პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტს 23 თებერვლამდე წარუდგენს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყნის პირველი პირი რთული არჩევანის წინაშე დგას, უმრავლესობაში კი, საკითხზე დაპირისპირებაა. 19 დეპუტატი დამოკიდებულებას აპროტესტებს, რომ კანდიდატი პოლიტიკური წარსულისგან თავისუფალი უნდა იყოს, მეორე ნაწილი კი, ამ კრიტერიუმის დაცვას მკაცრად ითხოვს.
სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა:
პრეზიდენტს კანდიდატის შერჩევა 28 პირიდან მოუწევს. როგორ ფიქრობთ, აღნიშნული სიიდან გიორგი მარგველაშვილის რჩეული ვინ გახდება?
- 28 კაციანი სია არაფორმალურია, რადგან კონსტიტუცია პრეზიდენტისთვის კანდიდატურების წარდგენის ვალდებულებას არ ითვალისწინებს. პრეზიდენტს ექსკლუზიურად დისკრეციული უფლება რჩება, რომ მან კანდიდატი ან ამ სიიდან შეარჩიოს, ან პირადად გადაწყვიტოს მისი ფავორიტი ვინ იქნება. 28 კაციანი სია მრავალფეროვანია და იქ კარგი იურისტები არიან. კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რომ ვინმეს არ ვაწყენინო, მაგრამ ამ სიაში კვალიფიციური კადრები არიან. მათ შორის მოქმედი და ყოფილი მოსამართლეებიც. არ შეიძლება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა მხოლოდ პროფესიული კუთხით შეარჩიო, რადგან შეიძლება კანდიდატი კარგი იურისტი იყოს, მაგრამ მას მენეჯერის თვისებები არ ჰქონდეს.
კანდიდატის შერჩევისას პრეზიდენტმა ოქროს შუალედი უნდა იპოვოს და ისეთი კანდიდატი შეარჩიოს, რომელიც ერთის მხრივ, პოლიტიკოსებს გარკვეულ შეგრძნებას შეუქმნის, რომ ეს ადამიანი სასამართლო ხელისუფლებას წარმართავს და მეორეს მხრივ, გარანტი იქნება იმისა, რომ სასამართლო სისტემას პოლიტიკური გავლენებისგან დაიცავს. მარგველაშვილს ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. ეს ის პროცესია, რომელიც ქვეყნის მომავალი ათი წლის სასამართლო ხელისუფლებას განსაზღვრავს. მართალი გითხრათ, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, სასამართლო სისტემა საზოგადოების მხრიდან მუდმივად ზეწოლას განიცდის.
თქვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემა განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდა და კონსტანტინე კუბლაშვილის უწყება პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი არ იყო. რატომ?
- შევარდნაძის მმართველობის დროს ანალოგიური პრეტენზიები არ იყო, რომ სასამართლო სისტემა ხელისუფლების ზეწოლას განიცდიდა? მაშინ, ხელისუფლების ზეწოლაც იყო, ასევე ადგილი გავლენების ზეწოლასაც ჰქონდა და კორუფციული გარიგებებიც ხდებოდა. ეს ისეთივე არგუმენტია, როცა ამბობენ, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს. შევარდნაძის ხელისუფლების დროს სამართლიანობა იყო, მაშინ როცა სახელმწიფო ქონებას ხალხი თავის სასიკეთოდ იყენებდა და წილებს ფლობდა? ის უფრო სამართლიანი იყო, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა საწარმოების დირექტორებმა კორუფციული სქემებით საწარმოები გაიპრივატიზეს და შემდეგ ნახევარი საქართველო ჯართად გაყიდეს? მაშინ, სამართლიანობა აღდგენილი იყო, როცა ფულით ნებისმიერი რაღაცის ყიდვა შეიძლებოდა? ანალოგიურად ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არსებული პრობლემები ცალკეული გამონაკლისი იყო. სასამართლო ხელისუფლებაში პრობლემები ჩვენს დროსაც იყო.
