თავდაცვის სამინისტროს კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსნის გადაყენების შემდეგ კულუარებში საუბარი დაიწყო თავდაცვის მინისტრის მოსალოდნელ გადადგომაზეც. პარალელურად, მედიაში სამთავრობო კულუარებიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი კიდევ ოთხი მინისტრის მუშაობითაა უკმაყოფილო და სავარაუდოდ, საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური გაზაფხული გველის. სავარაუდოდ, ცვლილება არ შეეხება პრემიერს, რადგან კულუარული ინფორმაციით, ამ ეტაპზე პრემიერის შეცვლის თემა არ არის აქტუალური, თუმცა პოლიტიკური არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მინისტრების ცვლილებების შემთხვევაში, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი ისეთ გლობალურ მოვლენაში გადაიზრდება, როგორიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია, ამ თემაზე, ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ვახტანგ ძაბირაძე: კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება, თუ იცვლება მინისტრების 1/3, არანაკლებ 5 მინისტრისა. სავარაუდოდ, 5 მინისტრის გადადგომის შემდეგ უკვე დადგება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და ის (მთავრობა) უნდა წავიდეს პარლამენტში ნდობის ახალი მანდატის მოსაპოვებლად.
დღეს ხელისუფლებას პოლიტიკურად აწყობს, რომ სერიოზული სამთავრობო ცვლილებები დაიწყოს?
- არ მგონია, ამ ეტაპზე ისეთი რთული ვითარება იყოს, რომ რაღაც გლობალური ცვლილებები გახდეს აუცილებელი. შეიძლება გადადგეს მინისტრი, მაგრამ ამან რომ ისეთი კრიზისი გამოიწვიოს, რომელსაც შემდეგ პარლამენტის დათხოვნა მოჰყვება, შემდეგ კი ახალი საპარალამენტო არჩევნები, ეს დრო ჯერჯერობით არ დამდგარა.
არც ის მგონია, რომ თუ მთავრობა პარლამენტში წავა ნდობის მისაღებად, ღარიბაშვილის ნაცვლად პრემიერობის სხვა კანდიდატი იყოს დასახელებული.
ვფიქრობ, ხელისუფლება შეეცდება, სიტუაცია არსებულ დონეზე შეინარჩუნოს და თუ მდგომარეობა ძალიან გართულდა, შემდეგ დადგეს პრემიერის საკითხი. არ ვთვლი, ამ ეტაპზე ვითარება ისეთი რთული იყოს, აუცილებელი იყოს პრემიერის ცვლილება - ამას ხელისუფლების პოზიციიდან ვამბობ - მითუმეტეს ახლა, როდესაც ვაზაგაშვილის საქმის ფაქტობრივი გახსნით ხელისუფლებამ გარკვეული კაპიტალი დააგროვა, არ ვფიქრობ, ახლა ცვლილებები აწყობდეს.
თუ თავდაცვის მინისტრი გადადგება, ეს სხვა ფაქტორებით იქნება განპირობებული და არა იმით, რომ მინისტრის გადადგომას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მოჰყვეს, რაც შემდეგ სამთავრობო კრიზისში გადაიზრდება.
თქვენ ერთ-ერთი ხართ, რომელიც ვადამდელ არჩევნებს უჭერდა მხარს, თუნდაც ხელისუფლებისთვის მეტი ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. ისევ თვლით რომ ეს აუცილებელია?
- იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური სოციალურ-პოლიტიკური გარემო, მიმდინარე წელს აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ვფიქრობ, ეს უფრო შემოდგომაზე იქნება მიზანშწონილი, ვიდრე გაზაფხულზე, თუ რამე ექსტრაორდინალური სიტუაცია არ შეიქმნა და მკვეთრად არ შეიცვალა პოლიტიკური გარემო. ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნები აუცილებელი უფროა, ვიდრე სასარგებლო.
თუმცა ასეთ შემთხვევაში, არანაკლებ საინტერესოა, რა ძალები მოიყრის თავს პარლამენტში. საეჭვოა, პროდასავლურ ძალებს იმდენი რესურსი ჰქონდეთ, რომ რაღაც სერიოზული კვოტის მოპოვება დამოუკიდებლად შეძლონ...
- გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაზე ნაკლებად მაწუხებს, რა პოლიტიკური ძალები აღმოჩნდებიან პარლამენტში. უფრო მეტად მაწუხებს (და ამიტომ ვამბობ, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს) და მაშინებს დესტაბილიზაცია, რომელიც შესაძლოა, შეიქმნას მიმდინარე წელს. კიდევ უფრო უარესს ველოდები 2016 წელს.
შესაძლოა, პროდასავლური ძალები ვერ ან ძალიან მცირე რაოდენობით მოხვდნენ პარლამენტში, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, კოალიცია რა სახით დარჩება. დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია. მგონია, რომ იქნება არა ორპარტიული პარლამენტი, როგორც დღეს არის, არამედ ოთხი საარჩევნო სუბიექტი მაინც იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ, ბურჯანაძე და „პარტიოტთა ალიანსი“ აუცილებლად შევლენ პარლამენტში, შესაძლოა - სხვებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში უარყოფთი პოლიტიკური მუხტი დაეცემა და გარემო უფრო სტაბილური გახდება. გარდა ამისა, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მიეცემათ საშუალება, საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენონ და მომავალი არჩევნებისთვის უფრო უკეთ მოემზადონ.
