პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის მოლოდინშია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი განაწყენებულია, უმრავლესობაში განხეთქილებაა და შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანომ კონსტანტინე კუბლაშვილის შემცვლელი ვერ აირჩიოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეზე განაწყენებული 19 დეპუტატი 23 თებერვლამდე პოზიციას არ შეიცვლის და უწყებაში წარდგენილ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.
უმრავლესობის 19 წევრმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და მათ დავით საგანელიძე დაადანაშაულეს, რომ პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციების თაობაზე მათ ინფორმაცია არ მიაწოდა. დეპუტატების შეფასებით, მათთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა მიუღებელია.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა. უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ - დიმიტრი ხუნდაძე, მირიან წიკლაური, დავით ლორთქიფანიძე, ელისო ჩაფიძე, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, სოსო ჯაჭვლიანი, ვალერი გელაშვილი, ზვიად ზვიადაური, თენგიზ ხუბულური, თეიმურაზ ჩხაიძე, კარლო კოპალიანი, დემურ ბაშალეიშვილი, დარეჯან ჩხეტიანი, გოგი ქავთარაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ომარ ნიშნიანიძე და ვიქტორ ჯაფარიძე.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული განცხადება გავრცელდა, პრეზიდენტი საგანელიძეზე განაწყენებულა, ვინაიდან, მასთან კონსულტაციები სწორედ უმრავლესობის სახელით გაიმართა. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ქვეყნის პირველი პირმა დაზუსტება მოითხოვა, საგანელიძე მასთან ვისი მანდატით მივიდა.
თავად საგანელიძე აცხადებს, რომ ის მარგველაშვილთან სწორედ უმრავლესობის სახელით მივიდა, საგანგებო განცხადება კი, ზაქარია ქუცნაშვილმა მოამზადა, რომელმაც 19 დეპუტატს დოკუმენტზე ხელი მოაწერინა.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, ქუცნაშვილი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს, თუმცა, რას თავადაც არ იცის. საგანელიძის მტკიცებით, მან პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციების შედეგები ფრაქციის ხელმძღვანელებს, კომიტეტების თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებს გააცნო, მისი ვალდებულება კი არ არის, რომ 90 დეპუტატს სათითაოდ ელაპარაკოს.
„ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, უმრავლესობის წევრებმა ამ საკითხზე თურქეთში ვისაუბრეთ. ორი დღის მანძილზე, რაც თურქეთში ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ დასმულა. ზაქარია ქუცნაშვილისგან თავხედურად ნათქვამი მოვისმინე, რომ უმრავლესობის ლიდერი საკუთარ თავს უფლებას აძლევს და პრეზიდენტს უმრავლესობის სახელით ესაუბრება. პრეზიდენტთან ჩემს მიერ მოლაპარაკებების წარმართვა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ამის შემდეგ, ე.წ. უმრავლესობის ბიუროსთან რამდენიმე შეხვდერა მქონდა, სადაც ყველა დეტალი და ნიუანსი გავიარეთ. მზად ვარ, ყველას ვისაც კითხვა აქვს, პასუხი გავცე, მაგრამ ვალდებული არ ვარ, შვიდივე ფრაქციას ცალ-ცალკე ვესაუბრო და 90 დეპუტატის მოსაზრება ერთ მოსაზრებამდე დავიყვანო. პრეზიდენტთან საუბრის ლეგიტიმაცია ყველასგან მქონდა და თუკი ეს ლეგიტიმაცია ქუცნაშვილს არ მოეწონა, კითხვა ფრაქციის თავმჯდომარეს, გია ვოლსკის დაუსვას“, - განაცხადა საგანელიძემ.
უმრავლესობის ლიდერის მოსაზრებით, უმრავლესობის სახელით დაწერილი განცხადება ქუცნაშვილმა დაწერა, რომელზედაც ხელი 19 დეპუტატს მოაწერინა.
