12 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან ანგარიში მოისმინა. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მისივე თქმით, მთავრობის ნაბიჯები გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში სიტუაცია უკეთესობისკენ წავა.
ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის კანცელარიაში ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა, რომელმაც შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გამართა. როგორც ჩანს, ესეც გახდა მითქმა-მოთქმის საბაბი, რომ ვასაძეს ეკონომიკური გუნდის მინისტრის პორტფელს ჩააბარებენ. თუმცა ლევან ვასაძემ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლასთან დაკავშირებით. მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებების შესახებ, ინფორმაცია არ გააჩნიათ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს.
მთავრობის წევრებისგან განსხვავებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის ცვლილებაზე საუბრობენ ექსპერტები. სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს სამთავრობო კარუსელის დატრიალებას და ამის პარალელურად ეკონომიკის მინისტრის დაწინაურებას.
„არ გამოვრიცხავ რაიმე ტიპის კარუსელს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ დღევანდელი ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის იერარქიულ საფეხურზე დაწინაურებას. რას ნიშნავს ერთი საფეხურით მაღლა ასვლა, ეს საზოგადოებამ თავად განსაჯოს. შესაბამისად, კვირიკაშვილის შემცვლელის მოძიება საქართველოში არ უნდა გაჭირდეს, ისევე როგორც არც ერთი მინისტრი არ არის შეუცვლელი. როგორც ჩანს, საკუთარ სავარძელში ჯდომის ყველაზე ძლიერი გარანტიებით ე.წ. თავდაცვის მინისტრი გვეყოლება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს მთავრობა არის ის ორგანო, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განსაზღვრავს პოლიტიკას და არა ეკონიმიკის და ფინანსთა მინისტრი. მისივე თქმით, თუ რომელიმე სამინისტრო ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, პრემიერ-მინისტრმა უნდა გვითხრას რა დაავალა მან ამა თუ იმ სამინისტროს და რა ვერ გააკეთეს მათ.
„ამიტომ, საუბარი ეკონომიკური გუნდის ცვლილებებზე, ესეც არის შტამპი, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია არა ადამიანების ცვლილება, არამედ შეხედულება. მთავრობას არ გააჩნია პოლიტიკა, არ გააჩნია ხედვა. მერე რა, რომ ვიღაცას შეცვლიან, გასაგებია მათ უფლელებშია და შეცვლიან. შედეგი რა იქნება? - შედეგი იქნება ცოტა უარესიც. ცვლილებებს რაც მოჰყვება ვიცით, ქართულ სტილში იწყება გადალაგება, საკუთარი ხალხის და ძმაკაცების მოყვანა. შედეგი მაინც არაფერი არ იქნება.
დავუშვათ ლევან ვასაძე იყო მთავრობის კანცელარიაში, ვინმეს გაგიგონიათ მინისტრის ან სახელმწიფო მოღვაწის დონეზე საუბრობდეს ეკონომიკაზე ლევან ვასაძე? ლევან ვასაძე ბიზნესმენია და ღმერთმა წარმატება მისცეს. მაგრამ, როგორც სახელმწიფო მოღვაწე რა იქნება ეს ღმერთმა იცის. შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ლევან ვასაძე ეკონომიკის ან ფინანსთა მინისტრად ისეთივე კატასტროფა იქნება, როგორიც დღეს არის“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
მისივე თქმით, მთავრობის ცვლილებები ეს არის შიდა სამზარეულო, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს.
„პრემიერ-მინისტრს მრჩევლად ჰყავდა ვიღაც ჩხენკელი, რომელთა შესახებ არასდროს არავინ არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის რაღაცა ეკონომიკის საბჭოს ხელმძღვანელობდა. აქიდან რა შედეგი გამოვიდა, კი ვიცით. შეიცავალა რაიმე? - არაფერი. იმიტომ, რომ შერჩევის სისტემა რომელიც მთავრობაში არსებობს, განწირულია წინასწარ მარცხისათვის.
ცვლილებები აქ კეთდება ხუშტურის მიხედვით. სანამ არ დაანგრევს კაცი ყველაფერს, მანამდე მთავრობა ყრუა, არავის არ ესმის არაფერი. სანამ არ გადაბრუნდება ურემი, მანამდე ვინმეს ხელს არ მოკიდებენ. სხვა ცვლილებები ეს არის შიდა დაპირისპირები და რაღაცა უაზრო იწილო-ბიწილოს შედეგი. არანაირი საკადრო პოლიტიკა მთავრობის მეთაურს არ გააჩნია და იმიტომაც არ არის შედეგები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.