პოლიტიკური „გარჩევები“ თურქეთში - უმრავლესობის წევრები საგანელიძეს დაუპირისპირდნენ

პოლიტიკური „გარჩევები“ თურქეთში - უმრავლესობის წევრები საგანელიძეს დაუპირისპირდნენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში დაპირისპირებაა. მიზეზი კანდიდატის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს შორის გამართული კონსულტაციებია. როგორც for.ge-სთან კულუარულ საუბარში უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მათ მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების დეტალები არ გააცნეს.

საკუთარი უკმაყოფილება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გუშინ საჯაროდ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ დეპუტატთა უმეტესობა კონსულტაციების შედეგებზე ინფორმაციას არა უმრავლესობის რიგებიდან, არამედ პრესის მეშვეობით იგებს. ხუნდაძისგან განსხვავებით, მმართველი გუნდის დანარჩენი წევრები საკუთარ პრეტენზიებზე ჯერჯერობით ღიად არ საუბრობენ, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, ამ საკითხზე პოლიტიკური „გარჩევები“ თურქეთში ფეხბურთის სათამაშოდ წასულ დეპუტატებს შორის გაიმართა.

წყაროს ცნობით, ანტალიაში მყოფმა დეპუტატებმა - ზაქარია ქუცნაშვილმა, ზვიად ზვიადაურმა, დავით ლორთქიფანიძემ, ალექსანდრე თამაზაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და თემურ მაისურაძემ საგანელიძეს პასუხი მოსთხოვეს, პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრებზე უმრავლესობის სახელით რომ საუბრობს, საქმის კურსში თავად უმრავლესობა რატომ არ ჩააყენა.

როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, აღნიშნულ დეპუტატებსა და საგანელიძეს შორის ცხარე კამათი გაიმართა, რის შემდეგაც უმრავლესობის ლიდერს განუცხადებია, რომ ის პრეზიდენტთან გამართულ კონსულტაციებზე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა და მოლაპარაკებების დეტალებზე ინფორმაცია სწორედ მას მიაწოდა. საგანელიძის ამ განცხადებას ზემოთ აღნიშნული კანონმდებლები კიდევ უფრო გაუღიზიანებია და ისინი უმრავლესობის ლიდერს დამუქრებიან, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატს პრობლემებს შეუქმნიან და საკუთარი ხმის უფლებას არ გამოიყენებენ.

მმართველი გუნდის განაწყენებული ნაწილი საკუთარ მუქარას შეასრულებს თუ არა, ეს 23 თებერვლამდე გაირკვევა, რადგან ქვეყნის პირველი პირი კონსტანტინე კუბლაშვილის შემცვლელს პარლამენტს მომავალ სასესიო კვირას წარუდგენს, მაგრამ უმრავლესობაში ქაოსი ერთ-ერთ კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილის დასახელებამაც გამოიწვია. იმის ნაცვლად, რომ თანაგუნდელებს ქუცნაშვილის მიმართ სოლიდარობა გამოეხატათ, პირიქით, მის მიმართ პრეტენზია გამოთქვეს, რომ მისი კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში კონსულტაციები არ გამართულა და თან კანდიდატი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს.

უმრავლესობის რიგი წევრებისგან განსხვავებით, ქუცნაშვილის კონკურენტმა, შალვა შავგულიძემ ყოფილ თანაგუნდელს წარმატებები უსურვა და ის დაახასიათა როგორც კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პრინციპული პიროვნება.

როგორც for.ge-ს „თავისუფალმა დემოკრატმა“ შალვა შავგულიძემ განუცხადა, თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქუცნაშვილი გახდება, სასამართლო ხელისუფლებას კარგი თავმჯდომარე ეყოლება.

დეპუტატის თქმით, საბოლოოდ ამ პოსტს ვინ დაიკავებს, ეს პრეზიდენტის და პარლამენტის გადასწყვეტია.

