„რუსეთი პარტნიორად რჩება საერთაშორისო საკითხებში“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საკითხებში უმაღლესმა კომისრმა ფედერიკა მოგერინიმ. სამაგიეროდ, უკრაინა გაფრთხილებას იღებს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საშიშად მიიჩნევს იმ შანსის ხელიდან გაშვებას, რომელიც, მინსკის მოლაპარაკებათა მონაწილეებს მიეცათ. „თითოეულმა უნდა იცოდეს, რომ შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში, კონფლიქტში მოქმედ ყველა მხარეს რეგიონში - უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანებს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცხოვრობენ, დიდი ფასის გადახდა მოუწევთ“.
რა ფასის გადახდა უწევთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და ვის წინაშე, ან რატომ პასიურობს დასავლეთი და რის ფასად, ამ თემაზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
მართალია, დასავლეთი რუსეთისთვის კვლავ სანქციების გამკაცრებით იმუქრება, მაგრამ ფაქტია, რომ მინსკის ხელშეკრულება ნამდვილად არ არის ის, რისთვისაც უკრაინა იბრძოდა. შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთმა გაწირა უკრაინა?
- უფრო შორიდან დავიწყებდი და სხვა რამეზე გავაკეთებდი აქცენტს - რამდენად სჭირდებოდა ამერიკას და ევროპას უკრაინა ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულებამდე? - უკრაინასთან მიმართებაში მაინც ვფიქრობ, რომ უნდა გაიმიჯნოს ამერიკისა და ევროპის ინტერესები. ძველი, ანუ დასავლეთ ევროპისთვის უკრაინის განხილვა საერთო ევროპული ოჯახის წევრად უფრო ამერიკისგან თავსმოხვეული სურვილი იყო, ვიდრე რეალობა.
მიზეზები გასაგებია - ამ უზარმაზარი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობდა, ბევრ უხერხულობას უქმნიდა სწორედ ძველ ევროპას. გარდა ამისა, უკრაინის ყველა ხელისუფლება, პროპუსული, პროდასავლური თუ დაბალანსებული, იმდენად ღრმა კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული, რომ გამოსავალი არ ჩანდა. უკრაინა იყო უზარმაზარი, ამოუვსები ხარო, სადაც შეიძლებოდა ძალიან ბევრი ფული უბრალოდ უშედეგოდ ჩაყრილიყო ნებისმიერი რეფორმის გატარების მცდელობისას.
ამიტომაც ითრევდა ფეხს ევროპა უკრაინის ევროპიზაციის თუ ევროკავშირიზაციის დაჩქარებულ ტემპებზე. რაც შეეხება ამერიკას, მისი ინტერესები ბუნებრივია იყო ის, რომ უკრაინა ხელთ არ ეგდო რუსეთს და პუტინის ამბიციური სცენარი, ევრაზიული სივრცის ჩამოყალიბებისა, რეალობად არ ქცეულიყო. როგორც ჩანს, ამერიკამ მეტ-ნაკლებად აიყოლია ევროპელები ამ მიზნის შესრულებაში, რის შედეგადაც მივიღეთ ის პროცესები, რაც განვითარდა უკრაინაში.
როდესაც შექმნილ სიტუაციას ვიხილავთ, ერთი რამ არის საკითხავი - რამდენად ელოდა ამერიკა რუსეთისგან ასეთ მკვეთრ ნაბიჯებს? როცა ასოცირების ხელშეკრულებაზე მიდიოდა საუბარი, ხოლო როდესაც შემდეგ იანუკოვიჩის წინააღმდეგ დაიწყო მოძრაობა და მისი გადაყენება დადგა დღის წესრიგში, რამდენად ჰქონდა გათვლილი ამერიკას რუსეთის შესაძლო რეაქციები?
შეიძლებოდა, რომ ამერიკას სწორად ვერ გაეთვალა რუსეთის საპასუხო ნაბიჯები?
