ახალი დეტალები აფრასიძეების საქმის გამოძიებაში

ახალი დეტალები აფრასიძეების საქმის გამოძიებაში

2004 წელს, 24 მარტს, სვანეთში, სოფელ ეცერში ,,ნაციონალურმახელისუფლებამ სამაგალითო სპეცოპერაცია ჩაატარა - დილით ადრე, მთელი საქართველო უყურებდა ფილმს ,,ბოევიკებზე”, სადაც მთავარ როლს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე ასრულებდა. ორი მოკლული, ერთი მძიმედ დაჭრილი, შოკისგან გარდაცვლილი მეზობელი ქალბატონი, მასიურ დაბომბვას და ტყვიების წვიმას სასწაულად გადარჩენილი დამფრთხალი, დაშინებული ბავშვები, რომელთა დედაც ფსიქიურად შეირყა, გადამწვარი სახლ-კარი, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოხუცი ქალი და ოთხი ბავშვი, ოც წლამდე პატიმრობაშეფარდებული ოჯახის გადარჩენილი მამაკაცები - ასე დამთავრდა ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელიცნაციონალებმაწარმატებულად მონათლეს... საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რომ სწორედ იმ დღიდან დაიწყო საქართველოს მოსახლეობის დაშინება-დაშანტაჟება... ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის გახსნის შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ მალე შესაძლოა, “აფრასიძეების საქმეცგაიხსნას. ამასთან, კულუარებში მუსირებს აზრი, რომ მთავარი პროკურატურა დღედღეზე პარლამენტს მიმართავს და გია ბარამიძისთვის იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვს... ,,ქართული სიტყვააფრასიძეების ადვოკატ ირმა ჭკადუას ესაუბრა, რომელიც ირწმუნება, რომ ,,არავის არაფერი შერჩება”...

 - ირმა, აფრასიძეების საქმის გააქტიურება წინასაარჩევნო ფაციფუცი ხომ არ არის?

- არა, ნამდვილად არა. 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა - შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რამდენიმე ათეული ადამიანიც დაიკითხა, მაგრამ ძიება შეჩერდა და ბოლო დროსღა გაგრძელდა. სულ რამდენიმე საგამოძიებო პროცედურაა დარჩენილი, რისი შესრულებაც კლიმატურ პირობებს უკავშირდება.

- რას ნიშნავსკლიმატური პირობები”?

- ახლა სვანეთში დიდი თოვლია. მართალია, სოფელ ეცერში აფრასიძეების ნამოსახლარიღაა, მაგრამ დღესაც მოიძებნება სამხილები და მტკიცებულებები, რაც გამოძიებას წაადგება. ვიმეორებ, რამდენიმე საგამოძიებო პროცედურა და აფრასიძეებზე თავდასხმის საქმე გახსნილად გამოცხადდება. სხვათა შორის, ეს საქმე, თავისი მასშტაბითა და რეზონანსულობით, ერთადერთი და უპრეცედენტოა, რადგან ყველას ახსოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც 2009 წელს, ,,რედისონ ბლუ ივერიის” გახსნისას, ყაზახი სტუმრების თანდასწრებით გააკეთა, ჩაცხრილვის ბრძანება მე გავეციო.

- ამ განცხადებამ საქმეში რა შეცვალა?

- რა და, გამოძიების ოფიციალური ვერსია თავდაყირა დააყენა. როგორც ხელისუფლება აცხადებდა, აფრასიძეები იმის გამო დახოცეს, რომ დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს და ძალოვანებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ აფრასიძეების ლიკვიდაციის ბრძანება თავად გასცა. ეს ქვეყნის პრეზიდენტმა ისე თქვა, რომ შეკითხვაც არავის დაუსვამს.

- ამ საქმის გამომძიებელი ბათუ საღინაძე ამტკიცებდა, რომ გატაცებული ლევან კალაძე და მარიამ გოგინაშვილი აფრასიძეებთან ცხოვრობდნენ.

- ბათუ საღინაძის მოსაზრებები არ დადასტურდა, თუმცა სპეცოპერაციის შემდეგ მთავარი პროკურორიც ამტკიცებდა, გათხრების შედეგად, აფრასიძეების საგვარეულო სასაფლაოზე ლევან კალაძისა და მარიამ გოგინაშვილის გვამები იპოვესო.

- საფლავების გათხრის შედეგად, ექსპერტიზამ სინამდვილეში, რა დაადგინა?

