„ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს პარლამენტში იბარებენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს მინისტრის მიმართ ბევრი პრეტენზია და ბევრი კითხვა აქვთ. უმცირესობა თავდაცვის მინისტრის ქმედებებში რუსულ ინტერესებს ხედავს და აცხადებს, რომ ჯანელიძე ამ ხელისუფლების საკონტაქტო პერსონა იყო რუსულ სპეცსამსახურებთან და მისი პოსტზე დანიშვნა მოხდა როგორც კომპრომისი.
თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, გივი თარგამაძეს ესაუბრა:
თავდაცვის მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პარლამენტში დეპუტატების წინაშე წარსდგეს. მინდია ჯანელიძის მიმართ რა პრეტენზიები გაქვთ?
- მინდია ჯანელიძის მიმართ უამრავი პრეტენზია არსებობს. მათ შორის მისი პოზიცია გვაინტერესებს თავდაცვის სამინისტროს სკანდალური განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინაში დაღუპული გმირის მიმართ გაკეთდა. ამას გარდა, მის მიმართ კითხვები იმ ეტაპიდან დაწყებული მაქვს, როდესაც ის კონტრდაზვერვაში დაინიშნა. მაინტერესებს, რატომ მოხდა ისე, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს კონრდაზვერვის დეპარტამენტი იმ ადამიანებისგან გამოასუფთავეს, რომელთაც საქართველოში, პრაქტიკულად, რუსული აგენტურა მთლიანად ამოძირკვეს, რაც მთელ აღმოსავლეთ ევროპაში არ მომხდარა. ჯანელიძემ ეს ადამიანები სამსახურიდან გაათავისუფლა, ზოგიერთი გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და ახლა ისინი ციხეში არიან.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროში განხოციელებულ საკადრო ცვლილებებს, უწყებიდან დასავლეთში განათლება მიღებული ადამიანები მიდიან და მათ ნაცვლად კი, ღირსიაშვილი მოჰყავთ, რომელიც დღემდე ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრია. ჯანელიძემ სამინისტროში არსებული ეს ტენდენცია უნდა ახსნას, რადგან ძალიან ლოგიკური ეჭვები ჩნდება. დრო საჭიროა, რომ ვითარებაში გავერკვეთ, მაგრამ იკვეთება, რომ ჯანელიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც საფრანგეთში ვიზიტით მყოფ მაშინდელ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას დაურეკა, რათა ჰაერსაწინააღმდეგო სისიტემებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაშლილიყო.
მინდია ჯანელიძესთან მიმართებაში კონკრეტულად, რა ეჭვები გაქვთ?
- მაღალი ალბათობით, რის თაობაზეც ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, ეს ადამიანი ამ ხელისუფლების საკონტაქტო პერსონა იყო რუსულ სპეცსამსახურებთან და მისი დანიშვნა მოხდა როგორც კომპრომისი. ამის დოკუმენტაცია და მტკიცებულება არ მაქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მისი დანარჩენი მოქმედებები ამ ეჭვებს კიდევ უფრო ამწვავებს.
თქვენ თავდაცვის მინისტრს საკადრო პოლიტიკას უწუნებთ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მას გადაწყვეტილებები მოუწონა და თქვა, რომ ჯანელიძემ უწყება კეზერაშვილისა და ახალაიას კადრებისგან გაწმინდა...
- მახსოვს, რომ ღარიბაშვილი ჭიკაიძესაც აქებდა, მაგრამ მის ქება-დიდებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პრემიერი თვითონ დგას იმ გზაზე, რომელსაც მისი „კახური კლანი“ გაუყენეს. სავარაუდოდ, თვის ბოლოს მინდია ჯანელიძე და ღარიბაშვილი თანამდებობებზე აღარ იქნებიან. შესაბამისად, ღარიბაშვილის შეფასებები ღირებული არ არის.
ამ პათოსის გამო, ღარიბაშვილი ნაციონალებს გკიცხავთ და ამბობს, რომ თქვენ და „თავისუფალი დემოკრატები“ ჯანელიძეს თავს იმიტომ ესხმით, რომ მან უწყება თქვენი მხარდამჭერი კადრებისგან გაწმინდა...
- მინდია ჯანელიძის მიმართ კონკრეტული პრეტენზიები გვაქვს და კეზერაშვილის კადრები რა შუაშია? ის სამინისტროდან იმ ადამიანებს უშვებს, რომელთაც განათლება დასავლეთში მიიღეს და ქვეყნისთვის სასარგებლო კონტაქები აქვთ. რა მნიშვნელობა აქვს, ეს ადამიანები კეზერაშვილის დროინდელები არიან თუ არა? ჯანელიძე თუკი პარლამენტში მობრძანდება, კონკრეტული მტკიცებულებებით დაველაპარაკებით.
რადგან თავდაცვის სამინისტროზე ვსაუბრობთ, თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომლის პატიმრობაში ყოფნაზეც გკითხავთ. იმ პირთა სასამართლო სხდომა აპრილისთვის გადაიდო, რომელთაც თავდაცვის სამინისტრო კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი რატომ ჭიანურდება და როგორც „თავისუფალი დემოკრატები“ ამბობენ, ეს უდანაშაულო ადამიანები პატიმრობაში რატომ რჩებიან?
