„უკრაინას ყველა შემთხვევაში მოუწევს დათმობა“

„უკრაინას ყველა შემთხვევაში მოუწევს დათმობა“

მინსკში ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს, ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის მოლაპარაკებები გაიმართა. პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრამდე, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს მცირე ხნით გაესაუბრნენ. „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრისთვის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სხვა ლიდერებთან შედარებით, ბელორუსში გაცილებით გვიან ჩაფრინდა. შეხვედრაზე ლიდერები აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ. რას დათმობს რუსეთი და რას - უკრაინა ან არსებობს თუ არა პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზა, ამ თემებზე ექსპერტ, კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.

როგორც უკრაინის ლიდერმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ ის იძულებული იქნება, ომი გამოაცხადოს. ასეთ შემთხვევაში, რა შეიძლება მოხდეს, რა იცვლება? ვიცით, რომ საომარი მოქმედებები უკრაინაში ისედაც დიდი ხანია, მიმდინარეობს...

- საომარი ვითარების გამოცხადება ქვეყანაში ალბათ, ტოტალურ მოქმედებებს გულისხმობს, როდესაც მთელი მოსახლეობის მობილიზება ხდება, მთელი ქვეყანა გადადის საომარ რეჟიმზე და ძალიან დიდი ძალით, ყველანაირი იარაღით, მათ შორის, საავიაციო ტექნიკით უტევს მოწინააღმდეგეს,- ამ შემთხვევაში, რუსულ შენაერთებს. შეუძლებელია, ზუსტად ჩამოვთვალოთ ამას რა შეიძლება მოჰყვეს.

არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ასეთ ვითარებაში რეგიონის სხვა ქვეყნებიც ძალაუნებურად აღმოჩნდნენ ჩართული საომარ ქმედებებში?

- ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ ბუნებნრივია, ესკალაციას მოჰყვება უფრო დიდი რისკი იმისა, რომ განვითარდეს რეგიონალური კონფლიქტი.

ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ თუ აშშ მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, არ არის გამორიცხული, ამით რუსეთი აიძულოს უკან დაიხიოს. როგორ ფიქრობთ, ასეთი გადაწყვეტილება ობამას მხრიდან რუსეთისთვის შეიძლება, მართლაც სასიგნალო აღმოჩნდეს?

- რუსებს აქვთ გამოთქმა, რომ „ჯოხს ორი ბოლო აქვს“, ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ორი საწინააღმდეგო შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ერთი მხრივ, აშშ-ს გადაწყვეტილების შედეგად - რუსეთის შეკავება, თუმცა არსებობს მეორე ვარიანტიც, რომელიც შეიძლება განვითარდეს, თუ აშშ გადაწყვეტს, უკრაინას იარაღი მიაწოდოს.

მოგეხსენებათ, იარაღის მიწოდება არ ხდება ერთსა და ორ დღეში. ამას სჭირდება დრო, მის გამოყენებას კი სწავლება. ეს იარაღი უნდა მიიტანონ შესაბამის ბაზებზე, გაწერონ სტრატეგიული გეგმა, გათვალონ შესაძლებლობები, ტაქტიკურად სად და როგორ გამოიყენონ და ა.შ.

უკრაინას თუ ამ იარაღის ასათვისებლად დრო სჭირდება, რუსეთს ეს ყველაფერი მზად აქვს და დღესვე შეუძლია შეტევაზე გადასვლა. ანუ, ერთი მხრივ, შესაძლოა, შეკავების ფაქტორმა იმუშავოს, მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა კატალიზატორი აღმოჩნდეს, იმისათვის, რომ რუსეთმა დააჩქაროს თავისი მოქმედებები და რაც შეიძლება სწრაფად, უკრაინის სულ უფრო მეტი ტერიტორია დაიპყროს, იქამდე, ვიდრე უკრაინელები შესაბამის იარაღს მიიღებენ - შესაძლოა, არც კი მისცენ მათ ამ იარაღის გამოყენების საშუალება.

არ უნდა გამოვრიცხოთ, შეიძლება, რუსეთმა მანამდე შეიქმნას უკრაინაში ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანა კოლაფსის სიტუაციაში აღმოჩნდეს, სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოიშალოს და ა.შ. ეს ყველაფერი შესძლებელია და გასათვალისწინებელი.

თუმცა, ბუნებრივია, თუ სიტუაცია აქეთკენ წავა, ნატოს პერმანენტული მხარდაჭრა იქნება მაღალი დონის და პრაქტიკულად, უპირობო, მაშინ ეს დაპირისპირება რაღაც მომენტში მიგვიყვანს რუსეთის დამარცხებამდე, მაგრამ ვიდრე ამ გზით რუსეთი დამარცხდება, ის ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ყველას. ანუ, ასე მარტივად არ არის, რომ დღეს გადაწყვიტონ, უკრაინას იარაღი მიაწოდონ და ხვალ ომი დამთავრდეს იმიტომ, რომ რუსეთს შეეშინდა.

ცნობილია, ანგელა მერკელის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, ის სპეციალურად იარაღის მიწოდების თემაზე სასაუბროდ ობამასაც კი შეხვდა... ეს ნიშნავს, რომ ევროპას იმედი აქვს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების? ასეთ შემთხვევაში, ხომ არ შეეცდება დასავლეთი, პოროშენკო მაქსიმალურ კომპრომისზე წამოიყვანოს?

