საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს 23 თებერვლამდე წარუდგენს. სწორედ, 23 თებერვალს ეწურება 10 წლიანი ვადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მსურველთა რიცხვი კი საკამოდ ვრცელია. ოცდათექვსმეტ წარდგენილ პირთაგან რვამ თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.
დარჩენილი 28-კაციანი სია ასე გამოიყურება: დავით ასათიანი, მამუკა ახვლედიანი, ირაკლი ბურდული, მერაბ გაბინაშვილი, გოჩა გოგიშვილი, ნინო გვენეტაძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, ინგა თოდრია, ავთანდილ კახნიაშვილი, დავით კოღუაშვილი, ალექსი კობაიძე, კობა კობახიძე, თამარ ლალიაშვილი, გია მეფარიშვილი, როინ მიგრიაული, მამუკა მდინარაძე, ნოდარ მილაძე, ლევან მურუსიძე, მურმან ქამადაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მადონა ღიბრაძე, შალვა შავგულიძე, მარიამ ცისკაძე, მარინე ჭყონია, რომული ჯაფარიძე, თეიმურაზ ჯორბენაძე და გიორგი ჯუღელი.
უკვე რეგისტრირებულ კანდიდატებში არ არის „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი ჯონი ხეცურიანი, რადგან ხეცურიანის შესახებ მხოლოდ სატელევიზიო განცხადება გაკეთდა და ადმინისტრაციაში მისი კანდიდატურა წერილობით არ შესულა. ამასთან, პირად წარდგინებაზე უარი განცხადეს: დარეჯან გოგიბერიძემ, ნუნუ კვანტალიანმა, დავით მამისეიშვილმა, დავით სულაქველიძემ, იური ტაბუცაძემ, ნათია წკეპლაძემ, ლადო ჭანტურიამ და თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისას პარტიული გავლენისგან თავისუფლების კრიტერიუმი ძალაში რჩება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს ან შალვა შავგულიძეს შანსი არ აქვთ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ამას ჯერ ვერავინ იტყვის. რადგან წარდგენილი 28 კანდიდატიდან პრეზიდენტი ერთ კანდიდატს 23 თებერვლამდე შეარჩევს.
„დღეიდან იწყება პირობითად მეორე ეტაპი, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ იმ კრიტერიუმების შესაბამისად შერჩევა წარმოდგენილი 28 კანდიდატიდან. საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა კონსულტაციები, მათ შორის, რამდენიმე შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან და ის ოთხი კრიტერიუმი, რომელიც იქნა შემუშავებული, სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მონაწილეობით არის დადგენილი.
რა თქმა უნდა, ყველა კანდიდატურა იქნება განხილული, თუმცა კანდიდატურების შერჩევა განხორციელდება კანონით დადგენილი ფორმალური ნორმებისა და კონსენსუსის შედეგად შემუშავებული ოთხი კრიტერიუმის შესაბამისად“, - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
11 საზოგადოებრივი ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, წარმომადგენილია ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა. ქუცნაშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტის მხრიდან იქნება ნომინირებული და პარლამენტიც მხარს დაუჭერს, მზად არის დატოვოს პარტია „ქართული ოცნება“. რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობას, ქუცნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური ნიშნით ხალხს არ დაყოფს. ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურის განხილვა უმრავლესობის ფორმატში არ მომხდარა, ამაზე არც ფრაქციაში ყოფილა საუბარი.