- ამ საკითხით ჯანელიძეც არ ინტერესდება, რადგან მას წარმოდგენა აქვს, რომ ეს ხუთი ადამიანი მტერები არიან მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან. რაც შეეხება სასამართლო პროცესის გაჭიანურებას, ძალიან კარგად იცის პროკურატურამ, რომ ამ საქმეს ვერ მოიგებს. ძირითადად, ყველა სასამართლო პროცესი გაჭიანურებულია. სიბაშვილის მაგალითი რომ ავიღოთ, ეს პროცესი უკვე სასაცილოა, რადგან მეორე სართულიდან პროკურორი გადახტა. დარწმუნებული ვარ, სხვა გახმაურებული საქმეების სასამართლო პროცესებიც გაჭიანურდება, რადგან ეს იმ სპეცეფექტებზეა გათვლილი, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა და რითაც მმართველობის გახანგძლივებას ცდილობს.
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ხუთი ადამიანის დაკავება იმისთვის მოხდა, რომ ირაკლი ალასანიას გუნდი კოალიციიდან გაეშვათ?
- რა თქმა უნდა. მგონი, ამაში ეჭვი არავის ეპარება.
როგორ ფიქრობთ, ამ მაღალჩინოსნების საქმის გაჭიანურება საერთაშორისო არენაზე საქართველოს რა პრობლემებს შეუქმნის და, რას ფიქრობთ, ქართული მხარე ნატო-ს მიერ მომზადებულ გაძლიერების პაკეტს ასრულებს?
- ვალდებულებების შესრულების პროცესი ძალიან შენელებულია და ეს ვის ინტერესებს ემსახურება, ეს ეჭვებს ბადებს. საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი უნდა გაიხსნას, მაგრამ ეს პროცესი ჭიანურდება და რაღაცეებს იგონებენ და თხზავენ. თავდაცვის სამინისტროში განვითარებული მოვლენები შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
თქვენ ამბობთ, რომ თავდაცვის მინისტრი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ასრულებს და რუსეთის ინტერესებს ატარებს. მაშინ, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს რატომ არ სვამთ?
- მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს, მაგრამ უახლოეს მომავალში შესაძლოა, ღარიბაშვილიც გაუშვან და ჯანელიძეც უკან მიაყოლონ.
ანუ, სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელია?
- დიახ, სამთავრობო კარუსელი აუცილებლად დატრიალდება.
სამთავრობო ცვლილებებს შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვეს. ამას გამორიცხავთ?
- ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ბიძინა ივანიშვილი რამდენს გაბედავს. როგორც ჩანს, ყოფილმა პრემიერმა ის პროცედურები არ იცის, რითაც არჩევნები ინიშნება. პრაქტიკულად, ახლა ღარიბაშვილს მეორედ „ჯირყვნიან“ და მესამედ „გაჯირყნული“ ღარიბაშვილი მოვალეობის შემსრულებელი იქნება. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ინტერესებში რიგგარეშე არჩევნები არ უნდა შედიოდეს. მმართველ გუნდში დაპირისპირება სახეზეა და ხელისუფლებას შეიძლება არჩევნების დანიშვნის სურვილი ჰქონდეს, მაგრამ ამას რამდენად გაბედავს, უცნობია, რადგან ვადამდელ არჩევნებს სათავეში ივანიშვილი უნდა ჩაუდგეს, ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი უნდა იყოს და გაცილებით მეტი ფული დახარჯოს, ვიდრე წინა არჩევნებზე გასცა. ეს სამი წინაპირობა ის არის, რაც ივანიშვილს ყველაზე მეტად არ უყვარს. დიდი ალბათობით, ივანიშვილი მალე მოსრიალდება. ჩვენ კი, რიგგარეშე არჩევნებისთვის მზად ვიქნებით.
ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხი საფრთხის ქვეშ დგას. ირაკლი ალასანიას გუნდის შეფასებით, რიგის სამიტზე, შესაძლოა, საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაცია ვერ მიიღოს. მსგავს საფრთხეს ხედავთ?
- ასეთი საფრთხე არსებობს, რადგან ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. საქართველოში მიმდინარე პროცესებს კი ევროპელი პოლიტიკოსები აფასებენ, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაშვილის კლუბის წევრებს უწოდებენ, რაც ასე არ არის. მმართველი გუნდი სურათს ხატავს, რომ არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეალობას „ნაციონალური მოძრაობა“ აბუქებს და საერთაშორისო თანამეგობრობა შეცდომაში გიორგი კანდელაკსა და გიგა ბოკერიას შეჰყავთ, მაგრამ არსებულ ვითარებას ორგანიზაციები ადგილზევე სწავლობენ და რეალობა მათ მშვენივრად იციან.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს ხელისუფლების წარმადგენლები უკრაინის პრეზიდენტს, პეტრე პოროშენკოს მოუწოდებს განმარტოს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მრჩევლის პოსტზე რატომ დანიშნა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ბრადებულია. რას მისცემს სააკაშვილი უკრაინას?
- პოროშენკოს მეტი საქმე და დარდი არ აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე განუმარტოს. მან სიხარულით მთელ მსოფლიოს გააგებინა, საერთაშორისო საკითხებში მრჩევლად სააკაშვილი დანიშნა. სააკაშვილისთვის ეს პოსტი ოპტიმალური პოზიციაა და ვთვლი, რომ ის უკრაინას ბევრ სიკეთეს მოუტანს. მან საქართველოში მკვეთრი და მძიმე რეფორმები გაატარა და მისი მსგავსი გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში არავის აქვს. უკრაინელები ამ გადაწყვეტილების სიკეთეებს პირველივე დღეებეში დაინახავენ, შემდგომში კი უფრო მეტად. საქართველოს ხელისუფლება ძაღლივით ყეფს და ყურადღების მიქცევას ცდილობს, რაც პოლიტიკური სიბეცეა.
თუმცა, თქვენი ოპონენტები მიხეილ სააკაშვილის მმართველობის უარყოფით მხარეებზეც აპელირებენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას დაღუპავს...
- აღდგომა და ხვალეო, ვნახოთ, რა მოხდება.