საჯარო სკოლებში, შეიძლება, გადასახადი დაწესდეს?!

საჯარო სკოლებში, შეიძლება, გადასახადი დაწესდეს?!

მთავრობაში საგანმანათლებლო სისტემის სრულად “გაფასიანების” სურვილი არ ასვენებთ. ამჯერად საუბარი მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მაღალი კლასებში სწავლის საფასურის შემოღებაზე.  ჯერჯერობით შაშკინის უწყებაში ყველაფერს უარყოფენ, თუმცა ეს უარყოფა გარანტიად ვერ გამოდგება.

საგანმათლებლო სისტემაში ფასიანი სწავლების დანერგვა მთლიანად ნაციონალური ხელისუფლების კისერზეა. მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფასიანი გახდა უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღება. მართალია, გამოცდაგავლილ მაღალქულიანებზე სახელმწიფო გრანტი გაიცემა, მაგრამ სტუდენტების 2-3 მაინც მშობლების ჯიბის ამარაა დარჩენელი.

ბოლო დროს აქტიური საუბარი მიდის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადის შემოღების შესახებ. რეგიონებში ეს იდეა, პრაქტიკულად, ხორცშესხმულია. ახლა ჯერი დედაქალაქზეა.  საუბარია, ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში გადასახადის დაწესებაზე.

აქამდე ბავშვებისთვის უფასო მხოლოდ საჯარო სკოლა იყო, თუმცა მთავრობამ აქაც გამოძებნა “გამოსავალი”. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაღალ კლასებში სწავლისთვის, შესაძლოა, გადასახადი დაწესდეს. ამისათვის გადასასვლელ გამოცდებს გამოიყენებენ. ვინც მე-10 კლასში გადასასვლელ გამოცდას ვერ ჩააბარებს, მას სწავლის გასაგრძელებლად ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევს.

ასეთი შემაშფოთებელი ცნობები ბოლო რამდენიმე კვირაა, მშობლებისგან ვრცელდება. მათი ინფორმაციით, სექტემბრიდან საჯარო სკოლების გარკვეული ნაწილი შეიძლება ფასიანი გახდეს. ეს კი, როგორც თავად ამბობენ, მათ მასწავლებლებისგან შეიტყვეს.

“თვითონ მასწავლებლები ლაპარაკობენ, რომ სექტემბრიდან სკოლების გარკვეული ნაწილი ფასიანი ხდება. თითქოს ეს ფასიანი სკოლები გიმნაზიებად უნდა გადაკეთდესო და ვისაც არ ექნება საშუალება, ის თავის შვილს ჩვეულებრივ სკოლებში ატარებსო - ასეთი რაღაცა გავიგეთ. რამდენად მართალია, ვერ გეტყვით,” - ამბობს ისანი-სამგორის რაიონში მცხოვრები, პროფესიით პედაგოგი ნინო ალავიძე.

განათლების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს საჯარო სკოლების გარკვეული ნაწილის ფასიან გიმნაზიებად გადაქცევასთან დაკავშირებით. შაშკინის უწყებაში გუშინ იმის შესაძლებლობაც გამორიცხეს, რომ თუ მოსწავლე მე-10-11-12 კლასებში გამოცდებს ვერ ჩააბარებს, მას, სწავლის გასაგრძელებლად, გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.

კონსტიტუციის მიხედვით, მოსწავლისთვის მხოლოდ 6 კლასია სავალდებულო. თუ მშობელი არ უზრუნველყოფს შვილის 6-წლიან განათლებას, კანონით მის მიმართ სარჩელის დაწერა და მშობლის მხრიდან პასუხისგება აბსოლუტურად მოსალოდნელია. მე-7-8-9 კლასები კონსტიტუციით სავალდებულო არ არის, მაგრამ სახელმწიფოსთვის სავალდებულოა. თუკი მოსწავლე მოითხოვს ამ კლასებში სწავლის გაგრძელებას, სახელმწიფო ვალდებულია, ასწავლოს უფასოდ.

მე-10-11-12 კლასები არცერთი მხარისთვის სავალდებლო აღარ არის. სწორედ ამიტომაც აკადემიკოსი ზურაბ ვახანია ვარაუდობს, რომ თუკი მართლაც იგეგმება სკოლებში გადასახადის შემოღება, ეს შესაძლებელია მე-10-11-12 კლასებში.

“შეიძლება, სახელმწიფომ გამოცდები მე-10 კლასში გადასასვლელად დანიშნოს და ვინც ვერ გადალახავს მინიმალურ ბარიერს, მათთვის გახდეს ფასიანი. როგორც მახსოვს, 1999-2000 წლებში მე-10-11 კლასები იყო ფასიანი იმათთვის, ვინც გადასასვლელი გამოცდები ვერ ჩააბარა. ვინც კარგად ჩააბარა, იმათთვის უფასო იყო,” - აცხადებს ვახანია.

განათლებისა და მეცნირების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მსგავსი (საჯარო სკოლების გარკვეული ნაწილის ფასიან გიმნაზიად გარდაქმნა ან მე-10-11-12 კლასებში გადასახადების შემოღება) ჯერჯერობით არ იგეგმება.