- ძალზე საინტერესოა, რა გათვლები ჰქონდა ამერიკას და ელოდა თუ არა, რომ რუსეთი ასე შორს წავოდოდა? თუ ეს იყო იმ კამპანიის ნაწილი, რასაც რუსეთის დასუსტება და რუსეთის რეგიონალური ამბიციებისთვის კბილების წამტვრევის მცდელობა ჰქვია?!
ფაქტია, რომ სწორედ რუსეთის ავღანეთის კონფლიქტში შეთრევას მოჰყვა მაშინდელი საბჭოთა კავშირის მიმართ სანქციები, რამაც საბოლოოდ დააუსტა იმპერია და საბოლოოდ საბჭოთა კავშირი დაიშალა.
უკრაინის მოვლენები რამდენად ჯდება ასეთ გეგმაში?
- ამას, ალბათ, უახლოესი მომავალი გასცემს პასუხს, თუმცა ამ კითხვას არსებობის უფლება აქვს. ნუთუ ვერ გათვალა ამერიკამ რუსეთის შესაძლო ნაბიჯები? - პრინციპში, გვაქვს ერთი მაგალითი, როდესაც უკრაინის ხელისუფლებაში იუშენკო მოვიდა, ფერადი რევოლუციის გზით, რუსეთმა ამას ვერაფერი დაუპირისპირა - შეასაძლოა, ამერიკამ ამაზე გათვალა.
თუ ეს ასე არ არის, მაშინ გამოდის, რომ ეს რუსეთის მიზანმიმართული დასუსტების ოპერაციაა, რასაც რეალურად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ასეთ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის დაშლისგან განსხვავებით, ამჯერად ეს გეგმა მშვიდობიანად ვერ წარიმართა. თუმცა, ამაზე პასუხს მივიღებთ უახლოეხ პერიოდში, როდესაც ვნახავთ რა იქნება პუტინის შემგომი ნაბიჯები და გაუძლებს თუ არა რუსეთის ეკონომიკა მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს?!
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს აშშ, ხანგრძლივად შეინაჩუნოს ეს სანქციები, რადგან რუსეთი აქტიურად მუშაობს ევროპულ სახელმწიფოებთან. მთავარი ამ სანქციებიდან მაინც ნავთობის ფასია და ვნახოთ რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ფასის გარკვეულ ნიშნულზე შენარჩუნება.
საინტერესოა, შეუდგება თუ არა რუსეთი თავისი ევრაზიული კავშირის შექმნას? უკრაინა საკმაოდ სუსტია იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ამ იდეას...
- ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენს გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა. როგორც ვთქვი, დაითანხმებს თუ არა ამერიკა ევროპას გრძელვადიან სანქციებზე და რამდენად ხანგრძლივად შეინარჩუნებს ნავთობზე დაბალ ფასებს, ამ კითხვებზე პასუხი განსაზღვრავს ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცის და მათ შორის, საქართველოს მომავალს.
ხშირად ვისმენდით შეფასებებს, რომ უკრინში განვითარებულ მოვლენებზე იყო დამოკიდებული, თუ რა პოლიტიკას აირჩევდა რუსეთი საქართველოს მიმართ. ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ შესაძლო სცენარებზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს საქართველოში?
- გააჩნია რას ვგულისხმობთ. რუსული იდეოლოგიური ომი საქართველოში უკვე მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქვეყნის დემორალიზებას საინფორმაციო სივრცის პროპაგანდის იარაღად გამოყენების გზით. საინფორმაციო ომი მიმდინარეობას არა რუსეთის გარდამავალი, არამედ მისი აბსოლუტური უპირატესობით.
სოციალურ ქსელში დასავლეთის მიმართ სიმპათიის შემცველი კითხვასაც ვეღარ დასვამ, იმხელა აგრესია მოდის. ფაქტობრივად, გამოდის, რომ რუსეთის მხრიდან აბსოლუტურად კონტროლდება საინფორმაციო სივრცე, დაწყებული სოციალური ქსელებიდან. აღარაფერს ვამბობ ტელევიზიებზე, გაზეთებსა თუ ინტერნეტპორტალებზე - საინფორმაციო სივრცე გაჯერებულია პროპუსული პროპაგანდით (თუ არ ჩავთვლით არასისტემურ, პროდასავლური განწყობის გამომხატველ ზოგიერთ მედიასაშუალებას თუ ცალკეულ ჟურნალისტებს).