- ექსპერტიზამ არ დაადასტურა, რომ იქ კალაძისა და გოგინაშვილის გვამები იყო. საგვარეულო საფლავიდან ორმოცზე მეტი გვამი ამოიღეს, ტომარაში მოათავსეს და თბილისში ჩამოიტანეს. მოგვიანებით კი, ექსპერტიზის მერე, ეცერის მისასვლელთან დაყარეს - ისიც არ იკადრეს, რომ დაეკრძალათ. მოსახლეობამ დაასაფლავა.

რაც შეეხება აფრასიძეების გვამებს, მათ ექსპერტიზა არ ჩატარებია.

- ,,ნაციონალებიდა, განსაკუთრებით, გიორგი ბარამიძე, რომელიც მაშინ შს მინისტრი იყო და სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, დღემდე დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ეცერის სპეცოპერაცია კანონის ფარგლებში ჩატარდა. ამასთან, ბარამიძის თქმით, არაფერს ნანობს...

- “ნაციონალებთან” კანონზე, ზნეობასა და მორალზე ლაპარაკი ძალიან ძნელი იყო და ახლაც ასეა!

აფრასიძეების ეზოში ორი სახლი იდგა... სპეცრაზმელები ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, დაჭრილი ევგენი აფარასიძე შვილებმა შინ შეათრიეს, გოჩა აფრასიძემ ძმისშვილი, 10 წლის ბიჭი ფანჯრიდან, მეზობლის ეზოსკენ გადაისროლა... სახლიდან გოჩა და შმაგი აფრასიძეები გამოიყვანეს და ორღობესთან დააყენეს - ავტომატის ჯერით დაცხრილეს. ბრძოლის დამთავრების შემდეგ კი, ექიმმა ჩამოიარა და აღმოაჩინა, რომ ადიალაგადაფარებულ გოჩას პულსი ესინჯებოდა.

- გოჩა გადარჩა...

- ჯერ ქუთაისის და მერე, ციხის საავადმყოფოში გადაყვანილ გოჩა აფრასიძეს ახლო მანძილიდან ე.წ. შტიკ-ნოჟით ფილტვში შემავალი ორი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. დასკვნა ასეთია: გოჩას მიზანმიმართული დაზიანება განხორციელდა.

ამასთან, თავს დაესხნენ ქალებს და მცირეწლოვან ბავშვებს, ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა ორივე სახლის მიმართულებით, რის შედეგადაც, შიშის ნიადაგზე, მეზობელი ქალბატონი გარდაიცვალა. ევგენის სახლს ცეცხლი წაუკიდეს და ჯერ კიდევ ცოცხალი კაცი შიგ ამოიწვა.

აფრასიძეების რძალი, ინდირა ამ ამბის გამო ფსიქიურად დაავადდა - მისი ვაჟი ბაბუასთან იძინებდა ხოლმე და ეგონა, ისიც ბაბუასთან ერთად იწვოდა. სპეცრაზმელმა ქალი შინ არ შეუშვა... დღეს ინდირა ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტია - ხანდახან ოჯახში ბრუნდება, მაგრამ მისი მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ ბავშვებთან მისი ახლოს ყოფნა საშიშიცაა.

სროლა შეწყდა... სპეცრაზმელები ძარცვას შეუდგნენ - სახლიდან ტომრები გაიტანეს... გარდაცვლილ ომეხ აფრასიძეს გულზე ფეხი დააბიჯეს და ოქროს ჯაჭვი ისე ააგლიჯეს. თითიდან ბეჭედი რომ ვერ წააძვრეს, თითი მოაჭრეს. შემდეგ, შსს-ში ეს ოქროს ნივთები შმაგის აჩვენეს... ყველაფერ ამას, ბავშვთან ერთად, მთელი სოფელი უყურებდა... 80 წლის მოხუცი ქალბატონი ქუჩაში დარჩა ავადმყოფ რძალსა და ოთხ შვილიშვილთან ერთად. დაპატიმრებული გოჩა აფრასიძე ლამის დაბრმავდა, რადგან თვალზე ოპერაცია მანამ არ გაუკეთეს, ვიდრე ევროსასამართლოს წარმომადგენლებმა არ მიუთითეს.

- ირმა, თქვენი ვერსიით, ამ სპეცოპერაციის ნამდვილი მიზანი რა იყო?

