„კითხვებს ბადებს არა მხოლოდ ეს ორი დანიშვნა, არამედ გარკვეული ცვლილებები გენშტაბში“

„კითხვებს ბადებს არა მხოლოდ ეს ორი დანიშვნა, არამედ გარკვეული ცვლილებები გენშტაბში“

„თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მისვლის ინიციატივით გამოდიან. ეს საკითხი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის წინაშე, პარლამენტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დააყენა და თანხმობაც მიიღო. როგორც ჩიქოვანმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, თავდაცვის უწყებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს საკადრო პოლიტიკასთან, ასევე თუ რატომ ჭიანურდება ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაცია. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს კომიტეტის სხდომაზე, სავარაუდოდ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის შემდეგ მოუსმენენ. 

რა ხდება თავდაცვის სამინისტროში და რატომ ჭიანურდება ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაცია? ამ საკითხებზე for.ge ირაკლი ჩიქოვანს ესაუბრა.

საკადრო პოლიტიკისასთან ერთად, კითხვები გაქვთ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის ვადებთან დაკავშირებით. საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება დარჩა მისაღები, რომელიც ადგილმდებარეობას ეხება. როგორ ფიქრობთ, რატომ ჭიანურდება ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება? 

- ვიცი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ახლა საჭიროა მოქმედება და ვხედავთ, რომ ეს მოქმედება ყოვნდება. თავდაცვისა და უშიშროების კიმიტეტის სხდომაზე, რომელიც სხვადასხვა საკითხებს უკავშირდებოდა, დავაყენე საკითხი, იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომელთა შესახებ საზოგადოების ფართო წრეებში არსებობს ბევრი კითხვა მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე აუცილებელი იყო პასუხის მიღება. კომიტეტის სხდომაზე შევთანხმდით, რომ ჩვენ მოვიწვევდით სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, რომელთანაც ვისაუბრებდით ამ თემასთან დაკავშირებით.

ასევე, მე მქონდა სურვილი, რომ გვესაუბრა სხვა საკითხებთან მიმართებაში, კერძოდ, რა ეტაპზეა ინტენსიური პაკეტის შესრულების მიმდინარეობა ნატოსთან. ჩვენ გვაინტერესებს რატომ ვერ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ნატოს ცენტრთან მიმართებაში, არის თუ არა ამის დამაბრკოლებელი ფაქტორები, რა უზრუნველყოფა სჭირდება, მზად არის თუ არა ამ უზრუნველყოფისათვის თავდაცვის სამინისტრო და რა გადაწყვეტილებებია მისაღები იმისათვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და სწრაფად წარიმართოს. საზოგადოებში რა ინფორმაციაც გამოდის, გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს მხოლოდ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, სხვა პრობლემები არ არსებობს, მაგრამ რატომ არ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, სწორედ ეს მაინტერესებს.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, გადაწყვეტილება არ არის შეჩერებული, მხოლოდ ცენტრის განთავსების ადგილი არ არის ჯერჯერობით შერჩეული. ამდენ დროს საჭიროებს ადგილმდებარეობის შერჩევა?

- მე არ ვიცი, რა არის ეს შემაფერხებელი გარემოება. არის საკითხები, რომელიც შეიძლება ფართო განსჯის და დებატების თემა არ იყოს. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი დახურულ სხდომაზე უნდა მოვისმინოთ. თავდაცვის სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს იმის სურვილი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ღია ეთერში არ ისაუბროს. იმიტომ, რომ სამხედრო საკითხები, ხშირ შემთხვევაში, არის საიდუმლო. მაგრამ, მაინტერესებს, არის თუ არა რამე შემაფერხებელი გარემოება. ეს გარემოება არის უშუალოდ შიგნით სამინისტროში, თუ სამინისტროს გარეთ? თავს უფლებას არ მივცემ ამ თემაზე სპეკულაცია დავიწყო, მაგრამ ერთი რაც გვესმის თავდაცვის სამინისტროსგან, გახლავთ ის, რომ გადაწყევტილება არის მისაღები ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, სწორედ ეს მაინტერესებს რატომ არ იღება ეს გადაწყვეტილება და ამის მიხედვით გავაკეთებთ კომენტარს.

