„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე მმართველ გუნდს მკაცრად აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის ყველა ის პრინციპია მისაღები, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას მართავდა. დეპუტატის მოსაზრებით, ხელისუფლების ტაქტიკა და სტრატეგიაა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ნაციონალებთან გააიგივონ. კანონმდებელი მისი პარტიის რომელიმე ძალასთან გაერთიანებას გამორიცხავს, რადგან მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანიას გუნდი ძლიერია.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებთან და პარლამენტში პრეზიდენტის სტუმრობასთან დაკავშირებით for.ge ნინო გოგუაძეს ესაუბრა:
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ წაიკითხა და შთაბეჭდილება დარჩა, რომ მას ტექსტი გიგა ბოკერიამ დაუწერა. ყოფილი პრემიერი ალასანიას ბოკერიასთან რატომ აიგივებს?
- ამ ხელისუფლების ტაქტიკა და სტრატეგიაა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ნაციონალებთან გააიგივონ. მთავრობასთან დაახლოებული ექსპერტები და მათ მიერ შექმნილი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჭორებს ავრცელებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ გაერთიანებულები არიან. წლების მანძილზე, ყოფილ ხელისუფლებას სწორედ იმის გამო ვებრძოდით, რომ მათ დასავლური ღირსებულებებისა და დემოკრატიის სახელით სასტიკი ქმედებები ჩაიდინეს. ნაციონალებთან რაიმე ალიანსში შესვლას არ ვაპირებთ და არც ამის მტკიცებას ვგეგმავთ, რადგან საზოგადოება კარგად დაინახავს, ჩვენ ვინ ვიქნებით და მომავალ არჩევნებში როგორ ვიბრძოლებთ. „თავისუფალი დემოკრატები“ ძალიან ძლიერი გუნდია და მას არანაირი ალიანსი არ სჭირდება. მართალი გითხრათ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ძალიან მიკვრის, რომ თითქოს, ალასანიას ტექსტებს ბოკერია უწერს. ვინ, ვინ და ბატონმა ბიძინამ ძალიან კარგად იცის, რომ ირაკლი ალასანიას გუნდს წერის პრობლემა არ აქვს და ვინმეს დაწერილი „შპარგალკები“ არ გვჭირდება.
ყოფილმა პრემიერმა ე.წ. კაბელების საქმეზე ისაუბრა და გისაყვედურათ, ამ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ითხოვთ, მაშინ, როდესაც მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ „შემოგდებულ“ თემებზე აპელირებენ...
- არ მგონია, რომ პარლამენტში რომელიმე თემა შემოგდებული იყოს. რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ამ საკითხის გატანას თავის დროზე მოვითხოვთ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ ეს პოლიტიკური საქმეა და მას სწორედ პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს. საპარლამენტო ფორმატში ამ საკითხის განხილვის აუცილებლობა ჯერჯერობით არ დგას, რადგან ჩვენ ამჟამად, ციხიდან უდანაშაულო ადამიანების გამოშვებას, უდანაშაულების პრეზუმფციის დაცვას, გამჭირვალე გამოძიებას და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფას ვითხოვთ. ამ მოთხოვნების შესრულება აუცილებელია, რომ ქვეყანაში სამართლებრივი დემოკრატია იყოს. პარლამენტში კომისიის შექმნის საკითხს აუცილებლად დავსვამთ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ „ნაციონალური ოცნების“ უმრავლესობის პირობებში ამ კომისიის შექმნა მოხდეს.
ივანიშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ გარდა, რესპუბლიკელებიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი მხარს თქვენ გიჭერენ. ყოფილ პრემიერს თქვენს მსგავსად, რესპუბლიკელებიც ათვალწუნებული ჰყავს?
- რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები“ თანამებრძოლები ვიყავით და ეს ძალა კოალიციაში ერთადერთი პარტია აღმოჩნდა, რომელსაც ჩვენს მიმართ სოლიდარობის გრძნობა გააჩნდა და ჩვენს წესიერებაში დარწმუნებული იყო. რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, სხვა პარტიების მიკვირს, რომელთაც კითხვაც კი არ გასჩენიათ, როგორ შეიძლებოდა, რომ ჩვენთვის ბრალი კორუფციაში დაედოთ. სახელმწიფოში, სადაც ადამიანების პატივისცემა, ნდობა და მეგობრობა დასაძრახია, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა. ეს ღირებულებები ყოველთვის წახალისებული უნდა იყოს და არა დასაძრახი. ამას გარდა, საუბარი იყო, რომ „თავისუფალი დემოკრატები“, რესპუბლიკელები და გიორგი მარგველაშვილი ერთიანდებიან და ასეთი განცხადებების კეთება ძალიან მიკვრის. საზოგადოებას მივმართავ გაიხსენოს, ბატონი ბიძინას პირველი პარტნიორები ვინ იყვნენ. დიახ, ბატონმა ბიძინამ მთავარ პარტნიორებად რესპუბლიკელები და ჩვენ დაგვასახელა. თუკი, ახლა, რესპუბლიკელები, „თავისუფალი დემოკრატები“ და მარგველაშვილი ერთად არ ვდგავართ, მაშინ „ქართული ოცნება“ სად არის? მაინტერესებს, „ქართულმა ოცნებამ“ იმ ღირებულებებს და დაპირებებს ხომ არ გადაუხვია, რითაც ერთად ხელისუფლებაში მოვედით?!
თქვენ როგორ ფიქრობთ, კოალიციამ თავის ღირებულებებს გადაუხვია?
- რა თქმა უნდა, გადაუხვია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ქვეყანაში სამართლებრივი დემოკრატია უნდა იყოს, კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს, ჯარის დეპოლიტიზაცია მოხდეს, ადამიანების პოლიტიკური დისკრედიტაცია შეწყდეს, საზოგადოების გახლეჩვა და ერთმანეთის მიმართ დაპირისპირება არ უნდა მოხდეს, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი პირიქით ხდება. სახეზეა პოლიტიკური დევნა, ძალოვანი უწყებების პოლიტიზაცია და საზოგადოების დაყოფა. ფაქტია, რომ ხელისუფლებისთვის ყველა ის პრინციპია მისაღები, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას მართავდა. „თავისუფალი დემოკრატები“ იმ ღირებულებებისთვის ვიბრძვით, რომლის არარსებობის გამოც ნაციონალები შევცვალეთ.
ყოფილმა პრემიერმა თქვენგან განსხვავებით, მთავრობა არ გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოს ღირსეული პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ჰყავს. ივანიშვილი მთავრობაში პრობლემებს ვერ ხედავს, თუ კრიტიკისგან თავს იკავებს?
- ბატონი ბიძინასთვის ისეთი პრემიერ-მინისტრის არსებობა ძალიან კომფორტულია, როგორიც, სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილია.
რატომ არის კომფორტული?
- არ შეიძლება, ბატონი ბიძინა ამ მთავრობის სრულ უმოქმედობას და იმ მძიმე მდგომარეობას ვერ ხედავდეს, რაც ქვეყანაშია შექმნილი. სახელმწიფოში რთული ვითარებაა შექმნილი როგორც ეკონომიკის კუთხით, ასევე კრიმინოგენური სიტუაციის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის მიუხედავად, ივანიშვილი ამ მთავრობას მაინც ეფარება და ამბობს, რომ ღარიბაშვილმა გენიალური გადაწყვეყტილებები მიიღო. პრემიერის გადაწყვეტილებები გენიალური რამდენად არის, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს.
თქვენ ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს?