„უახლოეს მომავალში ვაპირებ ამ ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრას, ასევე მოვიწვევ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მათ გავაცნობ ჩემეულ ხედვას აღნიშნულ თანამდებობის შესახებ. ძალიან ბევრი იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო კანდიდატის შერჩევა, თუმცა არ თქმულა, თუ რა უნდა გააკეთოს კონკრეტულმა ადამიანმა ამ თანამდებობაზე. პრეზიდენტი ვალდებულია, რომ ერთი კანდიდატი წარმოუდგინოს პარლამენტს. დასახელებულ კანდიდატებს შორის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვთ ნათია წკეპლაძეს, ემა გოცირიძეს, ასევე ძალიან კარგი კანდიდატურაა შალვა შავგულიძე, თინა ხიდაშელი“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ეს საკითხი უმრავლესობის შიგნით განხილული არ ყოფილა. მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა, ქუცნაშვილს ამის შესახებ ჯერ კოლეგებთან, გუნდში ემსჯელა. კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარტიის აქტიური წევრი არ უნდა იყოს, არ შეცვლილა. დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას, კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობა ამაზე მას შემდეგ იმსჯელებს, თუ პრეზიდენტი არჩევანს ქუცნაშვილზე შეაჩერებს.
„სამწუხაროა, რომ ინფორმაცია ტელევიზიით გავიგე.ზოგადად პოლიტიკური აქტიურობა, პოლიტიკური პარტიის აქტიური წევრობა არასასურველად მიგვაჩნია. ეს განაცხადი უმრავლესობას თავიდანვე გვქონდა გაკეთებული და ახლა ამ კრიტერიუმების შეცვლა არ მომხდარა. ზაქარიას უფლება აქვს, თავისი კანდიდატურა დააყენოს ამ თანამდებობაზე და ამაში გასაკვირი არაფერია. საერთოდ, ყველა იურისტისთვის ყველაზე მაღალი თანამდებობა სწორედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაა და ალბათ, ყველამ უნდა იოცნებოს ამაზე. თუ ამის ამბიცია არ გაქვს, ეს ცუდია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პრეზიდენტს დეპუტატ შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარუდგინეს. როგორც შავგულიძე ამბობს, ბვერი ღირსეული კანდიდატია წარმოდგენი და თვლის, რომ შანსები ყველას თანაბარი აქვს.
„მნიშვნელოვანი და არსებითია, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღოს იქიდან, რომელ პიროვნებას მიიჩნევს ისეთ პიროვნებად, რომელიც არჩევის შემთხვევაში სრულიად განთავისუფლებული იყოს პოლიტიკური გავლენისაგან და ასეთი პოლიტიკური გავლენისგან დაიცვას სასამართლო ხელისუფლება. თუ რამე სჭირდება დღეს სასამართლოს, ეს არის დამოუკიდებლობა მმართველი პოლიტიკური ძალისგან და საერთოდ პოლიტიკური ჩარევისაგან. ჩემი აზრით პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს ისეთი კანდიდატი, რომელიც მისი აზრით, ყველაზე მეტად შეძლებს სასამართლოს დაცვას პოლიტიკური გავლენებისაგან. არ აქვს მნიშვნელობა ის მხარდაჭერილი იქნება თუ არა უმრავლესობისგან. ეს გააჩენს ერთგვარ სწორებას კონკრეტულ მოთხოვნაზე და კონკრეტულ ღირებულებებზე“, - აცხადებს შავგულიძე.
დეპუტატი თვლის, რომ პრეზიდენტის მხრიდან მისი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, პარლამენტის მხარდაჭერა არ ექნება.
„გულწრფელად ვიტყვი, რომ პრეზიდენტის მხრიდან ჩემი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, არ მაქვს იმედი, რომ მხარდაჭერა მექნება პარლამენტის უმრავლესობისგან. მიმაჩნია, რომ პარლამენტი უფრო იხელმძღვანელებს პოლიტიკური პოზიციიდან. რამდენადაც მე დავტოვე უმრავლესობა, ვფიქრობ, რომ უმრავლესობა ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ.
ჩემი კოლეგების მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებისას, გადამწყვეტი არ იქნება ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი იმ მოთხოვნას, რომ მან შეძლოს და ეფექტურტად გაუძღვეს სასამართლო ხელისუფლებას, დაიცვას პოლიტიკური გავლენისგან და გაატაროს შესაბამისი რეფორმები. არამედ გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული იქნება პოლიტიკური მოსაზრება და ხმას მისცემენ იმ კანდიდატას, რომელიც მათი პოლიტიკური ძალიდან იქნება მოწონებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შალვა შავგულიძე.