[დავით კირვალიძე]
საქართველოში აივ ვირუსით მინიმუმ დღეში 3 ადამიანი ინფიცირდება და თვეში, დაახლოებით, 6-7 შემთხვევა ფატალურად მთავრდება. 2 დღის წინათ თბილისში აივ ინფექციით შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. დაღუპვის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა. სამწუხაროდ, საქართველოში აივ ინფექციით დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
შიდსის ინფექციის მატარებელმა მამაკაცმა ექიმს დაავადების ბოლო სტადიაზე მიმართა, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სპეციალისტთა თქმით, ყველაზე ხშირად სწორედ დაგვიანებული დიაგნოსტიკა ხდება ლეტალური შედეგის მიზეზი.
წლეულს უკვე ამ დაავადებით 106 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილია 32 ადამიანი. აივ მკურნალობაზეა 887 პაციენტი, მათგან 33 ბავშვია.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2000 წელს საქართველოში შიდსი 79 ადამიანს დაუდგინდა, 2003 წელს მისმა რიცხვმა 100-ს მიაღწია, 2004 წელს - 163-ს, 2005 წელს - 242-ს; 2006 წელს 276 შემთხვევა დაფიქსირდა, 2007-ში - 344, 2008 წელს - 351, 2009 წელს - 385, 2010 წელს - 455.
სპეციალისტთა თქმით, ყოველწლიურად სტატისტიკური მაჩვენებლების ზრდა, გარდა დაინფიცირების შემთხვევების მატებისა, გამოწვეული იმით, რომ საინფორმაციო კამპანიის შედეგად, გამოკვლევების ჩასატარებლად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს შესაბამის ცენტრებს.
სულ საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების 2797 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 2059 - მამაკაცია, 738 - ქალი, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. ამ დრომდე აივ ინფექციით საქართველოში 607 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე აცხადებს, რომ შიდსით დაავადებულ პაციენტებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა არ შეწყვეტიათ. ამით იგი სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ამ კატეგორიის პაციენტებისათვის გათვალისწინებული პროგრამა შეჩერდა და მათ მედიკამენტები აღარ მიეწოდებათ.
ანდრია ურუშაძის თქმით, შიდსით დაავადებულები მედიკამენტებს უწყვეტად იღებენ და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. “საქართველოში მოქალაქეს ციხესა თუ მის გარეთ, უნივერსალურად მიუწვდება ხელი როგორც დაიგნოსტირებაზე, ისე მკურნალობასა და მედიკამენტების მიწოდებაზე. მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფასოა. ფაქტებს კიდევ ერთხელ გადავამოწმებ, შეიძლება, არსებობდეს ლოგისტიკური პრობლემა. ფინანსური და მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები შექმნილი არ არის. მით უმეტეს, ციხის გარეთ მყოფი ყველა პაციენტი მედიკამენტებს უწყვეტად იღებს”, - აღნიშნა ურუშაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. ამ დროიდან მოყოლებული შიდსის შემთხვევების ყოველწლიური მატება შეინიშნება, თუმცა 2000 წელს ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა. სპეციალისტების ინფორმაციით, ამის შემდეგ მატების ტენდეცია შენარჩუნებულია, მაგრამ შეზღუდული ხასიათის და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არა აქვს. ეპიდემიოლოგ ოთარ ჩუგოშვილის თქმით, შიდსის ახალი შემთხვევების გამოვლენა ყოველწილურად მზარდი ხასიათისაა, მაგრამ საქართველოში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.
შიდსის დავადებულთა დახამრების ცენტრის სოციალური მუშაკი გიორგი წოწკოლაურიც ფიქრობს, რომ საქართველოში შიდსის გამოვლენის შემთხვევების მატებაში საგანგაშო არაფერია და ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.
“ეს ჩვეულებრივი მატებაა, რომელიც ყოველ წელს ფიქსირდება - მოსახლეობას პანიკის საფუძველი ნამდვილად არა აქვს. ჩვენი ცენტრი ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვეულებრივი კონტაქტით შიდსი არ გადაიცემა. ამასთან, ჩვენი ცენტრის მიზანია ფსიქლოგიური დახმარება აღმოვუჩინოთ აივ ვირუსით ინფიცირებულებს”, - განაცხადა წოწკოლაურმა.
შიდსი დედამიწის ხუთივე კონტინენტის 213 ქვეყანაში გავრცელებული დაავადებაა. ინფიცირებულთა 90% განვითარებად ქვეყნებზე მოდის. აივ-ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ოფიციალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. თუმცა, რეალურად, ყველაზე მეტი ინფიცირებული, შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აფრიკის კონტინენტზე მოდის. მაგალითად, სუბსაჰარული აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის 30%-ია ინფიცირებული.