თეთრ ტურიზმს ისევ უჭირს

თეთრ ტურიზმს ისევ უჭირს

ზამთრის კურორტებს ისევ რთული პერიოდი უდგათ. შარშან მათი პრობლემა ამინდს უკავშირდებოდა, წელს სავალუტო და რეგიონალურ კრიზისს. საბოლოო ჯამში კი, ბაკურიანისა და გუდაურის სასტუმროები დამსვენებლების ნაკლებობაზე საუბრობენ.

როგორც ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „დიდველის“ ჯავშნების მენეჯერი თეიმურაზ დოლიძე აცხადებს, შარშან თებერვალში სასტუმრო 50%-ით იყო დატვირთული, წელს კი ნომრების თვეში მხოლოდ 7%-ია დაკავებული. სასტუმროში აცხადებენ, რომ მიუხედავად ფასების მკვეთრი შემცირებისა, დამსვენებელები მაინც არ არიან.

„შარშან თუ 100 დოლარი ჯდებოდა ჩვენთან ორადგილიანი ნომერი, ახლა ჯდება 120 ლარი. ლარის კურსის გაუფასურებაც დაეხმარა ამ კრიზისს, უფრო ძვირი გვიჯდება კვება, მეტად ვეღარ ვაიაფებთ ფასებს. ზარალზე მიდის კომპანია, ვცდილობთ გაზი გადავიხადოთ და კომუნალურები, მოგებაზე აღარ არის საუბარი“, - აცხადებს დოლიძე და აღნიშნავს, რომ იანვარში ამ მხრივ უკეთესი სიტუაცია იყო.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა გუდაურში, თუმცა, ტურისტების შემცირებაზე აქაც საუბრობენ.

სასტუმრო „მარკო პოლოს“ წარმომადგენელი ირაკლი მამფორია აცხადებს, რომ შარშან თებერვალთან შედარებით, როდესაც თოვლი არ იყო, ვიზიტორების 20%-იანი კლება ფიქსირდება.

„შედარებით მოკლებულია ჯავშნები უკრაინიდან და რუსეთიდან, პარასკევ-შაბათ-კვირა ვმუშაობთ ქართველებზე ძირითადად. დოლარის ყიდვის პრობლემაა უკრაინაში, ადრე თუ 8 ერთეული ღირდა დოლარი, ახლა 28 ერთეული ღირს და სამჯერ გაუძვირდათ. გუდაურის მომხმარებელი კი ძირითადად უკრაინა-რუსეთი იყო, დანარჩენი ქვეყნებიდან ძალიან ცოტა ვიზიტორი გვყავს. რაც შეეხება ქართველებს მხოლოდ „უიქენდზე“ დადიან, მათი რაოდენობა სტაბილურია, როგორიც იყო“, - აღნიშნავს მამფორია „კომერსანტთან“ საუბრისას.

მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი უკრაინიდან და რუსეთიდან ტურისტების კლებას ადასტურებს, მაგრამ აცხადებს, რომ თებერვლის თვეში იანვრის ბოლო დღეებთან შედარებით დამსვენებლების რაოდენობა გაორმაგებულია.

როდესაც უცხოელი ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, ასეთ დროს სასტუმროები და მთლიანად ტურისტული ინფრასტრუქტურა ადგილობრივი დამსვენებლების მოზიდვაზე უნდა გადაერთოს. ამას კი სტრატეგიის შეცვლა სჭირდება, პირველ რიგში კი, ფასების მკვეთრი დაწევა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები განსაკუთრებული სიძვირით გამოირჩევა და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არც კი ფიქრობს იქ დასვენებაზე.

საინტერსოა რა ღირს ამ დროისთვის საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენება. „ეკონომეტრის“ ინფორმაციით, ბაკურიანსა და გუდაურს შორის რადიკალური სხვაობა ფასებში არ არის, ერთდღიანი დასვენება, საშუალოდ, 30-დან 350 ლარამდე დაგიჯდებათ, თუმცა ბაკურიანში უფრო მეტი საოჯახო ტიპის სასტუმროა, სადაც ნომრის დაქირავება დღეში, სერვისის შესაბამისად, 20-დან 250 ლარამდე მერყეობს. ბაკურიანის კოტეჯებში ფასი ახალი წლის დღეებში მატულობს და ერთი ღამე 280 დოლარია, სხვა დღეები კი 220 დოლარი. არასადღესასწაულო დღეებში კოტეჯების ფასი კვების გარეშე ბაკურიანში 40 ლარიდან იწყება. ორჯერადი კვებით კი 70–80 ლარად დაისვენებთ.

რაც შეეხება გუდაურს, იქ კოტეჯების ფასი 30 ლარიდან იწყება და 120 ლარს აღწევს. ჯგუფებს მთლიანი კოტეჯის დაქირავებაც შეუძლიათ, რომელიც 15 ადამიანზეა გათვლილი და 10-დღიანი მომსახურება 500-დან 750 ლარამდეა. ვისაც ზამთრის კურორტებზე დასვენება სამ ან ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროში ურჩევნია, ერთი ღამე 350 ლარი ღირს. თუ კომფორტს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, მაშინ ჰოსტელში ოთახის დაქირავება მხოლოდ 15-20 ლარი დაგიჯდებათ. რაც შეეხება სათხილამურო ინვენტარს - თხილამურის ქირაობა 18-დან 40 ლარამდე ღირს. საბაგირო მომსახურებისთვის გუდაურში ერთჯერადი ბილეთის ფასი 4 ლარია, ხოლო ერთი დღის სააბონემენტო ბარათი 28 ლარი ღირს. ბაკურიანში კი ფასი 50 თეთრიდან 3 ლარამდე მერყეობს. დღიური აბონიმენტი კი - 30 ლარი ღირს.