„თავდაცვის სამინისტროში ზუმბაძე და დალაქიშვილი ჯანელიძის მიერ დაინიშნენ და ბატონო პრემიერო, ჩამონათვალი გავაგრძელოთ?“

„თავდაცვის სამინისტროში ზუმბაძე და დალაქიშვილი ჯანელიძის მიერ დაინიშნენ და ბატონო პრემიერო, ჩამონათვალი გავაგრძელოთ?“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრს აქებს, საპარლამენტო ოპოზიცია კი, მინდია ჯანელიძეს მკაცრად აკრიტიკებს და საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. კანონმდებლებს მინდია ჯანელიძესთან კითხვები თავდაცვის სამინისტროში გატარებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით აქვთ, პრემიერი კი პირიქით, მინისტრს საკადრო პოლიტიკას უწონებს და მას ახალისებს კიდეც.

ღარიბაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროში დავით კეზერაშვილისა და ბაჩო ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა.

„როცა მინდია ჯანელიძე მინისტრად დაინიშნა, მან უწყებაში საკადრო ცვლილებები გაატარა. მინდია ჯანელიძის მიმართ ნაციონალებისგან და კოალიციის ყოფილი წევრებისგან ამხელა აგრესია სწორედ ამიტომ მოდის“, - დასძენს ღარიბაშვილი, რომლისგან განსხვავებითაც უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ სამინისტროებიდან ხალხი პოლიტიკური ნიშნით არ უნდა დაითხოვონ.

როგორც for.ge-ს საგანელიძემ განუცხადა, ყველა ადამიანს აქვს უფლება რომელ პარტიაშიც უნდა, იქ იყოს და ისინი ამის გამო საჯარო სამსახურიდან არ უნდა გაუშვან. მისი თქმით, თუკი საჯარო მოხელეები იმ საქმეს პარტიული ნიშნით წყვეტენ, რომელიც მათ ევალებათ, მაშინ რა თქმა უნდა, ასეთი კადრები მოსაცილებელია.

„თუკი თავდაცვის სამინისტროში თუნდაც ის კადრები იყვნენ, რომლებიც ნაციონალების ინტერესებს ემსახურებოდნენ და არა ქვეყნის ჯარის გაძლიერებას, მაშინ ისინი გასაშვები არიან“, - აღნიშნავს საგანელიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი, პრემიერის პოზიციას იზიარებს.

კანონმდებელი აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებების დისკრიმინაცია ხდება, როდესაც ესა თუ ის პარტიები ძალოვან სამინისტროებში კრიმინალების მუშაობაზე საუბრობენ.

კობახიძის განცხადებით, არ შეიძლება, ძალოვან უწყებებთან დაკავშირებით, მიზანმიმართული ქმედებები ხორციელდებოდეს.

„ეს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრხოებას აზიანებს. ძალოვან უწყებებზე სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა დგას. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, კარგი იქნება თუკი უწყებებში მიმდინარე პროცესებზე მინისტრები მკაფიო განცხადებებს გააკეთებენ. თუკი რომელიმე მაღალჩინოსანს რომელიმე საქმეში ბრალი მიუძღვის, ეს უნდა იყოს დადასტურებული სასამართლოს მიერ და არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. არ შეიძლება, ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიოთ, რადგან როდესაც განცხადება კეთდება, რომ თავდაცვის სამინისტროში კრიმინალები მუშაობენ, ეს შეტევაა სწორედ ძალოვან უწყებებზე“ - დასძენს კობახიძე, რომელსაც ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ახსენებს, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმცია არასოდეს დაურღვევიათ.

for.ge-სთან საუბარში ჩიქოვანი აცხადებს, რომ როდესაც, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრი იყო, უწყების თანამშრომლები რომელიმე მინისტრის ერთგულებით კი არ ფასდებოდნენ, არამედ იმით საკუთარ სამშობლოს როგორ ემსახურებოდნენ. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გენისპექციის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძე და გიორგი დალაქიშვილი თავდაცვის სამინისტროს რიგითი თანამშრომლები არ იყვნენ და მათ მიმართ კითხვების არსებობა არავის არ უნდა გაუკვირდეს.