- ღარიბაშვილზე ივანიშვილის ძალიან დიდი გავლენა რომ არის, ამას არც თავად მალავს და ამბობს, რომ მთავრობის წევრები და დეპუტატები იმას აკეთებენ, რაც მას მოეწონება. ივანიშვილს ქვეყნის მართვის სამართლებრივი ბერკეტები არ გააჩნია, მაგრამ მისი დიდი ავტორიოტეტი მთავრობის ნებისმიერ წევრზე მოქმედებს და მის გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ივანიშვილს მთავრობაში ისეთი ადამიანები მოსწონს, როგორზეც ადრე თვითონ ისაუბრა. მის სიმპატიას ინერტული ადამიანები იმსახურებენ. დღევანდელი მთავრობა დამოუკიდებელი, გაბედული და თავისუფალი ადამიანებით დაკომპლექტებული არ არის.
ივანიშვილის ავტორიტეტი დიდია, მაგრამ ვინაიდან, ქვეყანაში ეკონომიკური და კრიმინოგენური ვითარება იცვლება, როგორ ფიქრობთ, ხალხი ხმას არ ამოიღებს და თუკი ასე გაგრძელდა, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავთ?
- უკეთესია, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ ვადებში ცხოვრებას მიეჩვიოს. ამიტომ, ვადამდელ არჩევნებს არ ვისურვებდი. ტექნიკურად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა წარმოუდგენლად მეჩვენება, თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ამის სურვილი აქვს, ფაქტია.
„ქართულ ოცნებას“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის სურვილი რატომ აქვს, პარლამენტში თქვენი და ნაციონალების წარმომადგენლობა რომ შეამციროს?
- „ქართულ ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის რა მიზეზი აქვს, არ ვიცი, მაგრამ ქვეყანაში მძიმე ვითარებას ისინიც ხედავენ. ხელისუფლება სახელმწიფოზე კონტროლს კარგავს და მათი რეიტინგი მცირდება. შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, სანამ რაღაც რეიტინგი შერჩენიათ, ვადამდელი არჩევნები ჩაატარონ. აღსანიშნავია, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, უსამართლო საარჩევნო კოდექსის მიღება ვერ მოესწრება. ეს კოდექსი, რომ უსამართლოა, ეს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო პროგრამაში უწერია, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება სწორედ ამ უსამართლო კანონმდებლობით აპირებს, რომ მომავალ პარლამენტში დიდი დელეგაცია შეიყვანოს.
რაც შეეხება პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობას, ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს, უმრავლესობა კი გპასუხობთ, რომ მარგველაშვილი ქვეყნის პირდაპირი მმართველი არ არის, შესაბამისად, მასთან სადებატო არაფერი აქვთ. უმრავლესობა დებატების გამართვას რატომ ეწინააღმდეგება?
- ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო ხდება, რადგან პრეზიდენტს მიერ ნებისმიერი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება დამამცირებელ ეპითეტებს იწვევს. მარგველაშვილი სიმბოლური პრეზიდენტი კი არ არის, არამედ ქვეყნის პირველი პირია. მარგველაშვილი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული ადამიანია, ის სახელმწიფოს მეთაურია და ამას ვერანაირი შეფასება ვერ შეცვლის, უმრავლესობის წარმომადგენლებმა მის მიმართ, რაც არ უნდა უპატივცემულობა გამოიჩინონ. მარგველაშვილის მიმართ ასეთი უპატივცემულობა ცუდია, რადგან ეს ინსტიტუციებს აკნინებს, დემოკრატიული სახელმწიფო კი, ინსტიტუციების მიერ იმართება. მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ ასეთი უპატივცემულობის გამოხატულება, სირცხვილია და ინსტიტუციების გაძლიერებას ხელს უშლის. სამწუხაროა, ხელისუფლებას არ ესმის, რომ სახელმწიფოს ინსტიტუციები მართავს. რაც შეეხება პოლიტიკურ დებატებს, მარგველაშვილი სახელმწიფო მეთაურია და მან ყველა ის შეფასება უნდა მოისმინოს, რომელსაც პოლიტიკური სპექტრი გააკეთებს.