- როგორც ობამა-მერკელის შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციიდან ჩანდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ ამ საკითხზე, მაგრამ ნათელია, რომ ევროპა ამ საკითხში არ უერთდება ამერიკას. მგონია, რომ ევროპა დღეს ძალზე ცუდ მდგომარეობაშია. ცხადია, მას არ აწყობს ასეთი უზარმაზარი, დროში გაჭიმული კონფლიქტი ყურის ძირში და საერთოდ, ევროპის ტერიტორიაზე.

მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ვერ ხედავენ გამოსავალს, რადგან გამოსავალი არის ისეთი, რაც აუცილებლად დააზიანებს, როგორც საერთაშორისო, ასე ევროპულ წესრიგს - მოხდება ერთ-ერთი დიდი მეზობელი სახელმწიფოს საზღვრების გადახედვა, რამაც შემდეგ შეიძლება, შეცვალოს ბევრი რამ...

გარდა ამისა, ასეთი პრეცედენტის დაშვება ნიშნავს იმასაც, რომ შესაძლოა, სხვა ქვეყნებმაც მოინდომონ შემდეგ ერთმანეთისთვის ტერიტორიების წართმევა რაც ნიშნავს, რომ ევროპა შორეულ წარსულში გადაეშვება - ვინც ძლიერია - გაიმარჯვებს, ვისაც არ უნდა ომი - ძალით აომებენ, თუ არ იომა - დაიმონებენ და ა.შ. ასეთ სიტუაციაშია ახლა ევროპა და არ იცის, როგორ მოძებნოს გამოსავალი.

ცხადია, რომ მდგომარეობა უკიდურესად გართულებულია, როგორ ფიქრობთ, არსებობს რაიმე ოპტიმალური გამოსავალი?

- თითქმის გამოუვალი მდგომარეობაა. ყველაზე კარგი იქნება, ჭკუას მოუხმოს რუსეთის პრეზიდენტმა, მაგრამ წინასწარ ვიცით, რომ ის ამას არ გაკეთებს, რადგან რუსი მოსახლეობის 85%-იანი მხარდაჭერა აქვს და ამაზეა აგებული მისი პოლიტიკა.

ეს არ არის უბრალო სიტუაცია, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი კრიზისია და ასეთ მდგომარეობაში, პირველ რიგში, საჭიროა, ერთიანი იყოს ნატო, ევროპა, აშშ. მათ უნდა აჩვენონ რუსეთს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმობენ პრინციპებს და არ წავლენ კომპრომისებზე ფუნდამენტურ საკითხებზე.

არ ვგულისხმობ სამხედრო დაპირისპირებას, მაგრამ ვთვლი, რომ საჭიროა რუსეთთან დაპირისპირების გამწვავება.

საბოლოოდ, არ გამოვრიცხავ, რომ მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთიც და უკრაინაც რაღაც დათმობებზე წავიდნენ. უკრაინა შეიძლება, წავიდეს დათმობაზე იმ თვალსაზრისით, რომ ამ (კონფლიქტური) ოლქებიდან საერთოდ გაიყვანოს ჯარი, მაგრამ მას დასჭირდება გარანტიები იმისა, რომ შემდეგ აჯანყებულები არ დაიკავებენ იმ ტერიტორიებსაც, რომელ ტერიტორიებზეც დღეს არ არიან შესულები.

ანუ, საერთაშორისო კონტიგენტი იქნება საჭირო, რომელიც გაშორიშორების ხაზს გაავლებს და მეტი ტერიტორიების აღების საშუალებას არ მისცემს აჯანყებულებს.

ეს ძალზე რთული საკითხებია. ამიტომაც არის საჭირო კონფერენციის მოწვევა, რომელიც ითვალისწინებს მუდმივ შეხვედრებს და გამოსავალზე მსჯელობას, იქამდე, ვიდრე რეალურ გადაწყვეტილებამდე არ მივლენ.

გამოდის, რომ კიდევ არის შანსი, ბოლომდე გაწირული არ აღმოჩნდეს უკრაინა?

- არსებობს ალბათობა, რომ უკრაინას მოუხდეს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, ყოველ შემთხვევაში, ტეროტორიაზე კონტროლს ვერ აღადგენს გარგა ხნის განმავლობაში. ასეთი სიტუაცია ჩვენთვის გაყინული კონფლიქტის სახელით არის ცნობილი.

იმის მიხედვით, როგორ გადაწყდება უკრაინის საკითხი, შეიძლება თუ არა პროგნოზირება, რას უნდა ელოდეს საქართველო რუსეთის მხრიდან?

- თუ მოხდა ესკალაცია, საქართველო ყველაფერს შეიძლება ელოდოს, შესაძლოა, სამხედრო მუქარასაც კი. იმ შემთხვევაში კი, თუ რუსეთმა დათმო პოზიციები - ვგულისხმობ იმას, რომ მას სურს პოსტსაბჭოთა სივრცეში მბრძანებელი გახდეს, თუ ეს პოზიცია დათმო დასავლეთთან, ასეთ შემთხვევაში საქართველოს შეიძლება, თავისუფლების უფრო მეტი ხარისხი მიეცეს.