პრეზიდენტი არჩევანის წინ - 28 კანდიდატი და 9 დღიანი ვადა

პრეზიდენტი არჩევანის წინ - 28 კანდიდატი და 9 დღიანი ვადა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 27 კანდიდატი პრეზიდენტს ავლაბრის სასახლეში ეწვია. კოტე კუბლაშვილის შემცვლელი გიორგი მარგველაშვილმა 28 კანდიდატიდან უნდა შეარჩიოს, თუმცა ერთი კანდიდატი - ანა დოლიძე პრეზიდენტთან გამართულ 14 თებერვლის თავყრილობას საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო - ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. თუმცა, დისკუსიამდე სიტყვით პრეზიდენტი გამოვიდა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით წარმოებული პროცესის მნიშვნელობაზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ისაუბრა.

„დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები, დემოკრატია არის ჩართულობა და საზოგადოების მონაწილეობა, როცა მოქალაქეები აყალიბებენ თავიანთ აზრს და თავიანთი აზრით და შეხედულებებით გავლენას ახდენენ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე - თანამონაწილეობენ სახელისუფლებო გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში“,- განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესმა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობა მეტად გააღრმავა.

მარგველაშვილის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ლოდის საკიდურია, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა და უწყების სტაბილურობა კი - სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტი.

„პოლიტიკოსები, ბუნებრივია, ყოველთვის ვართ დამოკიდებული მიმდინარე მოვლენებზე, ძალიან ხშირად დამოკიდებული ვართ საზოგადოებრივ აზრზე, მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, მაგრამ ის, რაც ასტაბილურებს ამ ძალიან ცვალებად გარემოებებს, რეალურად არის სასამართლო ხელისუფლება და ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რეალურად არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, - აცხადებს პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ კვირების განმავლობაში ყურადღებით ეცნობოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების იმ შეხედულებებსა და მოსაზრებებს, რომლებსაც ისინი მედიის მეშვეობით ავრცელებდნენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ერთ-ერთია იმ 28 კანდიდატიდან, ვისაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს. ჟურნალისტებთან საუბრისას იგი ყურადღებას სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე ამახვილებს.

„მთავარია ის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სასამართლოს დამოუკიდებლობა. მისი დაცვა ყოველგვარი ზეგავლენებისგან - პოლიტიკური იქნება თუ სხვა, ისევე როგორც ზრუნვა იმისთვის, რომ მოსამართლეთა კორპუსმა ეს თავისუფლება ბოროტად და მართლმსაჯულების ინტერესების საზიანოდ არ გამოიყენოს. მთავარი იქნება ასევე ის, რომ სასამართლო იყოს მოწოდებული იმისკენ, რომ უზრუნველყოს ბალანსი ინდივიდუალურ და საჯარო ინტერესებს შორის“, - აცხადებს ევა გოცირიძე.

სხვა კანდიდატებთან ერთად გოცირიძის კონკურენტია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, რომელიც ფიქრობს, რომ სასამართლოს რეფორმა დღეს სწორი მიმართულებით მიდის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მისაღწევად ტენდენციის ტრადიციად ქცევაა საჭირო.

„15 წელია სასამართლო სისტემაში ვმუშაობ. გავლილი მაქვს ყველა საფეხური და კარგად ვიცნობ ამ სისტემას. რა თქმა უნდა, ყველა კანდიდატი იტყვის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, ასევე უნდა შენარჩუნდეს ის მიღწევებიც, რაც აქამდე იყო. მაგალითად, სასამართლო კორუფციის გარეშე... რა თქმა უნდა, ჯერ არ გვაქვს საქართველოში ისეთი სასამართლო სისტემა, როგორიც მაგალითად საფრანგეთში ან დიდ ბრიტანეთშია. დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია საქართველოს არ ჰქონია, ამიტომ ვერავინ იტყვის, რომ 5 წელიწადში გაკეთდება დამოუკიდებელი სასამართლო - ამას სჭირდება პროცესი“,- აცხადებს ლევან მურუსიძე.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე კი, რომელმაც თანამდებობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკარგა და „მეამბოხე მოსამართლის“ სტატუსი მოიპოვა, უწყებაში ხელმძღვანლის თანამდებობით დაბრუნების შემთხვევაში, ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ეგიდით გააგრძელებს, ყოფილ კოლეგებს კი მათი მოღვაწეობის გათვალისწინებით შეაფასებს.

„ადამიანებთან მაღალი ეთიკური სტანდარტებით ვურთიერთობ და ეს დავამტკიცე კიდეც წინა წლების მოღვაწეობით. რაც შეხება ყოფილ კოლეგებთან ურთიერთობას, ეს დამოკიდებულია მათ სამოსამართლეო მოღვაწეობასთან - როგორ პირნათლად შეძლეს მათ მომსახურებოდნენ მართლმსაჯულების განხორციელების სერვისით ხალხს და ენდობა თუ არა მათ საზოგადოება“, - აცხადებს ნინო გვენეტაძემ.

მისივე განმარტებით იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სასამართლო რეფორმის ფარგლებში საკუთარი პოლიტიკის განხორციელების საქმეში მხარდაჭერის იმედიც აქვს. ამდენად, ფიქრობს, რომ საკუთარი გეგმის შესრულება არ გაუჭირდება.

პრეზიდენტის მიერ მისი კანდიდატურის პარლამეტში წარდგენის შემთხვევაში კოლეგა პარლამენტარების მხარდაჭერის იმედი აქვს დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს.

„საპარლამენტო უმრავლესობაში არის 87 დეპუტატი, ასევე არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქცია. შესაბამისად, მე წარდგენის შემთხვევაში, გამარჯვების მიღწევის იმედი ნამდვილად მაქვს“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

დეპუტატი განმარტავს, რომ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საკუთარი პროგრამის წარდგენის საშუალება ყველა კანდიდატს მიეცა. მისი შეფასებით, პრეზენტაციების დროს საინტერესოსთან ერთად ბევრი უინტერესო გამოსვლაც იყო. ქუცნაშვილი ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების პროგრამები არა მხოლოდ პრეზიდენტისთვის, არამედ, მთელი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა პროგრამით მოდის ესა თუ ის კანდიდატი. სხვა შემთხვევაში, ეს კარგი შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ვერ წარმოაჩენს სათანადოდ კანდიდატების პროგრამას. პრეზიდენტს უყალიბებს დამოუკიდებელ შეხედულებას, მაგრამ საზოგადოებას ამაზე წარმოდგენის ჩამოყალიბება გაუჭირდება“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

ავლაბრის სასახლეში გამართულ შეხვედრას ნაყოფიერად მიიჩნევს ქუცნაშვილის კოლეგა, ასევე პარლამენტარი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა შავგულიძე.

„გვქონდა გარკვეული დრო იმისთვის, რომ ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი აზრი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, უშუალოდ იმის შესახებ, რაში ვხედავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციას და რესურსს. ეს დაეხმარება პრეზიდენტს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება“, - აცხადებს შავგულიძე და განმარტავს, რომ პრეზიდენტის მიერ მისი კანდიდატურის დასახელების შემთხვევაში, ქუცნაშვილისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობისგან მხარდაჭერის დიდი იმედი არ აქვს.

კანდიდატების პროგრამების გაცნობის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს 9 დღე რჩება, გიორგი მარგველაშვილმა უზენესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პარლამენტს 23 თებერვლამდე უნდა წარუდგინოს. სწორედ, 23 თებერვალს იწურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კოტე კუბლაშვილის თავმჯდომარეობის ვადა.