მინსკის სამიტის შედეგები

მინსკის სამიტის შედეგები

უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს საგზაო რუკას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. შეთანხმება მოჰყვა მინსკში გამართულ შეხვედრას, რომელმაც 16 საათზე მეტხანს გასტანა.

მინსკის სამიტის შედეგებზე საუბრისას, პირველ რიგში ასახელებენ შეთანხმებას 15 თებერვალს აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის ამოქმედების შესახებ, თუმცა მიღწეულია შეთანხმება კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, დაპირისპირებული მხარეების მიერ მძიმე შეიარაღების გატანისა და უსაფრთხოების ზონის შექმნის შესახებ.

სამიტის მონაწილეებმა - უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა - მთელი ღამე იმუშავეს, ვიდრე 12 თებერვლის დილას გავრცელდებოდა ინფორმაცია შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შეხვედრის დროს ულტიმატუმებს არ დაჰყოლია.

„მოლაპარაკება ძალიან ხანგრძლივი იყო, 18 საათზე მეტი მოიცვა. შეიძლება ვთქვათ, რომ პირველ ეტაპზე წარმოგვიდგინეს მრავალი მიუღებელი [პროექტი] ძალების გაყვანაზე, თავის დანებებაზე და ა.შ. ჩვენ არც ერთ ულტიმატუმს არ დავყევით და მივაღწიეთ უახლოეს ხანში ზავის გამოცხადებას“, - ეს სიტყვები წარმოთქვა პოროშენკომ მინსკში მოლაპარაკების მარათონის დასრულების შემდეგ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ასე განმარტა შეხვედრის ხანგრძლივობის მიზეზი:

„რატომ გაგრძელდა ასე დიდხანს საკითხებზე შეთანხმება? ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ, სამწუხაროდ, კიევის ხელისუფლება აქამდე უარს ამბობს პირდაპირ კონტაქტზე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებთან. მიუხედავად იმისა, რომ აღიარებული არ არიან, საჭიროა ცხოვრების რეალობისთვის ანგარიშის გაწევა. და თუ ყველას სურს მოლაპარაკება, ურთიერთობის განსაზღვრა გრძელვადიანი შეთანხმების საფუძველზე, საჭიროა პირდაპირ კონტაქტზე წასვლა“.

ცნობების თანახმად, შეთანხმებას ხელი მოაწერეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის მხარდამჭერი სეპარატისტების ლიდერებმაც. უკრაინის ეს ოლქები პუტინმა „სახალხო რესპუბლიკებად“ მოიხსენია.

მინსკის სამიტის კიდევ ორმა მონაწილემ - გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნეს, რომ პუტინმა მოახდინა ზეწოლა სეპარატისტებზე, იგორ პლოტნიცკისა და ალექსანდრ ზახარჩენკოზე, დოკუმენტზე ხელმოწერის მოთხოვნით.

თუმცა მერკელი აღნიშნავს, რომ ილუზიები არა აქვს:

„თუ ავწონ-დავწონით, შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც ახლა მივაღწიეთ, გაცილებით მეტ იმედს იძლევა, ვიდრე არაფრისთვის რომ მიგვეღწია. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამ ინიციატივამ გაამართლა, რომ ბოლოს პრეზიდენტმა პუტინმაც მოახდინა ზეწოლა სეპარატისტებზე და ისინი თანახმა არიან, შაბათს 24 საათიდან - ეს იგივეა, რაც კვირას 0 საათიდან - ცეცხლი შეწყდეს. მე არა მაქვს ილუზიები, ჩვენ არა გვაქს ილუზიები! ვაცნობიერებთ, რომ კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. მაგრამ არსებობს რეალური შანსი ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად“.

რეალობის უკეთესობისკენ შესაცვლელად, მინსკის სამიტზე შეთანხმდნენ უკრაინის ტერიტორიიდან ყველა უცხოელი სამხედროს გაყვანაზე. ეს პუნქტი (და არამარტო ეს პუნქტი) კითხვის ნიშანს აჩენს: რუსეთი არ აღიარებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მისი ჯარისკაცები იბრძვიან. შეთანხმებაში გათვალისწინებულია ასევე დაპირისპირებული მხარეების ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლება სამი კვირის განმავლობაში. შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს ყველაზე ცნობილი ტყვე - უკრაინელი მფრინავი ქალი, ნადია სავჩენკო, რომელიც რუსეთის ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი: 2015 წლის მიწურულამდე უკრაინა კონტროლს აღადგენს რუსეთთან საზღვარზე.

საგანგებო სტატუსი უნდა იქნეს გათვალისწინებული. ჩვენ მზად ვართ ის შევიმუშაოთ დეცენტრალიზაციის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩარჩოში, რაც მთელ უკრაინას შეეხება...

პოროშენკო აცხადებს, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი არ ითვალისწინებს ავტონომიას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისათვის, თუმცა ითვალისწინებს მათ „საგანგებო სტატუსს“.

„საგანგებო სტატუსი უნდა იქნეს გათვალისწინებული. ჩვენ მზად ვართ ის შევიმუშაოთ დეცენტრალიზაციის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩარჩოში, რაც მთელ უკრაინას შეეხება. ჩვენ არ დავთანხმებივართ რაიმე წინადადებას ფედერალიზაციის ან რაიმე მსგავსის შესახებ. არ იქნება არც ფედერაცია და არც ავტონომიები“, -განაცხადა მინსკში შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა.

12 თებერვლის შეთანხმება ჩაენაცვლება დოკუმენტს, რომელიც მინსკშივე გააფორმეს შარშან სექტემბერში და რომლით განსაზღვრული პირობებიც წამდაუწუმ ირღვევა. ორივე მხარეს დაიღუპა ასობით მებრძოლი. გერმანიის კანცლერის შეფასებით, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წუხელ ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო, უკრაინაში სისხლისღვრის შესაჩერებლად.

შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტმა 5 350-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.