თუმცა, თქვენს თავს რეფორმატორთა ჯგუფად მიიჩნევდით და პოლიტიკური ნება რატომ არ გამოხატეთ, რომ სასამართლო სისტემა თავისუფალი ყოფილიყო, რითაც საბოლოო ჯამში, თქვენ დაზარალდით და ხელისუფლების დათმობა მოგიწიათ?
- ეს ყველაფერი დინამიკაში უნდა განვიხილოთ, 2004 წელს, საქართველოში სხვა გამოწვევები იყო, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების წინაშე. თუკი 2004 წელს გასაკეთებელს 2012 წლის პერიოდიდან განვიხილავთ, სამართლიანები არ ვიქნებით. გავიწყდებათ, რომ 2004 წელს სასამართლოს წინაშე გამოწვევა იყო - კორუფცია, არაკვალიფიციური კადრების არსებობა, მატერიალურ-ტექნიკური უზურნველყოფის პრობლემა, ხელფასების არარსებობა და ა.შ. პრაქტიკულად, მაშინდელ სასამართლო სისტემაში ფუნდამეტიც კი არ იყო შექმნილი და ამ სისტემის მშენებლობა თავიდან მოგვიწია. ბუნებრივია, რომ ამ სისტემის შენების კვალობაზე მატერიალური-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება ხდებოდა.
თუმცა, სასამართლოს მთავარი პრობლემა დამოუკიდებლობა და ობიექტურობა იყო, რადგან თუ როგორი უნდა ყოფილიყო განაჩენი, ამას პროკურორები მოსამართლეებს ლამის ყურში ჩასჩურჩულებდნენ...
- ვინმე უარყოფს, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემები არ იყო? რამდენიმე საქმე არსებობდა, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება ადეკვატური არ ყო და მოგვიანებით, ობიექტური განაჩენი დადგა. ვაღიარებ, რომ მთავარი პრობლემა დარჩა, რომ მოსახლეობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განცდა ვერ შევუქმენით და ეს ჩვენი მინუსი იყო. საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში გარკვეული განცდები ჰქონდათ, სადაც პროკურორი პროცესუალურად და ფაქტობრივად, ადვოკატზე და სასამართლოზე დომინირებდა, მაგრამ საგადასახადო საქმეებს რომ შეხედოთ, უამრავი საქმე იყო, სადაც სახლემწიფო პროცესებს აგებდა. სასამართლო სისტემის გაუმართაობამ პოლიტიკური პრობლემები „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუქმნა და 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის შედეგიც ეს იყო.
დღეს საუბარია, რომ სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია. თქვენი ხედვით, დამოუკიდებელია?
- იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლო თავისუფლად სუნთქავს, სამწუხაროდ, საზოგადოებას იგივე განცდა აქვს, რაც ადრე, რადგან თავისუფლად მაინც არ ვსუნთქვათ. მაინც გვისმენენ და ხელისუფლებამ კანონმდებლობაში არაფერი გამოასწორა. დღეს ათჯერ მეტი ტექნიკაა შემოტანილი, რომ მოგვისმინონ. მოლოდინი იყო, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი იქნებოდა და რეფორმები გატარდებოდა, მაგრამ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ სასამართლო სისტემა თავისუფალი არ არის და აქ დამოუკიდებლობა არ შეიგრძნობა.
თუკი სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკურ ზეგავლენას განიცდის, მაშინ ამაზე კონსტანტინე კუბლაშვილი რატომ არ საუბრობს, რომელიც თქვენს გუნდთან არის ასოცირებული?
- კოტე კუბლაშვილმა განცხადება არაერთხელ გააკეთა, რომ კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის განცხადებები პრობლემებს ქმნის. ბოლო ორი წლის მანძილზე, თეა წულუკიანმა რა განცხადებებიც გააკეთა, ეს ნებისმიერ ქვეყანაში სკანდალის საფუძველი იქნებოდა, მაგრამ ჩვენთან სხვა სტანდარტებია. სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროსაბჭოს განცხადებები რომ ნახოთ, იქ წერია, რომ საქართველოში მართლმსაჯულების გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნით. ეუთო-ს წარმომადგენლობამ გახმაურებულ საქმეებზე დასკვნა მოამზადა, სადაც საუბარია მოწმეთა შპარგალკებზე, სასამართლო პროცესები გაჭიანურებაზე და ზეწოლის ფაქტებზე.
