„ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ რუსეთი მზადაა, მიღწეული შეთანხმება შეასრულოს“

„ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ რუსეთი მზადაა, მიღწეული შეთანხმება შეასრულოს“

მინსკში მერკელის, პუტინის, პოროშენკოსა და ოლანდის მონაწილეობით გამართული „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვდრა, რომელიც დაახლოებით 16 საათს გრძელდებოდა, შეთანხმებით დასრულდა - უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვალს უნდა შეწყდეს.

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, შეთანხმებულ დოკუმენტში არის პუნქტი, რომელიც ყველა უცხოური შეიარაღებული ფორმირების მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვებას გულისხმობს. 

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ მინსკში გამართული შეხვედრის შედეგად მხარეებმა ყველა პირობაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს, დარჩა გარკვეული ასპექტები, რაც კვლავ შეუთანხმებელია, თუმცა, მოლაპარაკებები, საერთო ჯამში, წარმატებული იყო. 

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეფასებით კი „ახლა უკვე გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს ილუზიები“. მერკელის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რისთვისაც მხარეებს ბევრი მუშაობა მოუწევს. 

რამდენად არის მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან შეთანხმების პირობების დაცვა, ამ თემაზე საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე გვესაუბრება.

მინსკში მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების პირობების რუსეთისა და უკრაინის მიერ შესრულებას საფრანგეთი და გერმანია გააკონტროლებენ, მაგრამ რამდენად დაიცავს მოსკოვი შეთანხმებას, რა თქმა უნდა, პროგნოზირება ძნელია. თუ 2008 წლის .. სარკოზის შეთანხმებას გავიხსენებთ, რუსეთს მისი დარღვევა არ გასჭირვებია - რუსული სამხედრო ბაზები კვლავ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრშია განლაგებული. თქვენი შეფასებით, უკრაინის შემთხვევში შეიძლება რუსეთის ნდობა?

- ნებისმიერი ხელშეკრულების წარმატების გარანტია არის ორი რამ - ერთი - კეთილი ნება მხარეების და მეორე - რეალურად არსებული საერთაშორისო ძალა, რომელიც შეძლებს მის მონიტორინგს ადგილზე და შესაბამის ზეწოლას მოახდენს მხარეებზე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

უკრაინის, ისევე, როგორც საქართველოს შემთხვევაში, კეთილი ნება რუსეთის მხრიდან არ არსებობს. ისე როგორც სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში იყო, მონიტორინგის კუთხით სართაშორისო თანამეგობრობიდან წარმოდგენილია ეუთო. დარწმუნებული ვარ, მასაც არ მისცემს რუსეთი საშუალებას სრულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები. საერთაშორისო თანამეგობრობას კი არ გააჩნია თავისი კონკრეტული ძალები, რომ შეძლოს ამ შეთანხმების პირობების შესრულების უზრუნველყოფა.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საკმაოდ ნაკლებ პერსპექტიულია შეთანხმების იმ ნაწილის შესრულება, რომელიც რუსეთის ვალდებულებებს ითვალისწინებს.

ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის მორიგ სამიტზე აღარ განიხილება რუსეთის სანქციების საკითხი. სანქციების ექვსთვიანი ვადა მარტში იწურება და სავარაუდოდ, მისი გაგრძელების საკითხი დღის წესრიგიდან ამოვარდება. გამოდის, რომ საკმარისი აღმოჩნდა ის, რაზედაც პუტინი წამოიყვანეს მინსკში?

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პუტინის რეჟიმისათვის ძალზე არასასიამოვნო სიტუაცია მომწიფდა. ნელ-ნელა მტკიცდებოდა მხარდაჭერა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრებულიყო, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდანაც იზრდებოდა მზაობა და როგორც რესპუბლიკური პარტიის, ასევე დემოკრატების მნიშვნელოვანი ნაწილი ახმოვანებდა კონგრესში, რომ მომხრე იყო უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისა. ამიტომაც ამ ზეწოლამ მთლიანობაში მოახდინა გავლენა რუსეთის მხრიდან ამ  შეთანხმებაზე წასვლაზე. თუმცა, ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ რუსეთი მზადაა, მიღწეული შეთანხმება შეასრულოს. თავად შეთანხმებასაც რომ დავუკვირდეთ, ის არ ითვალისწინებს ყველა იმ პირობას, რომელიც საშუალებას მისცემდა საკითხის საბოლოო გადაჭრას. მერკელმაც აღნიშნა და ოლანდმაც, რომ ბევრ საკითხზე შეთანხმება, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს.

