტატმა.
ბერძენიშვილის განცახდებით, გვენეტაძესთან დაკავშირებით კოალიციაში კონსულტაციები გაიმართება.
„ჩვენ გვენეტაძის მიმართ კეთილგანწყობილნი ვართ, ხოლო ნაციონალები მის მიმართ როგორ დამოკიდებულებას გამოხატავენ, ეს ერთგვარი ტესტი იქნება - ისინი არიან დეპუტატები და განახლებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, თუ საკმაოდ მძიმე პოლიტიკური წარსულის მძევლები?! ჩემთვის პრეზიდენტის მხრიდან გვენეტაძის დასახელება სრულიად მოულოდნელი იყო და კმაყოფილი ვარ, რომ მან გვენეტაძის კანდიდატურა შეარჩია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა, რომელიც ადასტურებს ინფორმაციას, რომ გვენეტაძე 2012 წლამდე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო.
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელების მსგავსად, ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს „თავისუფალი დემოკრატებიც“ უჭერენ. for.ge-სთან საუბარში დეპუტატი შალვა შავგულიძე აცხადებს, ის გვენეტაძის კანდიდატურას მიესალმება, რადგან ის კვალიფიციური კადრი და პრინციპული ადამიანია. შავგულიძის შეფასებით, გვენეტაძემ სასამართლოს დამოკიდებლობის ფასი ძალიან კარგად იცის.
„ის ყველაფერს გააკეთებს, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა დაიცვას. მისი ყველა ნაბიჯი აბსოლიტურად ობიექტური და კანონიერი იქნება. პრეზიდენტმა კრიტერიუმი განსაზღვრა, რომ კანდიდატი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო არა ამ პოსტზე წარდგენის დროს, არამედ მას შემდეგ, რაც ის თავმჯდომარედ დაინიშნება“, - აცხადებს შავგულიძე, რომლის მსგავსად, მისი თანაგუნდელი გიორგი ცაგარეიშვილი გვენეტაძეს დადებით პიროვნებად ახასიათებს.
როგორც for.ge-ს ცაგარეიშვილმა განუცხადა, გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, რადგან ის წლების მანძილზე საკუთარი სიმართლისთვის პრინციპულად იბრძოდა.
ცაგარეიშვილის ცნობით, გვენეტაძესთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიცია, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ისინი საკითხზე გუნდურად იმსჯელებენ.
„გვენეტაძემ სასამართლო სისტემის რეფორმირების გეგმა უნდა წარმოადგინოს. ის სამართლიანი და მებრძოლი ქალბატონია, მაგრამ ჰაერში გამოკიდებული დარჩა კრიტერიუმი, რომ თურმე კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ უნდა ჰქონდეს“, - დასძენს ცაგარეიშვილი, რომლის მსგავსად გვენეტაძის პროგრამის გულდასმით გაცნობას გეგმავს „ქართული ოცნების“ წევრი თამარ კორძაია.
for.ge-სთან საუბარში კორძაია აცხადებს, რომ გვენეტაძემ 150 დეპუტატს უნდა დაუმტკიცოს, რომ 28 კაციდან ის დასახელების ღირსი იყო. კორძაიას შეფასებით, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა გვეტენაძის შერჩევისას ბევრ გარემოებას მიაქცია ყურადღება, ახლა კი ჯერი გვენეტაძეზეა.
„გვენეტაძეზეა დამოკიდებული პრეზიდენტის არჩევანი რამდენად გამართლებული იქნება. ამ დროისთვის, კონკრეტული პოზიცია არ მაქვს, კენჭისყრის დროს თუ რას ვიზამ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად იქნება გვენეტაძე წარმოდგენილი პარლამენტში და რამდენად საინტერესო მოსაზრებებს გაგვაცნობს“, - აღნიშნავს კორძაია.
კანონმდებელის თქმით, გვენეტაძემ უნდა დაამტკიცოს, რომ ის იქნება თავისუფალი როგორც პოლიტიკური გავლენისგან, ასევე სხვა ტიპის გავლენებისგან.
ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, რომელიც for.ge-სთან საუბარში ყურადღებას პრეზიდენტსა და უმრავლესობის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრებზე ამახვილებს. კანონმდებელის მტკიცებით, მისთვის უცნობია, საგანელიძესა და მარგველაშვილს შორის თუ რა შეთანხმება იქნა მიღწეული, ან მოგვიანებით დარღვეული.
„ჩვენ ამ შეთანხმების თაობაზე არაფერი ვიცით. ეს ჩვენთვის ცნობილი მედიის საშუალებით გახდა. თუკი ეს შეთანხმება დაირღვა, ცუდია, რადგან მხარემ შეთანხმება უნდა დაიცვას. რაც შეეხება გვენეტაძეს, ჩემი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ, რათა ჩემს კოლეგებზე ზეგავლენა არ მოვახდინო. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის ხელშია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხს პარლამენტის თითოეული წევრი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება პროცედურებს, რეგლამენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი, პარლამენტი კენჭისყრაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ჩააგდებს, მაშინ პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოსთვის სხვა კანდიდატურის წარდგენა მოუწევს. თავად გვენეტაძეს კი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნისთვის 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.