"ამერიკელ „ქორებს“ ამოფარებული ავანტურისტი"

სააკაშვილი უკრაინასთან მიმართებით სულ უფრო და უფრო არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ჯერ იყო, უკრაინელებს მთელი რუსეთის დაპყრობისკენ მოუწოდა - „თუ უკრაინის არმია საჭირო ცოდნით, უნარებითა და იარაღით იქნება უზრუნველყოფილი, ისინი მთელი რუსეთის დაპყრობას შეძლებენ“, - აცხადებდა რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი, რასაც ქართველი ექსპერტების მხრიდან შეფასება მოჰყვა - „ამერიკელ „ქორებს“ ამოფარებული ავანტურისტი სააკაშვილი საერთაშორისო სამხედრო დამნაშავეა, რადგან სასაკლაოსკენ უბიძგებს უკრაინელებს“.

გუშინ, ტელეკომპანია „დოჟდთან“ საუბრისას სააკაშვილმა მერკელისა და ოლანდის ქცევას უცნაური უწოდა. მისი თქმით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მოსკოვში უკრაინის საკითხის გადასაწყვეტად, უკრაინული მხარის გარეშე გაემგზავრნენ, რაც, მინიმუმ, ძალიან უცნაურია. სააკაშვილმა ამ ფაქტთან დაკავშირებით, საფრანგეთის ექსპრეზიდენტის სარკოზის მიერ რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ექვსპუნქტიანი ხელშეკრულებაც გაიხსენა, რომელიც საქართველოს მონაწილეობის გარეშე შედგა, თუმცა უშედეგოდ, რადგან ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში რუსები ისევ თავდასხმაზე გადავიდნენ.

სააკაშვილის უკრაინული „მოღვაწეობის“ შეფასებისას რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში ვიქნებოდით ჩათრეულნი.

რატომ აღარ მოსწონს სააკაშვილს დასავლეთ ევროპის ლიდერები და რისკენ უბიძგებს ის უკრაინას?!

ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გადაცემა „დოჟდში“ სააკაშვილმა კიდევ ბევრი რამ ილაპარაკა, რასაც აქამდე უარყოფდა. ფაქტობრივად, ექსპრეზიდენტმა თვითონვე აღიარა, რომ ის აპირებდა აფხაზეთის დათმობას და მის გეგმაში შედიოდა კოდორის ხეობის ჩაბარებაც, ისევე, როგორც მას უნდა დაეთმო გალის რაიონი. ყველაფერი ეს კი მიუთითებს, რომ სააკაშვილი საქართველოს კვიპროსიზაციას გეგმავდა. კერძოდ, მან აღიარა, ჩვენ მზად ვიყავით, აფხაზეთის გავლენის ზონები დაგვენაწილებინაო.

„სააკაშვილი კვიპროსიზაციის კუთხით აპირებდა აფხაზეთის დათმობას. როგორც ჩანს, აფხაზებმა მას მოსთხოვეს კოდორის ხეობის ჩაბარება და ამის სანაცვლოდ გალი, ოჩამჩირე და შეიძლება, ტყვარჩელის რაღაც ნაწილიც ყოფილიყო ქართული გავლენის ქვეშ. რაც შეეხება საკაშვილის მილიტარისტულ რიტორიკას და გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტების აუგად მოხსენიებას, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილმა გამოაჩინა საკუთარი სახე და რენომე. მან აუგად მოიხსენია ამერიკის ლიდერიც და თქვა, რომ თურმე ამერიკელები ეწინააღმდეგებიან ომის დაწყებას და ისინი ამის გამო სუსტები არიან. თუ გინახავთ, ამ ბოლო დროს სააკაშვილი უკრაინის გარდა სხვა ქვეყნაში წასულიყო? რაც კიევში ჩავიდა, არ შემინიშნავს, სააკაშვილი ყოფილიყო დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. თვითონ კი ქოსატყუილას მორიგი ზღაპრები გაუშვა, რომ თურმე დადის საზღვარგარეთ და ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკაში. დასავლეთში მას კარი მიუხურეს, ისევე, როგორც - ამერიკაში. ამერიკელებმა მას არ მისცეს სამუშაო ვიზა და, ბუნებრივია, ამერიკაში მის წასვლას აზრი ეკარგება. მას აქვს ახლა ათწლიანი ხანგრძლივი ვიზა და ამ ვიზით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩავიდეს ამერიკაში. ამ საბუთს ამერიკის საელჩო მისცემს, თუკი შესაბამისი ფული ექნება ადამიანს. სააკაშვილს აქედან მოპარული ფულის მეტი რა აქვს?!“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ექსპერტი სწორედ ამით ხსნის, რომ სააკაშვილმა თავის ნავსაყუდლად გაიხადა უკრაინა და დასავლეთის ლიდერებსაც ამიტომ აკრიტიკებს. ის გაბრაზებულია, რადგან „გადააგდეს“, მის მიმართ განხორციელდა ფარული თუ არაფარული ბოიკოტი. შესაბამისად, სააკაშვილი გადავიდა შეტევაზე, რაც წამგებიანი იქნება მისთვის და ნაცმოძრაობამ უნდა აირჩიოს, ანტიდასავლური რიტორიკის მქონე ლიდერი რამდენად სჭირდება.