- ვერ გეტყვით... ოჯახი არასოდეს უარყოფდა, რომ ომეხი ნასამართლევი იყო, მესტიაში ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა, ნარკოტიკებს მოიხმარდა და ხშირად მანქანაში ეძინა. მის დაკავებას, რეალურად, ორი პოლიციელიც ეყოფოდა. ერთი თვით ადრე, მასთან მოლაპარაკებებს ბატონი ვახტანგ ჯაფარიძე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე აწარმოებდა და ამ მოლაპარაკებებისას, ომეხი კალაძის საქმეში მონაწილეობას უარყოფდა.

ცოცხალი ომეხი არ სჭირდებოდათ - როგორც ჩანს, ვიღაცას სიმართლე არ უნდა გაეგო. ამიტომაც დაასწრეს და სპეცოპერაცია ჩაატარეს. აპირებდნენ, ამოეხოცათ აფრასიძეები და კალაძე-გოგინაშვილის საქმე გახსნილად გამოეცხადებინათ, თუმცა იმ აზრისგან, რომ კალაძის საქმე გახსნილია, შორს ვარ.

სვანებს სხვა ტრადიციები აქვთ, სხვაგვარი ადამიანური პატივისცემა იციან. ყაჩაღობაში, გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალი აფრასიძეების ოჯახის ერთ წევრსაც არ დასდებია. ომეხი ხულიგნობისთვის იყო ნასამართლევი. ევგენი აფრასიძე კი ისე მოკლეს და საკუთარ სახლში დაწვეს, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ დაფიქსირებულა.

- როგორც ვიცი, ეს საქმე ევროსასამართლომ განხილვაში მიიღო...

- დიახ, ევროსასამართლოში დევს საქმე - ,,აფრასიძეები საქართველოს წინააღმდეგ”, რომელშიც მოცემულია ფაქტები, თუ როგორ გაუნადგურა სახელმწიფომ მოქალაქეს კერძო საკუთრება და მოხუცი ქალი ოთხი ბავშვით ღია ცის ქვეშ, კომპენსაციის გარეშე დატოვა... დოდო აფრასიძე მეზობლის ძროხას უვლიდა, რათა ბავშვებისთვის, რომელთაც ბაბუა და ბიძა მოუკლეს, დაუპატიმრეს, დედა კი ამდენი უბედურებით ჭკუიდან შეიშალა, ერთი ჭიქა რძე მიეტანა...

- მიხეილ სააკაშვილის ზემოხსენებული განცხადების მერე, ევროსასამართლოში საჩივარი ხელახლა შეიტანეთ?

- როგორც კი სააკაშვილმა განცხადება გააკეთა, მისი გამოსვლა, როგორც აღიარებითი ჩვენება, საქმეს დავურთეთ და სტრასბურგის სასამართლოს ხელახლა მივმართეთ. პარალელურად პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოვითხოვეთ.

როგორ წარმოგიდგენიათ, აშშ-ის ან ევროპის რომელიმე პრეზიდენტმა მსგავსი განცხადება რომ გააკეთოს და აღიაროს, სპეცოპერაციის ბრძანება გავეციო, რაც დამნაშავის დაკავებას კი არა, მიზანმიმართულ განადგურებას ნიშნავს, რა მოხდება?

- ევროსასამართლოში სარჩელის შეტანის მერე დიდი დროა გასული. სათანადო რეაგირება კი ჯერ არ მომხდარა. რატომ?

- ევროსასამართლომ სარჩელი მიიღო, განიხილა და საქართველოს სახელმწიფო დაავალდებულა, რომ გოჩა აფრასიძისთვის სამედიცინო დახმარება გაეწია, რომელსაც მხედველობის შესანარჩუნებელი მკურნალობა სჭირდებოდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, სოზარ სუბარის მეცადინეობით, გოჩა კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

- მიხეილ სააკაშვილსა და სპეცოპერაციის ჩამტარებლებს მკაცრად ჩამოყალიბებული აზრი აქვთ. ადვოკატებს თუ გამოგხმაურებიან?

- სააკაშვილი არა, მაგრამ მისი გარემოცვა პრესით აჟღერებდა, აფრასიძეების ადვოკატებს კბილებში მოხვდებათო. იყო სატელეფონო და პირდაპირი მუქარებიც. ყველაზე დიდი ზეწოლა კი ის გახლდათ, რომ სასამართლო პროცესები არასწორად მიდიოდა - ჩვენი საჩივრები, პრაქტიკულად, არ კმაყოფილდებოდა.