კარგია, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ კონფლიქტის დარეგულირების კუთხით წინსვლას ნაკლებად უნდა ველოდეთ, რადგან რუსეთის მხრიდან ასეთი ნება არ არსებობს. ადგილზე არ არსებობენ საერთაშორისო ძალები, რომლებიც რუსეთს ამ პირობების შესრულებას აიძულებს.

შეთანხმებაში საუბარია ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაზეც, რამდენად რელურია ამ პუნქტის შესრულება?

- ვადა გადაწეულია 2015 წლის ბოლომდე. ასეთი დაპირებები ბევრი გაუცია რუსეთს. 2008 წელსაც მოხდა მსგავსი რამ, როდესაც ე.წ. სარკოზის შეთანხმების თანახმად უნდა მომხდარიყო მხარეების უკანდახევა, შეიარაღებული ფორმირების, ტექნიკის გაყვანა კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, რაც რუსეთმა არ შეასრულა.

არ შეასრულა კი არა, გააძლირა კიდეც შეიარაღებული კონტიგენტი, ტექნიკა და ამ ტერიტორიებზე არც კი უშვებს საერთაშორისო დამკვირვებლებს.

უკრაინის შემთხვევაშიც, შეიძლება ითქვას, რომ ამ ხელშეკრულებით დრო მოიგო რუსეთმა, რომ საერთაშორისო ზეწოლა შეემსუბუქებინა. საბოლოო ჯამში, ძალიან მცირეა შანსი, რომ ხელშკრულება მთლიანად შეასრულონ.

მიზანი არის დესტაბილიზაციის მუდმივი კერების შექმნა უკრაინის ტერიტორიაზე, როგორც თავის დროზე, ეს გააკეთა საქართველოში. მიზეზი ცნობილია, რუსეთი ისწრაფის, ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ბერკეტების შენარჩუნებისკენ.

სწორედ შექმნილი დესტაბილიზაცია აძლევს რუსეთს საშუალებას, რომ გავლენა იქონიოს ამ ქვეყნებზე და ეს მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიმართ არ ხორციელდება, ანალოგიური სცენარი განმეორდა დნესტრისპირეთშიც. ეს ის ტაქტიკაა, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხშირად იყენებს რუსეთი, რათა თავისი ექსკლუზიური გავლენის ზონები შეინარჩუნოს.

თუ წამყვანი ქვეყნების ლიდერების განცხადებებს გადავხედავთ, დასავლეთი ცდილობდა, დათმობაზე წამოეყვანა რუსეთი, დაუწესა სანქციები, შემდეგ თანდათანობით გაუმკაცრა კიდეც, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უკრაინა ვერ დაიცვა - როგორ ფიქრობთ, ეს ვერ მოახერხა თუ არ მოახერხა დასავლეთმა?

- რუსეთთან ურთიერთობაში როდესაც გსურს რაიმე შედეგს მიაღწიო, აუცილებელია სტრატეგია და ერთიანობა. როდესაც ევროკავშირის ქვეყნებს განსხვავებული მიდგომები აქვთ, ამ შიდა დაყოფის ხაზებს პუტინი ძალზე კარგად ხედავს და იყენებს. როდესაც ასეთი ვითარებაა, რთულია, რაიმე ისეთი პოზიციის ჩამოყალიბება და მისი გრძელვადიანი განხორციელება, რომლის საფუძველზეც შეიძლება ხელშესახები შედეგი დადგეს. ეს ძალზე კარგად იცის რუსულმა მხარემ და ამიტომ ცდილობს, ეს დაყოფის ხაზები ევროპის სახელმწიფოებს შორის მაქსიმალურად გააღმავოს და საკუთარი მიზნები ამის ხაჯზე, შეუფერხებლად განახორციელოს. ასე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც - ვიდრე დასავლეთი ფიქრობდა, მან მოახერხა და დაიკავა რაც შეიძლებოდა, მეტი ტერიტორიები. სწორედ ამაშია პუტინის წარმატების საიდუმლო, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის არ არის იმ დონის ურთიერთობები, როგორიც უნდა იყოს.

შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთმა უკრაინა დათმო?

- ამას ვერ ვიტყვით, იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, უბრალოდ, შიდა შეუთანხმებლობა არის მიზეზი, რომ აქამდე პუტინი მეტ-ნაკლები წამატებით ახორციელებს საკუთარ გეგმებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყირიმზე საუბარიც კი აღარ არის. ფაქტობრივად, სუვერენული სახელმწიფოს დიდი ნაწილის ანექსირება მოხდა და ამ თემას აღარ იხსენებენ, რადგან პუტინი სხვა აგრესიულ ქმედებებზე გადავიდა - სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გამოსდის გეგმების განხორციელება.

თუ დასავლეთში არ იქნება ერთიანი პოზიცია და სტრატეგია, ჩემი პროგნოზით, ასეთი წარმატებული დესტრუქციული ქმედებები პუტინის მხრიდან კვლავაც გაგრძელდება. მინსკის შეთანხმებაც და აქამდე განხორციელებული მისი ქმედებებიც დიდი იმედების საფუძველს სამწუხაროდ, არ გვიტოვებს.

როდესაც უკრაინაში სიტუაცია ამ მიმართულებით მიდის, საქართველოს რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს?

- ჩვენი უსაფრთხოების მთავარი განმაპირობებელი არის ჩვენი შიდა პოლიტიკა, განვითარების ტემპი. ეს ეხება პირველ რიგში, დემოკრატიულ განვითარებას სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, უსაფრხოების განმტკიცებას.

უკრაინასთან შედარებით, ჩვენ გაცილებით ნაკლები რესურსი გვაქვს სამხედრო კუთხით და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაა - მაქსიმალური ზეწოლის უზრუნველყოფა აგრსორზე, რომ მან ეს აგრესია ვერ განახორციელოს.

ამიტომ, რამდენადაც მაღალი იქნება დემოკრატიული ღირებულებები, ჩავერთვებით საერთაშორისო მისიებში და ა.შ. იმდენად მაღალი იქნება საქართველოს აღქმა და მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

საქართველოში მიმდინარე პროცესების მონიტიორინგი მუდმივად ხდება, ჩამოდიან სხვადასხვა დონის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა.შ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ პრობლემებს, მათ შორის პროკურატურაში, სასამართლოში და საერთოდ, სამართლებრივ სისტემაში გასატარებელ რეფორმებს.

ასე რომ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ მუდმივად მიეწოდებათ ინფორმაცია და აისახება კიდეც მათ დამოკიდებულებაში. თუ გავითვალისწინებთ თავდაცვისუნარიანობას, უელსის სამიტზე ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული (ნატოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა საქართველოში). ეს ცენტრი არის ძალზე სერიოზული გზავნილი დასავლეთისგან და ნატოსგან საქართველოსთვის, რომ ის არ მიატოვებს საქართველოს და ნატოს მხარდაჭერა მის რიგებში საქართველოს გაწევრიანების საკითხის მიმართ იზრდება.

დღეს აწყობს თუ არა რუსეთს აგრესიის გამომჟღავნება საქართველოს მიმართ? ვიცით რა მისი დამოკიდებულება ნატოში გაწევრიანების მიმართ...

- პუტინის რეჟიმის მთავარი მიზანია შეინარჩუნოს ხელისუფლება და პოპულარობა. აქედან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, მისგან აგრესიულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ, მაგრამ დღესდეობით, უკრაინაში არსებული სიტუაციიდან და იმ ზეწოლიდან გამომდინარე, რაც საერთაშორისო თანამეგობრობიდან წამოვიდა, ისეთ აშკარა აგერსიას, რაც უკრაინაში დაფიქსირდა, უახლოეს მომავალში არ ველოდები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვლენების განვითარების მიხედვით, რუსეთის აგრესიულობა დაიკლებს და ამისთვის მზად არ უნდა ვიყოთ.

დღეს თუ არ არის ასეთი საფრთხე, ხვალ შეიძლება გაჩნდეს, ამიტომ მუდმივად უნდა ვეცადოთ ჩვენი დაცულობა მაქსიმალურად გაზრდილი იყოს.