ზოგადად, ვახტანგ მაისაია სააკაშვილის უკრაინულ მოღვაწეობას დესტრუქციულად აფასებს და თვლის, რომ ამ ადამიანმა აირჩია ვლადიმერ ჟირინოვსკის იერსახე და ჟირინოვსკი-2 გახდა. ამიტომ, თუ ის უკრაინელებს რუსეთთან ბრძოლისკენ სერიოზულად მოუწოდებს, ეს ომისკენ მოწოდებად ჩაითვლება. უფრო მეტიც, როცა პეტრე პოროშენკო, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, დონბასში შექმნილი უმძიმესი ვითარების მიუხედავად, ყველანაირად ცდილობს, ბოლო მომენტამდე შეინარჩუნოს მშვიდობიანი სულისკვეთება, ასეთმა პოლიტიკურმა ავანტიურამ შეიძლება პოროშენკოს პოლიტიკურ ხაზსაც ხელი შეუშალოს და ეს ანტიპოროშენკოსეული, ანტიუკრაინული პოლიტიკის კონტექსტში განვიხილოთ.

„ვინ ეკითხება სააკაშვილს სხვა ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევას?! მესმის, რომ უკრაინის მხარემ მიიწვია ქართველები რეფორმების ჩასატარებლად, რაც ჯერ კიდევ სადავოა, მაგრამ ქართველები არ ჩასულან იმისთვის, რომ ომის პარტიისა და ომის რიტორიკით ხელი შეეწყოთ კონფლიქტის ესკალაციისთვის. ეს შეიძლება ცუდად დასრულდეს ამ ქვეყნისთვის. სააკაშვილი უკრაინაში ჩადის და ნავთზე ცეცხლს ასხამს, მაშინ, როცა მას არ მოსთხოვეს პასუხი აგვისტოს ომისთვის, როცა წამოეგო პროვოკაციას და, შესაბამისად, ომის თანაორგანიზატორი იყო“.

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია სააკაშვილის განცხადება, რომელმაც მერკელისა და ოლანდის ქცევას უცნაური უწოდა.

„პოროშენკოსთან ერთად როგორ გაემგზავრებოდა მერკელი და ოლანდი? ეს შეფასება არასწორია, ისინი ჯერ ჩავიდნენ პოროშენკოსთან, დაელაპარაკნენ მას და მერე წავიდნენ მოსკოვში. ეს მედიატორობის ნორმალური პროცედურაა, როცა გარკვეულ შეხედულებებს ათანხმებენ და მერე ხვდებიან მინსკში. ამიტომ „ძალიან უცნაურს“ ამაში ვერაფერს ვხედავ და რაც თქვა სააკაშვილმა, ამის ახსნა არ მაქვს. ვფიქრობ, მოლაპარაკების შედეგად გამოსავალს მიაგნებენ, რომლითაც დროებითი სამხედრო მოქმედებები შეწყდება. თუმცა, რუსები მანამდე კიდევ შეეცდებიან, დაიპყრონ გარკვეული ტერიტორიები და მიაღწიონ იმას, რომ უკრაინელებმა გაიყვანონ თავიანთი ჯარები დონბასიდან და ლუგანსკიდან მთლიანად. თუ ეს ასე მოხდა, ეს თავიდან შეამზადებს კონფლიქტის ახალ საფუძველს. ასე რომ, ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა იქნება დროებითი მანევრი“,-აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჰიპერბოლიზებულ მოწოდებებს უკრაინელების მიერ მოსკოვის მთლიანად დაპყრობის შესახებ, ექსპერტი თვლის, რომ ჟირინოვსკი ყოველდღიურად გამოდის ტრიბუნაზე და იძახის, ქართველები უნდა ამოვჟლიტოთ, უკრაინელები ადამიანები არ არიან და უნდა გავიყვანოთო, მაგრამ არავინ ციხეში არ სვამს. ამიტომ ასეთი მოწოდებების გამო ვერც სააკაშვილი ჩაითვლება საერთაშორისო დამნაშავედ. მით უფრო, სააკაშვილს სჩვევია გადაჭარბებული, საფუძველს მოკლებული განცხადებები. ამდენად, შეიძლება, ის ცდილობდა, უკრაინელებისთვის სულიერი მხარდაჭერა გამოეხატა, რომ ისინი გმირები არიან და, თუ მოინდომებენ, რუსეთსაც დაიპყრობენ; თუ საქმე-საქმეზე მიდგება, უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზეც იბრძოლებენ. ასე რომ, სააკაშვილის გამონათქვამები უფრო მხატვრულ ლიტერატურაში გადადის.