ქუთაისის სასამართლომ კი, უპრეცედენტო განაჩენი გამოიტანა - აღნიშნული პირები დაცვის გარეშე დატოვა და ადვოკატების გარეშე გაასამართლა, ანუ აფრასიძეებსა და მათ ოჯახში მცხოვრებ რუსი ეროვნების პირს, ვოვა მურავიოვს, რომელიც მასპინძლებს დანაშაულში ამხელდა, ერთი სახაზინო ადვოკატი იცავდა. M

- მურავიოვი რას ამბობდა?

- ჩვენებაში წერდა, რომ აფრასიძეების სახლში ცოცხალი ლევან კალაძე და მარიამ გოგინაშვილი ნახა და სამართალდამცავებს ვითომ მათი სამარხიც აჩვენა.

- მურავიოვი ახლა სადაა?

- საპატიმროდან გათავისუფლდა.

- ისევ საქართველოშია?

- დიახ, საქართველოშია - წალკაში აფრასიძეებთან ცხოვრობს.

- რას ამბობთ? აფრასიძეებმა შეუნდეს?

- მურავიოვი მსხვერპლი იყო, აფრასიძეები ისეთი სისხლისმსმელები არ არიან, როგორც ამას ,,ნაციონალების” ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ მათი შიშით სვანეთში თითქოს ჩიტებიც ვერ დაფრინავდნენ. დიახ, შეუნდეს. დოდო ციხეში, როგორც ბიჭებს, ასევე, მურავიოვსაც აკითხავდა.

- მურავიოვს თქვენც შეხვედრიხართ?

- როცა პატრიარქმა რუსთავის კოლონიაში პატიმრები მოინახულა, უწმინდესს მეც ვახლდი და ვნახე მურავიოვი. სამოცი წლის მამაკაცია, საკმაოდ მხნედ გამოიყურება.

- განახლებულ გამოძიებაში ისევ ის პროკურორები ფიგურირებენ?

- არა... სულ სხვა პროკურორები გვპირდებიან, რომ განაჩენი მალე დადგება.

- როგორ ფიქრობთ, ირმა, მთავრობა მოტივირებულია, რომ ეს გახმაურებული საქმე გამოიძიოს?

- პროკურატურის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ეს  ის შემთხვევაა, როცა პროკურატურა მტკიცებულებების მოსაპოვებლად ყველა ხერხს მიმართავს.

- გამოძიებას მიხეილ სააკაშვილის ჩვენება დასჭირდება?

- მის დაკითხვას 2009 წლის მერე, როცა ოფიციალური ვერსია თავდაყირა დააყენა, ვითხოვთ. ვიმეორებ: სააკაშვილმა ამ თემაზე ლაპარაკი ისე დაიწყო, რომ შეკითხვა არავის დაუსვამს, მაგრამ ეტყობა, ეცერის ტრაგედია შინაგანად აწუხებდა და ლაპარაკი სპონტანურად დაიწყო. ვფიქრობ, უფალს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ადამიანები სიმართლემდე და დანაშაულს აღიარებინებს.

- გიორგი ბარამიძე ყველა ბრალდებას თავიდან იცილებს და ავადსახსენებელი კუბდარის ისტორია დღესაც ცუდ განწყობაზე აყენებს...

- დაახლოებით, ორმოცდაათი ადამიანია კუბდარის ამბის მომსწრე და თვითმხილველი. ხალხს ისიც კი ახსოვს, ბარამიძეს რა ეცვა, ხელებს როგორ იფშვნეტდა, მერე კი, ცეცხლზე ითბობდა. ბოლოს, იქვე შეკრებილთ გადახედა და თქვა, აქ კარგი კუბდარი და სულგუნი იცით, წადით და ახლავე მოიტანეთო.

- თავის დროზე ბარამიძე ამბობდა, აფხაზეთის ომის მერე, მთელი სვანეთი იარაღითაა გაძეძგილიო. აფრასიძეებს იარაღი ჰქონდათ?

- სისხლის სამართლის საქმეში აფრასიძეების წინააღმდეგ არც ერთი სახის იარაღი არ ფიგურირებს.

- არც სანადირო თოფი?

- არც სანადირო თოფი. საინტერესოა, რითი გაუწევდნენ წინააღმდეგობას?  შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების ქვედანაყოფების 1 200 კაცი და თორმეტი ვერტმფრენი ავიდა სოფელ ეცერში სპეცოპერაციის ჩასატარებლად. ადგილზე იყვნენ შს მინისტრი გიორგი ბარამიძე, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი. ოფიციალური მონაცემებით, ტამიშის ბრძოლებში მონაწილეობას რვაასი ადამიანი იღებდა. აფრასიძეების წინააღმდეგ კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. საქართველოში არსებული ყველა ძალოვანი სტრუქტურის დემონსტრირება მოახდინეს სოფელში, სადაც სულ თხუთმეტი ოჯახი ცხოვრობს...

