ქ. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო საზოგადოებასა შსს-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ შსს ადმინისტრაციისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს პროექტ „უსაფრთხო ქალაქის“ ფარგლებში დანაშაულის პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრას, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შს მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ზუგდიდში სამოქალაქო საზოგადოება და მედია ძალიან აქტიურია, რაც მათთან ურთიერთობას უფრო კომფორტულს ხდის. პროექტის ფარგლებში საზოგადოებასთან შეხვედრები საქართველოს რეგიონებში კვლავ გაგრძელდება და სულ ათ ქალაქში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას მმართველობის პროცესში და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის საზოგადოებაში ინფორმირებულობის ამაღლებას, ასევე დანაშაულის პრევენციას და თემისთვის აქტუალურ საკითხებზე რეაგირებას.