„ისეთ კარგ კონკურენტს მივესალმები, როგორიც ზაქარიაა. ის კვალიფიციური კეთილსინდისიერი და პრინციპული პიროვნებაა“, - დასძენს შავულიძე, რომელსაც თავის მხრივ, ღირსეულ პიროვნებად აფასებს მისი თანაგუნდელი ნინო გოგუაძე.

როგორც for.ge-ს გოგუაძემ განუცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შავგულიძის კანდიდატურა შესთავაზეს, რომელიც კვალიფიური და სამართლიანი ადამიანია.

რაც შეეხება ქუცნაშვილს, გოგუაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს ქუცნაშვილის კანდიდატურა რომც შესთავზოს, უმრავლესობა საკუთარ თანაგუნდელს მხარს არ დაუჭერს.

„მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ თანანმდებობაზე ქუცნაშვილის კანდიდატურა წარადგინეს, უმრავლესობის წარმომადგენლებმა საუბარი დაიწყეს, რომ მათთან ეს საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა. ვინაიდან, მსგავსი განცხადება ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკეთა და ერთი და იმავე რაღაც თქვეს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტმა ქუცნაშვილის კანდიდატურა რომც წარადგინოს, მას ამ უმრავლესობის ხელში შანსი არ აქვს“, - განაცხადა გოგუაძემ, რომელსაც როგორც ჩანს, მხედველობაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ჰყავს.

for.ge-სთან საუბარში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს არ აფასებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ქუცნაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსულტაციები არ გამართულა.

დეპუტატის შეფასებით, მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და ამ პროცესს საჯაროობა და გახსნილობა მეტ ლეგიტიმურობას სძენს.

„ცალკეულ კანდიდატებზე უფლებას ვიტოვებ, რომ ჩემი პოზიცია არ გამოვხატო. ამ საკითხზე უკეთესი და კორექტულიც იქნება, რომ გუნდის შიგნით ვიმსჯელოთ. ჩემს პირად პოზიციებს გუნდის შიგნით ვიტყვი და საბოლოოდ ერთიან პოზიციაზე შევთანხმდებით. კანდიდატების შანსებზე საუბარი არ მინდა და არც ერთ კანდიდატს არ შევაფასებ“, - დასძენს ბესელია, რომლის მსგავსად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ადასტურებს, რომ ქუცნაშვილთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მსჯელობა არ გამართულა.

როგორც for.ge-ს ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის შეთანხმება მოხდა, რომ კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ უნდა ჰქონოდა. მისი მოსაზრებით, წარმოდგენილ კანდიდატურებს შორის არჩევანის საშუალება არსებობს.

„საერთო ჯამში, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რაც შეეხება ქუცნაშვილს, ჩვენს კოალიციაში თავისუფალი ადამიანები არიან, რომლებიც თავად არჩევანს აკეთებენ. თუკი ბატონი ზაქრო ამას დათანხმდა, მას შესაბამისი არგუმენტები აქვს. ეს მისი თავისუფალი არჩევანია და ამას მივესალმები“, - დასძენს სესიაშვილი, რომელსაც თავის მხრივ, კითხვით მიმართავს თავად ზაქარია ქუცნაშვილი.

for.ge-სთან საუბარში ქუცნაშვილი ინტერესდება, 90 კაციან უმრავლესობას პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმებული კრიტერიუმები რატომ არ გააცნეს.

დეპუტატის განცხადებით, იმ აზრის კულტივირება ხდება, რომ კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ უნდა ჰქონდეს, რაც დისკრიმინაციაა.

„პრეზიდენტი არ დაუშებს, რომ მოქალაქეების სეგრეგაცია და დისკრიმინაცია მოხდეს. კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური საქმიანობა კანონიერია და არავის აქვს უფლება, ვინმეს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საქმიანობა აუკრძალოს. საზოგადოება გამოწვევის წინაშე დგას, შეძლებს თუ არა სტერეოტიპი გადალახოს. აბა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვინ უნდა დაიკავოს, ვინც წლების მანძილზე ბუჩქებში იჯდა, ხალხს არ ეხმარებოდა და ადამიანის უფლებებს არ იცავდა? ვინც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, ყველას დამღა დავადოთ?“, - აცხადებს დეპუტატი.