თქვენ საუბრობთ, რომ სასამართლო სისტემა დღესაც პოლიტიკურ გავლენას განიცდის, მაგრამ სასამართლომ ბაჩო ახალაია 11 ეპიზოდიდან ათში გაამართლა, რომელიც საზოგადოების მხრიდან ოდიოზურ ფიგურად არის შეფასებული...
- ეს მაგალითი სხვა რამეზე მოქმედებს. პროკურატურის მიერ საქმეები იმდენად უნიათოდ იყო მომზადებული, რომ სასამართლოსაც კი არ ჰქონდა საშუალება სხვა გადაწყვეტილება მიეღო. ახალაიას ბრალდება ციხის ბუნტთან დაკავშირებით დაუმტკიცდა და ესეც ერთადერთი მოწმის, კრიმინალური ავტორიტეტის ჩვენების საფუძველზე მოხდა. ამ გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე საუბარი ზედმეტია.
ამ ხელისუფლებას შანსი ჰქონდა, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები შეეფასებინა, შეცდომები გამოესწორებინა და ის არ დაეშვათ, რასაც ცხრა წლის მანძილზე ებრძოდნენ. ამ ხელისუფლებამ ჩვენს მაგალითზე ძალიან კარგად იცის, რა არ უნდა გააკეთოს, მაგრამ შეცდომებს უარესად და უნიჭოდ რომ იმეორებენ, პრობლემა ეს არის. ეს ხელისუფლება უნიათოაა და იმ დანიშნულებას ვერ ახორციელებს, რის გამოც ხალხმა მათ მხარი დაუჭირა.
მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს თუ არა თავისუფალი პოლიტიკური წარსულისგან. ამ საკითხზე, თქვენ რას ფიქრობთ?
- ყოფილი პოლიტიკოსობა დანაშაული არ არის, მაგრამ ჩვენს ვითარებაში პოლიტიკოსების მხრიდან კანდიდატურების შერჩევა პრობლემას სასამართლო სისტემას შეუქმნის, რადგან ის წონა და ობიექტურობის შეგრძნება არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს, რომ მან საზოგადოების ნდობა დაიმსახუროს.
საზოგადოების ნდობის მანდატს ვერც შალვა შავგულიძე და ზაქარია ქუცნაშვილი მოიპოვებენ, რომლებიც ამ პოსტისთვის იბრძვიან?
- სამწუხაროდ, ვერ მოიპოვებენ. შავგულიძე და ქუცნაშვილი კარგი იურისტები არიან, მაგრამ მათ პრობლემა პოლიტიკურ ნეიტრალობასთან დაკავშირებით აქვთ. როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები გახმაურებული საქმეების განხილვას რა სტანდარტებით დაიწყებენ?
პოლიტიკურ კულუარებში საუბარია, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა არჩევანი ევა გოცირიძესა და ანა დოლიძეს შორის გააკეთოს. მათ რა შანსები აქვთ?
- ევა გოცირიძეს პოლიტიკური წარსული და აქტივობა აქვს. მკითხაობას ვერ დავიწყებ, რადგან მადლიერი საქმე არ არის.
ვინაიდან, კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით უმრავლესობაში დაპირისპირებაა, გამორიცხავთ, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატი კენჭისყრაზე ჩავარდეს?
- არ გამოვრიცხავ, რომ კანდიდატი ჩავარდეს, მაგრამ ეს ძალიან ცუდი იქნება, რადგან ბოლოს ნარჩენი კანდიდატი არ უნდა შეგვრჩეს. აქცენტი ისეთ კანდიდატზე უნდა გაკეთდეს, რომელიც ერთი მხრივ, ინტერსებსაც დააბალანსებს როგორც მმართველი ძალის, ასევე ოპოზიციისა და საზოგადოების. თუ ვინ იქნება კანდიდატი, ამის თქმა ძალიან რთულია.