„როდესაც, საზოგადოების მხრიდან კითხვები ჩნდებოდა, ირაკლი ალასანია მზად იყო, რომ ქმედითი ზომები გადაედგა, როგორც ეს სერგო თეთრაძის შემთხვევაში მოხდა. ირაკლი ალასანიას ვერავინ დააბრალებს, რომ ის საკადრო დანიშვნებთან დაკავშირებით რაიმე ფორმით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა. რაც შეეხება მიმდინარე დანიშვნებს, ნურავის უკვირის, რომ კითხვები არსებობს. უდანაშაულობის პრეზუმციაზე ნუ აპელირებენ, რომელიც „თავისუფალ დემოკრატებს“ არასოდეს დაურღვევიათ“, - აცხადებს ჩიქოვანი, რომლის პოზიციაზე მისი თანაგუნდელი გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც პრემიერს მისი ხელმძღვანელობის პირობებში მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს ახსენებს და ურჩევს, საკუთარ ცოდვებს სხვას ნუ გადააბრალებს.

როგორც for.ge-ს ცაგარეიშვილმა განუცხადა, „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ პრემიერის მხრიდან ძალიან არასერიოზული განცხადება გაკეთდა. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში, ღარიბაშვილი იმით არის დაკავებული, რომ თავის უნიათობა და ამ უნიათობის შედეგები სხვა ადამიანებს გადააბრალოს და ეს ცოდვად კოალიციის ყოფილ წევრებს აჰკიდოს.

„უამრავი ფაქტი შემიძლია დაგისახლოთ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი ნაციონალები, ზონდერები და დამნაშავეები წინაურდებოდნენ. ასეთი ადამიანი შსს-ში დღესაც მუშაობენ. ვალერი ზუმბაძე და დალაქიშვილი თავდაცვის სამინისტროში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ფავორიტი მინისტრის, მინდია ჯანელიძის მიერ დაინიშნენ. მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ ნიშნის მოგებით საუბრობდა, ამ დროს ვინმე დავით დავითაშვილი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქვემო ქართლში სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა და ოპოზიციის დევნით და დაწიოკებით იყო დაკავებული, დააწინაურეს და შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის უფროსად დანიშნეს. ღარიბაშვილს შეუძლია ეს ფაქტი მის ფავორიტ მინისტრთან გადაამოწმოს! ასე რომ, ბატონო ირაკლი, იქნებ, ეს მაინც ახსნათ, ამ ადამიანს ამ თანამდებობაზე რა უნდა?“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

კანონმდებელის მოსაზრებით, ღარიბაშვილი და მისი მინისტრები უმძიმეს შეცდომებს უშვებენ და მათ ხელის შეხოცვა სხვებზე უნდათ.

„ხელს მე მახოცავენ? ვიღაცეები ქუჩაში მოსაკლავად რომ დამსდევდნენ, ამ დროს, ვიღაც-ვიღაცეები სადღაც-სადღაც მერაბიშვილის საბანკო ანგარიშებს ემსახურებოდნენ. ამიტომ, პრემიერს იმაზე საუბარს არ ვურჩევ, რომ თურმე, „თავისუფალი დემოკრატები“ და ირაკლი ალასანია დაკავებულნი ახალაია-კოდუას კადრებზე თავზე ხელის გადასმით ყოფილან. პრემიერის ეს განცხადება ძალიან არაკომპეტენტური იყო, რადგან ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტრო და საჯარო მოხელეები პოლიტიკურ შრეებად დაჰყო და ჯანელიძეს მოუწოდა უწყების კადრებისგან გაწმენად მოხდეს. ასეთი მიდგომა დამღუპველია, მითუმეტეს, როდესაც საუბარი თავდაცვის სამინისტროზეა. ეს დამოკიდებულება ჩვენს თავდაცვით უნარიანობას გაადანდგურებს და მოსპობს. ჩვენს მიმართ ხელის გამოშვერა უხერხულია, მითუმეტეს ირაკლი ალასანიას მიმართ, რომელმაც სერგო თეთრაძის ოჯახის განცხადების შემდეგ, თანამდებობიდან ათი ადამიანი გადააყენა და საქმეები პროკურატურას გადაუგზავნა. ასევე გენშტაბის ხელმძღვანელის მისამართით მიღებული გადაწყვეტილება გავიხსენოთ“, - აღნიშნავს კანონმდებელი.