სიმართლე გითხრათ, იმისათვის, არასტაბილური გარემო რომ არ მივიღოთ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
ვინ უნდა შექმნას ეს არასტაბილური გარემო? მხოლოდ ექსპერტები არ პროგნოზირებენ ამას, რაოდენ არაორდინალურიც არ უნდა იყოს, შს ყოფილი მინისტრიც საუბრობდა ამ თემაზე და ახალი მინისტრიც იგივეს იმეორებს, რა საფრთხეებია მოსალოდნელი?
- არასტაბილურ გარემოში ვგულისხმობ სიტუაციას, როდესაც მმართველ პოლიტიკურ ძალას არანაირი ნდობის მანდატი აღარ აქვს. აქ რომელიმე კონკრეტულ ძალაზე არ არის საუბარი. ვხედავ, რომ „ქართული ოცნება“ ნელ-ნელა კარგავს რეიტინგს.
თან ხდება ისე, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული ხმები სხვა პოლიტიკურ ძალებზე არ ნაწილდება. ამომრჩეველი და საზოგადოება პოლიტიკური სივრციდან გარეთ გადის. ანუ უკმაყოფილოა ყველასი, არც ერთი პოლიტიკური ძალა აღარ მოსწონს.
ასეთ შემთხვევაში კი, სულ მცირე საბაბი შეიძლება გახდეს აფეთქების გამომწვევი. შემდეგ ვინ როგორ გამოიყენებს ასეთ ფონს, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ეს უკვე სხვა საკითხია და სწორედ აქ არის მოსალოდნელი ყველაზე დიდი საფრთხე.
თვლით, რომ ვაზაგაშვილის და კიდევ სხვა საქმეების გახსნით, რომელიც ანონსდება, ხელისუფლება იმდენ პოლიტიკურ კაპიტალს დააგროვებს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება აუცილებელი აღარ იქნება? შეიძლება ამით იმის დაბრუნებას ცდილობს, რაც დაკარგა? მის რეიტინგზე ხომ უპირველესად სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეფერხება აისახა...
- ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ეცდება, ასეთი საქმეების გახნით გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვოს და თუ სამართლიანობის აღდგენის გზით წავა, იმასაც შეეცდება, ეს ყელაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მოსახლეობაში საკუთარი რეიტინგის აწევას შეეცადოს.
ასეთი მცდელობები რაღაც ეფექტს გამოიღებს, მაგამ ეს იქნება მხოლოდ დროებითი, დიდ გავლენას ხელისუფლების რეიტინგზე ვერ მოახდენს. არ მაქვს საშუალება, კვლევა ჩავატარო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია (ვაზაგაშვილის) გაიხსნა, ხელისუფლების ნდობამ გარკვეულად მოიმატა, მაგრამ როდესაც ეს მოვლენები დავიწყებას მიეცემა, წინა პლანზე წამოიწევს ის პრობლემები, რომელიც მუდმივია და რომელსაც ხელისუფლება ვერაფერს ვერ უხერხებს, თუნდაც იგივე, უმუშევრობა, სოციალური პრობლემები და ა.შ. ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ქვეყანაში...
ვფიქრობ, ხელისუფლება შეეცდება, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი უფრო დინამიკური გახადოს, ასე ვთქვათ, გამოიზოგოს, რომ მოსახლეობაში მუდმივად შეინარჩუნოს რაღაც რეიტინგი. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ამის გარდა უამრავი სხვა ფაქტორებია, რომელიც იმ პროცესს, რასაც რეიტინგის დაცემა ჰქვია, ვერ შეაჩერებს.
რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს და აწუხებს, ამ მიმართულებით გარღვევას არ ველოდები - ვგულისხმობ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს - ეს თითქმის შეუძლებელია. ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, ბიუჯეტი 100%-ითაც რომ შესრულდეს, არ მგონია ამან რაიმე გავლენა მოახდინოს მოსახლეობის ყოფით პრობლემებზე.
ამას ემატება ისიც, რომ ხელისუფლებას სულ უფრო და უფრო ხშირად ახსენებენ შეუსრულებელ დაპირებებს. ამიტომ მგონია, რომ პროცესი მაინც წავა ხელისუფლების რეიტინგის დაცემისაკენ.
როდესაც ამას დაინახავენ და ეს სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისისთვის იქნება უფრო თვალნათელი, ალბათ, ხელისუფლება უკვე დაიწყებს ფიქრს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.
საქართველოში გაზაფხული ყოველთვის მძიმე პერიოდია-ხოლმე და არჩევნების ჩასატარებლად ყოველთვის შემოდგომაა უკეთესი ხელისუფლებისათვის.