- ოპერაციის მონაწილეთაგან მოწმის სტატუსით ვინმე დაიკითხება?

- აუცილებლად. გამოძიება, პრაქტიკულად, ადგილზე იყო გაყინული, ზღვა სამუშაოები ჩატარდა. სპეცოპერაციის დამთავრების მერე, სოფლის 16 წელს ზემოთ მამაკაცები სატვირთო ,,კამაზებში” ჩაყარეს და ზუგდიდში ჩაიყვანეს, საპყრობილეში შეყარეს და მათი დამუშავება დაიწყეს. ვინც ვერ დაითანხმეს, ნარკოტიკი ჩაუდეს, დაემუქრნენ, დააშანტაჟეს და გააფრთხილეს, მომხდარის შესახებ ის ეთქვათ, რასაც ეტყოდნენ.

- სპეცოპერაციის შემდეგ, სოფელი ვინმემ ხომ არ დატოვა?

- არა...

ციხიდან გამოსულ აფრასიძეებს გადამწვარი და გაუდაბურებული სახლ-კარის აღდგენა სურდათ, მაგრამ თითზე გადასახვევი არაფერი დარჩათ, სახლში ყველაფერი დალეწილია, ქვაბებიც კი დახვრეტილია, ჭურჭელიც. ტყვიამფრქვევებით “მუშაობდნენ”.

- სააკაშვილი ამ სპეცოპერაციას თავისი მოღვაწეობის ,,გმირულ ფურცლადმიიჩნევდა...

- ,,ნაციონალებს” ისეთი პიარი ჰქონდათ, რომ ასეთ რამეებს კარგად ,,ჰყიდდნენ” - ხალხი მათი ,,გმირობით” მონუსხული იყო. ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები კი, აღშფოთებას არ გასცდენიან. ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთი ტიპის სპეცოპერაციები და ყოველ მეორე ოჯახში პატიმარი, ან პრობაციონერი რომ ყოფილიყო ევროკავშირის ქვეყნებში, რა განწყობაზე იქნებოდა იქაური მოსახლეობა?!

- საპარლამენტო უმცირესობა დროდადრო ყიჟინას სცემს და კატეგორიულად მოითხოვს გახმაურებული საქმეების გამოძიებას...

- არა მარტო მოგვიწოდებენ, არამედ, გვასწავლიან კიდეც, თუ როგორ გამოვიძიოთ გახმაურებული საქმეები. ,,ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა სამართლიანობის აღდგენისა თუ დამკვიდრების პროცესს ხელს შეუწყობდა. მიმაჩნია, რომ თუ ეს კომისია არ შეიქმნა, მთავრობა ცუდად დაამთავრებს. მართალია, პოლიტპატიმრები აღიარეს, მაგრამ მათი უკანონო განაჩენების გადახედვა არ მომხდარა.

- აფრასიძეების საქმე ,,ნაციონალებისსახეა?

- რასაკვირველია. ამით დაიწყო ,,ნაცმოძრაობის” ტერორისტული აქტების განხორციელება საქართველოს მოსახლეობაზე, ქუჩური ომები, სახლებში ,,შევარდნები” და ნახევრად შიშველი ადამიანების დაპატიმრება. მართალია, მთავრობას მძიმე მემკვიდრეობა ერგო, მაგრამ დამნაშავეებთან კოჰაბიტაცია ქვეყანას და სამართალს არ წაადგება.

- რა სამართალი უნდა აღდგეს აფრასიძეების საქმეში?

- სწორად უნდა დაკვალიფიცირდეს, ეს მიზანმიმართული სპეცოპერაცია იყო თუ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადაჭარბება. ასევე, ლაპარაკია საკუთრების ხელყოფაზე.

- საქმის გარშემო ახალი გარემოებები გამოიკვეთა?

- ბევრი ახალი გარემოება და მოწმეცაა, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს.

- აფრასიძეები არ გაბოროტებულან?

- რომ გაბოროტებულიყვნენ, სხვა შედეგი იქნებოდა. იმაზე მეტი რა უბედურება უნდა დამართნოდათ, რაც დაემართათ? - ჯალათები და სისხლისმსმელები რომ ყოფილიყვნენ, შურს იძიებდნენ, მაგრამ გამოძიების შედეგებს მშვიდად და მოწიწებით ელიან.