ქუცნაშვილის მტკიცებით, მისი ამ პოსტზე წარდგენა შესაძლოა, უმრავლესობაში ერთ-ორ დეპუტატს არ გაუხარდეს.

„დარწმუნებული ვარ, თუკი ჩემი კანდიდატურა განხილვის საკითხი გახდება, უმრავლესობა მხარს დამიჭერს. ერთი რამე ყველამ უნდა გაიგოს, რომ ზაქარია აკადემიურმა წრეებმა წარადგინეს და მათ ეს ვისთან უნდა შეეთანხმებინათ?! უმრავლესობის სახელით გამოცხადდა, რომ კანდიდატების კრიტერიუმებთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის შეთანხმება იყო, მაგრამ უმრავლესობაში 87 დეპუტატი შედის და ეს საკითხი რატომ არ გაგვაცნეს?! შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი განხილული არ ყოფილა. ამას უამრავი ჩემი კოლეგა დაადასტურებს. როცა კონსულტაციების საკითხს სვამენ, ჯერ ეს კითხვა დასვან“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

კანონმდებელის განცხადებით, პრეზიდენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის მისი ფავორიტები იყვნენ - ნათია წკეპლაძე, ევა გოცირიძე, შალვა შავგულიძე, თინა ხიდაშელი და დავით ასათიანი.

„დასახელებულ კანდიატებს შორის ღირსეულ პირებს ვხედავ. ეს ის ხალხია, ვისაც ვიცნობ, მათთან მიმუშავია და მათი პრინციპულობა და კომპეტენტურობა ვიცი. ამ კანდიდატებმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, სწორი ხედვა უნდა გაგვაცნონ, რადგან შეიძლება, კარგი პიროვნება ავირჩიოთ, მაგრამ მას ხედვის და გამოცდილების პრობლემა ჰქონდეს. ჯანსაღი პროცესი უნდა დავბადოთ და არა შურიანობის და ფეხის დადების პროცესი“, - აღნიშნავს ქუცნაშვილი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანი დაიკავებს, თუ სამართალის სფეროში მოღვაწე პირი, ეს 23 თებერვლამდე გაირკვევა, მანამდე კი, შავგულიძისა და ქუცნაშვილის შანსებზე უმრავლესობაში არ საუბრობენ.

for.ge-სთან კულუარულ საუბრებში უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მარგველაშვილის რჩეული ქუცნაშვილი გახდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი, პრეზიდენტი ნდობის მანდატს ქუცნაშვილს მისცემს, მას შესაძლოა, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გავლენით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭიროს.

რაც შეეხება კანდიდატებს, სია საკმაოდ ვრცელია და პრეზიდენტისთვის წარდგენილნი არიან - დავით ასათიანი, მამუკა ახვლედიანი, ირაკლი ბურდული, მერაბ გაბინაშვილი, გოჩა გოგიშვილი, ნინო გვენეტაძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, ინგა თოდრია, ავთანდილ კახნიაშვილი, დავით კოღუაშვილი, ალექსი კობაიძე, კობა კობახიძე, თამარ ლალიაშვილი, გია მეფარიშვილი, როინ მიგრიაული, მამუკა მდინარაძე, ნოდარ მილაძე, ლევან მურუსიძე, მურმან ქამადაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მადონა ღიბრაძე, შალვა შავგულიძე, მარიამ ცისკაძე, მარინე ჭყონია, რომული ჯაფარიძე, თეიმურაზ ჯორბენაძე და გიორგი ჯუღელი.

აღსანიშნავია, რომ დარეჯან გოგიბერიძემ, ნუნუ კვანტალიანმა, დავით მამისეიშვილმა, დავით სულაქველიძემ, იური ტაბუცაძემ, ნათია წკეპლაძემ, ლადო ჭანტურიამ და თინათინ ხიდაშელმა პირად წარდგინებაზე უარი განაცხადეს.