როგორც იქნა, ეროვნული ბანკი ლარის დევალვაციის პროცესში ჩაერია. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა. ეს ნიშნავს, რომ ლარი სულს მოითქვამს, ხალხში პანიკა ჩაცხრება, მაგრამ კრედიტების ნაწილი ცოტათი გაძვირდება.
სებ-მა რეფინანსირების საპოცენტო განაკვეთი 0,5%-ით გაზარდა და ამ ეტაპზე 4,5%-ზე აიყვანა. ბოლოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2014 წლის 14 თებერვალს შეიცვალა და 3,75%-დან 4%-მდე გაიზარდა.
„ინფლაციის მოლოდინის ზრდის გასანეიტრალებლად კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას. მიუხედავად პოლიტიკის გამკაცრებისა, განაკვეთი ნეიტრალურ ნიშნულს დაბლა რჩება. მიმდინარე პროგნოზით, თუკი არ გამოიკვეთა ეკონომიკაზე მოქმედი სხვა შოკი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2015 წლის ბოლოს 5%-ისფარგლებში იქნება“, - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.
საპროცენტო განაკვეთი კრედიტებზეც გაიზრდება. ამასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განმარტა, რომ სესხი (ისიც მხოლოდ ნახევარი პროცენტით) გაუძვირდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც იგი ლარში აქვთ გამოტანილი და რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული.
„იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი აქვს ლარში გამოტანილი და მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, ეს გამოიწვევს კრედიტის 0,5 პროცენტით ზრდას. რა თქმა უნდა, გესმით, რომ პროპორცია უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხს შორის, სადაც სესხის ტვირთი თითქმის 20%-ით გაიზარდა და 0,5%-ს შორის, ძალიან დიდია“, - განაცხადა ქადაგიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 4902 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2111 იურიდიულ პირს აქვს.
კომერციულ ბანკებში ლარში გამოტანილ სესხების გაძვირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ. როგორც „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა იმ სესხებს შეეხება, რომლებიც სწორედ აღნიშნულ განაკვეთზეა მიბმულები და ეს ხელშეკრულებაშიც გაწერილია.
„ბუნებრივია, ცვლილება შეეხება ლარში გაცემულ იმ სესხებს, ძირითადად, იპოთეკურს, რომელიც მიბმულია ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს. არსებობს ასეთი პროდუქტი, რომლის პირობაში პირდაპირ დევს, რომ ის არის მიბმული ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე. თუკი რეფინანსირების განაკვეთი დაბლა იწევს, პროცენტიც შესაბამისად, დაბლა იწევს და პირიქით. ასეთი სესხი ბევრი არ არის. ეს პირდაპირ პირობაში დევს და ვისაც აღნიშნული სესხი აღებული აქვს, მან, ბუნებრივია, ეს ყველაფერი იცის“, - განაცხადეს „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
იგევე განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკში“. მათი ინფორმაციით, ცვლილება შეეხება ლარში გამოტანილ იპოთეკურ სესხებს, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმულები და როცა განაკვეთი იცვლება, აღნიშნული სესხის პროცენტიც იცვლება.
სხვა კომერციული ბანკების მსგავსად, „ვითიბი ბანკშიც“ იმ იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი იმატებს, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული. როგორც ბანკში განმარტავენ, ეს ყველაფერი ხელშეკრულებაში ჩადებულია და კლიენტი ინფორმირებულია.
გარდა ამისა, გუშინ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა. ამიტომ ლარი გამყარდა და 2,02-ის ნიშნულზე დაბალანსდა. ექსპერტი ლევან კალანდაძე აღნიშნავს, სებ-ის ინტერვენცია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ამ ეტაპზე საკმარისია იმისთვის, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის ვარდნის პროცესი შეჩერდეს.
„ეროვნულ ბანკს წინა კვირაში ჰქონდა დაანონსებული, რომ მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა. ამჯერად 0,5%-ით შეიცვალა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ეს არ არის სერიოზული გამკაცრება, გარკვეული პრევენციული ღონისძიებაა იმისთვის, რომ სებ-ი დააკვირდეს პროცესს და კარგად შეაფასოს ლართან დაკავშირებული პრობლემა.
თუ მონეტარული განაკვეთის 0,5%-იანი ცვლილება საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ლარის ვარდნის პროცესი შეჩერდეს (სავალუტო ინტერვენციების პარალელურად), მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ 2015 წლის განმავლობაში 4,5% განაკვეთი დარჩება“, - ამბობს ლევან კალანდაძე და დასძენს, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში უზრუნველყოს ლარის გაუფასურების შეჩერება.
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით სწორი ნაბიჯი გადადგა. პოლიტიკის გამკაცრებით მიმოქცევაში ნაკლები წავა და ამით ეროვნული ბანკი ლარის კურსის დასტაბილურებას შეეცდება.
„სებ-მა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა - ამ ნაბიჯით ფული გაძვირდება. 2014 წლის დეკემბრიდან იყო ცნობილი, რომ ვისაც ლარში ჰქონდა სესხი, იმას 0,5%-ით გაეზრდებოდა საპროცენტო განაკვეთი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მიმოქცევაში ნაკლები ფული გავა. ეს არის ერთ-ერთი ბერკეტი ლარის კურსის დასტაბილურებისა“, - აცხადებს ჯგერენაია.