„ხელისუფლება და ოპოზიცია მოსახლეობის ინტერესებზე ფოკუსირებული არ არის“

„ხელისუფლება და ოპოზიცია მოსახლეობის ინტერესებზე ფოკუსირებული არ არის“

აშშ–ს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობისთვის სამ უმთავრეს პრობლემას კვლავ სამუშაო ადგილების შექმნა, ფასების ზრდა და ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს. რესპონდენტები ასევე ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსები პირველი ორი საკითხის შესახებ საკმარისად არ საუბრობენ. ექსპერტების შეფასებით, NDI-ს დასკვნა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ სერიოზულ შენიშვნებს გააჩენს.

გამოკითხულთა 61 პროცენტი პრიორიტეტულ საკითხად სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო 38 პროცენტი ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას ასახელებს. 39 პროცენტისთვის ყველაზე მთავარი პრობლემა ფასების ზრდას უკავშირდება. ამასთანავე, 55 პროცენტი აცხადებს, რომ პოლიტიკოსები სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ საკმარისად არ საუბრობენ, ხოლო 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები საკმარისად არ საუბრობენ ფასების ზრდის შესახებაც.

ბრიფინგზე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას მათ მიერ არჩეული თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური პარტიებისგან მოელიან.

კვლევა მიმდინარე წლის 4-17 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,893 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. მასში ასახულია, თუ რომელი საკითხებია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, მიმდინარე მოვლენებისა და რეფორმების, სხვადასხვა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის გია ცაგარეიშვილის შეფასებით, NDI-ის კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რატომ არის სასწრაფოდ ხელისუფლება შესაცვლელი. ცაგარეიშვილის თქმით, კვლევის შედეგები „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო დაპირებების ჩამონათვალის სრულ სპექტრს ეხმიანება:

„ახლა მაინც უნდა მიხვდეს მმართველი გუნდი, რომ შვიდი წლის თავზე მას ჰყავს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს, შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევარია, ქვეყანაში კატასტროფულად იზრდება ფასები და ა.შ.“.

დეპუტატის თქმით, ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციას კვლევაში გასაგები მიზეზების გამო არ ჰქონდა გამოტანილი კითხვა „რის ღირსია მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია“:

„თუ ამ ქვეყანაში როდისმე ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, მგონი ხალხის მიერ გამოტანილი ვერდიქტი „ნაციონალური მოძრაობისადმი“, ყველასთვის ნათელი იქნება“.

ექსპერტ გიორგი ვოლსკის განცხადებით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა „დასავლეთის პოლიტიკური წრეების საქართველოს ხელისუფლებისადმი სერიოზულ შენიშვნებს ასახავს“.

როგორც „პირWელს“ ვოლსკიმ განუცხადა, „NDI-ს პოლიტიკური კვლევები, რომლებიც აქამდე ტარდებოდა, იმას გამოხატავდა, რომ საქართველოში დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება დაბალ ხარისხშია, რის გამოც მოქალაქეები მკვლევარებს პოლიტიკურ კითხვებზე არაგულწრფელ პასუხებს აძლევდნენ“:

„სწორედ ეს იყო NDI-ს წინა კვლევების წარმოდგენილი შედეგების საფუძველი. ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით კი, მოსახლეობა ყველაზე დიდ პრობლემად სამართლის დეფიციტს მიიჩნევს. რაც შეეხება დემოკრატიულობას, ჩვენ დიდი ხანი გვახვევდნენ თავს იმ აზრს, რომ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში - სომხეთსა და აზერბაიჯანში გაცილებით უფრო ცუდი მდგომარეობაა.

ახლა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, არა შედარებითი, არამდედ კონკრეტული კვლევის კონკრეტულ შედეგებზე დაფუძნებული კრიტიკული ანალიზი უნდა გააკეთოს. დემოკრატიულობით შეიძლება, საუდის არაბეთს გაცილებით ცუდი მონაცემები ჰქონდეს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და მთავარი ისაა, მოსახლეობა როგორ არის განწყობილი თავისი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ.

ვფიქრობ, რომ ჩატარებულმა გამოკითხვამ ამმხრივ სავალალო შედეგი აჩვენა“, - განაცხადა ვოლსკიმ და აქვე დასძინა, რომ „აშშ-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ წრეებში NDI-ს მონაცემებით აქტიურად ხელმძღვანელობენ და განწყობა, რომელიც საერთაშაორისო დონეზე აღნიშნული დასკვნიდან დამომდინარე შეიქმნება, საქართველოს ხელისუფლების მიმართ სერიოზულ კითხვის ნიშნებს განაპირობებს“.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს დასკვნა დამაკმაყოფილებლად მიაჩნია, თუმცა თვლის, რომ რიგ საკითხებში ცვლილებების შეტანა აუცილებელია. ამასთან, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ რიგ საკითხებში რესპოდენტთა შინაგანი ცენზურა შეიმჩნევა.

როგორც საყვარელიძემ onlinenews.ge-თან საუბრისას განაცხადა, „მეტნაკლებად გულახდილ“ პასუხად შეიძლება ჩაითავლოს ის, რომ გამოკითხულთა 44 %-ის აზრით საქართველოში დემოკრატია არ არსებობას.

ამასთან, რამაზ საყვარელიძე ეთანხმება NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, სადაც აღნიშნულია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა განათლების სამინისტროში ხორციელდება. რაც შეეხება რეფორმას საარჩევნო სისტემაში, ექსპერტი მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ ხედავს.

„ამ კუთხით, დღევანდელი მონაცემებით ფაქტია, რომ სამუშაო კიდევ ბევრია“.

ამასთან რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საარჩევნო გარემო მოსახლეობას ყველაზე ნაკლებად აინტერსებს. მისივე თქმით, საზოგადოებას აინტერესებს და აწუხებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები: დასაქმება, ფასების ზრდა, სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესება. NDI-ის შედეგები ცხადყოფს, რომ პოლიტიკური საარჩევნო თემატიკა მოსახლეობითვის ყველაზე ნაკლებად საინტერსოა:

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობის ინტერესებს ხელისუფლება და ოპოზიცია არ ითვალისწინებს. ანუ არც ერთი და არც მეორე მხარე მოსახლეობის ინტერესებზე ფოკუსირებული არ არის“.

საყვარელიძის აზრით, ხელისუფლება ვალდებულია, გაითვალისწინოს ყველა ის საკითხი, რითაც მოსახლეობა უკმაყოფილოა, „თუ ხელისუფლება ინფლაციისა და სოციალური საკითხების მოსაგვარებლად არაფერს იღონებს, საზოგადოებაში სოციალური აფეთქების ტალღა გარდაუვალია“.