როგორ მოხდა, რომ რუსულმა პროპაგანდამ თვალსა და ხელს შუა ასე ღრმად შემოაღწია ქართულ საინფორმაციო სივრცეში?
- თუ გადავხედავთ პროდასავლური ძალების დღემდე არნახულ, სუსტ პოზიციებს, ადვილი მისახვედრია. ასევე, ქვეყანში ქაოსის თუ იუმედობის განცდაც თავიდან ბოლომდე რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს - ვიტყოდი, რომ ეს მოახერხა რუსეთმა თავიდან ბოლომდე დასავლეთის შეცდომების და უნიათობის წყალობით.
დღეს თუ ვინმეს შეკითხვებს უნდა ვუსვამდეთ და პასუხს ვთხოვდეთ იმაზე, რაც საქართველოში ხდება, ეს არის დასავლეთი. რუსეთს აქვს თავისი მიზნები, რომელსაც ყველა გზით და საშუალებით ახორციელებს.
რეალურად ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ დასავლეთმა 20 წელი, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი ჰქონდა, საქართველოსთან ურთიერთობისთვის, გაფლანგა და წყალში ჩაყარა. ისევე, როგორც ის მილიარდები, რომელიც დასავლეთიდან საქართველოში შემოდიოდა.
ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პროდასავლური აღარ არის. დარჩენილი ნაწილი შეიძლება მკვეთრად პრორუსული არ იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი პრორუსულია, გაცილებით დიდი ნაწილი კი არის დასავლეთისგან იმედგაცრუებული.
ყველაზე ოპტიმისტურად დასავლეთის დამოკიდებულება შეიძლება შევაფასოთ ასე -დასავლეთმა პაუზა აიღო საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ, რომ აქცენტები და რესურსები და ინტერესები სხვა მიმართულებით აქვს გადასროლილი - კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაზე ოპტიმისტური სცენარია.
როდესაც აშშ-ზე ვსაუბრობთ, არ არის ლაპარაკი დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებზე, რეალურად რაც შეუძლია მას გააკეთოს არის ის, რომ საინფორმაციო სივრცეში მაინც შეეცილოს რუსეთს საქართველოში - ის (აშშ) ჯერ კიდევ ფლობს შესაბამის საინფორმაციო რესურსებს, რომელსაც ნულოვანი ეფექტურობით იყენებს.
განა რა დაუჯდება დასავლეთს, რომ საქართველოში მწყობრი საინფორმაციო პოლიტიკა დაგეგმოს და მერე უკვე ამ დაგეგმილი პოლიტიკის დაფინანსება განახორციელოს? - ვგულისხმობ პროდასავლურ, მწყობრ საინფორმაციო კურსს, რომელიც მოსახლეობას საბოლოოდ არ ჩააქნევინებს ხელს და დასავლეთი, როგორც ღირებულება, კიდევ შერჩება საქართველოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში - რატომღაც ამას დასავლეთი არ აკეთებს.
ამ შემთხვევში პროექტის ღირებულებაზე უნდა ვისაუბროთ, თუ მის აუცილებლობაზე? - შესაძლოა დასავლეთი ამას არ მიიჩნევს საჭიროდ?
- როგორ შეიძლება ამის საჭიროებას ვერ ხედავდეს? - რეალური ვითარება მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან. სოციალურ ქსელში რუსეთის მიმართ კითხვა რომ გიჩნდება, ესეც კი საზოგადოების აგრესიას იწვევს - ეს არ არის ინდიკატორი იმისა, რა ხდება საქართველოში?