პროცესს რამდენად ავნებს ვადებში ამ საკიხის გაჭიანურება, მითუმეტეს, რომ ამ ცენტრის მნიშვნელობაზე საუბრობს ნატო-ს გენერალური მდივანი...

- ამ თემაზე სპეკულაციას არ დავიწყებ, რადგან ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნისათვის. მე მაქვს კითხვა, მაინტერესებს ვადები, გადაწყვეტილების მიღების ფორმები, საჭიროება და უზრუნველყოფის მექანიზმები - ამ საკითხებთან დაკავშირებით მაქვს თავდაცვის სამინისტროსთან შეკითხვა. როდესაც მივიღებ ამ კითხვებზე პასუხებს, ამის შემდეგ შემეძლება შეფასება, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები. როდესაც ვხედავ ჩვენი დასავლელი და ნატოელი პარტნიორის მხრიდან მზაობას, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს, მაქვს სურვილი, რომ ქართული მხრიდანაც ოპერატიულად იქნას გადაწყვეტილება მიღებული.

ბოლო დღეების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები საზოგადოების ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც მიღებული იქნა რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება საკმაოდ მძიმე ბრალდებებს. როგორია თქვენი შეფასება ამ საკითხებთან დაკავშირებით?

- ვცდილობ ძალიან ფრთხილი ვიყო თავდაცვის სამინსიტროს მუშაობის შეფასებისას. ვინაიდან, მე ვარ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და იმ უწყებას ხელმძღვანელობდა ჩვენი პარტიის ლიდერი. მაგრამ, ერთი რამ თავისთავად ცხადია - ის, რომ გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და შემდეგ, უკვე, ეს გადაწყვეტილებები უკან იქნა წასაღები, დადებითად არ მეტყველებს საკადრო გადაწყვეტილებების პროცესზე, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს.

იმედს ვიტოვებ და საზოგადოების ძირითადი ნაწილის მოლოდინიც ის არის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება, საკმაოდ მძიმე ბრალდებებია და ამ მძიმე ბრალდებებს სჭირდება პასუხის გაცემა. დაველოდოთ, ადამიანები თვითონ ითხოვენ გამოძიებას და გამოძიებამ დააგინოს. თუმცა, სამწუხაროა, რომ ორი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ასეთ გახმაურებულ საკითხებზე ობიექტური გამოძიება ჩატარებულიყო.

ფაქტია, რომ საკადრო ცვლილებები შეეხო მთელ სტრუქტურას და როგორც ირკვევა, გადაწყვეტილებები მიიღება ახალი მინისტრის ნაცნობ-მეგობრობის პრინციპიდან გამომდინარე...

- ამ საკითხებს და ამ დეტალებს ჩვენ ვსწავლობთ და ზუსტად ამ თემებზე გვექნება საუბარი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, როდესაც ჩვენ შეხვედრა გვექნება საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში. მანამდე წინასწარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მგრძნობიარე თემაა, რადგან ეხება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები საზოგადოების ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც მიღებული იქნა რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება მძიმე ბრალდებებს. ვგულისხმობ თეთრაძის საქმეს, ფოტოგრაფების საქმეს. ადამიანები, რომლებიც ამ საქმეებში მონაწილეობდნენ, როგორც მინიმუმ, გამომძიებლები, დანიშნულ იქნენ თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე. ეს იყო არასწორი, გაუაზრებელი გადაწყვეტილება. ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს ბევრი კითხვა და ბრალდება ამ ადამიანების მიმართ, სანამ მათ გაეცემათ პასუხი, ეს ცვლილება არ უნდა მომხდარიყო.

თუმცა, კითხვებს ბადებს არა მხოლოდ ეს ორი ან სამი დანიშვნა, არამედ გარკვეული ცვლილებები გენშტაბში. ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ ამ საკითხებს, გვაინტერესებს ეს არის ერთიანი მთლიანი საკადრო პოლიტიკის ნაწილი, მიზანმიმართული უფრო დიდი გეგმებისთვის, თუ ეს არის განპირობებული ახალი მინისტრის გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე. ასეთი საკადრო გადაწყვეტილებები სისტემას არ წაადგება.