ლარის კურსი 10 დღის წინანდელ ფსკერს დაუბრუნდა. ეროვნული ბანკი ძალიან პასიურია, ხოლო მთავრობა რატომღაც მას ხელს აფარებს. მოსახლეობა ძალიან გაღიზიანებულია, მინისტრები ცარიელი სიტყვით ცდილობენ მათ დამშვიდებას, ხოლო სებ-ის პრეზიდენტი საერთოდაც უკონტაქტოა.
„უნდა ვთქვა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვფლობთ სიტუაციას. გვესმის, რომ ვითარება მარტივი არ არის, ამას ვაცნობიერებთ. ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს რაც გვაქვს ლარის კურსთან დაკავშირებით და ერთიანი კოორდინაციით ვუდგებით ამ საკითხს. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავაბალანსოთ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი და კონკრეტული ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა გვაქვს დამატებითი საინვესტიციო პროექტების კუთხით, ტურიზმისა და ექსპორტის წახალისების კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
იგი ამტკიცებს, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია, კონკრეტული სამოქმედო გეგმა დღეს უკვე ხორციელდება, უბრალოდ, მისი შედეგები მყისიერი არ არის.
„ვფიქრობთ, რამდენიმე თვეში კონკრეტული შედეგები იქნება ამ მიმართულებით. კოორდინაცია გვაქვს, კარგად ვაცნობიერებთ სიტუაციას და ძალიან კარგად ვხედავთ იმ ნაბიჯებს რაც გადასადგმელია. მე პირადად, როგორც ეკონომიკის მინისტრი, რა თქმა უნდა, ძალიან შეწუხებული ვარ იმასთან დაკავშირებით, რომ დოლარში სესხის მქონე კომპანიებს და ადამიანებს ხარჯი გაეზარდათ, მაგრამ ეს არის კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ ეფექტების განეიტრალებაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამიტომ იგი ფიქრობს, რომ ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგანაც მთავრობას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა.
„ეროვნულ ბანკთან ჩვენ გავქვს ძალიან კარგი კოორდინაცია, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ერთად. გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება არის ერთიანი და გუნდური. რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკა არის მათი პრეროგატივა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩარევის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. აბსულუტურად ვაცნობიერებთ იმ საგარეო ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც სახეზეა. გვაქვს ძალიან მკაფიო სამოქმედო გეგმა და ამ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამ გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წელს ინფრასტრუქტურული პრექტების კალათის გაზრდა და დონორების დამატებითი დაფინანსების მოძიება. „ვფიქრობ, ამას წარმატებით გავართმევ თავს“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
ფინანსთან სამინისტრო პირობა დებს, რომ ეროვნულ ვალუტაზე უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში საბიუჯეტო ზეწოლა არ იქნება.
„ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იანვარში არ ყოფილა წნეხი, ანუ ოპერაციულ დონეზე ბიუჯეტი იყო პროფიციტული. შემოსავალმა გადააჭარბა ხარჯებს და უახლოესი თვეების განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს. მე დილითაც მქონდა კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ეკონომიკის საკითხთა ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ამჟამად ლარის კურსი ოპტიმალურ ნიშნულზეა და მისი გაუფასურება მეტად აღარ მოხდება. იგი ვარაუდობს, რომ 12 თებერვლიდან მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება და ამ დროიდან კურსი დასტაბილურდება.
„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იგეგმება 12 თებერვლიდან, როცა კომიტეტის სხდომა იქნება. ალბათ, მაშინ გადაიდგმება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ პირველი ნაბიჯები. იანვარში ექსპორტის მონაცემებია გაუარესებული და ლარის კურსის გაუარესება ამ ფაქტორის გავლენით ხდებოდა. დაახლოებით 20%-იანი კლებაა ექსპორტზე, ძირითადად, დსთ-ის ბაზრებზე, სადაც არასასურველი მდგომარეობაა, უმთავრესად უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე.
ვფიქრობ, ლარი ახლა ოპტიმალურ ნიშნულზეა და მისი შემდგომი გამყარება საინვესტიციო აქტივობაზეა დამოკიდებული. ამის ქვევით ლარის კურსი არ უნდა წავიდეს და დაახლოებით ამ ფარგლებში იქნება“, - აცხადებს ლექვინაძე.