ცაგარეიშვილი პრემიერს ურჩევს, შსს-ს მიხედოს და საზოგადოებას ის აუხსნას, ძალოვან უწყებაში ის ადამიანები რატომ მუშაობენ, რომლებიც მოსმენებით იყვნენ დაკავებულნი.

„ასევე მაინტერესებს, ნაციონალების დროს, შოთაძე-ბადაშვილი სად მუშაობდნენ? ფარცხალაძე საიდან იყო მოსული? ეს ხომ არ გვავიწყდება? ჩხენკელი, რომელმაც „ქართუ ბანკი“ გააკოტრა, მთავრობის კანცელარიაში პრემიერის შემდეგ, ლამის ნომერი პირველი პირი რატომ აღმოჩნდა? ბატონო ირაკლი, ჩამონათვალი გავაგრძელო? - ეს ნამდვილად არ გაგიხარდებათ. როდესაც, „თავისუფალ დემოკრატებზე“ ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი სისხლის ფასად შევცვალეთ. ისე გეტყვით, რომ როდესაც, გიორგი ცაგარეიშვილს უმრავლესობიდან გამოაგდებ და ყოფილ ნაციონალებს უმრავლესობაში მიიღებ, მაშინ კოალიციის ლიდერო, ირაკლი ღარიბაშვილო, ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდე!“, - მიმართავს ცაგარეიშვილი ღარიბაშვილს.

ცაგარეიშვილის მსგავსად, პრემიერის არაკომპეტენტურობაზე აპელირებს „თავისუფალი დემოკრატი“ ნინო გოგუაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, პრემიერი-მინისტრის მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებას საზოგადოება მიეჩვია.

დეპუტატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხისმგებლობას არაფერზე არ იღებს, მისი მთავრობა დანაშაულს სხვებში ეძებს და საკუთარ წარუმატებლობას სხვებს აბრალებს.

„გვავიწყდება, რომ თანამდებობებზე ზუმბაძე და დალაქიშვილი მისი ფავორიტი მინისტრის, მინდია ჯანელიძის მიერ დაინიშნენ? ირაკლი ალასანია ერთადერთი მინისტრი იყო, რომელმაც ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და სამინისტროდან თეთრაძის საქმესთან დაკავშირებული პირები გაუშვა. ასე რომ, ხელს სხვისკენ ნუ იშვერენ! პროკურატურა და შსს თავიდან იმ პასუხიმსგებლობას ვერ აიცილებს, რომელიც მათ საზოგადოებამ ბოლო დღეების მანძილზე დააკისრა. მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო პოლიტიკაზე პასუხისმგებელია ირაკლი ღარიბაშვილი“, - განაცხადა გოგუაძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილსა და მინდია ჯანელიძეს თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციაში „ნაციონალური მოძრაობაც“ ადანაშაულებს.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გივი თარგამაძემ განუცხადა, ჯანელიძის პირველი ნაბიჯი ქართველი მებრძოლების დამცირება იყო, როდესაც მისმა უწყებამ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთან დაკავშირებით, სასირცხვილო განცხადება გამოაქვეყნა. თარგამაძის მოსაზრებით, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები ეჭვებს ბადებს, რომ მინისტრის პოსტზე ჯანელიძე რუსეთის მოთხოვნით დაინიშნა.

„თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციას თავად ღარიბაშვილი და ჯანელიძე ახდენენ. ის პროცესები, რაც თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს, იმას მოწმობს, რომ ამ ადამიანს რუსეთთან კავშირი აქვს და არ გამიკვირდება რომ გაირკვეს, ის თანამდებობაზე სწორედ რუსეთის მოთხოვნით დანიშნეს“, - განაცხადა თარგამაძემ.