„განცხადებაში განსაკუთრებული არაფერი წერია. ნათქვამია, რომ კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს და არც ირღვევა. აღნიშნულ კრიტერიუმებზე საუბარი სამი კვირაა მიდის და მაინტერესებს, ამ 19 ადამიანმა საკუთარი პოზიცია აქამდე რატომ არ დააფიქსირეს? ქუცნაშვილი ახალგაზრდა კაცია და მას მეტი დაფიქირება, თავშეკავება, გუნდურობა და სიტყვების მოზომვა მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მან ცხოვრებაში ცხვირი წაიმიტვრიოს. ქუცნაშვილი ყოველთვის ცდილობს დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს, მაგრამ რას თამაშობს, თვითონაც არ იცის“, - აცხადებს საგანელიძე, რომელსაც თავის მხრივ ზაქარია ქუცნაშვილიც აკრიტიკებს.
for.ge-სთან საუბარში ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. უმრავლესობის ლიდერი თავს ვალდებულად არ მიიჩნევს, რომ უმრავლესობაში შემავალ 90 დეპუტატს ელაპარაკოს.
დეპუტატის თქმით, უმრავლესობის წევრების პრეტენზიაც სწორედ საგანელიძის ამ დამოკიდებულებას ეხება.
„საგანელიძეს სურს, რომ ის ჩვენი ლიდერი და წარმომადგენელი იყოს, მაგრამ ის ამბობს, რომ ვალდებული არ არის, უმრავლესობის ყველა წევრს ელაპარაკოს, რაც მისი მართვის მცდარ მიდგომაზე მიანიშნებს. როგორც ჩანს, ის საქმის კურსში მხოლოდ ბიუროს წევრებსა და პოლიტსაბჭოს აყენებს და 87 დეპუტატის სეგრეგაციას ახდენს, რომ თითქოს, ვიღაც პირველი კლასის დეპუტატია, ვიღაც მეორე კლასის და ვიღაც არცერთი კლასის დეპუტატში არ შედის. საგანელიძე ამაყობს, რომ არ არის ვალდებული უმრავლესობაში შემავალ დეპუტატებს ელაპარაკოს და ხელს გია ვოლსკის ახოცავს. თურმე, ვოლსკის ბრალია, რომ ის ჩვენ არ გველაპარაკება. დავით საგანელიძის ადგილი არავის უნდა და არავის უთქვამს, რომ დათმოს მოლაპარაკების წარმეობის უფლება, მაგრამ მას არ აქვს იმის უფლება, რომ 87 დეპუტატთან შეუთანხმებლად მოლაპარაკებები აწარმოოს და არასწორი განცხადება გააკეთოს“, - აცხადებს ქუცნაშვილი.
for.ge იმის გარკვევას შეეცადა, საგანგებო განცხადებაზე დეპუტატებმა ხელი მართლაც ქუცნაშვილის ძალდატანებით მოაწერეს თუ არა, რაზეც დეპუტატი დავით ლორთქიფანიძემ განგვიცხადა, რომ ის დოკუმენტის შინაარს და პათოსს ეთანხმება და განცხადებას ხელი საკუთარი სურვილით მოაწერა.
„იძულებაზე საუბარი ზედმეტია. ჩემი კოლეგებიც ასე ფიქრობენ, რადგან მათ განცხადებას ხელი საკუთარი სურვილით მოაწერეს. ფრაქციის თავმჯდომარეებზე ისრის გადაწევა ხდება, მაგრამ თუკი უმრავლესობის წევრებს არ გვესაუბრებიან, ეს ძალიან პრობლემურია“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.
მმართველ გუნდში განხეთქილების ნაპრალს ხედავს „თავისუფალი დემოკრატი“ გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტს ვისი კანდიდატურაც არ უნდა შესთავაზოს, ის ფიასკოსთვის განწირული იქნება. დეპუტატის თქმით, კანდიდატის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, უმრავლესობაში გაურკვევლობაა, რაც ზოგადად, ამ პროცესს აზიანებს.
„უმრავლესობამ დამნაშავე თავის თავში უნდა ეძებოს, მაგრამ ფაქტია, რომ უხერხული ვითარება შეიქმნა და უხერხულ მდგომარეობაში პრეზიდენტიც ჩააყენეს. მან პარლამენტს ვისი კანდიდატურაც არ უნდა შესთავაზოს, ის ფიასკოსთვის იქნება განწირული და სასამართლო სისტემაში ხელმძღვანელად მეიშვილს მივიღებთ, რომელმაც ფაქტიურად სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.