სოციოლოგიურ კვლევებს ხომ აკეთებენ? თუმცა ამას სოციოლოგიური კვლევა რად უნდა!.. წლების განმავლობაში ხალხი რომ შიმშილით კვდებოდა, წელს თუკი რამ შეიძლებოდა, ყველაფერი გაზიდეს რუსეთში და ბოლოს უკვე ნარჩენ მანდარინს იხვეწებოდნენ, რომ გაეტანათ. რას უპირისპირებს ამას დასავლეთი? თუ ვერაფერს, საინფორმაციო პოლიტიკა მაინც გაეკეთებინა, რომელიც შტურმით აიღებდა საინფორმაციო სივრცეს - არ ვამბობ, რომ ამით ჩაანაცვლებდა რუსულ იდეოლოგიურ გავლენას, მაგრამ საინფორმაციო სივრცეს მაინც გაუყოფდა რუსეთს. ამას სჭირდებოდა, დასავლეთის მასშტაბებით, სასაცილოდ მცირე დაფინანსება და ადამიანური რესურსები, რომელიც საქართველოშიც მოიძებნებოდა.
მე არ ვამბობ, რომ დასავლეთმა დათმო საქართველო, რადგან არავინ იცის, ორ-სამ წელიწადში ამერიკაში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ როგორ შეიცვლება მათი ხედვა და პრიორიტეტები. მაგრამ, დღეს რომ სერიოზული პაუზა აქვს აღებული საქართველოსთან მიმართებაში, ესეც ცხადია და ისიც, ამ პაუზით რუსეთი რომ ისარგებლებს.
საქართველოში იდეოლოგიური ომის პარალელურად მიმდინარეობს მცოცავი ანექსიაც, მუდმივად ხდება მავთულხლართების გადმოწევა, რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ამის საწინააღმდეგოდ? გამოდის რომ ომის გარეშეც ყოველდღიურად ვკარგავთ ტერიტორიებს...
- უკვე ვიცით, აღარაფერს აღარ აპოროტესტებს საქართველოს ხელისუფლება რაც რუსეთს ეხება და მხოლოდ ამაზე არ არის საუბარი... განა ვერ ხვდება ხელისუფლება, საინფორმაციო სივრცე ღია რომ არის რუსული პროპაგანდისთვის, შედეგები როგორია?
არაფერს არ აკეთებს, რომ ამას ხელი შეუშალოს - საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას კიდევ შეიძლება რაღაც გამართლება მოუძებნო და სერიოზული გამართლებაც - ვინ ვართ ჩვენ ჩვენი 3,5 მილიონიანი მოსახლეობით და რამდენიმეათასიანი ჯარით, რომ რუსეთის აგრესიას გავუმკლავდეთ? - აგვისტოს ომის დროს, როდესაც საქართველოს დასავლეთის აბსოლუტური მხარდაჭრა ჰქონდა, მაშინ ვერაფერი გვიშველა დასავლეთმა.
როდესაც ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ დასავლეთს პაუზა აქვს აღებული ასეთ სიტუაციში რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ? - შეასკდეს რუსეთს? ამ თვალასაზრისით თუ შევხედავთ, მისი პოზიცია სწორია - გადაწყვეტით ძნელია რამე ამტკიცო. ვერც იმას ვიტყვით, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის თამაშს თამაშობს.
იგივე წარმატებით შეიძლება ამტკიცო, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალისტურ და პრაგმატულ პოლიტიკას მიმართავს - თითო ბარტყის გადაგდებით ცდილობს, დრო მოიგოს იქამდე, ვიდრე მსოფლიო ჩამოყალიბდება, რა უქნას რუსეთს.
თუ ეს პრაგმატული პოლიტიკაა აბსოლუტურად მისასალმებელია, რადგან დღეს ჩვენ ვართ თვითგადარჩენის რეჟიმში და ვიდრე ვნახავთ რა მოხდება რუსეთთან მიმართებაში მსოფლიოში, ჩვენი ვალია, არ გავაღიზიანოთ რუსეთი და შევინარჩუნოთ ის მაინც, რაც გვაქვს. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხიც უახლოესი თვეების განმავლობაში თავისთავად გამოიკვეთება.
საინტერესოა, რატომ შეიცვალა დასავლეთის ქვეყნების პოზიცია პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში? შესაძლოა ესეც გარკვეული ტაქტიკაა?
