უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა. გვენეტაძე პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარუდგინა. გიორგი მარგველაშვილი იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რის გამოც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა შეარჩია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სხვა დამსახურებებთან ერთად, ამის მიზეზი არის ისიც, რომ ნინო გვენეტაძე სასამართლო ხელისუფლების დაცვის სიმბოლოს წარმოადგენს.
როგორც პრეზიდენტი ამბობს, გადაწყვეტილების მიღებისას დაეფუძნა 4 ძირითად კრიტერიუმს, რომელიც შემუშავებული იყო კონსულტაციების შედეგად, ასევე კანონის მიერ განსაზღვრულ ვალდებულებებს. ქვეყნის პირველი პირი დარწმუნებულია, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება შეუქცევადი ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში.
„ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც პარტიული კუთხითაც კი ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გააჩნია. ადამიანი, რომელიც იყო ოპოზიციური პარტიის წევრი მაშინ, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ იყო ოპოზიციაში, ხოლო 2012 წლის ნოემბერში, როცა „რესპუბლიკური პარტია“კოალიციის სხვა პარტიებთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში, მან შეაჩერა თავისი წევრობა ამ პარტიაში. ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ადამიანის ბიოგრაფიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანი არის სიმბოლო პრინციპულობის, გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა სასამართლო სისტემის, გააჩნია ყველა იურიდიული კვალიფიკაცია. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება შეუქცევადი ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნინო გვენეტაძეს კოალიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატად განიხილავდა. ნინო გვენეტეძე პროფესიით სამართალმცოდნეა; უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე; სამართლის დოქტორი და პროფესორი; არაერთი ნაშრომის ავტორი; მოსამართლე 6 წლიანი გამოცდილებით უზენაეს სასამართლოში; ევროკავშირის პროექტის ექსპერტი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაში მონაწილე; მოსამართლეთა კონფერენციის თავმჯდომარე; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.
როგორც ცნობილია, ნინო გვენეტაძეს რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი უპირველესი მიზანია მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა და მათი უფლებების უზრუნველყოფა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
„ურთულესი გამოწვევები, რომლის წინაშეც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების პრიორიტეტზე დამყარებული მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა დგას, აუცილებლად საჭიროებს სასამართლო კორპუსის თანადგომასა და მხარდაჭერას.
სასამართლო დამოუკიდებელი მართლსაჯულების სისტემის განხორციელების ფონზე უნდა მოჩანდეს, როგორც მაღალი იდეალების ერთგული. ყოველი მოსამართლე ვალდებულია, იზრუნოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების შექმნაზე და მოსახლეობის ნდობის ამაღლებაზე“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
გვენეტაძის განცხადებით, რამდენად შეესაბამება ის დასახელებულ პოზიციას, ამას პარლამენტი კენჭისყრის დროს თვითონ გადაწყვეტს რამდენად. გვენეტაძეს უჭირს იმის თქმა, რამდენად ერთიანი იქნება პარლამენტი მისი მხარდაჭერის საკითხში. თუმცა, აქვე ამბობს, რომ იმ კრიტერიუმებს, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს სჭირდებოდა, გარკვეული პროცენტით აკმაყოფილებს.
რაც შეეხება პროცედურებს, ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ჯერ კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, პლენარული სხდომა გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 პარლამენტის წევრის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი, რომ ნინო გვენეტაძე არჩეული იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. პროცედურულად, პრეზიდენტს ერთი კანდიდატის წარდგენა შეუძლია, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა ჩააგდო გვენეტაძის კანდიდატურა, პრეზიდენტს არ შეუძლია მეორედ წარადგინოს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა.
უმრავლესობა დაუჭერს თუ არა მხარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძეს, ეს მმართველ გუნდში შიდა კონსულტაციების საგანი იქნება. უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ „ცალკეული განწყობები და მოსაზრებები საკმარისი არ არის“. ბესელიასგან განსხვავებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კოლეგებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას.
„გიორგი მარგველაშვილმა საუკეთესო კანდიდატი დაასახელა. წინა ხელისუფლების პირობებში, მის მიმართ გარკვეული დევნა იყო და იძულებით შეუწყვიტეს უფლებამოსილება. მის კანდიდატურას მხარს დავუჭერ და მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, რომ მათაც დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
გვენეტაძის დასახელებას მიესალმება „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი შალვა შავგულიძე, რომელიც ასევე წარდგენილი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს კვალიფიციური კანდიდატურა შესთავაზა.
„ნინო გვენეტაძემ იცის სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი და ყველაფერს გააკეთებს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის. გვენეტაძეს აქვს უნარი, კარგი კომუნიკაცია დაამყაროს სახელისუფლებო შტოებს შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. მე მას მხარს დავუჭერ“, - ამბობს შალვა შავგულიძე.
„ნაციონალური მოძრაობა“ დაუჭერს თუ არა მხარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას, შიდა კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდება. დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ არ აქვს უფლება გვენეტაძის კვალიფიკაციაში ეჭვი შეიტანოს, მაგრამ ასევე უნდა აღიდგინოს ის სურათი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ის სასამართლო სისტემიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, ეს არის კონსულტაციების საგანი უმცირესობას შორის.
„მაქვს კითხვები, რამდენად ფართოდ ესმის იურისპრუდენციის წინაშე არსებული პრობლემები, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისე კონკრეტულად საქართველოში, ასევე რამდენად ფართოდ ესმის პოლიტიკური კონტექსტის ის გარდაუვალი გავლენები, რაც არსებობდა, არსებობს და როგორც მოსალოდნელია, უახლოეს მომავალშიც არ ვართ ამისგან დაზღვეული.
საინტერესოა, რამდენად ინოვატორი და რეფორმატორია ამ სფეროში, რამდენად შესწევს უნარი გადაწვიტოს ურთულესი ამოცანა, რომ მოსამართლეთა შორის გააჩინოს ის სულისკვეთება, რომელიც გაუძლებს ნებისმიერ გამოწვევას, გამომდინარე პოლიტიკური თუ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. ამას მარტო კანონმდებლობაში შეტანილი ინოვაციები არ შველის. ამავე დროს, მე მახსნდება მისი დაპირისპირების პერიოდი. მინდა კარგად აღვიდგინო, რატომ იყო პრობლემები. შესაბამისად, ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ჩამოვყალიბდებით, ვუჭერთ მხარს თუ არ ვუჭერთ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.