კომბინაციები გაზის ტარიფის შესანარჩუნებლად

კომბინაციები გაზის ტარიფის შესანარჩუნებლად

შეძლებს თუ არა მთავრობა, რომ კომერციულ ორგანიზაციებს გაზის საფასური არ გაუზარდოს დაახლოებით 2 კვირაში გახდება ცნობილი, მანამდე კი სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არასამთავრობოები „ყაზტრანსგაზის“ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. ამასობაში კი ხელისუფლება ცდილობს აზერბაჯანელებთან საერთო ენა გამონახოს.

ბუნებრივ აირზე ფასის შენარჩუნების მიზნით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ეკონომიკურ საბჭოს და ვიცე-პრემიერებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელია.

1 მარტიდან იურიდიული პირებისთვის, ანუ კომერციული მომხმარებლებისთვის, გაზის ტარიფი 15 თეთრით ძვირდება. ამის შესახებ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 10 დღის წინათ გაავრცელა ინფორმაცია. ტარიფის მომატების მთავარ მიზეზად დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემა დასახელდა.

პრემიერ-მინისტრი კი ამტკიცებს, რომ ტარიფი არ გაიზრდება და ამას ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების გზით მიაღწევს.

„ვფიქრობ, ჩვენ გამოვნახავთ გზებს იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც - გაზის გაძვირება. თვითონ „სოკარის“ წარმომადგენლებთან ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და ისინი მზად არიან, რომ მოვილაპარაკოთ. ამიტომ მე მინდა მოგიწოდოთ კიდევ ერთხელ ორივე ვიცე-პრემიერს, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად, რომელიც ამ პროცესში ჩემი სახელით იქნება ჩართული, ეს საკითხი უსწრაფესად გადაწყვიტოთ“, - ამბობს პრემიერი.

სანამ მთავრონა რამეს მოიმოქმედებდეს, არასამთავრობო სექტორი გაატიურდა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ აპირებენ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანონ და კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლევან ბერაძის განცხადებით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 2015 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება, - გაზის მომხმარებელ იურიდიულ პირებს გაეზარდოთ მომსახურების ტარიფი და მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ტარიფი განისაზღვროს ყოველი 1000 კბ/მ გაზისათვის 900 ლარით, წარმოადგენს კომპანიის მხრიდან მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებების უხეშ დარღვევას, ხელშეკრულების ცვლილების ცალმხრივ მიზანს და მიუთითებს კომპანიის არაკეთილსინდისიერი მოქმედებების მცდელობებზე.

„ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიას მომხმარებელთან დადებული აქვს ვადიანი ხელშეკრულებები, რომლის ცალმხრივი შეცვლის იმპერატიული მოთხოვნა, სერიოზულ ზიანს აყენებს იურიდიული პირების საქმიანობას და პირდაპირ არღვევს მომხმარებლის უფლებებს“, - ამბობს ბერაძე.

მთავრობა და არასმთავრობო სექტორი რამდენსაც უნდა ეცადონ, პერსპექტივაში სათბობ-ენერგეტიკული რესურსის ფასი მაინც ეკონომიკის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რომელიც ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსითაც გამოიხატება. გაზის გაძვირების მოლოდინში უკვე თბოსადგურებიც ლაპარაკობენ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე. თუ გაზის ტარიფი გაიზარდა, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და საბოლოოდ, პირდაპირ თუ ირიბად, მოსახლეობას დააწვება ტვირთად.

„სადისტრიბუციო კომპანიებს კომერციულ მომხმარებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩადებული აქვთ პუნქტი, რომლის თანახმად, თუ ლარი-დოლარის კურსი მინიმუმ 10%-ით შეიცვლება, მათ აქვთ უფლება, ბუნებრივი აირის საფასური გაზარდონ. საქართველო 100%-ით იმპორტირებულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული და შესაბამისად, ამ ენერგორესურსს დოლარში ყიდულობს. ამდენად, მოსალოდნელიც იყო, რომ გაზის სადისტრიბუციო კომპანიები წაგებაზე არ იმუშავებდნენ და ტარიფის გაზრდის საკითხს წამოჭრიდნენ. თბოელექტროსადგურებიც გაზს სოციალურ ფასად, მაგრამ დოლარში ყიდულობენ, ხოლო წარმოებულ ელექტროენერგიას მომხმარებელს ლარში აწვდიან და შესაბამისად, ტარიფის გაზრდის საკითხი მათაც დასვეს. თბოელექტროსადგურების წილად გამომუშავებული ელექტროენერგიის 20% მოდის და თუ ელექტროენერგიის ტარიფს ისინი გაზრდიან, ამ მოცულობით გაიზრდება ელექტროენერგიაზე საერთო შეწონილი ტარიფიც“, - აცხადებს რევაზ არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი.