„უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და უფლება აქვს, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის“, - აცხადებს საქართველოში უკრაინის ელჩი, ვასილ ციბენკო, რომელიც დღეს ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.
როგორც ელჩმა აღნიშნა, შეხვედრაზე ქართულ-უკრაინული თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, საუბარი შეეხო უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უშტატო მრჩევლად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას.
„ყველა საკითხი მშვიდ, საქმიან, კონსტრუქციულ ვითარებაში განვიხილეთ. იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა ხდება უკრაინაში, უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ უკრაინა არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიჩნევს საჭიროდ. ბოლოსდაბოლოს, ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა. მეორეა ის, რომ უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნით უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამოვიდა.
მან გაითვალისწინა საქართველოს ექსპრეზიდენტის დიდი გამოცდილება, საქართველოს რეფორმირების კუთხით, არმიის მოდერნიზაციის კუთხით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ა.შ. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული და ეს არ არის დაბრკოლება მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა ციენკომ.
ელჩის განცხადებით, სააკაშვილის წინააღმდეგ არ არის სასამართლო გადაწყვეტილება და მასზე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი ვრცელდება.
„ის თავისუფალი ადამიანია, მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში. ესწრება სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების ღონისძიებებს, ხვდება ლიდერებს. რაც შეეხება ქართული მხარის შეშფოთებას, რა თქმა უნდა, უკრიანული მხარე ამას ყურადღებით სწავლობს. ამავდროულად, დღესვე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი განწყობილია კონსტრუქციულ ურთიერთობაზე საქართველოს მთავრობასთან და პრეზიდენტთან“, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვასილ ციბენკომ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე უწყებაში უკრაინის ელჩის მიწვევაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინა არის სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს აქვს და აუცილებლად ექნება მეგობრული ურთიერთობა.
„დღეს უკრაინაში შექმნილი ვითარება არის რთული, ამიტომ მის გვერდით ყოფნა და თანადგომა არის უპირველესი. რაც არ უნდა მოხდეს, პარტნიორობას და კეთილმეზობლობას უკრაინასთან ხელს არაფერი შეუშლის, მათ შორის, არც ბოლოდროინდელი დანიშვნა. ერთგვარად გასაკვირი იყო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.
მაშ ასე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მოქმედი კანონმდებლობით, მას პატიმრობა აქვს შეფარდებული, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში გაუწევს რჩევებს. ამასთან, როგორც ცნობილია, უკრაინაში საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი მზადდება. საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი ძალაში რჩება.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრები იმყოფებოდნენ. ამასთან ცნობილია, რომ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა უარი თქვა მისი ქართველი კოლეგის მიღებაზე.
საგარეო უწყების პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ხელმძღვანელობდა.
„ეს კომუნიკაცია და ვიზიტები ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ მოვამზადოთ საქართველოს პრემიერის ვიზიტი, ყველაფერი ძალაში რჩება, შეცვლილი არაფერი არ არის. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რამემ ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას. პრემიერის ვიზიტი დაზუსტებული ჯერ არ არის. შეიძლება რაღაც შეიცვალოს, გადაიწიოს ვადები, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი იმის, რომ ჩვენ გეგმები შევცვალოთ“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს.
„პრაგმატული მოსაზრებები, პრაგმატული სტრატეგია აბსოლუტურად არ ითვალისწინებს ურთიერთობების გაფუჭებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ის არაფორმალური პოზიცია, რომელიც პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მიანიჭა, გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს. ჩემი აზრით, აღნიშნულ თემებზე ამომწურავი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს“, - აცხადებს გია ვოლსკი.
„საქართველოს ხელისუფლების რეაქცია მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ, კიდევ უფრო აფუჭებს ურთიერთობას უკრაინასთან“, - ასე ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია. მისი განცხადებით, ორწელიწადნახევრის განმავლობაში, უკრაინაში, რომელიც საქართველოს ერთ–ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, არ ჩასულა არც საქართველოს პრემიერ მინისტრი და არც საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
„ღარიბაშვილმა რამდენიმეჯერ გააკეთა უკრაინის ინტერსების საწინააღმდეგო განცხადებები. ჯერ თქვა, რომ არაფერი საერთო არ აქვს საქართველოსა და უკრაინის პრობლემებს, შემდეგ ქედმაღლური რჩევა მისცა ჩვენთვის მოებაძა, როგორ ვალაგებთ ურთიერთობას რუსეთთან და მერე მოხსნა რეკორდი და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინას იარაღი არ მიაწოდონ. ივანიშვილს და მის გუნდს არ ესმით, რა ხდება უკრაინაში. კერძოდ ის, რომ ამ ქვეყნის გარეშე საქართველოს თავისუფალ სამყაროში ინტეგრაცია ძალიან რთული იქნება. ასევე ის, რომ რაც უფრო მეტი წინააღმეგობის გაწევას შეძლებს უკრაინა რუსეთისთვის, რაც უფრო მეტად შეძლებს რეფორმების განხორციელებას, მით უფრო მცირდება რისკები საქართველოსთვის“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია თვლის, რომ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნამ გავლენა არ უნდა მოახდინოს ორი ქვეყანის ურთიერთობაზე.
„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებით და პოლიტიკური ვითარებით იქ წყდება საქართველოს და მთლიანად ჩვენი გეოპოლიტიკის ბედი. ჩვენ დაინტერესებული ვართ მათ წარმატებაში. ეს ცალკეული გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, არ უნდა გახდეს ორმხრივ ურთიერთობებში ხელის შემშლელი“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, თუ პოროშენკოს ისეთივე სახელმწიფოს აშენება სურს, როგორც აქ სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო, მაშინ სწორად მიუწვევია ეს ხალხი. მისივე განცხადებით, ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების მიწვევა უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე პიარის ნაწილია და მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინულ მოსახლეობაში ძალზედ ნეგატიურია პოლიტიკური ელიტისადმი დამოუკიდებულება.
„უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას რეკლამირებული პოლიტიკური ფიგურები სჭირდება. უკრაინის მოსახლეობამ არ იცოდა, რა ხდებოდა საქართველოში. მათ სჭირდებათ პიარი გააკეთონ. საქართველოს ხელისუფლებამ კი ამ ფაქტს არ უნდა მისცეს ისეთი კვალიფიკაცია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავება გამოიწვიოს.
როგორც ჩანს, პოროშენკოს მთავრობას სურს აჩვენოს, რომ ქვეყნის რეფორმირების საქმეში ჩართულია არა მხოლოდ ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები, არამედ სხვა ქვეყნების ექსპერტები და წარმომადგენლებიც. თუ პოროშენკოს ისეთივე სახელმწიფოს აშენება სურს, როგორიც აქ იყო სააკაშვილის დროს, ისეთივე რეჟიმი უნდა, მაშინ სწორად მოუწვევია ეს ხალხი და თუ სურს, უკრაინა დემოკრატიისკენ წავიდეს და დემოკრატიული სახელმწიფო გახდეს, მაშინ რა მოგახსენოთ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ექსპერტი, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი წარმომადგენლები პირველი დღიდან აქტიურად უჭერდნენ მხარს უკრაინის მაშინდელ ოპოზიციას და პრაქტიკულად, მათთან ერთად იბრძოდნენ. მისივე თქმით, აქიდან გამომდინარე, გასაგებიცაა ეს დანიშვნები.
„მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა ძალიან პასიური იყო უკრაინასთან მიმართებაში, ძალიან ბევრი არასწორი განცხადება გაკეთდა. მთლიანობაში დამოკიდებულებაც იყო ძალიან ცივი. ბოლო პერიოდში დაიწყო განცხადება, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ სინამდვილეში, როდესაც ყველაზე რთული ვითარება იყო, მაშინ, პრაქტიკულად, საქართველოს მხრიდან არანაირი მხადარაჭერის პროცესი არ მიდიოდა. ამიტომ, დღევანდელი სიტუაცია არის ლოგიკური“, - აცხადებს გოგოლაშვილი.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პრეტენზიების გარდა უნდა ეძებოს გზები, როგორ გამოასწოროს შექმნილი სიტუაცია და დაუმტკიცოს უკრაინას, რომ მართლა მეგობარი სახელმწიფოა. მისივე განცხადებით, ეს დანიშვნები ადასტურებს, რომ პოროშენკოს მთავრობა მოკავშირედ არ განიხილავს საქართველოს მთავრობას.
„უნდა ვეძებოთ დიპლომატიური გზები, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ. პორეშენკოს მდგომარეობაც წარმოიდგინეთ, უკრაინის მაიდანი იქნებოდა, ბრძოლის ხაზი თუ საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერა იყო საჭირო, ყველგან წინა პლანზე სააკაშვილი და მისი მეგობრები ჩანდნენ. უკრაინის მოსახლეობისთვისაც არის ეს ნაბიჯები გადადგმული.
იქ ისინი პოპულარულები არიან. რა თქმა უნდა, პორეშენკოს სჭირდება ამ პოპულარულობის შენარჩუნება და გაძლიერება. თავისთავად, ეს ნიშავს, რომ პოროშენკოს მთავრობა მოკავშირეებად არ განიხილავს საქართველოს მთავრობას. საქართველოს თვლიან თავის პარტნიორ ქვეყნად, მაგრამ ურთიერთობის ძალიან ცივი დონე აქვთ ახლანდელ მთავრობასთან. ეს არის ძირითადი მიზეზი რატომაც ხდება ეს.
დასავლეთის პოზიციაც ანალოგიურია. ისინი არ აპირებენ დააკავონ არც სააკაშვილი და არც ერთი მისი სამეგობრო. ეჭვის თვალით უყურებენ მათ მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნას. ამ კონტექსტში დასავლეთი და უკრაინა არიან ერთად და შეიძლება სიამოვნებთ კიდეც დასავლეთში, რომ უკრაინა ასე გაბედულად იქცევა“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.