- თუ დასავლეთი რუსეთის დასუსტებისთვის გამიზნულ გრძელვადიან ტაქტიკას იყენებს, მას შესაძლოა, სულ არ აინტერესებდეს დღეს საქართველოში შექმნილი სიტუაცია. შესაძლოა, ფიქრობს, რამდენიმე წელიწადში რუსეთს აღარ ექნება იმისი თავი, რომ თავის უახლოეს სამეზობლოზეც კი გავრცელოს გავლენა - ეს იმ შემთხვევში, თუ ეს არის დასავლეთის ტაქტიკა.
და ისევ იმ კითხვამდე მივდივართ რითაც დავიწყეთ - ეს არის ამერიკის შეცდომა თუ მიზანმიმართული პოლიტიკა? ვიდრე ამ კითხვაზე პასუხი არ გამოიკვეთება, მანამდე პასუხი არაფერზე არ არსებობს.
თუმცა ის, რომ მთელი 20 წელი საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკა ძალზე ზედაპირული იყო, აუცილებლად უნდა ითქვას - ის რამდენიმე კითხვა, რომელიც ზედაპირზე დევს, აუცილებლად უნდა დაისვას.
რა კითხვები გაქვთ დასავლეთთან?
- რატომ არ განავითარა ეკონომიკა საქართველოში, მაშინ, როდესაც დასავლეთის მასშტაბისთვის ძალიან მცირე ინვესტიციებიც კი საკმარისი იქნებოდა ასეთი პატარა ქვეყნის განვითარებისათვის? - ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ეკონომიკური სამოთხე შეექმნათ მისი სატრანზიტო ფუნქციების გამოყენებით. ბოლოს და ბოლოს, ინოვაციური ტექნოლოგიების რეგიონალური ცენტრი შეეძლოთ, გაეკეთებინათ.
თუ საუბარი იმაზეა, რომ რუსეთისგან მუდმივად არსებობდა საფრთხე და ეს ფული რატომ უნდა გადაეყარათ, ის ფული რაც დღემდე დემოკრატიის განვითარებისთვის დახარჯეს, გადაყრილი არ არის? მთლიანობში არავინ იცის, რამდენი მიალიარდი დაიხარჯა საქართვერლოში. 10-15 მილიარდიც რომ ყოფილიყო, ამ თანხით ძალზე იოლად შეიძლებიოდა საქართველოს ეკონომიკის ფეხზე დაყენება.
რატომ იფიქრა დასავლეთმა რომ მხოლოდ პოლიტიკური ელიტების შექმნით გარანტირებული იქნებოდა ამ ქვეყნის პროდასავლური კურსი? რატომ არ შეისწავლა რეალური განწყობები? - თუ ეკონომიკა ფეხზე დადგებოდა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ხომ თავისთავად, პროდასავლური იქნებოდა?!.
დღეს რომ საქმე-საქმეზე მიდგეს, რამდენი კაცი გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს, თუ, დავუშვათ, და ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალა? ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით გამოვლენ მხოლოდ ის პოლიტიკური ელიტები, რომელიც დასავლეთმა შექმნა და ეს იქნება მაქსიმუმ, 10 ათასი კაცი, როდესაც გადაწყვეტილების უნარის მქონე ამ ქვეყანაში დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანია. ეგონა, რომ ის 10 ათასი კაცი შეცვლიდა 2,5 მილიონის განწყობას?
რატომ არ აირჩია დასავლეთმა სხვა ტაქტიკა და რატომ თვლიდა, რომ „ნაციონალიური მოძრაობის“ მხარდაჭერით სრულიად საქართველოს მოსახლეობის ლოიალობის მოპოვებას შეძლებდა? მითუმეტეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყანაში გარკვეული დამსჯელი რეჟიმის როლს ასრულებდა. რატომ ვერ გათვალა, რომ ამ ავტორიტარული რეჟიმის მხარდაჭერით საკუთარ იმიჯს ლახავდა და აცამტვერებდა ამ ქვეყანაში? - კითხვა დასავლეთის მიმართ ძალზე ბევრია და ეს კითხვები აუცილებლად უნდა დაისვას.